"არასამთავრობო სპეცრაზმები": პუტინის საიდუმლო იარაღი - ნადირობა ლიტვინენკოსა და ბერეზოვსკიზე
საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული აგენტურულ-ოპერატიული მეთოდები და ხერხები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და არის. ჯერ კიდევ კა-გე-ბეს „ზეობის ხანაში“ არსებობდა სრულიად საიდუმლო გეგმა, „დუბლიორის“ სახელწოდებით. კა-გე-ბეს საქალაქო ან რაიონული განყოფილებების ბაზაზე შექმნილი იყო საიდუმლო ორგანიზაციული აპარატი (კოდური სახელწოდება „დუბლიორი“), რომელიც უნდა ამოქმედებულიყო საომარ ვითარებაში, კა-გე-ბეს ლეგალური აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
“დუბლიორი” უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აგენტურასთან საიმედო ოპერატიული კავშირით, ამიტომაც ამ, კა-გე-ბეს ფარულ სტრუქტურას, გააჩნდა აგენტურის ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, მოქმედი სპეცკონტიგენტის სია (ფსევდონიმების მითითებით) და მათთან კავშირის ხერხები, საარქივო ოპერატიული აღრიცხვის საქმეების ოპერატიულ-საცნობარო კართოტეკა, კოდირებული ფარული ლეგენდების გასაღებები, საფარი დოკუმენტების სია, შიფრები, შიფრტექნიკა, საბრძოლო იარაღი, ფულადი სახსრები და ა.შ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებმა (უპირველესად ეფ-ეს-ბემ და გე-ერ-უმ) „დუბლიორის“ ანალოგიური, ერთგვარი „არასამთავრობო სპეცრაზმები“ შექმნეს. უკანასკნელ პერიოდში გამჟღავნდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში შექმნილია და ფარულად მოქმედებენ ე.წ. შურისმაძიებელთა დანაყოფები, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დავალებით პოლიტიკურ მკვლელობებსა და სხვა კრიმინალურ ოპერაციებს ახორციელებენ. ისინი ვეტერანთა კავშირების, საქველმოქმედო ფონდების, სპეცსამსახურების ისტორიის შემსწავლელი „სამეცნიერო“ ცენტრების და სხვ. - ნეიტრალურ სახელწოდებას ამოფარებული მოქმედებენ.
რუსეთის "პარალელურ სპეცსამსახურებში" კა-გე-ბესა და გე-ერ-უს თადარიგში გასული ოფიცრები (ე.წ. აქტიური რეზერვი), ავღანეთის ომის ვეტერანები და ბიზნესის "სახურავს" შეფარებული მოქმედი რეზერვის ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) მსახურობენ.
რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინის მოსვლის შემდეგ “პარალელური სპეცსამსახურები”, რომელთაც ფორმალურად არანაირი კავშირი არ აქვთ სახელმწიფო ორგანოებთან, პოლიტიკური მკვლელობების მთავარ შემსრულებლებად იქცნენ.
რუსეთის არაოფიციალურ სტრუქტურებს შეფარებული “ვეტერანები” და “პატრიოტები” მონაწილეობდნენ სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ბრძოლებში, ბუნებრივია - სეპარატისტების მხარეს. მათ ერთი აქვთ საერთო: ისინი ყოფილი სპეცრაზმელები და სპეცსამსახურების „ყოფილი“ ან მოქმედი თანამშრომლები არიან, რომლებმაც “ზომბირება” ჯერ კიდევ საბჭოთა სპეცსამსახურებში გაიარეს.
ზუსტად ოცდაათი წლის წინ რუსეთის ეფ-ეს-ბეს სტრუქტურაში შეიქმნა “დანაშაულებრივი ორგანიზაციების დამუშავების სამმართველო” (შემოკლებით - “დოდს”), რომლის უფროსად დაინიშნა გენერალი ევგენი ხოხოლკოვი.
1998 წლის ივლისში, “ლიტვინენკოს სკანდალის” შემდეგ, ეს სამმართველო ვითომ გაუქმდა, სინამდვილეში, ეფ-ეს-ბეს ახალი დირექტორის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ახალი დასახელებით და ძველი მიზნებით შენარჩუნდა. შემდეგ წლებში ხოხოლკოვი რუსეთის საბაჟო და საგადასახადო სისტემებში – “მოქმედი რეზერვის ოფიცრის” საფარქვეშ მსახურობდა.
“დოდსის” შტატში 150 ოფიცერი იყო. ეს სამმართველო ერთგვარი “მინისპეცსამსახური” იყო: საკუთარი თვალთვალისა და ფარული მოსმენების, დადგენისა და დაკავების ჯგუფით, სპეცრაზმით, რადიოელექტრონული დაზვერვის დანაყოფით და ა.შ.
დადგენილია, რომ სწორედ ეს სამმართველო ახდენდა რუსეთის ხელისუფლებისთვის (ან მისი რომელიმე კლანისთვის) მიუღებელი ბიზნესმენის, პოლიტიკოსის და ჟურნალისტის ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას.
