"არის საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ, ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით - ყველაფერს სჭირდება გამოცდილება და თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია" - კვირის პალიტრა

"არის საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ, ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით - ყველაფერს სჭირდება გამოცდილება და თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა:

"არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ"

ზურაბიშვილმა დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ რეალურად, თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში ფრონტის ხაზზე და იყავით ის ჯარი, რომელიც ჩვენს ხმებს იცავდა.

მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ვნახეთ და ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული ამ არჩევნებზე და არ შედგა არჩევნები, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის პირველადი მტკიცებულება, რაც არის თქვენი პირადი გამოცდილება.

თუ გადახედავთ დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებას, რაც გვაქვს პირველი დღიდან. თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ და რომლებიც დარჩება, როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულებები. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, რადგან იქნება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ იქნება არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ შედგა და ამას არავინ შეეგუება, ამიტომ, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს იმიტომ, რომ გექნებათ ეს გამოცდილება, იცით უკვე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა, ალბათ კიდევ ცვლილებები იქნება შეტანილი, მაგრამ მაინც არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია.

მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი სახელით, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, მაგრამ ჩემი სახელით ნიშნავს ასევე საზოგადოების სახელითა და ქვეყნის სახელით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.