"ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დააფასო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არავინ დაგაფასებს" - თემო ნიქაბაძე კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
თემო ნიქაბაძე საზოგადოებამ იუმორისტული სატელევიზიო სკეტჩებიდან გაიცნო. დღეს ტელევიზიაში აღარ მუშაობს, თუმცა ხალხის გაღიმებას კვლავ ახერხებს, ამჯერად - სოციალური ქსლებიდან. თემოს კარიერულ და ასევე, ცხოვრების სტილის ტრანსფორმაციაზე ვესაუბრეთ...
- თემო, როგორ ხარ?
- კარგად. ამჟამად, ბათუმში ვიმყოფები - კარგი, მზიანი ამინდია. კარგ ხასიათზე ვარ. რამდენიმე დღით დასასვენებლად წამოვედი - ტვინს ვასვენებ (იღიმის)...
- ზაფხულში დასვენება ვერ მოახერხე?
- აგვისტოში, რამდენიმე დღე დავისვენე, მაგრამ დატვირთული რეჟიმი მაქვს - ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, ბევრი რაღაცის გადაღება მიწევს. როგორც კი თავისუფალი დრო გამოვნახე, ბათუმში ჩამოვედი - აქაურობა მიყვარს, კარგად ვისვენებ.
- ამჟამად, შენი ძირითადი საქმიანობა ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, არა?
- დიახ. "ფეისბუკს", "ტიკ-ტოკსა" და "ინსტაგრამს" მაქსიმალურად ვიყენებ. წელიწადზე მეტია, რაც ინტრნეტსამყაროში "გადმოვერთე".
- თავს კომფორტულად გრძნობ?
- 8 წელი ტელევიზიაში ვიმუშავე. ინტერნეტი ჩემთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან მას სულ სხვა სპეციფიკა აქვს. ტელევიზიაში მუშაობისას, სოციალურ ქსლებს შემოსავლის წყაროდ არც კი ვიყენებდი, მაგრამ როცა ტელევიზიიდან წამოვედი, მას შემდეგ, უფრო მეტი დრო დავუთმე. ძალიან კომფორტულია, რადგან ასე ვთქვათ, საკუთარი თავის პატრონი ვარ. ყველა ხუმრობას, სიუჟეტს საკუთარ თავზე მარტივად ვირგებ.
- მახსოვს, თავდაპირველად, როცა სოციალურ ქსელებში აქტიურობა დაიწყე, მითხარი, - კვების ობიექტები სხვადასხვა საკვებს მიგზავნიან, რაც ძალიან მსიამოვნებსო. დღეს კვების ობიექტების პიარს შენს საქმიანობაში გარკვეული ადგილი უჭირავს. რეალურად, როგორი საკვები გიყვარს?
- ალბათ - სალათები, რადგან ჯანსაღია, "მძიმე" საკვები არაა. დაახლოებით 1 წელია, რაც ჯანსაღად ვიკვებები. წონაში 12 კგ დავიკელი. ვარჯიში დავიწყე... ძირითადად, ბოსტნეულის, ჯანსაღი საკვებისკენ "მივიწევ", მაგრამ ცოტათი სხვა რაღაცებსაც "ვეპარები". ისეც არ ვარ, რომ დღიური ულუფა გრამობით განვსაზღვრო, მაგრამ მაგალითად, ცომეულს იშვიათად ვჭამ.
- ეს ხელს არ გიშლის, რომ მაგალითად, ჩიფსების, სწრაფი კვების ობიექტების პროდუქციის რეკლამა გააკეთო?
