"ქალბატონ სალომეს თანამდებობაზე ყოფნის სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი და წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით" - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციებსა და ფიქრს, პარლამენტის შეკრების შემდეგ დაიწყებენ.
რაც შეეხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ჩარჩენილია წარსულში და 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის არგუმენტებით საუბრობს“.
„აღმოაჩინეს ამ არჩევნებზე, რომ ისინი შეეჯახნენ მანქანებს, ტექნოლოგიას და შეუძლებელია იმ არგუმენტებით ისაუბრონ, რაზეც ჰქონდათ 2020-ში საუბარი თუ უფრო ადრე, როდესაც აიღებდნენ რამდენიმე შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეიძლება დისბალანსი ყოფილიყო ან შეიძლება შესწორების ოქმები ყოფილიყო, რაც ასევე, კანონმდებლობით დაშვებული საკითხები იყო და ამით, უბრალოდ, ვინაიდან ვიზუალურად შეეძლოთ სპეკულაცია, აფრიალებდნენ რაღაც სისულელე ფურცლებს. უბრალოდ დრო სჭირდებოდა ამ დეზინფორმაციის უარყოფას. ახლა ამასაც ვერ აკეთებენ, ფურცელს ვერ იჭერენ ხელში, რომ რაღაც თქვან, რომ დარღვევა არის. ჩვეულებრივ შეთქმულების თეორიებთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში, ამ ყველა პრეტენზიის მოსმენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია და მათი მოკავშირე NGO-ები, ცესკოს გაყალბებას კი არ აბრალებს, ფოკუსს აბრალებს სინამდვილეში, იმიტომ, რომ ვერ ხსნიან, რაზეა საუბარი. უბრალოდ უნდათ, რომ პრეტენზიები წამოაყენონ და არანაირი არგუმენტი სინამდვილეში არ აქვთ. ამიტომ მშვიდად ვუყურებთ ამ პროცესს, ჩაივლის ეს ყველაფერი, პარლამენტი შეიკრიბება და გაგრძელდება ცხოვრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.