მკვლელობას კი სპეციალურად შერჩეულ კილერებს, როგორც წესი, ყოფილ ან მოქმედ სპერაზმელებს, უკვეთავდნენ. წლების მანძილზე ამ სამმართველოში მუშაობდა პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელმაც 1998 წლის შემოდგომაზე ხუთ კოლეგასთან ერთად სენსაციური პრესკონფერენცია მოაწყო მოსკოვში და ყოველივე ამის შესახებ ღიად ისაუბრა.
საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვის და შემდეგ - რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ლიტვინენკო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც 1998 წლის 20 მარტს ცნობილ ბიზნესმენ-პოლიტიკოს ბორის ბერეზოვსკისთან მივიდა და განუცხადა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ მას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ბერეზოვსკის ლიკვიდაცია დაავალა.
ალექსანდრე ლიტვინენკო და ბორის ბერეზოვსკი
ამ ინფორმაციამ, რომელსაც რამდენიმე თვის შემდეგ ხმაურიანი პრესკონფერენცია მოჰყვა, გრიგალივით გადაუარა რუსულ და უცხოურ მასმედიას. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო: რუსეთის სპეცსამსახური გეგმავდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ყოფილი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის, შემდეგ კი - დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის ლიკვიდაციას.
ლიტვინენკოს სენსაციური ბრალდების შემდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე კი აღძრა, მაგრამ ცხრა თვის მანძილზე ხელი არ გაუნძრევია. სწორედ ამის შემდეგ, 1998 წლის 13 ნოემბერს ბერეზოვსკიმ გაზეთ “კომერსანტში” ძალზე კრიტიკული წერილით მიმართა ეფ-ეს-ბეს მაშინ ახლად დანიშნულ შეფს - ვლადიმერ პუტინს.
1998 წლის 17 ნოემბერს ეფ-ეს-ბეს ხუთმა ოფიცერმა: პოდპოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, პოლკოვნიკმა შებალინმა, მაიორებმა შჩეგლოვმა და პონკინმა, ასევე, უფროსმა ლეიტენანტმა ლატიშონოკმა, მოსკოვში, პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ბერეზოვსკის და ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცრის - ტრეპაშკინის ლიკვიდაცია.
ამ წერილისა და პრესკონფერენციის საპასუხოდ, პუტინმა ნადირობა დაიწყო ჯერ ლიტვინენკოზე, შემდეგ კი - თავად ბერეზოვსკიზე.
1999 წლის მარტში ლიტვინენკოს სისხლის სამართლის საქმე “შეუკერეს” და “ლეფორტოვოს” ციხეში უკრეს თავი. ის მხოლოდ ათი თვის შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის დიდი მცდელობით გაათავისუფლეს, ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით. ამის შემდეგაც პროვოკაციები მის წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. ამის გამო, 2000 წლის ნოემბერში, ლიტვინენკო ჯერ სხვა გვარითა და პასპორტით საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ - თურქეთში გაემგზავრა, იქიდან - ლონდონში ჩაფრინდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. აქედან იწყება ლიტვინენკოს ღია ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურების წინააღმდეგ. 2001 წლის ზაფხულში მან გამოსცა წიგნი: “ეფ-ეს-ბე აფეთქებს რუსეთს”, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებსა და უცხოელი მძევლების გატაცებაში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი და ეფ-ეს-ბეს დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი დაადანაშაულა. ამის შემდეგ მასზე და ჩეჩენ პოლიტიკურ დევნილებზე: იანდარბიევსა და ახმად ზაკაევზე, ისევე, როგორც ბერეზოვსკიზე, რუსეთის სპეცსამსახურებმა “ნადირობა” დაიწყეს.
ლიკვიდაციის გეგმა ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი სამიზნის ზუსტი ადგილსამყოფელისა და მისი გადაადგილების მარშრუტის დადგენას ითვალისწინებდა (ეს დავალება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ლონდონის რეზიდენტურასა და ინგლისში არალეგალურად მოქმედ რუსეთის დაზვერვის აგენტებს უნდა შეესრულებინათ). ამის შემდეგ კი ლონდონში უნდა განხორციელებულიყო „ქვეყნის მოღალატეების“: ლიტვინენკოს, ბერეზოვსკისა და ზაკაევის ლიკვიდაცია. ეს დავალება კი ისე უნდა შესრულებულიყო, რომ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებზე ეჭვი არავის მიეტანა. სწორედ ამგვარი „სენსიტიური“ მკვლელობებისა და მძევლების გატაცების ოპერაციებისთვის შეიქმნა „პარალელური სპეცსამსახურები“. ერთ-ერთი მათგანის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
2003 წლის 16 აპრილს დაარსდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სპეცსამსახურების ვეტერანების არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი “პატიოსნება და ღირსება”, რომლის პრეზიდენტად პოლკოვნიკი ვალენტინ ველიჩკო (რომელიც მანამდე “საგარეო დაზვერვის ვეტერანთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა) აირჩიეს, უფრო სწორედ კი - დანიშნეს. საინტერესოა, რომ საბჭოთა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი ვალენტინ ველიჩკო საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა ჯაშუშობის სამყაროში. ის 1980-იანი წლების შუა პერიოდში ვლადიმერ პუტინთან ერთად მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ კი ჰოლანდიაში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის მოადგილე იყო, საიდანაც 1989 წელს გამოაძევეს.
