რას დაუთმობს პუტინი ტრამპს: 3 ვარიანტი - ნატოს გენმდივნის ყოფილი მოადგილის სტატია, რომელიც შესაძლოა, უკრაინაში არ მოეწონოთ
„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეუძლია, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს სამ საკითხში დაუთმოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ტრამპს პუტინისაგან დათმობები სჭირდება და, სავარაუდოდ, მიიღებს კიდეც“ (ავტორი - როუზ გეტემიულერი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, ნატოს გენმდივნის მოადგილე 2016-2019 წლებში).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ცნობილია, ხშირად აცხადებდა თავის გამოსვლებში და ინტერვიუებში, რომ თუ იგი პრეზიდენტი გახდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა. ჯერ კიდევ სექტემბერში, ვიცეპრეზიდენტად არჩევამდე, ჯეიმს დევიდ ვენსმა ვარაუდი გამოთქვა, თუ როგორ შეიძლებოდა ცეცხლის შეწყვეტა და ომის დამთავრება: უკრაინის გაყოფით - აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებს რუსეთი დაისაკუთრებს, უკრაინას კი დასავლეთი რეგიონები დარჩება. ამასთან, ქვეყნის ნატოს წევრობაზე ლაპარაკი ზედმეტია - უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად არ იქნება მიღებული. მსგავსი თვალსაზრისი გამოხატეს სხვა რესპუბლიკელმა სტრატეგებმაც, თუმცა მათ ნატოში გაწევრების მიმართ უფრო რბილი მიდგომა ჰქონდათ: უკრაინის ალიანსში მიღება გაურკვეველი ვადით გადაიდება.
ეს იდეები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გეგმებს, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აყენებს თავის სამშვიდობო „გამარჯვების გეგმაში“, მაგრამ უეჭველია, მოსწონს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს - იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტად შეესაბამება მის წინადადებებს და პირობებს ომის შეწყვეტის თაობაზე
ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპისათვის აუცილებელია, რომ იგი კარგად დაფიქრდეს მოლაპარაკების დინამიკაზე და მის ხასიათზე.
ვლადიმერ პუტინს დიდი ხანია სურს, რომ უკრაინას გამანადგურებელი მარცხი მიაყენოს, მასთან ერთად კი - უკრაინის ნატოელ პარტნიორებსაც და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს..
ისევე, როგორც სხვა რუსი ლიდერები, უხსოვარი დროიდან, ვლადიმერ პუტინიც უპირატესობას ანიჭებს თამაშს „ნულოვანი თანხით“: „მე ვიგებ, თქვენ კი აგებთ“. კრემლის ბინადარისათვის არ არსებობს სხვა პრინციპი, თუ არა - წაუგებელი გადაწყვეტილება: გამარჯვებული ყველაფერს იღებს.
მაგრამ ასე არ უნდა იყოს. დონალდ ტრამპს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ სიტუაცია შეცვალოს - იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოტივები აქვს აშშ-სთან ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტს სურს, საერთაშორისო არენაზე ამერიკასთან „ხელჩაკიდებული“ დაბრუნდეს, რაც გააუმჯობესებს მის ავტორიტეტს, როგორც რუსეთის შიგნით, ისევე - მსოფლოში. მას, ასევე, სურს იმ სანქციების გაუქმება, რომლებმაც რუსეთის ეკონომიკა, მართალია, მთლიანად ვერ დაანგრია, მაგრამ მეტად თუ ნაკლებად, ზიანი მაინც მიაყენა.
ამრიგად, დონალდ ტრამპს შეუძლია, ვლადიმერ პუტინს დათმობები მოსთხოვოს და თუ ისინი არგუმენტირებულად იქნება მოფიქრებული, კრემლი, ალბათ, დათანხმდება. ამჟამად შეიძლება, დათმობების სამი ვარიანტი არსებობდეს:
პირველი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის ტერიტორიული რეალობა ნამდვილად შეიცვლება, ამერიკამ მაინც აუცილებელია, რუსეთს შესთავაზოს ფორმულირებების ვერსიები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - იმის ანალოგიურად, როგორითაც ისარგებლეს დასავლეთ გერმანიის სტატუსის განსაზღვრის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანიის ტერიტორიული მთლიანობა იურიდიულად (ფორმალურად) შენარჩუნებული იქნა და ფედერაციული რესპუბლიკის აღმოსავლეთი ნაწილის (გდრ) დე-ფაქტო გამოყოფა საბოლოოდ აღიარებული არ იყო. გერმანიის გაერთიანების 35-ე წელს ამ პრეცედენტს ყურადღება უნდა მივაქციოთ. შესაძლოა, უკრაინის აღმოსავლეთის ნაწილის კონტროლი რუსეთის მიერ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ კიევმა ის მუდმივად არ უნდა ჩათვალოს. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც გაეროს წესდებითაა განმტკიცებული, სახელმძღვანელო პრინციპად ითვლება.
