"ბავშვს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა... თითქოს ცა ჩამოიქცა, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უცებ ასე ცუდად გახდა" - 15 წლის გოგონას საზოგადოების დახ - კვირის პალიტრა

“გთხოვთ, მიშველეთ, 15 წლის ვარ და სიმსივნეს ვებრძვი”, “კუჭის ავთვისებიანი კიბო აღმოაჩნდა... თითქოს ცა ჩამოიქცა, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უცებ ასე ცუდად გახდა" - 15 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"გთხოვთ, მიშველეთ, 15 წლის ვარ და სიმსივნეს ვებრძვი, გამოკვლევების დროს გამოვლინდა, რომ თურმე კუჭის სიმსივნე მქონია, ძალიან ცუდად ვიყავი...

იაშვილში ვიწექი, აღმოჩნდა, რომ ამ ასაკში კუჭის სიმსივნის შემთხვევა არ ჰქონიათ, ხელი შემიწყვეს, რომ თურქეთში გადავეყვანეთ. თურქეთში ჟანგბადის აპარატსაც ვერ მხსნიდნენ ისე ვიყავი, ფეხზე დადგომაც არ შემეძლო, დაჯდომაც არ შემეძლო, ქიმიების გადასხმის შემდეგ შევძელი გამევლო. 5 ქიმია გადამისხეს, ახლა უკეთესად ვგრძნობ თავს, მაგრამ ერთი წელი მიწევს თურქეთში დარჩენა, რომ განვიკურნო კუჭის სიმსივნისგან. რაც შემიძლია ვუძლებ, მაქვს არ მაქვს ძალა, ვუძლებ, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატანა, მეშინია, ვიცი მომაკვდინებელ დაავადებას ვებრძვი, მრცხვენია დახმარებას რომ ვითხოვ, ეს ვიდეოც ძლივს ჩავწერე, ძალიან ვინერვიულე... დედა მეუბნება, რომ არ გამწირავთ და დამეხმარებით, მე ახლა მინდა სიცოცხლე, მინდა ყველა ჩემი მიზანი და ოცნება რეალურად ვაქციო. მინდა დედას უკან დავუბრუნო ამაგი, ობლობაში გამზარდა და არაფერზე არ იხევდა უკან ჩემს გამო.

გთხოვთ მომეცით სიცოცხლის საშუალება, თუ შეგიძლიათ მცირედით დამეხმარეთ. ვიმყოფებით თურქეთში, სახელმწიფო გვიფინანსებს ქიმიოთერაპიებს და სხივებს, მაგრამ დანარჩენი ხარჯი ჩვენი გადასახდელია. ბინის ქირას ვერ ვიხდით, დამეხმარეთ, მცირედს გთხოვთ", -ამბობს 15 წლის გოგონა, მირას ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში ვნახე, იმდენად ემოციური და ამაღელვებელი იყო მისი მიმართვა საზოგადოებისთვის, რომ გადავწყვიტე დავკავშირებოდი პატარა გოგონას და მისი ისტორია ჩვენი მკითხველისთვის უფრო დეტალურად გაგვეცნო. გაგვეცნო იმ ადამიანებისთვის, რომელიც ბევრჯერ დახმარებიან გაჭირვებაში მყოფებს და ამ გზით ბევრი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩენიათ.

მირა ახლა დედასთან ერთად თურქეთის კლინიკაში გადის ქიმიოთერაპიის კურსს. მის გვერდითაა დედა, ლელა ნაყოფია. მარტოხელა დედისთვის შვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ძნელია, ის ერთადერთი ქალიშვილის გადასარჩენად იბრძვის. ისიც მითხრა, სოციალურ ქსელში სანამ დახმარებაზე ტექსტს ავკრიფავდით ვინ იცის მე და მირამ რამდენჯერ ავკრიფეთ და წავშალეთ დახმარების ტექსტი, მინიმუმ 15-ჯერ, რადგან ხალხს ისედაც უჭირს და გვრცხვენოდა, გვერიდებოდა მათთვის დახმარება გვეთხოვაო, მაგრამ როცა ვხედავდით უკვე სხვა გზა აღარ იყო დარჩენილი, გავბედეთო.

ლელა ნაყოფია, მირაიდას დედა:

- მირას ნოემბერში შეუსრულდა 15 წელი. ზუგდიდიდან ვარ, ჩემი მეუღლე სოხუმელი იყო, აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ჩემი მეუღლის და აფხაზეთში უგზო უკვლოდ დაიკარგა და ამდენი წლებია მის კვალს ვერავინ მიაგნო. მოულოდნელად მეუღლე ავტოავარიით გარდამეცვალა, ამ თავზარდამცემი ამბის დროს მირა ერთი წლის იყო. 14 წელია გასული იმ საშინელი დღიდან, მარტო დავრჩი ჩემი პატარა გოგონათი და მას მერე მარტო ვზრდიდი ჩემს ერთადერთს შვილს. ვხარობდი რომ იზრდებოდა, მისი სწავლით ბედნიერი ვიყავი, ძალიან კარგი გოგონა მყავს. ვცხოვრობდით ზუგდიდში დევნილების დასახლებაში, ვშრომობდი და გაგვქონდა თავი. კოვიდი მძიმედ გადავიტანე, კოვიდიდან გამომდინარე თრომბი განვითარდა და მარცხენა ხელი ამპუტირებული მაქვს. მას მერე მეოთხე წელია. ჩემს გოგონას ყივანახველა ჰქონდა და გვეგონა ამის გამო იყო ცუდად, მაგრამ უცებ ისე ცუდად გახდა, თბილისში მოგვიწია სასწრაფოდ ბავშვის გადმოყვანა. ჟვანიას კლინიკაში ვიყავით ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ორივე ფილტვის ანთება გვითხრეს, ივარაუდეს ასევე გულის მანკი. ისე იყო ორგანიზმი შეშუპებული. კლინიკაში 40 დღე იწვა მირა, ამ კვლევების დროს გაირკვა, რომ ბავშვს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

ვერ წარმოიდგენთ ეს როგორი შოკი იყო ჩვენთვის, თითქოს ცა ჩამოიქცა, სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მეჭირა ხელში, უცებ ასე ცუდად გახდა და ასეთი მძიმე დიაგნოზი დაგვისვეს.

ჟანგბადის აპარატზე იყო ბავშვი შეერთებული, გამობერილი ჰქონდა ლიმფური ჯირკვალიც. მკურნალი ექიმი ძალიან დამეხმარა და შევძელით ბავშვის თურქეთის კლინიკაში გადმოყვანა. ფეხზე საერთოდ ვერ დგებოდა, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული 15 დღე, საბედნიეროდ ბავშვი მკურნალობას დაექვემდებარა, ახლა სამი თვეა ქიმიოთერაპიის კურსს გავდივართ, მაგრამ ჯერჯერობით რთული მდგომარეობა გვაქვს ისევ. მირა საუბრითაც ვერ საუბრობდა, სიტყვას რომ იტყოდა საშინელი ხველა და სპაზმი ეწყებოდა და ერთი თვე საუბარიც კი შეწყვეტილი ჰქონდა. უმოძრაოდ იყო მთელი თვე, ახლა უკეთესად არის. მეოთხე სტადია დაუდგინდა აქაც კუჭზე სიმსივნე, იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც თბილისში. გულის მანკი არ დაუდასტურდა, ეტყობა ფილტვების ანთების გამო ისე იყო შეშუპებული გული და საერთოდ ორგანიზმი, რომ მანკი ეგონათ. პატარა წერტილები იყო ფილტვზეც, მაგრამ ექიმი მეუბნება, რომ მეტასტაზებმა გაიწოვა და დარჩა მხოლოდ ერთ წერტილი. შეიძლება ეს ანთების კვალიაო. დიდი იმედი მაქვს, რომ უფლის წყალობით ჩემი ერთადერთი გოგონა გადარჩება. ძალიან მძიმე იყო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც, თავიდან ძალიან განიცდიდა, მაგრამ ახლა ფეხზე რომ დადგა და უკეთესად არის, იმედიანად არის და ცდილობს განწყობა აიმაღლოს, არ დაწვეს, ბავშვებთანაც იკონტაქტოს. ცდილობს მოერიოს ამ ავადმყოფობას, მანამდე სულ ჩაკეტილი იყო. არადა ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე გოგონაა. კარგი მოსწავლე იყო, სწავლაც უყვარდა, მაგრამ სექტემბრიდან სკოლაშიც აღარ უვლია.

3 თვეა თურქეთში ვართ მე და ჩემი შვილი. ერთი წელი აქ გვიწევს ყოფნა. ქიმიოთერაპიის შემდეგ კლინიკიდან გვიშვებენ და ბინის დაქირავება გვიწევს, ამის საშუალება კი არ გვაქვს, რადგან აქ ძალიან ძვირია ბინის ქირა.

კლინიკის მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვა კი ფარავს, მაგრამ ექიმმა მითხრა ერთი წელი თურქეთში უნდა ვიყოთ. კიდევ 9 თვე გვიწევს აქ ყოფნა. ყველაზე იაფიანი ბინა ვიქირავეთ, რომელიც 500 დოლარი ღირს, სარდაფივით ბინაა და იქ ვცხოვრობთ. ხალხის ძალიან გვერიდება, მაგრამ სხვა გზა არ გავქვს და ამიტომ ვითხოვთ დახმარებას. ერთი კვირის მანძილზე ვწერდით და ვშლიდით დახმარების თხოვნის ტექსტს, ვერ ვრისკავდით, გვერიდებოდა ძალიან. მე და მირაიდა ისე ვცხოვრობდით, რომ არაფერი გვიჭირდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ დაგვრჩენია, კეთილი ადამიანების დახმარების იმედი გვაქვს. ჯანდაცვა აფინანსებს კლინიკის ხარჯებს, ქიმიოთერაპიის, მაგრამ გადასხმის შემდეგ ისევ გვიშვებენ კლინიკიდან და ბინა გვჭირდება. მერიდება ნამდვილად, მაგრამ იქნებ თავიანთი სურვილით დაგვიდგნენ გვერდში..

კვება ძალიან ძვირია, ერთი პური რომ იყიდო 3 ლარი უწევს, ზაფხული იყო ბავშვი რომ ჩამოვიყვანე და ზაფხულის ტანსაცმლით დამრჩა, თბილი ტანსაცმელი რომ ვუყიდო იმის საშუალებაც არ მაქვს. პენსია გვაქვს დანიშნული საქართველოში, მე მეორე ჯგუფის ინვალიდობის 195 ლარი, ბავშვს მარჩენალდაკარგულის დახმარება ერიცხება და სოციალურად დაუცველის 200 ლარი, ეს არის ჩვენი შემოსავალი, მეზობელი იღებს ამ ფულს და კი გვიგზავნის, მაგრამ ამ თანხით ვერ ვწვდებით საჭიროებებს. თქვენ არ იცით რა დღეები გამოვიარე, კლინიკის კართან სრულიად მარტო ატუზული ვიდექი და ველოდებოდი ჩემი შვილის ანალიზების პასუხებს, ბიოფსიის პასუხს. როცა ამ დიაგნოზებს მეუბნებოდნენ ყოველ ჯერზე სიკვდილის ტოლფასი იყო ეს ჩემთვის. ძალიან მტკივა გული, რომ თხოვნა მიწევს, მაგრამ ადამიანებო ვიცი ბევრი დედის იმედი ხართ და ბევრ ადამიანს ეხმარებით. მე ამის მეტი შვილი არ მყავს, ერთადერთი შვილის გადარჩენაში დახმარებას გთხოვთ ყველას.

მისი გამოჯანმრთელებისთვის ვიბრძვი, დედა, რომელმაც სიმწრით გავზარდე ობლობაში ჩემი პატარა გოგონა. მიხაროდა რომ იზრდებოდა, მიხაროდა რომ მშვენდებოდა, მის კარგ მომავალზე ვოცნებობდი და უცებ ყველაფერ თავდაყირა დადგა, ახლა ვიბრძვით მისი სიცოცხლის გადასარჩენად. იმედი მაქვს გულთან მიიტანენ ჩვენს გასაჭირს და დაგვეხმარებიან. ძვირადღირებული წამლები სჭირდება მირაიდას, თურქეთში ვეღარ გავჩერდებით და მისი მკურნალობა შეწყდება, თუ ვერ შევძლებთ ამ ხარჯების გაწევას... ნუ გაგვწირავთ ორივეს გევედრებით. ხელის კანკალით რომ დავდეთ დახმარების თხოვნა, 80 ლარი ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე, მაშინ ბავშვმა დანანებით თქვა, ალბათ დიდი, 15 წლის რომ ვარ, ამიტომ არ მეხმარებიან, უფრო პატარები ეცოდებათო. ჩემს მირას სიცოცხლე ძალიან უყვარს, კიდევ ჩემზე დარდობს და აქეთ მამხნევებს. ვიცი ჩვენთვის გაღებული თითოეული ლარი თქვენს ოჯახებს ათასად დაუბრუნდება. სიკეთე ხომ არ იკარგება. მადლობა ადამიანებო. თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს. მომიტევეთ ეს თხოვნა დამეხმარეთ მარტოხელა დედას გადავარჩინო შვილი".

ძალიან გაუჭირდა საუბარი მირას დედას, რამდენჯერმე ატირდა, იმედი გვაქვს ხალხის დახმარებით ეს პატარა გოგონა გამოჯანმრთელდება სრულად და თითოეული ადამიანის გაღებული სიკეთე მთელი ცხოვრება გაყვება.

აქვე ვუთითებთ დედის ანგარიშის ნომერს და მობილურის ნომერს, შეგიძლიათ WhatsApp-ით თავად დედას დაუკავშირდეთ ნომერზე 568614354

ლელა ნაყოფიას პირადი ნომერია 19001071345

GE79LB0711103941846440 - ლიბერთი ბანკის ანგარიში,

მიმღები დედა, ლელა ნაყოფია

GE15BG0000000601755075- საქართველოს ბანკი

მიმღები დედა, ლელა ნაყოფია

(სპეციალურად საიტისთვის)