"ნდობა ყველაფრის საწინდარია... ჩემი დრო მთლიანად ჩემს საყვარელ საქმეს და ოჯახს სჭირდება"
მოცეკვავე ლოლიტა მაჭავარიანი მეორე შვილის - ანეტას დედა გახდა.
მართალია, კარგა ხანია, ლოლიტა ეკრანზე არ გამოჩენილა, მაგრამ ცეკვის სფეროში აქტიურად მუშაობს, სოციალურ ქსელშიც გამომწერებს ვიდეოებს ხშირად უზიარებს და კარიერასთან დაკავშირებული ახალ-ახალი გეგმების განხორციელებასაც აპირებს. შვილის შეძენის სიხარულის გაზიარებასთან ერთად, მოცეკვავე სხეულის ფორმაში ყოფნასთან დაკავშირებულ რჩევებსა და ოჯახურ ურთიერთობაზეც გვესაუბრა...
- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ისინი არიან, ვინც ახლა გვერდში მყავს - მეუღლე, შვილები, რომლებთან ერთად გატარებული თითოეული წამი ჩემთვის დღესასწაულია. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. პირველი შვილი ალექსანდრე გახლავთ, მეორე - ანეტა. ჩემთვის ბიჭის და გოგოს დედობას შორის განსხვავება არ არის - ორივე ერთნაირად მიყვარს, ორივესთან ძალიან კომფორტულად ვარ. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან. უბრალოდ, მეორე შვილის შეძენას უფრო მომზადებული შევხვდი: უკვე ვიცოდი, რა და როგორ იყო, ყველა სიტუაცია გავლილი მქონდა, რაც ბავშვის შეძენას ახლავს.
- უკვე მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, ცეკვის მიმართ შენი დამოკიდებულება თუ შეიცვალა?
- ამ ეტაპზე, დროს მაქსიმალურად, ოჯახში ვატარებ. როგორც პირველი შვილის შეძენისას, ახლაც, სტუდიების მართვაში ჩემი დამხმარე გოგონები მეხმარებიან. რამდენიმე თვეში მოსწავლეებთან მეც აქტიურად ვიმუშავებ. ასევე, კიდევ ერთი, ახალი, დიდი ფილიალის გახსნას ვგეგმავ, სადაც სამოყვარულო ჯგუფებსაც დავიმატებ და უფროსი ასაკის ადამიანებსაც ვუმასპინძლებ.
- ორსულობამ, მშობიარობამ შენს ფიზიკურ შესაძლებლობებზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?
- ორივე ბავშვზე ორსულობის პერიოდი ძალიან აქტიური მქონდა. 9 თვემდე აქტიურად ვცეკვავდი. მშობიარობამ მშვიდად, კარგად ჩაიარა. ახლა ჩემი სხეულის ჩვეულ წონასაც მარტივად ვუბრუნდები, თუმცა შეძლებისდაგვარად, პატარ-პატარა ვარჯიშებს უკვე ვაკეთებ, სხეულის ტონუსში მოსაყვანად, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას დროულად და სწრაფად დავუბრუნდე.
- ფორმაში ყოფნასთან დაკავშირებით, სხვა მოცეკვავეებს რას ურჩევ, ვისაც შვილის გაჩენა აქვს გადაწყვეტილი?
- მთელი ორსულობის განმავლობაში, იმ საქმის კეთება არ შეწყვიტონ, რასაც მანამდე აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, მცირე შეზღუდვები ექნებათ, რადგან ჩვეული სისწრაფით ვეღარ ვმოძრაობთ (სასურველიც არაა), მაგრამ მაქსიმალურად იაქტიურონ იმ დონემდე, სადამდეც სიამოვნებთ. ივარჯიშონ, იცეკვონ, ისეირნონ... ეს ყველაფერი გააკეთონ, რომ დიდი სიხარულის მოლოდინში მყოფები თავადაც ბედნიერები იყვნენ. მაგალითად, სეირნობისას, როგორც კი დაღლას იგრძნობენ, აუცილებლად იქვე შეისვენონ, მერე კი სეირნობა განაგრძონ - არ უნდა დაიღალონ. მოკლედ, იაქტიურონ, შესაძლებლობების შესაბამისად.
- მეორე შვილის შეძენის შემდეგ, მეუღლესთან ურთიერთობა თუ შეიცვალა?
- ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად გვიყვარს. ამას მისგანაც ვგრძნობ. მინდა მთელი ცხოვრება გვერდით მყავდეს.
- პროფესიის განვითარებაში თუ გეხმარება?
- სხვათა შორის, როდესაც ურთიერთობას ჯერ კიდევ ვარკვევდით, ერთმანეთს ცხოვრებას დავუკავშირებდით თუ არა, ასეთი ფრაზა ვუთხარი: - შენ გვერდით ვერ ვიქნები, რადგან ასეთ შემთხვევაში ალბათ, ჩემს საქმიანობას - ცეკვას ვეღარ გავაგრძელებ-მეთქი. მიპასუხა: - ვერ გააგრძელებ კი არა, ამ საქმეს პროფესიად გიქცევო... მართლა მისი დამსახურებაა, დღეს რომ ცეკვის სფეროში ასე აქტიურად ვარ ჩართული. თუნდაც, შემოთავაზებების, პროექტების დროს მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას. ეგ კი არა, ძალიან მეხმარება, რომ ჩემს საქმიანობაში წინ და წინ წავიდე, კიდევ ერთი სტუდიის გახსნის საკითხშიც მხარში მიდგას...
- თქვენს ცოლქმრულ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება რა არის?
- ნდობა. ერთმანეთს მაქსიმალურად ვენდობით (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ საკითხთან დაკავშირებით). ვფიქრობ, ნდობა ყველაფრის საწინდარია.
- ყოველთვის ასე იყო თუ ურთიერთობაში ეჭვიანობის შემთხვევებიც გქონიათ?
- შეყვარებულობის პერიოდში, მისი მხრიდან ეჭვიანობის შემთხვევები ყოფილა, თუმცა მერე - აღარ, რადგან სულ ჩემ გვერდით იყო. მანამდეც, მეუბნებოდა, - განა შენ არ გენდობი? უბრალოდ, გარემოს, სხვებს არ ვენდობიო, ანუ ჩვენს შორის უნდობლობა მაშინაც არ ყოფილა.
- ეკრანებიდან შენი გაუჩინარება რამ გამოიწვია? ეს პირადი გადაწყვეტილებაა თუ?..
- პირადი გადაწყვეტილება არ არის. უბრალოდ, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შემომთავაზეს, ბავშვის გამო უარი ვთქვი. ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ ეკრანზე დაბრუნების წინააღმდეგი ვიყავი. უბრალოდ, ასე მომიწია...
- ტელეპროექტებში მონაწილეობა გენატრება?
- ხან ვფიქრობ, რომ - კი, ხან - არა, რადგან უკვე იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს. ჩემი დრო მთლიანად ჩემს საყვარელ საქმეს და ოჯახს სჭირდება, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში, მენატრება ის პროცესები, ქაოსი, რასაც ტელეპროექტებში მონაწილეობისას გავდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ გიჟური რეჟიმი გვქონდა...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"