"თამარი იას ჰგავდა და იასავით იცოცხლა. დაგვატკბო, გაგვახარა და ძალიან მალე გაქრა...“ - კვირის პალიტრა

"თამარი იას ჰგავდა და იასავით იცოცხლა. დაგვატკბო, გაგვახარა და ძალიან მალე გაქრა...“

შესანიშნავ მეცნიერსა და პედაგოგს - თამარ გამსახურდიას კოლეგები და მეგობრები ასე ახასიათებდნენ.

„თამარი - სიამაყე და დიდი სევდა ჩვენი, ასე მეტეორივით რომ გაიელვა დიდი ხნის მანძილზე დაბნეული ჩვენი თაობის ცხოვრებაში“, - შოთა ბადრიძე.

დისერტაცია ისე დაიცვა, რომ დიმიტრი ჯანელიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა: „ალბათ, თამარ მეფე იქნებოდა ასეთი დარბაზობისას“. გივი ჟორდანია კი ამბობდა: „თამარი იას ჰგავდა და იასავით იცოცხლა. დაგვატკბო, გაგვახარა და ძალიან მალე გაქრა. გაქრა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი, სევდა და მონატრება“. თამარ გამსახურდიაზე საუბრობენ მისი მეგობრები: მანანა ხიდაშელი, ელენე კალანდაძე, ნათელა ვაჩნაძე.

მანანა ხიდაშელი:

- ჩვენ ერთ მერხთან ვისხედით სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ერთად ვაბარებდით გამოცდებს... სულ ერთად ვიყავით. მიჭირს მასზე საუბარი, ძალიან მიყვარდა და მერე კიდევ, იმდენი მაქვს სათქმელი, რით დავიწყო, არ ვიცი. ქალთა პირველ სკოლაში იყო ასეთი ტრადიცია - პირველ სექტემბერს ვიკრიბებოდით სკოლის ეზოში, რომლის შუაში იდგა დიდი ჭადრის ხე. ეზოს ერთ მხარეს იყო ჩვენი სკოლის ორსართულიანი შენობა (ადრე წმინდა ნინოს სასწავლებელი), მეორე მხარეს - ეკლესია, სადაც იმჟამად ჩვენი სკოლის ფიზკულტურის დარბაზი გახლდათ გამართული. პედაგოგები აივნიდან მოგვესალმებოდნენ და დირექტორი კლასებში გაგვანაწილებდა. აივნის დასაწყისში დიდი ზარი ეკიდა, რომელსაც რეკავდა სკოლის დარაჯი. მახსოვს, ჩვენი რიგი მოვიდა, დირექტორმა თამარ დარახველიძემ გამოაცხადა: „V1 კლასის დამრიგებელი ანიკო კალანდაძე, ახალი მოსწავლე - თამარ გამსახურდია.“ ძალიან დავინტერესდი, გავიხედე და დავინახე ერთი მაღალი გოგონა... ასე შემოვიდა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებაში თამრიკო - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი.

საოცრად უყვარდა სამშობლო და ამაყობდა მისი წარსულით. ჩვენი ქვეყანა ყველას გვიყვარდა, მაგრამ თამრიკოს - განსაკუთრებულად. საქართველოს ისტორიას რომ ვსწავლობდით, საინტერესო კომენტარებს აკეთებდა, ზოგჯერ კი ისეთს, რომ ხანდახან დავცინოდი. როცა ასპირანტურა დაამთავრა, უნივერსიტეტში დატოვეს და გატაცებით კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიის კათედრაზე. სტუდენტები ხშირად დაჰყავდა ექსკურსიაზე. ამბობდა, მინდა, რომ უყვარდეთ სამშობლო და რომ გაიზრდებიან, ქვეყანას გამოადგნენო. ძმისშვილზე - კოკოზე გიჟდებოდა, თეთრი ჩოხა შეუკერა და სულ სადღაც დაატარებდა. 5 მაისი იყო თამრიკოს დაბადების დღე. ამ დღეს ზოგჯერ ჩვენთან მოდიოდა, ჩვენც მივდიოდით მასთან. ბატონი კონსტანტინე ცოტა მძიმე ხასიათის კაცი იყო, ქალბატონი მირანდა კი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე გახლდათ.

