ტრამპ-პუტინის „გარიგება“: შეუსრულებელი მისია?! - "კრემლის ბინადარს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და ზელენსკის გადადგომა სურს"
ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში და სწრაფი მშვიდობის მირაჟი“ (ავტორი - იზაბელ ლასერი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესაძლებლობა: რამდენად რეალურია დონალდ ტრამპის დაპირების პრაქტიკული განხორციელება და დაეთანხმება თუ არა მას ვლადიმერ პუტინი?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი 2018 წელს აღფრთოვანებული იყო სინგაპურში გამართული „ფანტასტიკური შეხვედრით“, ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელ კიმ ჩენ ინთან. მათ „ისტორიულ ხელჩამორთმევას“ მთელი მსოფლიოს ტელეკამერების წინაშე უნდა განემტკიცებინა ფხენიანისა და ვაშინგტონის დაახლოება - ერთი მხრივ, დემოკატიის ბურჯ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მეორე მხრივ - პლანეტის უკანასკნელ სტალინისტურ სახელმწიფოს შორის, აგრეთვე - ჩრდ.კორეის დენუკლეარიზაცია (ბირთვული იარაღის შემცირება), მაგრამ ეს ჟესტი სულ მალე ვაშინგტონს ფიასკოდ შეუბრუნდა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.
ჩნდება სავსებით ბუნებრივი კითხვა: ისეთივე ბედი ეწევა თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებულ დონალდ ტრამპის კიდევ ერთ ინიციატივას - „რუსეთ-უკრაინის ომის ერთ დღე-ღამეში შეწყვეტას“?
ტრამპ-პუტინის „გარიგება“: შეუსრულებელი მისია?!
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობას უფრო სერიოზული ხასიათი აქვს და ბევრად უფრო მტკიცეა იმასთან შედარებით, რაც ხანმოკლე ურთიერთობით დამყარდა ჩრდილოკორეელ დიქტატორსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის. თავის ცნობილ წიგნში - „ომი“ ამერიკელი ჟურნალისტი ბობ ვუდვორდი წერს, რომ თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით სულ ცოტა შვიდჯერ მაინც ელაპარაკა. მას ხშირად უთქვამს, რომ კრემლის ბინადართან კარგი ურთიერთობა აქვს. დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა - ბრაიან ლანზამ ამას წინათ ბრიტანულ „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანს უკრაინაში ომისა და ნგრევის შეჩერება წარმოადგენს, შემდეგ კი ამ საკითხს თვითონ ევროპელებმა უნდა მოუარონ. „უკრაინისათვის ყირიმი უკვე აღარ არსებობს. უკრაინის საკითხი ამერიკისათვის პრიორიტეტული არ არის. აშშ ომს შეწყვეტს და შემდეგ სიტუაციის კონტროლის უფლებას ევროპას გადასცემს. ვაშინგტონს ყურადღების ფოკუსის გადატანა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე სურს“, - აღნიშნა ბრაიან ლანზამ. მართალია, მოგვიანებით დონალდ ტრამპის შტაბმა განაცხადა, რომ მრჩეველს ამის თქმის უფლება არ ჰქონდაო, მაგრამ რაც ითქვა, უკვე ითქვა.
ვლადიმერ პუტინისათვის ხელსაყრელი დრო დადგა. ფრონტის ხაზზე უკრაინის ჯარები უკან იხევენ. BRICS-ის ყაზანის სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია და რომ კრემლი საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება. „ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ სულ მალე უკრაინის ბედს არაპროგნოზირებადი დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა გადაწყვეტს... თუმცა რეალობა შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს და ვაშინგტონის სცენარში თავისი კორექტივები შეიტანოს“, - ვარაუდობს ტატიანა კოსტუევა-ჟანი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის „რუსულ-ევრაზიული ცენტრის“ დირექტორი.
2016 წლისაგან განსხვავებით, როცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შამპანურით აღნიშნეს, ამჯერად ვლადიმერ პუტინს რამდენიმე დღე დასჭირდა დონალდ ტრამპისათვის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის მისალოცად. ესე იგი, გამოდის, რომ მათი ურთიერთობა უკვე პრობლემატური გახდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა, უკრაინა დათმობებზე რომც დათანხმდეს, იოლი მაინც არ იქნება - სავარაუდოდ, მშვიდობის ადვილად დამყარების გზაზე ბევრი ბარიერი გაჩნდება. ამას უკვე გრძნობენ როგორც მოსკოვში, ასევე - ვაშინგტონშიც.
ვლადიმერ პუტინი: „მხოლოდ უკრაინის კაპიტულაცია“
უპირველეს ყოვლისა, მთავარი საკითხი: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარები სახმელეთო და საჰაერო ბრძოლებში წარმატებას აღწევენ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინსაც ისეთივე საფუძველი აქვს მშვიდობისაკენ სწრაფვის, როგორც დონალდ ტრამპს? მოსკოვის მიერ მოლაპარაკების დაწყებისათვის წაყენებული პირობები მაინცდამაინც არ ტოვებს თავისუფალი მანევრების შესაძლებლობას, რომ იგი რაიმე დათმობაზე დათანხმდეს. კრემლი თავისი მიზნების კორექტირებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ვლადიმერ პუტინს უკრაინის რუსეთისადმი დამორჩილება სურს, კრემლს კიევის კაპიტულაცია უნდა. მას სურს უკრაინისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის თავსმოხვევა, რომელიც გამორიცხავს ნატოს [და ევროკავშირის] წევრობას... და საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინს სურს ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან. ამ პირობებზე თანხმობა აშშ-ის ისეთ პრეზიდენტსაც კი გაუჭირდებოდა, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს კონგრესში - სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კრემლსა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში განისაზღვრება მხოლოდ კონფრონტაციული პოზიციით. იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი, აიძულოს მშვიდობაზე თანხმობა იმ პრეზიდენტს, რომელიც დასავლეთს ეწინააღმდეგება, რომელიც არსებულ საერთაშორისო წესრიგს ანგრევს, სარგებლობს ქაოსით, საკუთარი ვიწრო ინტერესების გასატარებლად და მიზნების მისაღწევად და უახლოვდება აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებს - ჩინეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას?