ვალენტინ ველიჩკო
ვალენტინ ველიჩკო 1997 წლის ბოლოდან არის ეფ-ეს-ბეს დირექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი. იმ პერიოდში საბჭოთა/რუსეთის მზვერავი, რომელიც ფორმალურად „საგარეო დაზვერვის სამსახურის ვეტერანთა ასოციაციის“ (რომლის ერთ-ერთი წევრი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გახლდათ) პრეზიდენტი იყო, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციებში.
2002 წლის 12 აგვისტოს დაღესტანში გაიტაცეს საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ წარმომადგენელი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არიან ერკელი, რომელიც ოცი თვის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა. გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ ერკელის გათავისუფლების სანაცვლოდ. 2004 წლის 8 აპრილს მოსკოვში ნიდერლანდების ელჩს ეფ-ეს-ბედან აცნობეს, რომ ერკელი გათავისუფლდებოდა, თუ სასწრაფოდ გადაიხდიდნენ ერთ მილიონ ევროს და ამ ოპერაციაში შუამავალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო... „საგარეო დაზვერვის ვეტერანთა ასოციაცია“ და მისი პრეზიდენტი ვალენტინ ველიჩკო.
ნიდერლანდების ხელისუფლება იძულებული იყო, დასახელებული თანხა 500-ევროიანი კუპიურებით ველიჩკოსთვის გადაეცა. სამ დღეში არიან ერკელი თავისუფალი იყო. ოფიციალურად ერკელის გათავისუფლების ოპერაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეფ-ეს-ბეს ერთობლივი ძალებით და „საგარეო დაზვერვის სამსახურის ვეტერანთა ასოციაციის“ მონაწილეობით ჩატარდა. იმ პერიოდში ვალენტინ ველიჩკოსთან ერთად ძალზე აქტიურობდა ”ასოციაციის“ ვიცე- პრეზიდენტი ანატოლი უბილავა.
„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დეტალების გამჟღავნების უფლება არ გვაქვსო“, – ასეთი იყო რუსეთის ხელისუფლების პოზიცია. გასაკვირია ის ფაქტი, რომ ერკელის გათავისუფლების შემდეგ ეფ-ეს-ბე არ დაინტერესდა მისი გატაცებისა და მძევლად ყოფნის დეტალებით - ის არც დაუკითხავთ და გათავისუფლების დღესვე სასწრაფოდ სამშობლოში გაამგზავრეს.
მაშინაც და ახლაც არსებობდა და არსებობს ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ უცხოელი მძევლების „გატაცება-შუამავლობა-გამოსყიდვა-გათავისუფლების“ არა ერთი ოპერაცია ეფ-ეს-ბეში იგეგმებოდა და „საგარეო დაზვერვის ვეტერანთა ასოციაციის“ მონაწილეობით ხორციელდებოდა.
არიან ერკელის შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო: პუტინ-პატრუშევის დუეტმა წარმატებით "შეაწერა" ნიდერლანდების სამეფოს ერთი მილიონი ევრო, საიდანაც
არიან ერკელი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ
წილი "ვეტერანებსაც" შეხვდებოდათ. თუმცა მძევლების გატაცება-გამოსყიდვის ბიზნესში მონაწილეობა ეფ-ეს-ბესა და "ვეტერანების" ყველაზე "უწყინარი" ერთობლივი ოპერაციები იყო. მათ უფრო მნიშვნელოვანი მიზანიც აერთიანებდათ: "ქვეყნის მოღალატეების" (რეალურად კი პუტინის ოპონენტების) ფიზიკური ლიკვიდაცია. ერთ-ერთი სამიზნე ალექსანდრე ლიტვინენკო იყო, რომელიც ლონდონიდან „იკბინებოდა“.
2006 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერება "პოლონიუმ-210"-ით მოწამლეს ლონდონში, რის შედეგად ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ეჭვი თავიდანვე რუსეთში რეგისტრირებულ სპეცსამსახურების ვეტერანთა "საქველმოქმედო" ორგანიზაცია – "პატიოსნება და ღირსებაზე" მიიტანეს, რომელსაც მაშინაც და ახლაც პოლკოვნიკი ვალენტინ ველიჩკო ხელმძღვანელობს.
2006 წლის დეკემბრის დასაწყისში ბრიტანულმა გამოცემა "დეილი ტელეგრაფმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტის ტექსტი, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს იტალიელმა იურისტმა მარიო სკარამელამ 1 ნოემბერს ლონდონში, სუში ბარში გადასცა. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ვეტერანების საქველმოქმედო ფონდი "დაზვერვის ვეტერანები და დიპლომატიური სამსახური სამშობლოს სულიერი აღორძინებისთვის "პატივი და ღირსება", რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ამზადებენ ლიტვინენკოს, ბორის ბერეზოვსკის, ასევე, იტალიელი ჟურნალისტის, მარიო სკარამელასა და იტალიელი სენატორის, პაოლო გუცანტის მკვლელობას.
(მეორე ნაწილის დასასრული)