"ზრდასრული ადამიანი ახალ ტელეფონს ან ბინას რომ შეიძენს და ორ თვეში გადასახდელი ფული აღარა აქვს, ეს ბანკის ბრალია?" - რა უნდა ვიცოდეთ, რომ "შავ სიაში" არ აღმოვჩნდეთ
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს. ვალით ყიდულობენ ახალ ტელეფონს, ბინას, ავტომობილს, საყოფაცხოვრებო საგნებს, რაც ცუდი არ არის, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი ხვდება ე.წ. შავ სიაში: ბოლო მონაცემებით, მსესხებელთა 9,6 პროცენტი კრედიტს ვერ იხდის. "კრედიტინფოს" ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ვადაგადაცილება ჰქონდა 185 242 მსესხებელს, ლაპარაკია 2.163.010.159 ლარის ვადაგადაცილებულ სესხზე. საერთო ჯამში, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 934 365 ადამიანს აქვს.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ბანკიდან კრედიტის გამოტანას გადავწყვეტთ? - ამის შესახებ ვესაუბრეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს:
- ჩემი ინტერვიუს დასაწყისში ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიხსენოთ: ეკონომიკაში ჩვეულებრივი კანონები არ მოქმედებს, რადგან მას თავისი კანონები აქვს. ამიტომ, როცა ეკონომიკურ საკითხებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ, ამით პრობლემის მასშტაბი კიდევ უფრო იზრდება. ყველას ახსოვს, რომ 2011 წლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში იყო აქტუალური იპოთეკით დაზარალებულების თემა, რომლებიც კრედიტებს ვერ ფარავდნენ. პოლიტიკოსები ამ ადამიანების პრობლემებზე ხშირად საუბრობდნენ და ამით პოლიტიკურ ქულებს იწერდნენ. გავიდა ხანი და ისეთი კანონების მიღება მოუხდათ, რომელსაც საბანკო სექტორის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისიც ყველას გვახსოვს, როგორ ჩამოაწერა მმართველმა ძალამ 600 ათას ადამიანს სესხები - ეს 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოხდა.
- ამ გადაწყვეტილებამ 600 ათას ოჯახს ხომ დიდი შვება მოუტანა?
- დიახ, მაგრამ ათასობით ადამიანს სტიმული გაუჩინა, რომ სესხი აიღოს და არ გადაიხადოს იმ იმედით, რომ შეიძლება პოლიტიკოსებმა მსგავსი ნაბიჯი კიდევ გადადგან. ასეთ შედარებას მოვიყვან: ამნისტიას ხშირად რატომ არ იღებენ? - იმიტომ, რომ კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ქცევა არ წაახალისონ. აქაც იგივე მოხდა: ვალდებულების ვერ თუ არშემსრულებელს სტიმული მიეცა, რომ ანალოგიური საქციელი მომავალში კიდევ გაემეორებინა, მაგრამ მისი მდგომარეობა, ვინც შრომობდა, წვალობდა და თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, ოდნავაც არ გაუმჯობესებულა.
- რით აიხსნება, რომ "კრედიტინფოს" "შავ სიაში" ამდენი მოქალაქეა აღრიცხული?
- "კრედიტინფოს" ყველა საფინანსო ინსტიტუტი აწვდის ინფორმაციას მსესხებელთა შესახებ, ამიტომ, იქ ერთდღიანი გადაცილებაც ისევე აღირიცხება, როგორც ერთწლიანი. ეს ციფრებიც სწორედ ამით აიხსნება.
- გასაგებია, რომ ბანკი ყველა რისკს აზღვევს, როცა სესხს გასცემს, მაგრამ რით აიხსნება ქართულ საბანკო სისტემაში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები?
