"მკვდარს, როგორ ჰქონდა „მესენჯერი“ ჩართული?.. რაღაცაში გამოიყენეს... თავში აქვს ნასროლი" - პოლიციის მაღალჩინოსანი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"მკვდარს, როგორ ჰქონდა „მესენჯერი“ ჩართული?.. რაღაცაში გამოიყენეს... თავში აქვს ნასროლი" - პოლიციის მაღალჩინოსანი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ამასთან, მშობლების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და განმარტავენ, რომ ლევან სულაშვილს „ის მდგომარეობა არ ჰქონია, რომ თავი მოეკლა“. მშობლების თქმით, მათ შვილს გასროლის შედეგად გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

„თემქასა და მუხიანს შორის, სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. არადა, ოთხს ერთი წუთი აკლია, როდესაც მას „მესენჯერი“ ჩართული აქვს და რანაირად? მკვდარს, როგორ ჰქონდა „მესენჯერი“ ჩართული? რომ მივედით, უკვე გამოგვიცხადეს, რომ თავი მოიკლა. მას სიკვდილის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. რაღაცაში გამოიყენეს... თავში აქვს ნასროლი. ვითხოვთ გამოძიებას, ტელეფონიც არ არის გახსნილი.იქ როგორ ჩავიდა მანქანა? როგორ გაიგეს, რომ იქ იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რომ დაუწყეს ძებნა? რას ეძებდნენ? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებონ? სანამ არ გამოაცხადებენ, რატომ ეძებდნენ?“- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა არც მამას.

„თვითმკვლელობა არ მგონია, იმიტომ, რომ შიგნით, მანქანაში სისხლი არ არის და ტყვია ნახეს, მარცხენა მხარეზე, უკანა კარებთან გაჭედილი. სავარაუდოდ [ მოკლეს]. ეგრე მგონია“ - აღნიშნავს მამა.

ლევან სულაშვილის გარდაცვალების საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"