სწორედ ეს არგუმენტი წამოსწია ნატოს გენმდივანმა მარკ რიუტემ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ბუდაპეშტში და კრემლის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ნაწილების რუსეთში მიწვევაზე „აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოების მუქარად“ შერაცხა. ამ ფონზე, თუ ვლადიმერ პუტინი ამერიკასთან დასაახლოებლად ნაბიჯს გადადგამს, იგი რისკს წევს, რომ დაკარგავს იმ სწორუპოვარი ლიდერის სტატუსს, გლობალური სამხრეთისა და მიუმხრობელი ქვეყნებისათვის, რომელიც დასავლეთის ინტერესებს და მიზნებს გაბედულად ეწინააღმდეგება. უკრაინის საკითხში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციები ერთმანეთს არ უთავსდება. რუსი ლიდერი, უეჭველია, გამარჯვებას ესწრაფვის, მაგრამ უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციით, რაც მიუღებელია დონალდ ტრამპისათვის - ამით ხომ აშშ-ის ავტორიტეტი და რეპუტაცია შეირყევა, შესუსტდება ვაშინგტონისადმი ნდობა მსოფლიოში?!
„დემოკრატები და რესპუბლიკელები... უკრაინის გადასარჩენად“
„ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ უკრაინისათვის ყოველთვის მოგებიანი იყო თეთრ სახლში რესპუბლიკელი პრეზიდენტის ყოფნა, დემოკრატის ყოფნა კი - წამგებიანი“, - განმარტავს ალიონა გეტმანჩუკი, კიევის ანალიტიკური ცენტრის - „ახალი ევროპის“ დირექტორი.
მართლაცდა, სწორედ რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მისცა უკრაინას თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სიკვდილისმთესველი ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული „ჯაველინები“, დემოკრატმა ბარაკ ობამამ კიევს ამ იარაღის მიწოდებაზე უარი განუცხადა. სწორედ დემოკრატმა ბილ კლინტონმა აიძულა უკრაინა 1994 წელს დენუკლეარიზაცია განეხორციელებინა. თვით დემოკრატი ჯო ბაიდენიც კი, რომელიც თითქოსდა პროუკრაინულ განცხადებებს აკეთებს, რეალურად ორმაგ პოლიტიკას ატარებს უკრაინის მიმართ. გავიხსენოთ, რომ მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიმს სალივანი ცდილობდა, კიევისათვის დახმარების გაწევა დაემუხრუჭებინა. როგორც მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში და ოპოზიციონერი გარი კასპაროვი ამბობდა, „შეიძლება უკრაინისათვის მკერდში მახვილის ჩაცემა უფრო უპირატესი იყოს, ვიდრე - ზურგში ჩაცემა, რასაც ჯო ბაიდენი აკეთებს“.
„ახლა ჯერი ევროპელებზეა“
დონალდ ტრამპის დაპირების მიუხედავად („უკრაინის საკითხს სწრაფად მოვაგვარებ“), არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა იმავე კრახით დასრულდეს, რაც ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით მოხდა ანდა მას ისეთივე დასასრული ჰქონდეს, როგორც ბარაკ ობამას „გადატვირთვის პოლიტიკას“ რუსეთის მიმართ. „დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებად მოქმედებას, როცა რაიმე გარანტიები არ არსებობს, რუსეთის დაწყნარება კი არა, მასთან დაპირისპირების ესკალაცია შეუძლია, უკრაინის მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად“, - გამაფრთხილებლად ამბობს ტატიანა კასტუევა-ჟანი.
2017 წელს, როცა მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული დონალდ ტრამპის დაპირებიდან - „ახალ კონფლიქტებს ამერიკა აღარ დაიწყებსო“, პრეზიდენტმა ბევრი თავისი მოკავშირე გააკვირვა იმით, რომ განკარგულება გასცა სირიისათვის დარტყმის განხორციელებაზე (თითქოსდა, ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად). „დონალდ ტრამპი ცდილობს, ვლადიმერ პუტინთან გარიგება დადოს, მაგრამ თუ იგი ამას მიაღწევს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი თავის გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის და საწინააღმდეგოს არ გააკეთებს. შეცდომაა, რომ დონალდ ტრამპს იზოლაციონისტად თვლიან. იგი აშშ-ის სამხედრო ძლიერებით მსოფლიოზე ყოველთვის გავლენას მოახდენს“, - აღნიშნავდა ამას წინათ ალექსანდრე დე ჰოოპ-სხეფერი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ახლა კი ჯორჯ მარშალის გერმანული ფონდის დირექტორი.
ჯერჯერობით, უკრაინელები კვლავ გმირულად იბრძვიან თავიანთ ეგზისტენციალურ ომში - თავისუფლებისათვის. მომდევნო სვლა უკვე ევროპელებისგან უნდა განხორციელდეს. შეძლებენ თუ არა უკრაინელები, აშშ-დან გავრცელებული უსიამოვნო ამბების ფონზე, გეოპოლიტიკური რეალიებისადმი ადაპტაციას? მოძებნიან თუ არა ისინი საკუთარ თავში ძალას და ნებისყოფას, რომ წაღმა შეაბრუნონ ის უკუღმართი სიტუაცია, რომელიც უკრაინას მსოფლიო რუკიდან გაქრობით ემუქრება?