- საბანკო-საფინანსო სისტემა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და სწორედ ეროვნული ბანკი აკონტროლებს ბანკების მიერ დაწესებულ საპროცენტო განაკვეთებსაც. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ საბანკო სფერო, ეს არის ბიზნესი, რომელიც ფულს მოიზიდავს, მერე კი პროცენტებით გასცემს და სწორედ ამით ნახულობს სარგებელს. თუ ბანკს მოზიდული ფული არ ექნება, შესაბამისად, ვერც გასცემს და მოგებასაც ვერ მიიღებს. საიდან უნდა მოიზიდოს ქართულმა საბანკო სისტემამ ფული? - პირველი, ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის ადგენენ პროცენტებს ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
როცა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, მისი საერთაშორისო რეიტინგები უარესდება, სესხის პროცენტიც ძვირდება და ის უფრო ძვირად გაიცემა. ამის გამო, ბანკებს რესურსი უძვირდებათ.
გერმანიას, საფრანგეთს, აშშ-ს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვთ და ამ ქვეყნების ბანკები განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, იქაურ ბანკებს ნაკლები პროცენტის გადახდა უწევთ და მომხმარებელსაც დაბალი პროცენტით აწვდიან. ეს ერთი წყაროა, რომელიც ქართულ ბანკებს ფინანსური რესურსით ამარაგებს. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი წყაროა დეპოზიტები. დავუშვათ, მე და თქვენ გვაქვს ფული, რომლის მუთაქაში შენახვა არ გვინდა და მისგან მცირე სარგებლის მიღება მაინც გვსურს. რას ვიზამთ? - რასაკვირველია, ამ ფულს წავიღებთ და ბანკში, დეპოზიტზე დავდებთ. აბა, ვინ დადებს დეპოზიტზე თანხას თუ იცის, რომ წლიურად 1 პროცენტს მისცემენ? ბანკში რომ მივალ და მოვითხოვ, ჩემს დეპოზიტზე მინიმუმ 8 პროცენტი მაინც გადამიხადონ, ბანკმა ეს თანხა მინიმუმ, 9-10%-ში ხომ უნდა გასცეს? ანუ ბანკების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საპროცენტო განაკვეთი. კომერციული ბანკი იძულებულია სესხებზე მაღალი პროცენტი დააწესოს, მოგება რომ მიიღოს.
- ე.წ. მკვდარ სესხებზე რას იტყოდით - რა შემთხვევაში ჩამოეწერება მსესხებელს ასეთი სესხი?
- "მკვდარი სესხი" უფრო ბუღალტრულ ტერმინად მოიაზრება, სხვაგვარად მას პრობლემურ სესხს უწოდებენ. ჩვენი კანონმდებლობით, სასესხო ურთიერთობებში მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 3 წელს უდრის. ეს რას ნიშნავს? - თუ კლიენტი თანხას ვერ იხდის, დავალიანება დაუგროვდა და ბანკმა სამი წლის განმავლობაში არ იდავა, სამი წლის შემდგომ, მსესხებელს სამართლებრივი უფლება აქვს, უარი თქვას სესხის გადახდაზე. თუ სასამართლოს მიმართავს და სასამართლოც მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბანკი ამ თანხას უკან ვეღარ დაიბრუნებს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სესხის გადაუხდელობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მსესხებლის მდგომარეობას გაითვალისწინებს და შეეცდება, ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს.
- ბატონო ლევან, რამდენად სამართლიანია ის მწვავე კრიტიკა, რომელიც ქართული ბანკების მიმართ გვესმის?
- ამის საპასუხოდ, მხოლოდ ერთ შეკითხვას დავსვამ: თქვენთვის რომელიმე საბანკო დაწესებულებას ფულის სესხება დაუძალებია? თუ ბანკიდან კრედიტი გამოგაქვთ და სარგებლის გადახდაზე უარს ამბობთ, ეს როგორ გამოვა? სიმართლე ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი დაუფიქრებლად იღებს სესხს: ის ბანკში მიდის, ფული გამოაქვს და ფიქრობს, თუ ამ თანხას გადაიხდის, ძირითადი თანხა გადახდილი ექნება. ხშირად, ასეთი ხალხი არ ითვალისწინებს, რომ ჯერ სესხის პროცენტები უნდა დაფაროს და მერე ე.წ. ძირი თანხა.
- სამწუხაროდ, საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც სესხად 2-3 ათასი ლარი აიღეს და რამდენიმე წელიწადში 18-20 ათასი დაუგროვდათ...
