"ცესკო-მ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ"
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებას წარადგენენ, რომლითაც ირკვევა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა“.
აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ მედიასთან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სამი გაერთიანებული სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.
კერძოდ კი, ცესკო-ს წინააღმდეგ დაობენ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველოსთვის” და “საია”.
“ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 27 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის იმას, რომ ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
[არებრენდირებული მარკერები] ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, რაც გახდა სწორედ მასობრივი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის საფუძველი. ეს თავისთავად გახდა არჩევნების გაყალბების საფუძველი. დღეს, მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას კანონი და საქართველოს კონსტიტუცია ან მიტაცებული არჩევნების გამართლების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ან დაეხმაროს ივანიშვილს მოპარული არჩევნების მიტაცებაში”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
IPN