"ბაჩო შშმ პირია, ბოლოს დიდი დიღმის ტერიტორიაზე ნახეს, სკამზე იწვა და ეძინა, შემდეგ კი კვალი იკარგება... ფიზიკურად სუსტად განვითარებულია, თავის წლოვანებას ჩამორჩება" - ოჯახი 43 წლის მამაკაცს ეძებს
ოჯახის წევრები შშმ პირს, ბაჩო (გიორგი) ბაქრაძეს ეძებენ. როგორც ბაჩოს ბიძა, მალხაზ ყიფიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბიჭი ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლში არ გამოჩენილა, ოჯახმა განცხადება პოლიციაში უკვე შეიტანა და მოძებნაში დახმარება ითხოვა, თუმცა ამ დრომდე მის კვალს ვერც სამართალდამცველებმა მიაგნეს.
ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებს ოჯახი ახალგაზრდას და ისინი საზოგადოებას დახმარებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, ბაჩო ბოლოს დიდი დიღმის ტერიტორიაზე ნახეს, მაგრამ მას შემდეგ კვალი იკარგება და ვერსად პოულობენ.
"ვეძებთ ჩემს დისშვილს, ბაჩოს. ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლში არ მოსულა. მამასთან ერთად ცხოვრობს, სოციალური თერაპიის სახლში დადის, მანქანას მიჰყავდა და მოჰყავდა ხოლმე. ეტყობა, ამჯერად სახლიდან გაიპარა.
43 წლის არის, თავის წლოვანებას ჩამორჩება, ფიზიკურადაც სუსტად განვითარებულია, მეორე ჯგუფის შშმ პირია, დააკვირდით ფოტოებს და გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუ სადმე ნახეთ ბაჩო.
თბილისში ცხოვრობს ნაძალადევის რაიონში. პოლიციაში განცხადება შეტანილია და პოლიციაც ეძებს, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. ბოლოს ვიღაც ნაცნობს დიდ დიღომში უნახავს, სკამზე იწვა და ეძინა, გაუღვიძებია მას და უთქვამს, სახლში წადიო, ბაჩოსაც უპასუხია წავალო, მაგრამ არ მისულა შინ.
მობილური ტელეფონი ჰქონდა, ვურეკავთ, მაგრამ სულ გათიშულია, არ ვიცით დაკარგა ტელეფონი, თუ წაართვეს. რა მოხდა, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს და ვთხოვთ ყველას, თუ სადმე შენიშნეს შშმ პირი, აუცილებლად დარეკონ აქ მითითებულ ნომერზე.
სოციალური თერაპიის სახლიდანაც დაგვირეკეს, ისინიც ეძებენ, თუ სადმე მიაგნეს, ისინიც უცილებლად დარეკავენ. დამოუკიდებლად გადაადგილდება შეუძლია, ფეხითაც დადის და ტრანსპორტითაც.
მე ბაჩოს დედის ძმა ვარ, ჩემი და გარდაცვლილია. ბაჩო დედისერთაა, მამაც ძალიან განიცდის და ყველანი ვეძებთ ჩვენი გზებითაც, იმედი გვაქვს, რომ სადმე ვინმე ნახავს და დაგვიკავშირდება, ადრეც იყო შემთხვევა, როცა სახლიდან გაიპარა და აღმოგვიჩენია ხან ბორჯომში, ხან ბათუმში და იმედი გვაქვს, ახლაც ასეა სადმე წასული.
ძალიან ვღელავთ ყველანი, გთხოვთ, თუ ვინმე შეამჩნევთ დარეკეთ ამ ნომერზე 577 273 535"-, ამბობს ბაჩოს ბიძა.
იმედი გვაქვს, რომ მალე იპოვიან ბაჩოს და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდება.
გთხოვთ, დააკვირდეთ მის ფოტოსურათებს და თუ სადმე ნახავთ ასეთი აღნაგობის ახალგაზრდა კაცს, დარეკეთ 112-ზე ან დაურეკეთ მის ბიძას 577 273 535.
(სპეციალურად საიტისთვის)