- არა, რადგან როცა მაგალითად, 1 ლოკაციაზე 4 ვიდეო მაქვს გადასაღები, შემიძლია, ერთ კონკრეტულ დღეს ვჭამო და რაც მთელი თვის განმავლობაში მაქვს გადასაღები, იმ დღესვე გადავიღო, საღამოს კი წავალ, ვირბენ, ვივარჯიშებ და მირთმეულ კერძს "ამოვაგდებ". საერთოდ, კვირაში 4-5-ჯერ დავრბივარ, რადგან რაც ვარჯიში დავიწყე, ჩემთვის სირბილი განტვირთვის კარგი საშუალებაა - ძალიან შევეჩვიე: მამშვიდებს, ენერგიას მაძლევს, ძილიც დამისტაბილურა... მოკლედ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგია და ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც. ამის შესახებ მეგობრებისგან მანამდეც მესმოდა და როგორც იქნა, თავადაც გადავდგი ნაბიჯი - საკუთარ თავზეც გამოვცადე. ყველას ვურჩევ, სცადოს.
- ამ გადაწყვეტილებისკენ რამ გიბიძგა?
- უკვე 92 კილოგრამს ვიწონიდი. თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი. თან, ფეხბურთის თამაში მიყვარს, მაგრამ უკვე, როგორც კი 1 ნაბიჯს გადავდგამდი, ვიღლებოდი. ამ ფაქტმაც მიბიძგა და ისედაც, მინდოდა, ახალ გამოწვევას გავმკლავებოდი. მახსოვს, 24 დეკემბერი იყო, როცა ეს გადავწყვიტე. ვიფიქრე, თუკი ახალი წლის სუფრებს გავუძლებ, შემდეგ ვერაფერი გამაჩერებს-მეთქი. მართლაც, 24 დეკემბერს ვარჯიში და დიეტის დაცვა დავიწყე - ახალი წლის სუფრებმაც ვერ შემაჩერა! დაახლოებით მარტში უკვე 12 კგ დაკლებული მქონდა. არც ისე რთული ყოფილა: მიზანი თუ გაქვს და მერე შედეგს ხედავ, მართლა მაგარი გრძნობა გეუფლება... კმაყოფილი ვარ... სურვილიც არ მიჩნდება, ცომეული მივირთვა. თუ სოფელში ვარ, შეიძლება, 1 ნაჭერი ხაჭაპური ან ლობიანი შევჭამო. გაზიან სასმელებსაც არ ვსვამ.
- დღესასწაულებს რომელი განსაკუთრებული კერძით აღნიშნავ?
- ასე გამოკვეთილად არც ერთი კერძი არ მაქვს არჩეული. რაც გემრიელია, ყველაფრის ჭამა შემიძლია. უბრალოდ, ვარჯიშის შემდეგ, მსუბუქი საკვები უფრო მიზიდავს. წინათ, შაურმას ხშირად ვჭამდი. ახლა თვეში ერთხელ თუ შევჭამ, როცა ძალიან მომინდება... მაგალითად, ახალ წელს შინ იმდენი კერძია, რომ კონკრეტულად, ვერც ერთს დავასახელებ, რაც ადრე მიყვარდა... ახლა, ახალი წლის პერიოდში, შეიძლება ცხელი, ახალი ამოვლებული ჩურჩხელა გამოვარჩიო - ძალიან მიყვარს! უგემრიელესია!..
- თემო, ქართულ-ინგლისურ ენაზე კონტენტის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდა?
- ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ბევრი ვიფიქრე. მოგეხსენებათ, ვლოგებსაც ვიღებ. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ყველაფერს განახლება სჭირდება, რასაც აკეთებ. იდეა გამიჩნდა, რომ ინგლისურ-ქართულად მესაუბრა - სიტყვები ინგლისურად მეთქვა, მაგრამ ქართულადაც გასაგები ყოფილიყო. ხალხს ძალიან მოეწონა. მას მერე ამ ტიპის ვიდეოებსაც ვიღებ.
- რეალურად, ინგლისურ ენას რა დონეზე ფლობ?
