რას სთხოვს გახარია "ქართულ ოცნებას"?! - კვირის პალიტრა

რას სთხოვს გახარია "ქართულ ოცნებას"?!

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლებას სიების გასაჯაროებას სთხოვს.

"მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, - აცხადებს გახარია.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ ცნო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდეს. ფაქტია, რომ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაცია არ აქვს.

ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომელმაც შეიძლება დაამტკიცოს ის, რასაც ირწმუნება - ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა. ამისთვის საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, ან ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რათა თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს - სად და როდის მივეცით ხმა.

იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს გაკეთებინა, „ქართულმა ოცნებამ“ პროკურატურის საშუალებით ეს აღჭურვილობა ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა. ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც „ფეიქ“ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა, ამ აღჭურვილობაზე და სრული პასუხისმგებლობა, აი, ასე პროკურატურაზე მშვენივრად გადავიდა“, - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"