მოსკოვის დაცემა: მამუკა არეშიძის "აპოკალიფსური" პროგნოზი რუსეთზე - "2025 წლიდან რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალია და..."
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 11 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი საუბრობს საკითხებზე:
რა ელის რუსეთს, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა
- ალბათ, მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხია. ყველა ელის, რომ ომის დასრულების კონტურები მალევე გამოიკვეთება, თუმცა ფინალის სცენარი ურთიერთგამომრიცხავია.
- მართლა ძალიან რთული მდგომარეობაა. ამას არც მოსკოვი აღიარებს და არც კიევი, მაგრამ ორივე მხარემ არნახული დანაკარგი ნახა.
დღეს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე 25 მილიონი კაცია დარჩენილი, როცა ომის დაწყებამდე 41 მილიონი ცხოვრობდა.
ძალიან ბევრი დაიღუპა, ბევრიც გაიქცა. ასევე ძალიან დიდია რუსეთის დემოგრაფიული დანაკარგი. მართალია, ომის დაწყებამდე მოსახლეობის რაოდენობა 140 მილიონს შეადგენდა, მაგრამ დღეს კატასტროფული მდგომარეობა აქვთ, განსაკუთრებით დიდი დანაკარგი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. ამას გარდა, მოშლილია ეკონომიკა და საზოგადოებრივი მორალიც. ყოველდღიურად იზრდება ხალხის უკმაყოფილება.
ყველა რუსი ექსპერტის პროგნოზით, მინიმუმ 2025 წლიდან რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალია.
ზოგჯერ რუსეთის მომხრე ექსპერტები აპელირებენ იმ ციფრებით, რაც დღევანდელ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, მაგრამ ეს განაპირობა ნედლეულის გაყიდვამ და სამხედრო-სამრეწველო ნედლეულის დამუშავებამ. ბანკის პროცენტი 21-დან 60%-მდეა გაზრდილი. შეიძლება ითქვას, ბიზნესი სულს ღაფავს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, პუტინმა ყაზანში გამართულ ბრიკსის სხდომაზე თქვა, რომ კონფლიქტის შეწყვეტა შესაძლებელია სტამბოლის მოლაპარაკების კონტექსტში.
- თუმცა იქ საუბარი იყო კიევისთვის მიუღებელ საიდუმლო წინადადებაზეც.
- დიახ, საუბარი იყო აღმოსავლეთ უკრაინის დაკარგვაზე. როგორც ვიცი, ტრამპის ადმინისტრაცია ამ წინადადებაზე თანახმაა. ალბათ, გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ინიციატივა ჯონსონის ხელით ჩაშალა. ახლა ეს მოცემულობა შეცვლილია. მე დამრჩა განცდა, რომ ეს საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული მოსკოვსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, მაგრამ არის ერთი პრობლემა - ყირიმი. ეს რეგიონი აშშ-ისა და ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არც ვიცი, ამ საკითხზე რა უნდა მოილაპარაკონ.
- ჩვენ ისიც ვიცით, რომ ტრამპი ამერიკის ნომერ პირველ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს.
- ამიტომაც ის ბევრად ხისტი და მომთხოვნი იქნება ჩინეთთან, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ტრამპისთვის მთავარი ის კი არ არის, ჩინეთმა მსოფლიოსთან არ ივაჭროს, ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა სწორედ ამერიკასა და ჩინეთს შორის არის, უბრალოდ, მისთვის ჩინეთის სავაჭრო გზების გაკონტროლებაა უმნიშვნელოვანესი.
სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლაც ამ კონტექსტში მიმდინარეობს - ამერიკას სურს ტრასა, რომელსაც ჩვენ შუა დერეფანს ვეძახით, თავად გააკონტროლოს
. ჩინური ტვირთის მოძრაობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ ვაშინგტონის კონტროლით.
- ამ ბრძოლაში საქართველოს როლი და მისია როგორ განისაზღვრება?
