პუტინს "ცუდი სიზმარი" აუხდა: აგვისტოს ომის "ცოდვები"?! - პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო ბაზა იქმნება
დღეს, 2024 წლის 13 ნოემბერს, ბოლოსდაბოლოს მოხდება ის, რასაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან ელოდებოდა - ამერიკამ და პოლონეთმა დააჩქარეს (შეიძლება აგვისტოს ომის გავლენითაც კი) ხელშეკრულების დადება, პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ანტისარაკეტო ბაზის შექმნაზე...
ეს ისტორია კი შემდეგნაირად იწყებოდა: 1999 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოსცა ბრძანება ეროვნული ანტისარაკეტო სისტემის შექმნაზე.
2001 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ანტისარაკეტო სისტემამ, აშშ-ის ტერიტორიის გარდა, უნდა დაიცვას მისი მოკავშირეებიც, მათ შორის - ევროპაში, რისთვისაც აუცილებელია ამ ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების ნაწილის განთავსება უშუალოდ აღმოსავლეთ ევროპაშიც, რათა ნატოს წევრი ქვეყნები დაცული იყვნენ იმ ახალი ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან, რომელთა ფრენის სიშორე 2 ათას კმ-ს აცდა და კიდევ უფრო იზრდებოდა.
გადაწყდა, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ორი ბაზა განთავსდებოდა ნატოს წევრი რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე. მათ უნდა მოეგერიებინათ ირანიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები.
აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსების გადაწყვეტილებამ განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია კრემლში და პირადად პრეზიდენტ პუტინის, რომელიც აცხადებდა, რომ ამით დაირღვეოდა რუსეთ-აშშ-ის პარიტეტი სტრატეგიულ ბირთვულ შეირაღებაში, რადგან პოლონეთიდან გაშვებულ ამერიკულ ანტირაკეტებს შეეძლებოდათ უშუალოდ რუსეთის ევროპული ნაწილიდან სტარტაღებული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება ჯერ კიდევ ფრენის პირველ წუთებში, როდესაც ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დაუცველია.
კრემლის მეორე საწინააღმდეგო არგუმენტი კი შემდეგში მდგომარეობდა - ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსებულიყო, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ამერიკული სარაკეტო საესკადრო ნაღმოსნებიდან მოხსნილ Aegis-ის ტიპის საზღვაო ანტისარაკეტო სისტემას, რომელსაც უნივერსალური გასაშვები კონტეინერებიდან შეუძლია, როგორც Standard Missile 3 ტიპის ანტირაკეტების, ისე - Tomahawk-ის ბირთვულქობინიანი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების სტარტის განხორციელება. ამ „ტომაჰავკების“ ფრენის სიშორე კი 2 500 კმ-მდეა და მოსკოვში შიშობდნენ, რომ ამერიკელები პოლონეთსა და რუმინეთში ამოქმედებულ „იჯისის“ ანტისარაკეტო სისტემის გამშვებებში „სტანდარდის“ თავდაცვითი ანტირაკეტების გარდა, „ტომაჰავკის“ თავდამსხმელ ფრთოსან რაკეტებსაც განათავსებდნენ მალულად...
ასე იყო თუ ისე, პოლონეთში ამერიკული „იჯისის“ ანტისარაკეტო სისტემის მშენებლობა დროში უსაშველოდ გაიწელა, სამაგიეროდ, რუმინეთში, დევესელუში ის ჯერ კიდევ 2016 წელს ამოქმედდა.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ პოლონელები იქით იყვნენ დაინტერესებულნი, რომ რეძიკოვოში რაც შეიძლება დაჩქარებულიყო ამერიკული ანტირაკეტების საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი 500-იოდე კმ-თაა დაშორებული რუსეთის ძირითადი ტერიტორიისგან, მას რუსულ ანკლავთან -კალინინგრადის ოლქთან 200 კმ-ზე მეტი საერთო სახმელეთო საზღვარი გააჩნია.
კალინინგრადის ოლქი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რეგიონად (ამაში თავად დავრწმუნდი, როდესაც კალინინგრადის ოლქში საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდიოდი და საითაც არ უნდა გამეხედა, ან ტანკების კოლონები იდგა, ან კიდევ სამხედრო საწყობები იყო ჩამწკრივებული).
მართალია, უკრაინასთან გახანგრძლივებული ომის გამო აგრესორი რუსეთის გენერალიტეტი იძულებული გახდა, კალინინგრადის ოლქიდან შეიარაღების დიდი რაოდენობა უკრაინის ფრონტზე გადაესროლა, მაგრამ სწორედ კალინინგრადის ოლქიდან „ისკანდერ-მ“-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებიდან გაშვებული აერობალისტიკური რაკეტებით ის 500 კმ-ის რადიუსში „ფარავს“ ნატოს წევრი პოლონეთის თითქმის მთელ ტერიტორიას, ხოლო მოდერნიზებული „ისკანდერები“, რომელთა ინტენსიური გამოცდა ახლა მიმდინარეობს, ალბათ, ათასს კმ-მდეც მიაღწევენ...
პოლონური რეძიკოვო, სადაც დღეიდან საბრძოლო მორიგეობაზე დადგნენ ამერიკული „სტანდარდის“ ანტირაკეტები, მხოლოდ 170 კმ-ითაა დაშორებული რუსული ანკლავის - კალინინგრადის საზღვრიდან და ეს ანტირაკეტები ვერ მოასწრებენ რეაგირებას, რუსული „ისკანდერების“ გაშვების შემთხვევაში, სამაგიეროდ, ამერიკული ანტირაკეტების დამიზნების სისტემაში განხორციელდა ცვლილებები და ისინი მხოლოდ ირანიდან სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად როდი არიან „დაგეშილნი“?! მოხდა ის, რასაც პუტინი ასე უფრთხოდა - პოლონეთში საბრძოლო მორიგეობაზე დამდგარი ამერიკული „სტანდარდების“ მთავარ სამიზნეებად ის რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები გახდნენ, რომლებიც რუსეთის ევროპულ ნაწილში არიან განთავსებულნი. მათი სტარტის შემთხვევაში, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სიჩქარეს აკრეფენ და ახლო კოსმოსში ბალისტიკურ ტრაექტორიაზე გავლენ, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით, მათ ადრეული დაფიქსირება და ჩამოგდება ელით...