თამრიკოს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთხელ მახსოვს, გრიბოედოვის ქუჩაზე, მათ სახლში ვართ, კოლხური კოშკი უკვე აშენებული იყო, მაგრამ ჯერ გადასულები არ იყვნენ. ამ დროს მოვიდა ბატონი კონსტანტინე, ამაყად გახსნა ჩანთა და ორი ლითონის ფირფიტა ამოიღო: ერთზე, რომელიც უფრო პატარა იყო (ის დღესაც ამშვენებს კოლხურ კოშკს), ეწერა: „კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკი, აშენებული 1957 წელს“; მეორე ფილაზე ეწერა: „ტელეფონზე წინასწარ დარეკვის გარეშე ნურავინ მობრძანდება“ და მითითებული იყო დღეები, საათები, როცა შეიძლებოდა დარეკვა. თამრიკომ ყურადღებით წაიკითხა წარწერები და თქვა: ყოჩაღ, მამა, ძალიან მაგარია, მაგრამ ერთი შეცდომა როგორ გამოგეპარაო? კოწიამ ამოხედა, მიხვდა, რომ რაღაცას უმზადებდა. თამრიკომ უთხრა: უნდა დაგეწერა - კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური კოშკი აშენებულია 1957 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდეო, რითაც საშინელი რისხვა დაიმსახურა ოჯახისგან.

ბატონმა კონსტანტინემ 60-იან წლებში ლიძავაში დიდი სამსართულიანი სახლი ააშენა. ასეთი მშვიდი ზღვა არსად მინახავს, ყურეში არასოდეს ყოფილა ტალღები, უკან კი ისეთი ფიჭვნარი იყო, რომ თავი ბაკურიანში გეგონებოდა. ყოველთვის ამ არაჩვეულებრივ ადგილზე მივდიოდით დასასვენებლად. იმ წელს წავიდნენ ლიძავაში კონსტანტინე, მირანდა, ზვიადი, ზვიადის მეუღლე, პატარა კოკო, კონსტანტინეს და ფაჩა, მისი შვილი თათია ხაინდრავა და თამრიკო. ჩემი შვილები პატარები იყვნენ - 4 და 3 წლისა. თამრიკომ მითხრა, წამოდი და ბავშვები წამოიყვანეო. მერიდებოდა, ბავშვებს არ შეეწუხებინათ მწერალი, თუმცა ვიცოდი რომ ბატონი კონსტანტინე იქ დიდხანს მაინც არ გაჩერდებოდა და ზუგდიდში წავიდოდა (ძალიან უყვარდა ზუგდიდი). თამრიკოს ვუთხარი: როცა ზუგდიდში წავა, შემატყობინე და ჩამოვალ-მეთქი. ქვიშხეთში, მწერალთა სახლში ვართ და უცებ დეპეშას ვიღებ: „ციხის უფროსმა დაგვტოვა, ციხე გაიხსნა, გელით“. და ჩვენც ჩავედით.

ერთადერთი საკითხი, რაზეც მე და თამრიკო ვჩხუბობდით, ჩემი სიგამხდრე იყო, ამას ვერ ეგუებოდა. ისიც გამხდარი იყო, მაგრამ მე მთლად ჯოხივით ვიყავი. ერთ დღესაც კიროვის ბაღში ვართ, კინოში უნდა შევსულიყავით და ბილეთები ავიღეთ, თუმცა შესვლა ჯერ ადრე იყო, ამიტომ პარკში დავსეირნობთ. უცებ მეუბნება: მოდი, წარმოვიდგინოთ, როგორები ვიქნებით, როცა დავბერდებით. დაიწყე-მეთქი და თამრიკომ მითხრა – „შენ იქნები სქელი, წელში მოხრილი, მახინჯი ბებერი. მე ვიქნები მაღალი, გამხდარი და მშვენიერი“. თამრიკოს სიბერე ვერავინ ვნახეთ, ის დარჩა მარად ახალგაზრდა და მომხიბლავი.

ელენე კალანდაძე:

- თამარის ზეციური ცხოვრებიდან უკვე 41 წელი გავიდა... რა დიდი დროა. მინდა ჩვენი პირველი შეხვედრიდან დავიწყო. სკოლის ეზო სავსეა ბავშვებით. მზია წულეისკირი და მე ერთად ვდგავართ. ჩვენ გვერდით დგას გოგონა, საკმაოდ მაღალი და ლამაზი, ვარდისფერ კაბაში. აქვს ორი სქელი ნაწნავი ერთად შეკრული. თან ახლავს ულამაზესი ქალბატონი - მისი დედა მირანდა ფალავანდიშვილი. ასე გავიცანით თამრიკო გამსახურდია, რომელიც სულ მალე ჩემი მეგობარი გახდა. აქედან მოყოლებული მოვდიოდით ჩვენს სამეგობროსთან ერთად. თამარმა თავისი თბილი ბუნებით, უშუალო ურთიერთობით, ყურადღებით, სისადავით ძალიან მალე მთელი კლასის სიყვარული დაიმსახურა და ყველას ჰყავდა „თავისი“ თამრიკო.

