ტრაგიკომედია რუსულად: "მოსფილმი" უკრაინის ფრონტზე "მსახიობ" ტანკებს აგზავნის - როდის დასრულდება პუტინის კინო?! - კვირის პალიტრა

ტრაგიკომედია რუსულად: "მოსფილმი" უკრაინის ფრონტზე "მსახიობ" ტანკებს აგზავნის - როდის დასრულდება პუტინის კინო?!

პუტინის არმიას კინოების გადასაღებად გამზადებული ტანკების დახმარებაც დასჭირდა...

ისტორიას ახსოვს, როდესაც შემდეგ ომგამოვლილ ტანკებს კინოებში იღებდნენ, მაგრამ ის, რომ კინოს გადასაღებად გამზადებული ტანკები, პირიქით, ომში წაეყვანათ...

არადა ეს, თურმე, მართლაც მოხდა - მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი კინოკომპანია „მოსფილმი“ აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას დასახმარებლად მთელი სატანკო ბატალიონი გაუგზავნა, რომელსაც მანამდე ფილმების გადასაღებად იყენებდა...

1-tan-1731661819.jpg
„მოსფილმი“, რომელიც კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს პროპაგანდისტულ ბერკეტს წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდიდან, დღეს პუტინის არმიას მეზობელი უკრაინის დაპყრობაში... ტანკებით ეხმარება...

ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში მიიღო „მოსფილმის“ გენდირექტორი კარენ შახნაზაროვი და ამ შეხვედრისას კინოსტუდიის ხელმძღვანელმა ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე თავი მოიწონა - გავიგე, რომ იყო ამის მოთხოვნა, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და შევთავაზე „მოსფილმის“ სამხედრო რეკვიზიტი. სამხედროებს გადავეცით 28 ერთეული Т-55 ტიპის ტანკი, 8 მცურავი ტანკი ПТ-76, 6 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП და 8 ჯავშანგამწევი МТ-ЛБ, რითაც გავაძლიერეთ უკრაინაში მებრძოლი ჩვენი არმიაო...

პუტინმა მოუწონა შახნაზაროვს ეს ინიციატივა, მაგრამ საიდან ჰქონდა ამ რუსულ კინოკომპანიას იმდენი ჯავშანტექნიკა, რაც თითქმის ერთი სატანკო ბატალიონის მძიმე ტექნიკით დასაკომპლექტებლად კმარა?

გაირკვა, რომ „მოსფილმის“ განკარგულებაში, თურმე, ბევრად მეტი სამხედრო ტექნიკაა - სხვადასხვა პერიოდის ომების 206 ერთეული ჯავშანტექნიკა და 120 ერთეული ავტომობილი ინახება, რომლებიც თავმოყრილია „მოსფილმის“ სამხედრო-ტექნიკურ კინობაზაში.

ეს კინობაზა ჯერ კიდევ 1966 წელს შეიქმნა და აქტიურად მონაწილებდა იმ საბჭოთა პროპაგანდისტული მხატვრული ფილმების შექმნაში, სადაც საბრძოლო მოქმედებების კადრებს იღებდნენ.

მიუხედავად ამისა, ბევრს ეხსომება, რომ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ საბჭოთა ფილმებში, იმის გამო, რომ თითქმის აღარ ჰქონდათ შემორჩენილი ნაალაფარი გერმანული ტანკები - „ვეფხვები“ და „პანტერები“, მათ როლში „დუბლიორებს“, ცუდად შენიღბულ საბჭოთა ტანკებს „ათამაშებდნენ“...

2-tan-1731661820.jpg
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რუსული კინოკომპანია „მოსფილმის“ სარეკვიზიტო „არსენალში“ 300 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა და სამხედრო ავტომობილი ირიცხება, რაც ერთი მოტომსროლელი პოლკის შესაიარაღებლადაც კი კმარა...

სხვათა შორის, ისეთ უმაგრეს ფილმში, როგორსაც „ჯარისკაცის მამა“ წარმოადგენს, სადაც სერგო ზაქარიაძის გმირი ვაზის პლანებში მდგარ ტანკში თავის შვილს ეძებს, ერთი სერიოზული შეცდომაა დაშვებული - კადრში „დავაი ტანკ ნაზად!“ გამოჩენილი ტანკი Т-44 ტიპისაა, რომელიც მართალია 1944 წლის ივლისში იქნა მიღებული საბჭოთა არმიის შეიარაღებაში, მაგრამ იმ ომში მონაწილეობა არ მიუღია, განსხვავებით Т-34-ისგან და ერთიც - იმ კინოკადრებში ვაზებიც არ არის ნამდვილი. თუმცა ჯარისკაცის მამის მიერ რუსი ტანკისტისთვის გამეტებული ერთი გემრიელი ალიყური რეალური გახლდათ...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის არმიამ, რომელმაც მაშინ არ იცოდა, თუ რა ექნა მის შეიარაღებაში დარჩენილი ათი ათასობით ტანკისთვის, რომლებიც მინდვრებში ღია ცის ქვეშ იჟანგებოდნენ, „მოსფილმს“ ათეულობით საბრძოლო ტექნიკა აჩუქა. მათ შორის იყო ჯერ კიდევ სტალინის დროს შექმნილი Т-55 ტიპის ტანკებიც, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ახლა პუტინის არმიას სასწრაფოდ დასჭირდა...