- სწორედ ამიტომ, ბოლო 4-5 წელიწადში კანონი გამკაცრდა და ყველა საბანკო დაწესებულება დაკვირვებით სწავლობს თავისი კლიენტების ფინანსურ მდგომარეობას, მათ შემოსავალს. ვინც თანხას ვერ გადაიხდის, მასზე სესხი არ გაიცემა. თუ ადამიანი არ მუშაობს, თუ შემოსავალი არა აქვს, მას სესხს არავინ მისცემს.
- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საპენსიო სესხებზე: ძალიან ბევრ პენსიონერს აქვს ათასობით ლარის დავალიანება და ვერ იხდის. რა შეიძლება ამას ეშველოს?
- ეს საკითხი მართლაც პრობლემურია, მით უმეტეს, რომ ეს რიცხობრივად დიდი თანხაა, მაგრამ ყველა ბანკს არ შეეხება. საპენსიო სესხებს მხოლოდ ის ბანკი გასცემს, რომელიც პენსიონერებს ემსახურება. საკითხის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანები სოციალურად დაუცველები და ფინანსური განათლების მხრივაც, ყველაზე მოწყვლადები არიან: ბევრმა არ იცის, რაზე მოაწერა ხელი და რა პირობებზე დათანხმდა. ამიტომ, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს აქტიურობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პენსიონერები ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენაა და კარგი იქნება, თუ მათ ეს დიდი ტვირთი მოეხსნებათ. რატომ იღებენ ისინი ბანკისგან სესხებს? - ცხადია, ეს მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ბრალია. თანაც, ხშირ შემთხვევაში, მოსალოდნელ რისკებს არ უკვირდებიან, მაგრამ ეს მარტო პენსიონერებს კი არა, ყველას ეხება. ცდუნებაც დიდია, ადამიანს ეკონომიკური მდგომაროებაც აიძულებს, რომ ფული აიღოს და არ აკვირდება, ხელს რას აწერს. ბოლოს კი, საბანკო სისტემას აკრიტიკებს. საქართველოში წლების განმავლობაში მტკიცედ დამკვიდრდა აზრი, რომ ბანკი ცუდია, მაგრამ... როცა ფული გჭირდებათ და გაძლევენ, მაშინ ხომ არის კარგი? თქვენი კუთვნილი თანხა რომ გაასესხოთ და არ დაგიბრუნონ, ხომ ეცდებით, ეს ფული უკან დაიბრუნოთ? ბანკიც ასე იქცევა, რადგან მისი მთავარი მიზანი ფულით ფულის გენერირებაა.
- ხშირია შემთხვევა, როცა მსესხებლის ახლობლებს ან ოჯახის წევრებს ურეკავენ და ემუქრებიან, ეს მისაღებია?
- როგორც ვიცი, ეს ზარები პრობლემური სესხების ამომღებ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ნასესხები თანხა ამოიღონ. ამ მიზნით, ისინი პერსონალურ მონაცემებსაც მოიპოვებენ: მისამართს, ტელეფონს, ახლობლების ტელეფონის ნომრებს და ა.შ., რაც კანონით დაუშვებელია.
- დაბოლოს, როგორია თქვენი რეკომენდაცია იმათთვის, ვინც ახლო მომავალში ბანკიდან სესხის გამოტანას აპირებს?
- ვიდრე მომხმარებელი კრედიტს აიღებს, უნდა იფიქროს, შეძლებს კი მის გასტუმრებას? სესხის აღება ადვილი საქმე არ არის, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ იმ ერთი თუ რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე მას დაფარავ, განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იცხოვრო. ჩვენი სოციალური ყოფა სახარბიელო არ არის, მაგრამ მსესხებელმა მოსალოდნელ შედეგებზე აუცილებლად უნდა იფიქროს. ზრდასრული ადამიანი ახალ ტელეფონს ან ბინას რომ შეიძენს და ორ თვეში გადასახდელი ფული აღარა აქვს, ეს ბანკის ბრალია? - ცხადია, არა. სესხის აღება სერიოზული პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს, რაც ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"