განსაკუთრებული იყო თამარისა და მისი ძაღლის - ცუგოს ურთიერთობა. ის იყო თამარის განუყრელი თანმხლები. აი, მიდის მუსიკის გაკვეთილზე - ცალ ხელში ნოტები, მეორეში - ცუგოს სახელური. თამარის მუსიკის მასწავლებელი ქალბატონი შურა ზედგინიძე ჩემს მეზობლად სახლობდა, ამიტომ ძალიან ხშირად ცუგო რჩებოდა ჩემთან. გავიხსენებ თამრიკოს თაოსნობით დაარსებულ საკლასო ხელნაწერ გამოცემას „სამშაბათნიკი“. სწორედ ამ ჟურნალის გამოძახილი გახლდათ 2004 წლის სექტემბერში, სკოლის დამთავრების 50 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი ჩვენი კლასის ახალი ფოტო-ალბომი - „იყო ასეთი კლასი“, რომელშიც თამრიკოს სპეციალური გვერდი მიეძღვნა. მას ნამდვილად შეეძლო შეექმნა სიტუაცია, რომელიც გამოიწვევდა სიცილს, კარგ გუნება-განწყობას. როდესაც სკოლის დღიურის გარეკანზე დაწერა - „გამსახურდია თამარ კოტეს ასული“, ჩემს გაკვირვებას მოკლედ უპასუხა: კონსტანტინე გრძელი სიტყვაა, არ დაეტიაო.

ბატონი კონსტანტინე ხშირად სტუმრობდა ფოთს, იქ ჰყავდა მეგობრები, ბარამიძეები. 1954 წელს მთელი ოჯახით ჩამობრძანდა. იმ წელს ჩვენ სკოლა დავამთავრეთ. მეც ფოთში ვარ მამასთან. მთელი ის პერიოდი დილიდან საღამომდე ერთად ვართ მე და თამრიკო. ამინდებიც ხელს გვიწყობს. ხშირად გავდივართ მალთაყვაზე. თამრიკო ძალიან კარგად ცურავს. პალიასტომის ტბის „ათვისებაც“ გადაწყვიტა. აკი აისრულა კიდეც სურვილი, ამბობდა „პალიასტომი დავიპყარიო“. ზღვაში შედიოდა ძალიან შორს, რითაც მაშველებსაც აფორიაქებდა. ჩვენ კი, არააქტიურ მოცურავეებს ნაპირის მღრღნელებს გვიწოდებდა. ამ ზაფხულიდან დამრჩა ბევრი ფოტო, ყოველი მათგანი განსაკუთრებულ მოვლენას მაგონებს.

უმძიმესია იმ საშინელი პერიოდის - ავადმყოფობისა და საავადმყოფოს გახსენება, მაგრამ აქაც ახერხებდა ყველას გამხნევებას, დამშვიდებას, ხუმრობდა. მეგობრებს დაწესებული გვქონდა მორიგეობა (უღალატო თამრიკოსათვის ჩვენგან ღალატი დაუშვებელი იყო).

მე ძირითადად, დღის მეორე ნახევარში და ღამით მიწევდა მორიგეობა. ძალიან ცხელი ზაფხული იყო. საღამო ხანს, როცა მორიგე ექიმები არ ჩანდნენ და დერეფანში არავინ იყო, გამგზავნა „დაზვერვაზე“ - უნდა მენახა, სად იდგა ჟანგბადის ბალონი. მერე გამატანა ჟანგბადის ბალიში, რომელსაც ვავსებდი ჟანგბადით და თამარი ამით სხეულს იგრილებდა, ეს სასარგებლოაო. ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი და ერთ დილასაც ჟანგბადის ჭურჭელი გაქრა. როგორც ჩანს, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ „ზომები მიიღო“.

