"ზელენსკის ფრონტზე არსებულ სიტუაციას უმალავენ" - The Economist-ის სკანდალური სტატია - კვირის პალიტრა

"ზელენსკის ფრონტზე არსებულ სიტუაციას უმალავენ" - The Economist-ის სკანდალური სტატია

„ვოლოდიმირ ზელენსკის ფრონტზე არსებულ ნამდვილ სიტუაციას უმალავენ“, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის - „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ზელენსკის 2025 წელს ხელისუფლებისათვის ბრძოლა მოუწევს“. პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პერსპექტივა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში: რა ელოდება უკრაინას? შეწყდება ომი და ჩატარდება არჩევნები?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დღე არ გადის კიევში ისე, რომ ომმა მოსახლეობას თავი არ შეახსენოს. დაკრძალვის პროცესიები ხშირად მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალზეც - კრეშჩატიკზეც. ამ დროს ავტომანქანების მოძრაობა ჩერდება ხოლმე. რეპროდუქტორებიდან ჟღერს ბრძოლებში დაცემული მებრძოლების ნეკროლოგები და სამგლოვიარო-პატრიოტული მუსიკა. შემდეგ კოლონა მიემართება დამოუკიდებლობის მოედნისაკენ, უკრაინაში მომხდარი რევოლუციების ადგილისაკენ. დაღუპულის მეგობრები სასიგნალო რაკეტებს უშვებენ, უკრაინის დროშებს ყვავილების კლუმბებზე ამაგრებენ და გარდაცვლილს სამგლოვიარო-პატრიოტული მუსიკით ემშვიდობებიან. ბოლო თვეებში, დონბასში რუსეთის არმიის შეტევის კვალობაზე, სამგლოვიარო ცერემონიები საკმაოდ გახშირდა.

ჩვეულებრივ დღეებში კი ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს: მაღაზიები მუშაობენ, რესტორნებში ხალხმრავლობაა, მრავალნაირი კერძებით, პოლიტიკოსები კი - ჭორაობენ. დღეს მთავარი სალაპარაკო თემა დონალდ ტრამპი და ლოდინის რეჟიმია. საით გადაიხრება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია - უკრაინისკენ თუ რუსეთისაკენ? რამდენად შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა? მოჰყვება თუ არა ცეცხლის შეწყვეტას პრეზიდენტის არჩევნები? ამ მომენტისათვის კიეველი პოლიტიკოსები მხოლოდ ორ თარიღზე ლაპარაკობენ: პირველია 2025 წლის 20 იანვარი - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, რომლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო მდგომარეობის გაუქმების პირველი შესაძლებლობა იქმნება, ხოლო მეორე - 25 მაისი, ყველაზე ადრეული თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ხმის მიცემისათვის ემზადება. საერთოდ, არჩევნების პერსპექტივას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. მსგავსი ხმები ადრეც ხშირად ვრცელდებოდა. გარდა ამისა, არსებობს კითხვები არჩევნების ორგანიზაციისა და ლეგიტიმურობის მიმართებით: როგორ შეძლებს არჩევნების ჩატარებას ნახევრად ოკუპირებული ქვეყანა? მანამდე კი, როგორ გადაიტანს მოსახლეობა ზამთარს, რომელიც, სპეციალისტების პროგნოზით, მძიმე და მკაცრი იქნება? „ზამთარში წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება თვითმკვლელობა იქნება“, - თვლის ოპოზიციური დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

ასეა თუ ისე, შეიმჩნევა, რომ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო - მიმდინარეობს რეგიონული საარჩევნო შტაბების მობილიზება, ამომრჩევლებისა და კანდიდატთა სიების დაზუსტება. სამომავლო საპრეზიდენტო რბოლაში ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი სავარაუდო კონკურენტის წარმომადგენლები თვლიან, რომ უკრაინისათვის არჩევნები აუცილებელია, მაგრამ ამის თაობაზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა ეშინიათ - ვაითუ მკაცრი რეაქცია გამოავლინონ.

არჩევნები რომ ხვალ ჩატარდეს, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალზე რთული იქნებოდა 2019 წლის გამარჯვების გამეორება.