- ძალიან კარგად არა, რადგან სკოლაში სწავლის პერიოდში, როცა დამატებით, ინგლისურის მასწავლებელთან მიმიყვანეს, პარალელურად, ფეხბურთზე დავდიოდი. ამიტომ ინგლისურს "ჩქარ-ჩქარა" ვსწავლობდი - დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. დღეს ინგლისური ენა "ისე რა" ვიცი, მაგრამ ცოდნის გაუმჯობესებას ვაპირებ. როგორც ვიდეოებში ვლაპარაკობ, ისეთი ცოდნა არსად გამომადგება (იცინის). უფრო სრულფასოვნად შევისწავლი, რომ შემდეგ, მართლა ინგლისურენოვანი ვლოგი გადავიღო.
- ფეხბურთი უკვე მეორედ ახსენე...
- ფეხბურთს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ვარჯიში ჩემთვის ფსიქოლოგიური განტვირთვაა, მაგრამ ფეხბურთი - სხვა შვებაა! ფეხბურთის ყურებაც მიყვარს, თამაშიც... სამოყვარულო დონეზე ვთამაშობ... სოციალურ ქსელში პატარა კონტენტიც მაქვს, რომ ვითომ ადრე ძალიან მაგარი ფეხბურთელი ვიყავი. ისტორიებს ამის შესახებაც ვწერ. "ტიკტოკზე" ეს თემა ხალხს ძალიან მოსწონს. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი დიდი დოზით არის.
- ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი თავს როგორ გაგრძნობინებს?
- დიდად არ მიყვარს. ნახვის ან მიწერის დროს უფრო კომფორტულად ვარ. ბავშვობიდანვე ასე ვარ განწყობილი. ამის გამო, ოჯახის წევრები სულ მეჩხუბებიან, - ხომ შეიძლება, ერთხელ გადმორეკოო (იღიმის)?!. ამის შესახებ გადაღებულ ვიდეოს რაც შეეხება, ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როცა ადამიანი ჭამას იწყებს, მაგრამ ამ დროს ვიღაც ტელეფონზე ურეკავს და შესაძლოა, 3 საათი ელაპარაკოს. ვიდეოში პირობითად, ნათესავი იყო "აღებული", ვინც თითქოს რეკავდა, თორემ შეიძლება, ბევრი ადამიანი იყოს, ვინც ჭამას არ გაცდის და ნერვებს გიშლის (იღიმის).
- ნათესავებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ყველა მიყვარს, ყველას ვაფასებ, რადგან ბავშვობაში ყველასგან გულთბილი დამოკიდებულება მახსოვს. ჩემი წარმატებებიც ყოველთვის უხარიათ. როცა მცალია, ვცდილობ, ნათესავებთან მისვლა-მოსვლა, ურთიერთობა მქონდეს... სოციალურმა ქსელებმა ეს ურთიერთობები თითქოს გააქრო, რაც ცოტა არ იყოს, გულს მტკენს. წინათ, როცა ადამიანის მოკითხვა გინდოდა, მასთან უნდა მისულიყავი, გენახა, ახლა კი "ესემესს" მისწერ და ფსიქოლოგიურად, ტვინი ისეა "დალაგებული", თითქოს უკვე ნახე, მოიკითხე...
- საზოგადოება პოზიტიურ ადამიანად გიცნობს. როგორ რეაგირებ სიტუაციებზე, რომლებმაც შეიძლება, შენს განწყობაზე ნეგატიურად იმოქმედოს?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, რადგან ვცდილობ, ყველა სიტუაციას პოზიტიურად მივუდგე. ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს. მირჩევნია, დავმშვიდდე და რეაგირება მერე მოვახდინო, ვიდრე ცხელ გულზე, გაბრაზებულმა ვინმეს ვაწყენინო. საკუთარი თავის კონტროლი შემიძლია.
- როცა დადებით განწყობაზე არ ხარ, რის შესახებ გიყვარს საუბარი?