1973 წელი დრაკონის წელიწადი იყო და „ბრძანა“, - ამ წელს მწვანე ფერი „ბატონობსო“. მომეცა საბაბი, რამით მესიამოვნებინა და მეორე დღესვე მივუტანე მწვანე ფერის ლამაზი ფინჯანი თავისი მწვანე ლამბაქით. დადგა თამრიკოს დაბადების დღე. რა თქმა უნდა, ყველა შეეცადა ესიამოვნებინა. იყო ტკბილეული, ხილი, ყვავილები, მაგრამ ყველაფერი გადაფარა გურამის (მეუღლე გურამ მინაშვილი) დიდმა საოცარმა ვარდების თაიგულმა, რომლის მოსათავსებლად ძლივს ვიპოვეთ სათლი. ეს იყო თამრიკოსთვის დიდი სიხარული, თვალები უბრწყინავდა. არ დამავიწყდება, როდესაც გადავწყვიტეთ წამოგვეყენებინა და ცოტა ხანს აივანზე დაგვესვა, აგვყვა, მაგრამ ეტყობოდა, ძალიან უჭირდა. აივნიდან მწვანე და ლამაზი ხეების ყურება ხიბლავდა. სახლში როცა დაბრუნდა, ეზოში გაღიმებული შემოვიდა, მიმოიხედა, მივიდა ძაღლთან - მურასთან, მიუალერსა. ძაღლი წამოიმართა, იგრძნო თამრიკოს სიახლოვე.

დრო გადიოდა და თამრიკო ილეოდა, ვეღარ ვშველოდით. 16 სექტემბერს მოვიდა ექიმი, უნდა დაწყებულიყო ე.წ. ქიმი. ჩვენ ეზოში ველოდებოდით. ექიმი კარგა ხანს არ გამოსულა. ბოლოს გამოვიდა გაოგნებული. თამარმა შეძლო დაერწმუნებინა მკურნალი, თუ რატომ აღარ გაიკეთებდა აღარაფერს. ზუსტად ერთ თვეში, 16 ოქტომბერს თამრიკო აღესრულა. დღესაც დიდ, მოუნელებელ სევდას მგვრის მისი თითოეული გამოხედვის, გაღიმების ნათლად წარმოდგენა. მაინც ვიტყვი, რომ თამრიკო ჩვენგან არ წასულა... ყოველ წელს მისი მეგობრები ორჯერ ვიკრიბებით. თამარის დაბადების დღეზე სულ მის ირგვლივ ვტრიალებთ, ის გვმასპინძლობს. ძალიან გვიყვარს ეს შეკრებები, რაც თამრიკოს დამსახურებაა. საუბარს დავასრულებ მისი კოლეგის, ოთარ მიმინოშვილის სიტყვებით: „მიწაზე ანგელოზივით ცხოვრობდა და ზეცაში ნამდვილი ანგელოზია - ჩვენი მფარველი ანგელოზი“.

ნათელა ვაჩნაძე:

- რა ძნელია თამრიკოზე საუბარი, კადრები კალეიდოსკოპური სისწრაფით ენაცვლება ურთიერთს... რთულ და საინტერესო ხანაში ჩვენი ისტორიისა ცხოვრობდა და ემსახურებოდა თავის ქვეყანას სრულიად ახალგაზრდა თამრიკო. უნივერსიტეტი ჩვეულებრივი უმაღლესი სასწავლებელი არ გახლდათ, სადაც ერთ დროს იმჟამინდელი რექტორის, ბატონ ილია ვეკუას თაოსნობითა და ძალისხმევით საქართველოს ისტორია ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო საგნად იკითხებოდა. აი, ეს გახლდათ ჭეშმარიტი რეფორმა. თუ არ ჩავთვლით ასპირანტურაში სწავლის სამ წელიწადს, თამრიკოს მოღვაწეობა სამეცნიერო და პედაგოგიურ სარბიელზე ერთ ათეულ წელს მოიცავს. მოგეხსენებათ, ჰუმანიტარისათვის მცირეზე მცირე დროა... ასე რომ, ჩემს მონათხრობს ესკიზებს ვუწოდებდი თამრიკოს პორტრეტისათვის და არა თავად პორტრეტს.

