პენტაგონი შოკშია! ტრამპის "სიურპრიზი" - რას მოუტანს ამერიკულ არმიას ჟურნალისტი თავდაცვის მდივანი?!
ტრამპმა თავდაცვის მდივნად სამხედრო ტელემიმომხილველი წარადგინა და... პენტაგონი შოკი ჩააგდო...
აშშ-ის ახალი, 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მხოლოდ 2025 წლის 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ დაბრუნდება, მაგრამ ახალი ადმინისტრაციისა და მთავრობის კაბინეტის დასახელება უკვე დაიწყო.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაასახელა პენტაგონის მომავალი შეფის სახელი - 44 წლის პიტერ ჰეგსეტი...
ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, შეიძლება სასიამოვნოც იყოს,რომ ცნობილი ამერიკული ტელეკომპანიის Fox News-ის სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ხდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელი, მაგრამ ტრამპის ამ, ყველასათვის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ააფორიაქა პენტაგონის გავლენიანი ლობისტები...
- ვინ არის პიტერ ჰეგსეტი, არც კი გაგვიგონია, „გუგლშიც“ კი არ იძებნება მისი სრული ბიოგრაფია - აცხადებდნენ გადამდგარი ამერიკელი გენერლები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში...
უფრო მეტიც, თავად რესპუბლიკელების რიგებშიც ამან დიდი დაბნეულება გამოიწვია, რადგან რამდენიმე ცნობილი და გავლენიანი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი იმედოვნებდა, რომ ტრამპი სწორედ მას ჩააბარებდა პენტაგონის გასაღებს...
მაგრამ ტრამპი, რისი ტრამპი იქნებოდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების დასაწყისი ახალი არაორდინალური გადაწყვეტილებებით არ დაეწყო.
პიტერი მკაცრი, ჭკვიანია და მტკიცედ სჯერა -ამერიკა უპირველეს ყოვლისა - პიტერის ხელმძღვანელობით აშშ-ის შეიარაღებული ძალები ისევ გახდებიან უძლეველნი და ამერიკა უკან არასოდეს დაიხევს -ასე დაახასიათა პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის,იგივე თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენისას პიტერ ჰეგსეტი.
პიტერ ჰეგსეტი მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში ეროვნული გვარდიის რიგებში და აქვს მაიორის სამხედრო წოდება, თუმცა ის მეტ-ნაკლებად ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის მას შემდეგ,რაც 2014 წლიდან Fox News-თან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო 2017 წლიდან კი პოპულარული სატელევიზიო პროგრამის Fox & Friends Weekend - ის თანაწამყვანი გახდა, სადაც აანალიზებდა პენტაგონისა და ამერიკელი სამხედროების საქმიანობას.
ახლა გასაგებია თუ რატომ შეჩერდა ტრამპის არჩევანი სწორედ პიტერ ჰეგსეტზე, რომელსაც არაერთხელ აუღია ინტერვიუ პირდაპირ ეთერში ტრამპისგან მაშინ, როდესაც ტრამპს ყველაზე მეტად უჭირდა და მის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმე იყო აღძრული სასამართლოებში. ცნობილი ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი არ მალავდა და არც ახალ მალავს რესპუბლიკური პარტიის და კერძოდ ტრამპის მხარდაჭერას, ისევე როგორც სხვა ამერიკული მასმედია ასევე ღიად უდგას მხარში დემოკრატებს
.
მარტო „თავისი“ ტელეკომპანიისა და „ერთგული“ ჟურნალისტის ფაქტორი არ გამხდარა გადამწყვეტი პიტერ ჰეგსეტის პენტაგონში „გამწესებაზე“-ტრამპს „არ უყვარს“ თავდაცვის მდივნები!
„არ უყვარში“ იგულისხმება ის, რომ 2017-2021 წლების პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ტრამპმა ოთხ წელში ოთხი თავდაცვის მინისტრი შეცვალა, რაც ნამდვილად რეკორდი გახლდათ ამერიკის, მაგრამ არა მსოფლიო ისტორიაში. ტრამპის ერთმა ქართველმა კოლეგამ(რომელიც მისნაირი „მოულოდნელობით“ გამოირჩეოდა თავისი პრეზიდენტობის დროს) მხოლოდ ერთ წელში ქართულ არმიას ოთხი თავდაცვის მინისტრის როტაცია ჩაუტარა...
ტრამპს მუდმივი უთანხმოება ჰქონდა თავის თავდაცვის მდივნებთან, მათ შორის ერაყიდან და ავრანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის პროცესის დაწყებასთან და ასევე ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყნის შიგნით არეულობების მოგვარებაში მონაწილეობის თემებთან დაკავშირებით.
ამერიკის სამხედრო-პოლიტიკრ წრეებში ვარაუდობენ, რომ დიდ პოლიტიკაში უცნობი კანდიდატურის წარდგენა აშშ-ის ახალი თავდაცვის მდივნად ტრამპის გამიზნული ნაბიჯია, რადგან აღარ სურს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტზე ისევ ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურები იხილოს, რომლებიც მისი მომავალი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მას შეეწინაღმდეგებიან და არ დაეთანხმებიან ტრამპის გადაწყვეტილებებს,თუნდაც სრულიად წარმოუდგენელს...
ამასთან, პიტერ ჰეგსეტს გამოქვეყნებული აქვს სკანდალური წიგნი სახელწოდებით „ომი ჩვენს მეომრებთან“, რომელშიც მიწასთან ასწორებს პრეზიდენტ ბაიდენის დროინდელ პენტაგონის მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს.
მათ ბრალს ამერიკული იდეალების უარყოფასა და ამერიკული არმიის ბრძოლისუნარიანობის დაცემაში სდებს...
პრეზიდენტ ტრამპს ეტყობა სწორედ ასეთი კანდიდატურა სჭირდება ახალ თავდაცვის მდივნად, რომელიც პენტაგონის პარმაღზე გადაბიჯებისთანავე ამ ხუთკუთხიან შენობაში „გენერალურ დასუფთავებას“ დაიწყებს, დემოკრატების ერთგული კადრების გამოყრით...
მაგრამ, რამდენად წაადგება ეს ყველაფერი ამერიკული არმიის გაძლიერებას, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების მუდმივი ზრდის ფონზე, უახლესი მომავალი გვიჩვენებს. ისე კი, დიდი ხანია დადგა დრო პენტაგონის, ისევე როგორც აშშ-ის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მძლავრი ბიუროკრატიისაგან გაწმენდის,მაგრამ ეს ყველაფერი ამერიკელების საქმეა...