ტრამპის "ქართული გეგმები" სი ძინპინის ფარული ინტერესები - ვინ გაიმარჯვებს სამხრეთ კავკასიაში ორი გიგანტის ბრძოლაში?!
გთავაზობთ ეპიზოდს ექპერტს გიორგი კობერიძის ინტერვუიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 11 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი საუბრობს, როგორ შეიცვლება ტრამპის ადმინისტრაციისას საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და ვინ გაიმარჯვებს სამხრეთ კავკასიაში - დასავლეთი თუ ჩინეთ-რუსეთის ალიანსი.
მეეჭვება ამერიკა მარტივად შეხვდეს ჩინეთის გაძლიერებას, მით უმეტეს, როცა დღეს მსოფლიო ბიპოლარულია - ერთ მხარესაა ჩინურ-რუსული ღერძი, მეორე მხარეს - დასავლური, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს. ჩინეთი დომინანტია პირველ ღერძში და მასთან ტრამპის სიხისტე ლოგიკური იქნება. რა მოჰყვება ამას, სხვა საკითხია. გასაგებია, რომ ჩინეთიც იჩქარებს, მას გაძლიერება და ტაივანის პრობლემის მოგვარება სჭირდება. ჩინეთსაც აქვს თავისი არეალები და მოქმედების თავისუფლება, მასაც აქვს ეკონომიკური რესურსები, რათა გააგრძელოს ამერიკასთან მეტოქეობა.
ამიტომ არ არის გამორიცხული, ჩინეთმა ხელი შეუწყოს უფრო მეტი კონფლიქტის გაღვივებას მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც ამერიკას აიძულებს ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით გაფანტოს და ჩინეთს ტაივანთან მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს.
მთავარ ცვლილებას მოველი არა ჩინეთის, არამედ ევროპის პოლიტიკაში. მას მოუწევს უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობა, თუ სურს ანგარიშგასაწევ ძალად დარჩეს. 90-იანი წლების მერე ევროპაში დიდი პრობლემა იყო, რომ მან განიარაღება დაიწყო, რაც დიდხანს გაგრძელდა, 2022 წლამდე. ევროპას ახლა მოუწევს ამ ყველაფერს გადახედოს და უფრო მეტად მოახდინოს ძალის კონსოლიდაცია და ძალის დემონსტრირებაზე გააკეთოს აქცენტი. ეს არის ევროპისთვის ერთგვარი შანსი, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ძალის ერთეულად ჩამოყალიბდეს გლობალურ პოლიტიკაში.
- მაშინ, როცა ამერიკისთვის ჩინეთი წითელი ხაზია.
- ხელისუფლებას ტრამპის მოსვლა უხარია, რისი ფსიქოლოგიური მიზეზი ის არის, რომ ორბანი ტრამპის მეგობარია, მასთან კი მეგობრობს საქართველოს ხელისუფლება.
ფიქრობენ, რომ დაალაგებენ ურთიერთობას. იციან, რომ ტრამპთან ადამიანური და პერსონალური მეგობრობა ჭრის, მაგრამ ერთი მთავარი ეშლებათ - ტრამპი მეგობრებზე მეტად ფინანსურ და ბიზნესინტერესებს უთმობს ყურადღებას და თუკი დაინახავს, რომ ამერიკის ინტერესები ზიანდება, მეეჭვება, ორბანთან მეგობრობამ ჩვენს ხელისუფლებას ფუნდამენტური გადატვირთვის ან რაიმე სარგებლის მიღების საშუალება მისცეს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ტრამპი ჩინეთის ინტერესების გაძლიერებას კავკასიაში არ მიესალმება არც ზღვაზე და არც ხმელეთზე.
ადრე ტრამპი ჩვენ მიმართ უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე უკრაინასთან.
საქართველოში ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, იყო შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გადმოგვეცა "ჯაველინები"... ტრამპის ადმინისტრაციის პირველ ვადაში საქართველოსა და უკრაინის საკითხი სრულიად განსხვავებული იყო, მაგრამ მაშინ ადამიანებიც განსხვავებულები იყვნენ ხელისუფლებაში და გამოწვევებიც განსხვავებული გვქონდა. დღეს სხვა რეალობაა და იმის პროგნოზირება, რას იზამს, შეუძლებელია.
- ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში რამე სიახლეს ელით?
- ნაკლებად სავარაუდოა, ურთიერთობები ძალიან შორს წავიდეს.
გვახსოვს, ტრამპის პირველი ადმინისტრაცია (2016-2020) ევროპელებისგან ნატოსთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვდა, ის ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ტრამპს შეიძლება უშუალოდ პუტინი არ ეზიზღებოდეს, მაგრამ მისთვის სახელმწიფო ინტერესები უმნიშვნელოვანესია, თანაც სახელმწიფო ინტერესებს მარტო ერთი და ორი ლიდერი არ ადგენს. ტრამპისთვის, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პუტინის საკითხს და მოკლე ვადაში მათ შორის პირდაპირი ხაზით მოლაპარაკება გაიმართოს, მეეჭვება. შეიძლება სცადონ, ეს შეიძლება პუტინსაც უნდოდეს, მაგრამ შედეგის ცოტა მეეჭვება.
ტრამპის მოსვლა ევროკავშირისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება, რათა მან საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყოს მუშაობა როგორც ცალკე ინსტიტუციამ და არა ნატომ. ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.
- ჩვენი უსაფრთხოება რაზეა დამოკიდებული? ახალ გადანაწილებაში საქართველოს აქვს შანსი დასავლეთის ბლოკში დაიმკვიდროს ადგილი და მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა გრძელვადიანად უზრუნველყოს? საბოლოოდ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ - რუსულ-ჩინურ ბანაკში თუ დასავლურში?
- ჩვენზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. აუცილებელია შიდაპროცესების სტაბილიზაცია და პოლიტიკურ ელიტას შორის კონსენსუსი, თუ რას აპირებს მომავალში. საქართველოს ისეთი დიდი გამოწვევა აქვს, რომ პრაქტიკულად, ეს მარტო საგარეო პოლიტიკაზე არაა დამოკიდებული - წლებია კრიზისია ყველაფერში, არ არსებობს კონსენსუსი.
ქვეყანა უნდა გაძლიერებულიყო სამხედრო კუთხით, უფრო მეტ კავშირს უნდა ვეძებდეთ, ვცდილობდეთ დასავლეთზე ვიყოთ ორიენტირებული და არა ჩინურ ბანაკზე.
მხოლოდ ტრამპზეც არ არის დამოკიდებული, სად აღმოვჩნდებით, საქმე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხთან. საქართველო კავკასიის გასაღებია და ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს მთელ კავკასიასაც. თუ ჩინეთი ძალიან გაძლიერდა, კავკასიაში ჩინურ-რუსული ინტერესები გაიმარჯვებს, ხოლო თუ საქართველოში დასავლური ინტერესები უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, რეგიონში დასავლეთი გაიმარჯვებს.
წაიკითხე ვრცლად: „თუ ტრამპი დაინახავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ არ მიდის, პრობლემა არ ექნება...“