"რა არის სიყვარული? სულ მინდოდა, ეს ფენომენი ამომეხსნა" - დავით დვალის მთავარი ოცნება და უფლისგან მიღებული საჩუქარი
მსახიობი დავით დვალი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"
განსახიერებული ზვერაძის როლით გაიცნო. მადლიერია იმ მაყურებლის, ვისგანაც კეთილგანწყობას ყოველთვის გრძნობს. ახლა თამაშობს სერიალში "მარჯვენა სანაპირო", ნოემბრის ბოლოს მხატვრულ ფილმში იღებენ, აქვს შემოთავაზება სატელევიზიო მინი-სერიალიდან და როგორც თავად ამბობს, გადაღებების პარალელურად, უამრავ საქმეს აკეთებს. მიდის თუ არა რისკზე, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს და როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1975 წლის 29 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. პატარა ასაკიდანვე მონუსხული ვიყავი პერსონაჟებით, რომლებსაც კარგი მსახიობები ასახიერებდნენ. ზოგჯერ ვფიქრობდი, იმ კონკრეტულ პერსონაჟს, თავად როგორ ვითამაშებდი? სხვა პროფესიაზე არ მიოცნებია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ბოლო დროს ყველაზე ხშირად მესმის ფრაზა: "უი, ისეთი არ ყოფილა". საზოგადოების დიდმა ნაწილმა ზვერაძის როლით გამიცნო. მსახიობებს ხომ ხშირად პერსონაჟებთან აიგივებენ, ზვერაძესთან საერთო არაფერი მაქვს და რომ გამიცნობენ, ხვდებიან, რომ ცდებოდნენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...იმავენაირად ვიცხოვრებდი. დამეთანხმებით, უშეცდომოდ ვერავინ ცხოვრობს, მთავარია იმ შეცდომით რაღაც ვისწავლოთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც უმეტესად საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. სხვა რომ გეუბნება, ის ნათქვამი მაინც ზედაპირულია, უსმენ, იაზრებ, მაგრამ სიღრმეს ბოლომდე მაინც ვერ სწვდები თუ თავად არ გაიარე, განიცადე და მერე საკუთარ თავთან არ აღიარე, რომ შეგეშალა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ეს განცდა პირველად მაშინ დამეუფლა, როდესაც სკოლაში მისვლისას, მაგიდაზე დამაყენეს და ლექსი მათქმევინეს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვცხოვრობ და არა ვცოცხლობ. ამ ორ სიტყვას შორის უდიდესი განსხვავებაა. სიცოცხლე არსებობაა, ცხოვრება კი შინაგანი ჟინი, მუხტი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...კეთილგანწყობა ყველას მიმართ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უფრო მეტი და მეტი შევძლო. ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ და ყოველთვის მინდა უკეთესად გავაკეთო. ხასიათით მაქსიმალისტი ვარ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი. გადასაღებ მოედანზე მუშაობისას, ბევრ კადრს ერთი ან ორი დუბლით ვიღებთ, რაც ცოტათი მაბრაზებს, იქნებ მესამედ ან მეოთხედ რომ გვეცადა, უკეთესად გამოსულიყო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ასეთი ბევრია (პაუზის შემდეგ), არაპუნქტუალური ვარ, ყველგან და ყველასთან მაგვიანდება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ბევრი რამ. დაშვებულმა შეცდომებმა პიროვნულად ძალიან გამზარდა. შეცდომას "გადახარშვა" და დასკვნის გამოტანა სჭირდება. ფიქრი ძალიან მიყვარს, დაუფიქრებლად არასდროს არაფერს ვაკეთებ, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ დაშვებული შეცდომა, მეორედაც დამიშვია, ზოგჯერ ვერ ვერევით სისუსტეს, ვნებას, სურვილს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის ადამიანი ნამდვილად გრძნობს, რომ დანაშაული ჩაიდინა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...აუცილებლად ვფიქრობ გარშემო მყოფ ადამიანებზე და არა მხოლოდ - საკუთარ თავზე. ყველა ადამიანი ამქვეყნად რაღაც ფუნქციით ვართ მოსული, მხოლოდ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით.
- ვიბნევი...
- ...იშვიათად. უფრო მაშინ, როცა საქებარ სიტყვებს მეუბნებიან.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...დატვირთული გრაფიკის მქონე მსახიობი.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ეს შეიძლება იყოს შვილი, შეყვარებული, მეგობარი...
- სიყვარული ეს...
- ...რა არის ავხსნა (პაუზის შემდეგ)? ადამიანებს ხომ გვაქვს შეკითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსვამთ და პასუხების ძიებაში ვართ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა იყო, - რა არის სიყვარული? სულ მინოდოდა, ეს ფენომენი ამომეხსნა.
ერთხელ უფლისგან საჩუქარი მივიღე, მზოვრეთის მამათა მონასტერში 10 დღე ვიცხოვრე. მქონდა შესაძლებლობა, ბერებთან მესაუბრა. ეს ჩემთვის უნიკალური შემთხვევა იყო, უამრავ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მათ შორის იმაზეც, თუ რა არის სიყვარული? ერთმა ბერმა საინტერესო ახსნა მოუძებნა. მან მითხრა, შენი სიყვარულის ობიექტი არის კონკრეტული ადამიანი. სიყვარული ღმერთის საჩუქარია, ადამიანს ეს საჩუქარი იმიტომ ეძლევა, რომ ამ შეგრძნებით მიხვდეს, რა არის ღმერთი. აბსოლუტურად ვეთანხმები, სიყვარული ღმერთია, უდიდესი ძალაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ო! ახლა რა გამახსენეთ (იცინის), რომ დავინახავდი, ვწითლდებოდი, ვცდილობდი მისთვის კარგი რამეები გამეკეთებინა, შორიახლოს ვტრიალებდი, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, ჩემს გრძნობას ვერც გამოვხატავდი. 13-14 წლის ასაკში ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ძალიან მორიდებული. რომ გავიზარდეთ და დავმეგობრდით, მერე კი ბევრი რამ გაირკვა.