მეორე - იმის ნაცვლად, რომ კრემლს დაეთანხმოს, უკრაინის ნატოში მიღების გადადებას განუსაზღვრელი ვადით, ამერიკამ განსხვავებული ვერსია უნდა შესთავაზოს - ნატოში მიღების განხილვა კონკრეტული დროით არ უნდა შემოიფარგლოს. იმავდროულად, აშშ-მა და ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინასთან მოლაპარაკება უნდა დაიწყონ, იგივე უნდა მოხდეს ევროკავშირში მიღების საკითხთან მიმართებითაც. არავის ეცოდინება, თუ როდის დასრულდება ეს მოლაპარაკებები - იმიტომ, რომ უკრაინისათვის ძალზე რთული იქნება იმ პირობების შესრულება, რაც ნატოში და ევროკავშირში მიღებისას კიევს მოეთხოვება. სამაგიეროდ, უკრაინა ორივე ალიანსში მიღების გზაზე იქნება ანუ მისთვის კარი დახურული არ იქნება. თუ კიევს რაიმე გარანტიები დასჭირდება, რომ დასავლური ორიენტირი არ შეიცვალოს, მაშინ შეიძლება ბოლო ვადა დასახელდეს - ნატოში და ევროკავშირში მხოლოდ 20 წლის შემდეგ.
რატომ ვფიქრობ, რომ აშშ-ის ასეთი ნაბიჯი ვლადიმერ პუტინს შეიძლება მოეწონოს? ჯერ ერთი, რომ კრემლი მეტ-ნაკლებად მშვიდ რეაქციას ავლენს უკრაინის სავარაუდო მიღების მიმართ ევროკავშირში (რომელიც შეიძლება ათეული წელიც გაგრძელდეს) და თუ ამას მეორე მომენტს დავამატებთ - ნატოში მიღების პროცესის გაჭიანურებას, კრემლს შეუძლია, მშვიდად იყოს: ანაზდეული და მოულოდნელი სიურპრიზები არ იქნება.
მესამე - რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის პირობად თეთრ სახლს შეუძლია, კრემლს დაუთქვას, რომ თუ რუსეთი დათანხმდება, მაშინ ამერიკა მზად იქნება დაუბრუნდეს ბირთვული შეიარაღებისადმი კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის მოლაპარაკებას, რომელიც ამჟამად შეჩერებულია.
დიახ, ნატო და ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ, მაგრამ პარალელურად, რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებასაც შეუდგებიან, ბირთვული შეიარაღების პრობლემატიკაზე.
შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს არ მოეწონოს თავისი პირობებიდან უკან დახევა და უარის თქმა, მაგრამ იგი აშკარად არის დაინტერესებული იმით, რომ დონალდ ტრამპს რაღაცით დელიკატურად ასიამოვნოს და კარგი გაუკეთოს. კრემლისათვის ძალიან იოლი იქნება ბირთვული შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებას დაუბრუნდეს. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, ორი მსხვილი გარიგება - უკრაინისათვის მშვიდობა და ახალი ბირთვული შეთანხმება - განამტკიცებს მის, როგორც გარიგებების მთავარი ორგანიზატორის რეპუტაციას. უფრო მეტიც - როგორც მთავარი მშვიდობისმყოფელის ავტორიტეტს. იგი ამით ისეთი დიდების მომტან მიზნებს მიაღწევს, რომელიც მისი წინამორბედისათვის წარმოუდგენელი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ დონალდ ტრამპი დარწმუნდეს - იგი წაგებული არ დარჩება ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებით უკრაინის საკითხში. მან უნდა იცოდეს, რომ კრემლი მზად იქნება, ზოგიერთ დათმობაზე წავიდეს, კარგად მოფიქრებულ კომპრომისზე, როგორც საკუთარი იმიჯის, ასევე - დონალდ ტრამპის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის სახის შესანარჩუნებლადაც. არავის სჭირდება ომიდან გამანადგურებელი მარცხით გამოსვლა.