- სამხრეთ კავკასიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ, რომ შუა დერეფნის მთავარი მონაწილეა, შუა დერეფანი კი ჩინეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მარტივი და ხელსაყრელია სავაჭროდ. ჩინური პროდუქციის ხიბლი მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიები კი არა, დაბალი ფასებიც არის. თუ ჩინეთი იძულებული გახდება ტვირთის გადასატანად ზღვა გამოიყენოს, პროდუქციის ღირებულების გაზრდაც მოუწევს. ტვირთის გადატანა ზღვით უფრო იაფია, ვიდრე რკინიგზით, მაგრამ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იქნება შორი მანძილი. მოკლედ, მთავარი მაინც შუა დერეფნის გაკონტროლებაა და ამიტომ არის ასეთი ბრძოლა ანაკლიის პორტზეც.
- მას ახლა ჩინური კომპანია აშენებს.
- სინამდვილეში ხომ ასე არ არის? ტენდერში გამარჯვებული ორივე კორპორაციის უკან კარგად ჩანს როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული ყურები. ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი "ბლეკ როკია".
მოკლედ, სამხრეთი კავკასია დიდი პოლიტიკის ნაწილი ხდება და აქ გავლენების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლაა დაწყებული დიდ მოთამაშეებს შორის.
- აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ტრამპი ჩვენს ხელისუფლებას ურთიერთობის გადატვირთვის საშუალებას მისცემს?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შეთავაზებს და რითი ივაჭრებს ჩვენი პოლიტელიტა. ეს კონტროლის პარიტეტია და აქ ჩინეთის თემაა პრობლემა. ეს არის საკითხი, სადაც ამერიკის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთ მხარეს არ აწყობს ამ რეგიონში ჩინეთის ერთპიროვნული გავლენა, კონტროლის გარეშე. სხვათა შორის, ითქვა, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, კრემლში გაიმართა თათბირი, სადაც გამოითქვა აზრი, ვინაიდან კიევში შეჭრით რუსეთი მაინც დისკრედიტირებული იქნება, ბარემ ყაზახეთსა და საქართველოშიც მოვასუფთაოთ პოლიტიკური ველიო. მოსკოვში არც ყაზახეთის პოლიტიკა მოსწონდათ და არც თბილისის ზუსტად იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივას ხედავდა. რუსეთმა ყველაფერი დაუთმო ჩინეთს, რისი დათმობაც შეეძლო.
პუტინის ოცნება იყო სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდება სწორედ იმ მოტივით, რომ შუა დერეფანი ჩაეკეტა და თავად ეკონტროლებინა.
ურთიერთობის დივერსიფიკაცია აღმოსავლური პოლიტიკის ერთ-ერთი თვისებაა. ვფიქრობ, ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ. ტონალობა უნდა იყოს რბილი, ნაბიჯები - პრინციპული.
- როგორ გგონიათ, აღიარებს ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენს არჩევნებს?
- მოდი, გულწრფელი ვიყოთ - დასავლეთი არჩევნებს რომ არ აღიარებდეს, უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდებოდა. დასავლეთს დრო გაჰყავს, ელოდება, რას იზამს ამერიკის ადმინისტრაცია. ვაშინგტონში კი საქართველოში არსებულ ვითარებაზე მეტად მსოფლიოში, კონკრეტულად შავი და კასპიის ზღვის აუზში არსებული ვითარება აინტერესებთ. სრული ფორმალობაა აზერბაიჯანში არჩევნების ჩატარება, მაგრამ გადასარევად თანამშრომლობენ ალიევთან. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს ქართული პოლიტელიტა და მისი მოკავშირეები შუა დერეფნის კონტექსტში, ვინ როგორ ივაჭრებს და ვინ როგორი კმაყოფილი დარჩება ვაჭრობით.
წაიკითხე ვრცლად: „სამხრეთი კავკასია დიდი პოლიტიკის ნაწილი ხდება და აქ გავლენების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლაა დაწყებული დიდ მოთამაშეებს შორის“