ომის სამი წლის შემდეგ მისი რეპუტაცია, როგორც უდავო სამხედრო ლიდერისა, საკმაოდ შეირყა. შიდაგამოკითხვების შედეგები, რომლებსაც „ეკონომისტი“ ფლობს, აჩვენებს, რომ იგი თავის სავარაუდო კონკურენტს - გენერალ ვალერი ზალუჟნის მეორე ტურში ვერ დაამარცხებს. როგორც ცნობილია, შარშანდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ პრეზიდენტმა გენერალი დიდ ბრიტანეთში ელჩად გაამწესა. მას თავისი პოლიტიკური მიზნები ჯერ არ გაუჟღერებია, მაგრამ ბევრი მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად დაფიქსირდეს.

რასაკვირველია, ვოლოდიმირ ზელენსკის ბევრი უპირატესობა აქვს ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან შედარებით, რომლებიც მოსახლეობისათვის გამაღიზიანებელია, თუმცა მისი ყოფილი კოლეგა თვლის, რომ საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა გადადგომა, რითაც იგი შეასრულებს თავის 2019 წლის დაპირებას - პრეზიდენტად მხოლოდ ერთი ვადით. "ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, რომ თანამდებობიდან დაულაქავებელი რეპუტაციით წავიდეს", - ამბობს მისი ყოფილი კოლეგა, - "გამოაცხადოს არჩევნები, ჩაატაროს და შემდეგ გადადგეს. ამით იგი ისტორიაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ომის პირობებში ერის გაერთიანება და დარაზმვა განახორციელა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მისი სახლი ასოცირებული იქნება სამხედრო კრახთან ან კორუფციასთან".

ფრონტის ხაზზე სიტუაციის გაუარესებამ უკვე გავლენა მოახდინა უკრაინულ საზოგადოებაზე. სამხედრო კაპელანი დიმიტრი პოვოროტნი ამ ცვლილებას ახალწვეულების მდგომარეობით ამჩნევს: ძალიან ბევრს არანაირი მოტივაცია არ აქვს. „იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლა თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს“, - მსჯელობს კაპელანი. იგი ფრონტის ყველაზე ცუდ ამბებს ახალწვეულებს უმალავს, რათა მათი მშობლები და ოჯახის წევრები არ გაანერვიულოს.

ზოგადად, ფრონტის ნეგატიური ამბების დამალვა ოფიციალური პირების მიერ უკრაინაში ფართოდ არის გავრცელებული. სიმართლეს თვით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც უმალავენ: „იგი არა მხოლოდ თბილ აბანოში ჰყავთ, არამედ, უფრო უკეთესში - საუნაში. ახლო გარემოცვა მას ჭიის პარკივით უვლის და ცივ ნიავს არ აკარებს, უსიამოვნო ამბებს უმალავს, ელაქუცება“, - ამბობს საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ახლოვდება და უკრაინის მოსახლეობა ცვლილებებისათვის ემზადება. ისინი იმედიანად არიან განწყობილნი - უკვე იციან, რომ დონალდ ტრამპი ორ „ქორს“ დანიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: მარკო რუბიოს - სახელმწიფო მდივნად და მაიკლ უოლტცს - მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა საკმაოდ შეშფოთდნენ იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს ადგილი ვერ მოინახა. მაიკ პომპეო უკრაინის მიმართ კარგად არის განწყობილი. ასევე, შეშფოთებას ბადებს არჩეული ვიცეპრეზიდენტის - ჯეინს დევიდ ვენსის პოზიციაც: უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა იყოს, რუსეთი კი ოკუპირებულ ტერიტორის შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ კიევში მშვიდობაზე ლაპარაკი ფართოვდება, ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები აცნობიერებენ, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლები ელოდებათ. იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინისათვის ომის მიმდინარეობა პოზიტიურია, იგი, საეჭვოა, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. მაგალითად, ქალაქ კურახოვოსთან რუსები რაოდენობით უკრაინელებს არანაკლებ ექვსჯერ აღემატებიან.

უახლოეს დღეებში უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება, თავის ჯარებს უკანდახევა უბრძანოს.

როგორც ჩანს, უკრაინა მარცხს განიცდის კურსკის ოლქშიც და იქიდან უკანდახევაც გარდაუვალია, მით უმეტეს, რომ მათ წინ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დგანან.

სიტუაცია უარესდება ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც, უკრაინელი სამხედროების აზრით, რუსეთის არმია საოლქო ცენტრის დაკავებას შეეცდება - ზაპოროჟიე მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს. „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ", - ამბობს კაპელანი მამა დიმიტრი, - "ომს ვერ უბრძანებ, შეჩერდი და დამაცადეო“.

წყარო