როდის დაიწყო ჩვენი ურთიერთობა? პატარა ბავშვმა როდესაც შევიცანი გარემომცველი სამყარო, იმ დღიდან მესმოდა სამი გვარი: ვაჩნაძეები, გამყრელიძეები და გამსახურდიები. მე მყავდა ბიძა, დეიდაჩემის მეუღლე - გიორგი გამყრელიძე, ცნობილი ეკონომისტი, სტატისტიკოსი, დემოგრაფი. მის კალამს მრავალი შესანიშნავი გამოკვლევა ეკუთვნის, დემოგრაფიის სახელმძღვანელო ჩვენში პირველმა მან შექმნა. გია ბატონი კონსტანტინეს უახლოესი მეგობარი იყო. თამრიკო და ზვიადი გიას მონათლულები იყვნენ. გამსახურდიების ოჯახი თავდაპირველად სოლოლაკში, ყოფილ ფილიპე მახარაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. თბილისური ეზოები მრავალეროვანი იყო და ყველა ეროვნების ბავშვები ერთად თამაშობდნენ. წლების მერე სომხური ენა რომ დაგვჭირდა, თამრიკო მეუბნება: რატომ მაშინ არ ვისწავლე ენა, ეზო სავსე იყო სომეხი ბავშვებით, ზვიადმა ხომ ისწავლა სომხურიო. გავიდა ხანი და გამსახურდიები გადმოვიდნენ გრიბოედოვის ქუჩაზე. ასაკით თამრიკოზე უმცროსი ვარ, მათთან სოლოლაკის ბინაში არასდროს ვყოფილვარ, გრიბოედოვზე კი ბევრჯერ.

ჩემი ოჯახი და გამყრელიძეები კარგა ხანს ერთად ვცხოვრობდით დავით გურამიშვილის ქუჩაზე, გამყრელიძეების არაჩვეულებრივ სახლში. ჩვენთან სუფრა ხშირად იშლებოდა და ყოველთვის, ერთ-ერთი ძალზე საპატიო, მუდმივი სტუმარი ბატონი კონსტანტინე გახლდათ. დადგებოდა თუ არა ღვინობისთვე, დეიდა მირანდა და თამრიკო უბრალოდ, შინაურულად ჩაცმულები, კოლხური კოშკის ეზოს ყურძენს (პირველსავე კრეფაზე) აუცილებლად ჩამოგვიტანდნენ და გაიქცეოდნენ. თამრიკოსა და გია გამყრელიძის საოცარი ურთიერთობა და სიყვარული, ბიძაჩემის გარდაცვალების შემდგომ მთელ ჩვენს ოჯახზე გავრცელდა.

თამრიკოს იმიტომ კი არ ეთაყვანებოდნენ, რომ ის ბატონი კონსტანტინეს ქალიშვილია, ეს ფაქტორიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას თავადაც იმსახურებდა. როგორი კეთილი იყო! როგორი თავმდაბალი! მხოლოდ ერთ მაგალითს დავჯერდები: უნივერსიტეტში დამლაგებლად მუშაობდა თამრიკოს უბნელი დეიდა სათო, რომელსაც ანებივრებდა და ოჯახის წევრივით უყვარდა... მე და თამრიკო ერთად ვიყავით უნივერსიტეტში დილიდან საღამომდე, ლექციებს ვკითხულობდით, კონსულტაციებს ვატარებდით. ერთხელ კიბეზე ჩამოვდივართ და იქვე, ფანჯრის რაფასთან მიყრდნობილი დგას გიორგი ახვლედიანი. ეტყობოდა ლექციიდან გამოვიდა დაღლილი. ეუბნება: „თამრიკო, როგორ გაზრდილხარ, ჩემო საყვარელო, რა კარგი ხარ!“ და მოეფერა. თამრიკო ამ დროს ალბათ, 30 წლისაა. მის მიმართ ასე იყო განწყობილი უფროსი თაობაც და ახალგაზრდობაც. უნიჭიერეს და შრომისმოყვარე თამრიკოს აღმერთებდა მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი შოთა მესხია. მახსოვს, სრულიად გაოგნებული თამრიკო, როდესაც ბატონი შოთას რჩევით წავიდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში საქვეყნოდ სახელგანთქმულ მეცნიერ გიორგი წერეთელთან. 3-4 საათი გავიდა და არ ჩანს. როგორც იქნა, მოვიდა და მეუბნება: აი, ამას ჰქვია კონსულტაცია. ახლა მეტს არაფერს გეტყვიო.

დისერტაციაზე დიდხანს იმუშავა, ურთულესი თემა ჰქონდა: „IV-VI საუკუნეების ქართლის ქალაქების ისტორიიდან“. თავისი არსით ეს პრობლემა ძალზე რთულია, რადგან იგი კომპლექსურადაა შესასწავლი და მაშასადამე, მოითხოვს არამხოლოდ წერილობითი წყაროების ღრმა ანალიზს, არამედ მკვლევრის განსწავლულობას არქეოლოგიაში, ხელოვნების ისტორიის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, ქალაქის მმართველობითი სისტემა, სამოხელეო ტერმინოლოგია, სიტყვათა ეტიმოლოგია, გზები და, რა ვიცი, რამდენი რამ... თამრიკომ ეს შეძლო და შეძლო წარმატებით.

