ოპოზიციის მთავარი შეცდომა ანუ "შესვლა-არშესვლის" დილემა - "დილიდანვე დაიწყეს ზემოდან ყურებით ლაპარაკი: გადმოგვაბარეთ ხელისუფლებაო"
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობენ და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სასამართლოს ცალკეულ ინსტანციაშიც კი შეძლეს ამის დამტკიცება, "ოცნება" ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. რა გზა რჩება ოპოზიციას და რა შეიძლება მოხდეს. ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
- ჩემთვის ახლა ყველზე მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ სამართლებრივად სრულად გაიაროს ის ეტაპები, რაც საჭიროა დავის საერთაშორისო დონეზე გადასატანად. დამთავრდა საარჩევნო საოლქო კომისიების მიერ ოქმებზე მუშაობა და იმედია, ოპოზიცია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ვერ გაასაჩივრებენ ცესკოს გადაწყვეტილებას, ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ოპოზიციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე დავა, ხელისუფლება ამას გამოიყენებს და იტყვის, ეგენი მხოლოდ ყვირიან და სამართლებრივად არაფერი აქვთო. ამიტომ აუცილებელია, ოპოზიციამ ეს სამართლებრივი საფეხურები ბოლომდე გაიაროს. თუ არადა, ეს ბრძოლას მნიშვნელოვნად გაართულებს საერთაშორისო არენაზეც.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, თუ არ გვინდა ხალხი ფრუსტრაციაში ჩავარდეს, წინასწარ უნდა ვუთხრათ, სამართლებრივად რაც მოხდება.
პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება" - ეს არის 89 მანდატი - ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას და ამისთვის 76 ხმაც საკმარისია. ეს 76 ცნობს 150-ვეს უფლებამოსილებას. მანამდე ოპოზიცია სიას ვერ ჩახსნის. მერე შეუძლიათ ჩახსნან ის კანდიდატები, რომლებიც ახლა ვერ შედიან, რადგან სიაში უკან არიან. ამის შემდეგ ყველა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა დაწეროს პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება. საბოლოოდ კი მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებებს.
"ქართულ ოცნებას" შეუძლია არ დააკმაყოფილოს და ფორმალურად ოთხივე ოპოზიციური პარტიის წევრები დარჩებიან პარლამენტის წევრებად. შეუძლია დააკმაყოფილოს და ფორმალურადაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს, რაც, ცხადია, ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება. ამიტომ პირველივე დღეს გამოცხადება, არ შევდივარ პარლამენტშიო, არასწორი მგონია. მე ყოველთვის მირჩევნია იყოს გეგმა, თუ როგორ გავიმარჯვოთ, და მერე ამ გეგმის ნაწილი იყოს პარლამენტში შესვლა ან არშესვლა.
გამარჯვებას შეიძლება მიაღწიო შესვლითაც და არშესვლითაც - ორივე ინსტრუმენტია.
ახლა, რადგან ნათქვამი აქვთ, არ შევდივართო, ბუნებრივია, არ შევლენ, მაგრამ მერე რა მოხდება? სამართლებრივად პარლამენტი შემდგარი იქნება და ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური აქტი. მთავარ საკითხად კი ის რჩება, თუ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია რამდენად იქნება მზად იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე განაგრძოს ბრძოლა. რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის. მეტის გაკეთების არც რესურსი და არც შესაძლებლობა ოპოზიციას არა აქვს. ამიტომ მთავარი საკითხია, თუ საერთაშორისო დონეზე წარმატებას რამდენად მიაღწევენ, ან საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად რა სჯობდა - პარლამენტში ყოფილიყვნენ თუ მის გარეთ. ეს თავიდანვე უნდა გაეთვალათ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებდნენ.
ბუნებრივია, ოპოზიციისთვის სრული კატასტროფა იქნება, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და შევიდეს პარლამენტში.
ამიტომაც ახლა მთავარი სამართლებრივი საფეხურების გავლაა, რათა წელგამართული წახვიდე საბრძოლველად, ევროსასამართლო იქნება, ევროპარლამენტი თუ ევროკომისია.
- სასამართლო პროცესები მიდის და ფიქრობთ, რომ ოპოზიცია რამეს აკლებს?
- ჯერჯერობით სარჩელები შეტანილი აქვს სამოქალაქო სექტორს და არა ოპოზიციას. შეიძლება ერთი-ორი სარჩელი კი შეიტანეს, მაგრამ ოპოზიცია, ძირითადად, ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების იმედზეა, რაც მიუთითებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღეს შესაბამისად არ იმუშავა, რათა იურიდიული ბაზა შეექმნა დარღვევების დასაფიქსირებლად.
- რატომ ვერ შექმნეს ეს ბაზა?
- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი იმდენად თავდაჯერებული იყო გამარჯვებაში, დილიდანვე დაიწყეს ზემოდან ყურებით ლაპარაკი, გადმოგვაბარეთ ხელისუფლებაო, და არ დაიწყეს დარღვევების დაფიქსირება.
ალბათ, იფიქრეს, ახლა რომ დარღვევების დაფიქსირება დავიწყოთ, არჩევნებს თუ მოვიგებთ, ეს "ოცნებამ" არ გამოიყენოს და უბნების გაუქმება არ დაიწყოსო. ამ განცხადებებით ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს დემოტივაციაც მოახდინეს, რადგან ერთ უბანზე კომისიის წევრი რომ ისმენს განცხადებას, მთელ საქართველოში ვიგებთო, ფიქრობს, მაინც ვიგებთ და ამ ჩემს ერთ უბანს ხომ არ შევაკვდებიო, და შესაძლოა რაღაცებზეც თვალი დახუჭა. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ ის, რომ ცალკე ოპოზიციამ და ცალკე "ოცნებამ" გამოაცხადა, რომ ორივე გამარჯვებულია, მაგრამ როდესაც გაიხსნა ყუთები, ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ის დარღვევები, რომლებიც, წესით, უნდა ჰქონოდათ.
გარდა ამისა, ოპოზიციაში ყოველთვის იყო პრობლემა, რომ მათი კომისიის წევრებს უჭირდათ დარღვევების დაფიქსირება, არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, რითიც სადამკვირვებლო მისიები არიან აღჭურვილი.
როცა მე ვიყავი ოპოზიციაში, ასე იყო. კი ვასწავლიდით, მაგრამ მაინც უჭირდათ და სამოქალაქო სექტორის იმედზე იყვნენ. ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა, მაგრამ ასე, საერთოდ არაფერი რომ არ დაწერილიყოს, ჩემი აზრით, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ
კომისიის წევრებმა დაუჯერეს თავიანთ ლიდერებს, ჩათვალეს, რომ იგებდნენ და შეეშინდათ, საჩივრები რომ დაეწერათ, ამით "ოცნების" საქმე არ გაეკეთებინათ.
წაიკითხე ვრცლად: „რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის“