რუსები შეაჩერეს?! - რა ხდება უკრაინის ქალაქ კუპიანსკში, სადაც დღეს რუსი მედესანტეები შეიჭრნენ
დღეს ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ილინკას დასახლება აიღეს და ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ.
ამ დროისთვის ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, უკრაინული მედიის ნაწილის ინფორმაციით, რუსებმა ვერც ილინკა აიღეს და კუპიანსკში საერთოდ არ შესულან.
კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ბესედინის თქმით კი, რუსულმა სადესანტო ძალებმა კუპიანსკში შეღწევა შეძლეს, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხეს.
მისივე თქმით, ოკუპანტები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეიჭრნენ.
კითხვაზე, განხორციელდა თუ არა კუპიანსკში შეჭრილების ლიკვიდაცია, ბესედინმა უპასუხა, რომ ისინი გაანადგურეს. ამასთან, კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს დილიდან ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.