- ახლა შეყვარებული....
- ...ვარ თუ არა? მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ და ამ გრძნობის გარეშე მართლა ერთი დღეც არ მინდა ვიცოცხლო.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...საყვარელმა ადამიანმა.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანი. თავისი ფიქრებით, ქცევებით, მოქმედებით. ეს გაკვირვება ხან დადებითია, ხან - პირიქით. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანზე დაუნდობელი არსება სამყაროში არ არსებობს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ცოტათი ზარმაცი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საქმეს ვაკეთებ. შემიძლია, მეტად გამრჯე ვიყო. უფრო სწორად რომ გითხრათ, გამრჯე ვარ, დილიდან ღამემდე სულ საქმეებში ვარ ჩართული, ზოგჯერ რაღაცას იძულებითაც ვაკეთებ. სიზარმაცის დაძლევა მიწევს ხოლმე, რაღაცები რომ გავაკეთო.
- ვრისკავ...
- ...ხშირად, გაბედულად.
- მეშინია...
- ...სულიერი მარტოობის. არც ერთი ადამიანი მარტო არ უნდა იყოს. მართალია, უფალი არასდროს ტოვებს, მაგრამ მაინც ეს შიში მაქვს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ახლობლები. მეკითხებიან, - "სად დაიკარგე?"
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...ასეთი რამ არ მახსენდება. რისი გაკეთებაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე. პარაშუტით ფრენა მინდოდა და ესეც გამოვცადე. არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. ექსტრემალი ვარ, მაგრამ წლების წინ უფრო მძაფრი ექსტრემალი ვიყავი. ყველას ვურჩევ, ვისაც არ უფრენია, იფრინოს. გათიშეთ გონებიდან, რომ პარაშუტით ფრენთ და ამ დროს შეიგრძნობთ აბსოლუტურ თავისუფლებას, სილაღეს.
- ვიტყუები...
- ...ძალიან იშვიათად და მაშინაც მხოლოდ უწყინარ ტყუილს თუ ვიტყვი.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რომ არ შეიძლება, ყოველთვის კეთილი იყო. ზედმეტი სიკეთე ზოგჯერ სიბრიყვეს ემსგავსება.
- პიროვნული თავისუფლება...
- ...ზუსტად იმას ნიშნავს, ყველას და ყველაფერს ითვალისწინებდე. ხშირად თავისუფლების არსი ძალიან ცუდად გვესმის. პიროვნული თავისუფლება არ არის უზრდელობა და თავნებობა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ძალიან მსიამოვნებს. ამ დროს მეძლევა დაფიქრების, მომხდარი ამბების, საკუთარი ქმედებების გაანალიზების საშუალება. მართლა ბევრი მაქვს საფიქრალი, რადგან ერთდროულად ბევრ "ფრონტზე ვიბრძვი". ოღონდ 2 წუთის წინ რომ მარტო დარჩენის შიშზე ვლაპარაკობდით, ეს ორი სხვადასხვა რამ არის.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი. ჩემი მთავარი ოცნებაა მამაპაპისეული რაჭა ტურისტულად ისე განვავითარო, მსგავსი დედამიწაზე არ იყოს, დიდი გეგმები მაქვს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ამისთვის თავაუღებლად ვიშრომებდი. ადამიანი რაჭაში რომ დადებითი ენერგიით და შთაბეჭდილებებით დაიმუხტებოდა, უკან დაბრუნებული, კიდევ მეტ სიკეთეებს გააკეთებდა ცხოვრებაში, ვიდრე მანამდე აკეთებდა. დოჩანაშვილის გენიალური მოთხრობას გავიხსენებ. იქ ერთი პერსონაჟი ამბობს, ბევრი ფული რომ მქონდეს, ბავშვებს საზამთროებს დავურიგებდიო, მაგრამ ამას ხომ ბევრი ფული სჭირდება, ფულს რომ ვიშოვიდი, გავაკეთებდი მერე ამასო? მე იმის თქმა შემიძლია, რომ აუცილებლად გავაკეთებდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ამ დროს აუცილებელია, შენში პრობლემის გაანალიზება მოახდინო. საუკეთესო "მალამო" ახლობელი ადამიანისთვის ემოციის გაზიარებაა. დღეს ჩემთვის ასეთი პიროვნებაა საუკეთესო მეგობარი ან საყვარელი ადამიანი.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მშობლები სულ მარიგებდნენ, დედა - განსაკუთრებით. გამორჩეულად მახსოვს მისი ნათქვამი: "არასდროს სხვისი არ შეგშურდეს!". შური საშინელი განცდაა, ძალიან ნეგატიურია, თან ჩვენ ხომ არ ვიცით, იმ ადამიანის უკან რა ამბავი დგას.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მიყვარხართ, ძალიან მიყვარხართ!!!
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"