თამრიკოს ხსოვნას მივუძღვენი წიგნი ბატონ როინ მეტრეველის დავალებით, რომელმაც მითხრა: ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელიაო! მას არც ძალისხმევა დაუკლია ამ საქმისთვის, არც დრო და ენერგია. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო 2007 წელი... წიგნი ამგვარად დავასათაურე, რაც გამოხატავს მის სულს და ცხოვრებას - „მშვენიერება მოსილი სევდით“ (რუსუდან მეგრელიშვილის ლექსის სტრიქონია), სადაც გამოვაქვეყნე შეფასებები და რეცენზიები მის დისერტაციაზე. ოპონენტები იყვნენ: ანდრია აფაქიძე და ნიკოლოზ-ლაშა ჯანაშია. აქვეა მეგობრების მოგონებები თამრიკოზე. ვეძებე არქივში ოქმი, ძალზე მაინტერესებდა ე.წ. მესამე დაწესებულების დასკვნა, მაგრამ ვერც ერთს ვერ მივაგენი. საერთოდ, მისი პირადი საქმის მოძებნა საკმაოდ რთული იყო. მოგეხსენებათ, ზვიადის გამო კგბ-მ წაიღო ბევრი რამ და მათ შორის, თამრიკოს დისერტაციაც. ითქვა, რომ ოჯახის არქივი ინახება მოსკოვთან ახლოს, პატარა ქალაქში იასენევო...

საავადმყოფოში ყოფნისას სკოლის მეგობრები მორიგეობით რჩებოდნენ თამრიკოსთან. მე არ ვმორიგეობდი სასწავლო წლის განმავლობაში, რადგან ჩვენი კათედრის ორი ასაკოვანი პროფესორი ავად შეიქმნა და საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, ქალბატონმა მარიამ ლორთქიფანიძემ მათი საათების ჩატარება მე დამავალა. დაუფიქრებლად ავიღე თამრიკოს საათებიც. საავადმყოფოში ჟამიდან ჟამზე შემოვირბენდი ხოლმე. ერთხელ თუ ორჯერ ჩემი პირველი შვილი - ერეკლე ჟორდანია, მისი ნათლული მივუყვანე. ჩქარა დამელია სასწავლო წელი და დადგა წყეული აგვისტო (ეს იყო ბოლო აგვისტო თამრიკოსთვის), ქალაქი დაცარიელდა... დარჩა ლენა კალანდაძე და მე. თამრიკომ მთხოვა, რადგან არ იშლი, დღის მეორე ნახევარში მოდი ხოლმეო. საღამო როდესაც დგებოდა, ცდილობდა ოპტიმისტურ განწყობაზე დახვედროდა მნახველებს - პირველ რიგში, გურამს... ჩემს მერე მასთან მოდიოდა არაჩვეულებრივი ქალბატონი მაკინე აბდუშელიშვილი, დეიდად ეკუთვნოდა ქალბატონ მირანდას. უკვე ასაკოვანი ქალი, იმდენად კეთილშობილი გახლდათ, რომ სამსახურის მერე დაღლილი მაინც ახერხებდა მოსვლას. ყველაზე ხშირად დიდებული ადამიანი, ბატონი ელგუჯა ბერძენიშვილი გვაკითხავდა საღამოობით ქალბატონ მაკინეს, თქვენს მონა-მორჩილს და პირველ რიგში, თამრიკოს... მან ხომ, როგორც ერთ-ერთი უნივერსიტეტელი მეგობარი მაყვალა ზანდუკელი წერს: „...მან ხომ უშურველი მეგობრობა იცოდა“.

ჭეშმარიტად განუმეორებელი იყო თამრიკო. ვისაც არ უნახავს ახალგაზრდებით გარშემორტყმული, დარბაისლური ქართულით ტკბილად მოუბარი თამრიკო სვეტიცხოვლის კედელთან, სამთავროსა თუ ყინწვისის ანგელოზთან, ვისაც არ სმენია მისი წარმოთქმული „მე ვარ სერაფიტა, ასული ზევახისა...

ის, ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით. და გარდაიცვალა ოცდაერთი წლისა“ - არმაზის ბილინგვიდან, ის ძნელად ჩასწვდება თამრიკოს სულს...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"