- ამ დროს ჩემი საუკეთესო მეგობარი ფეხბურთია: როცა უხასიათოდ ვარ, ფეხბურთს ვუყურებ - ცუდი მდგომარეობიდან მაშინვე გამოვყავარ, განსაკუთრებით - ლიონელ მესის. მესის ფანი ვარ. ჩემთვის ის ძლიერი ფსიქოლოგიური წამალია, რადგან როცა ვიცი, რომ იმ დღეს მესის თამაშს უნდა ვუყურო, როგორ ცუდ განწყობაზეც უნდა ვიყო, დადებითი ემოცებით ვივსები. მთელი ბავშვობა მესისთან მაკავშირებს. ბევრი ემოცია მაქვს გამოცდილი - იმედგაცრუებაც, გამარჯვებაც... საკუთარი ოჯახის წევრად აღვიქვამ. ასე რომ, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ იმ დღეს მესი თამაშობს, ცუდ ხასიათზეც აღარ ვარ (იღიმის).
- ტელევიზიაში მუშაობა თუ გენატრება?
- მენატრება, რადგან 7 წელი გავატარე იმ ადგილას, რომელიც ჩემთვის კომფორტული იყო; იმ შოუში მოვხვდი, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდი. უბრალოდ, ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ მაქვს, ეგ მსიამოვნებს, რადგან ტელევიზიის გრაფიკი ისეთია, რომ მთელი კვირა იქ ხარ, პირადი ცხოვრებისთვის რაღაცებს ვერ ასწრებ... ახლა, რაკი სოციალური ქსლებისთვის ვმუშაობ, რაღაცების წინასწარ გადაღება და თავისუფალი 1 კვირის გამონახვა, სადმე წასვლა შემიძლია. მენატრება იუმორისტული სკეტჩები, გადაღების დღე, მზადება, რეპეტიცია, ჩაცმა, ნერვიულობაც, სცენარზე ფიქრიც, სკეტჩის დროს ექსპრომტად ნათქვამი ხუმრობა, ხალხის რეაქციის მოლოდინი... საერთოდ, როცა კარგ რეაქციებს იღებ, ადამიანებს ამხიარულებ, აბედნიერებ, ძალიან სასიამოვნო გრძნობა გეუფლება... იმედი მაქვს, ამ სტილის გადაცემაში მონაწილეობას ოდესმე კვლავ აუცილებლად მივიღებ.
- კონტენტის კრეატორობამ რა გასწავლა?
- მასწავლა, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დააფასო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არავინ დაგაფასებს. წინათ, გარკვეულ საკითხებში ძალიან მორიდებული ვიყავი, მაგალითად - კომპანიებთან გარკვეული შეთავაზებისას. მეგონა, რაღაც ცოდვას ჩავდიოდი. არადა, ჩვეულებრივი ამბავია, როცა შეგიძლია, ვიღაცას რაღაც შესთავაზო: ან დაგთანხმდება, ან - არა. ამ მხრივ, გავიზარდე: გავიგე, როგორ უნდა ვეკონტაქტო მაგალითად, კომპანიების წარმომადგენლებს, საკუთარი თავი როგორ წარვუდგინო... მარწუხებიდან ცოტათი გამოვედი. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ტელევიზიაში, პირადად მე, მსგავსი საქმიანობა არასოდეს მიწევდა: სკეტჩის გადაღების დროსაც, ყველაფერი გამზადებული მხვდებოდა. უბრალოდ, მივდიოდი, გადაცემას ვწერდით... ახლა ყველაფერს თავად ვაგვარებ. საინტერესო და სასიამოვნო საქმეა.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- არაფერი. კარიერაზე ვფიქრობ. მინდა ეს დრო არ დავკარგო და საკუთარი შესაძლებლობებიდან მაქსიმალური "გამოვწურო". როცა უკვე ჩემს მიზანსაც მივაღწევ - ფინანსურს, კარიერულს და მშვიდად ვიქნები, მერე უკვე პირად ცხოვრებაზე ფიქრიც შეიძლება. ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ვარჯიში, ლიონელ მესი და სოციალური ქსელებია, მეტი არაფერი (იცინის).
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"