რუსეთის კინოწარმოებისთვის საჭირო ტანკებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაცაა...

3-tan-1731661820.png
დავაი ტანკ ნაზად! -„ჯარისკაცის მამა“ „ოთხვარსკვლავიან“ ტანკს (რაც მოწინააღმდეგის ოთხი ტანკის აფეთქებას უნდა მიანიშნებდეს) არ აძლევს ვაზის რიგების გადათელვის საშუალებას...სინამდვილეში კი არც ამ ტიპის ტანკები მონაწილეობდნენ იმ ომში და არც ვაზები იყო ნამდვილი...

რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ (რომელთანაც ამ სტატიის ავტორს პირადი „შეჯახება“ ჰქონდა 1992 წლის ცხინვალის შესასვლელთან) და რომელიც ამ პოსტს 2012-2024 წლებში იკავებდა, გამოირჩეოდა პომპეზური პიარის დიდი სიყვარულით. მან ლაოსს 30 ერთეული Т-34 ტიპის ტანკი სთხოვა, რომლებიც ჯერ კიდევ ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის არმიის შეიარაღებაში.

თუ რა მისცა რუსეთმა ლაოსს ამის სანაცვლოდ, უცნობია, მაგრამ დასაშვებია, რომ უფრო თანამედროვე შეიარაღებაშიც კი გაუცვალა.

რაში სჭირდებოდა შოიგუს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი Т-34-ების მთელი სატანკო ბატალიონი?

სამხედრო აღლუმების პომპეზურად გამართვაში, როგორც მოსკოვში, წითელ მოედანზე, ისე რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში, ეს Т-34-ები გახსნიდნენ სამხედრო აღლუმს და წინ წარუძღვებოდნენ რუსეთის შედარებით თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის კოლონებს...

თუმცა აქაც იყო ერთი საინტერესო ნიუანსი - ეს ტ-34-85-ები სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომის დროს კი არა, არამედ - უკვე 1950-იან წლებში იყვნენ წარმოებულნი და თანაც არა საბჭოთა კავშირში, არამედ - ლიცენზიით მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში...

4-tan-1731661819.png
უკრაინის ფრონტზე დაზიანებული და მიტოვებული რუსული Т-55-ი...„მოსფილმის“ მიერ უკრაინის დაპყრობაში დასახმარებლად გაგზავნილ Т-55-ებსაც ასეთი ბედი მოელით...

გარდა სამხედრო აღლუმებისა, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ლაოსიდან ჩამოტანილ Т-34-ებს ფართოდ გამოიყენებდა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ იმ პროპაგანდისტულ მხატვრულ ფილმებში, რომელთა მასობრივი გადაღებები დაიწყეს კრემლის მითითებით და, პირველ რიგში, „მოსფილმში“ - დასავლეთისთვის გასახსენებლად, თუ როგორ იღებდნენ იერიშით პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა თუ თავად გერმანიის ქალაქებს საბჭოთა Т-34-ები. იმის მინიშნებით,რომ შეგვიძლია, გავიმეოროთო...

თუ როგორ გამოუვიდათ პუტინის Т-72, Т-80 თუ Т-90 ტიპის ტანკებს სტალინის Т-34-ების „ევროპული მარშის“ გამეორება, უკვე მეათასე დღეა, კარგად ჩანს უკრაინის ფრონტზე.

დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსის - Oryx-ის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ფრონტზე (ასევე, კურსკის ოლქში ბრძოლებისას) დაკარგეს სხვადასხვა ტიპის 3 558 ერთეული ტანკი, მათგან 2 492 განადგურებულია, 158 დაზიანებული, 375 მიტოვებული და 533 კი უკრაინელების მიერ ალაფად წაღებული.

ამ რიცხვების ნახვის შემდეგ ადვილი მისახვედრია, თუ რატომ დასჭირდა უკრაინაში მებრძოლ პუტინის საოკუპაციო ძალებს კინოების გადასაღები რეკვიზიტი ტანკების ისევ არმიაში „გაწვევა“...