"ჩემს შვილს რა ვუშველო? მიწაშია... დამნაშავეებს ამნისტიას რომ შეახებდნენ, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ ვინმემ მკითხა აზრი? ან როგორ ვარ? 74 წლის გავხდი და ამ დიდი ტკივილით ვცხოვრობ" - ლექსო ლაშქარავას საქმეში ბრალდებულებმა საპატიმრო დატოვეს
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. როგორც ცნობილია, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ. თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
„მას ამნისტიის საფუძველზე 1/6 მოაკლდა. საპატიმრო უკვე დატოვა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
სოციალურ ქსელშიც გავრცელდა განთავისუფლებულების ფოტოები.
შეგახსენებთ, ფაქტი 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი იყო დაკავებული. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს. ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს ჯგუფურად. რამდენიმე პირს ასევე ბრალი წაუყენეს 117 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
არსებული ინფორმაციით, საპატიმრო 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულმა კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა, თუმცა კონკრეტულად კიდევ ვინ გამოვიდა ციხიდან ჯერჯერობით უცნობია. შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების ციხიდან განთავისუფლების ფაქტი სოციალური ქსელიდან შეიტყო ლექსო ლაშქარავას დედამ, ქალბატონმა თინათინ კახიძემ.
"ღმერთი გადაუხდის ყველას სამაგიეროს, ღმერთს ებარებოდეს სუყველა. რა ვქნა, ჩემს შვილს რა ვუშველო, ჩემი შვილი მიწაშია. ჩემთვის აზრი არავის უკითხავს.
ძალიან მიკვირს მეოთხე წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან და კაცის შვილს არ უკითხავს არც ერთი ტელევიზიიდანაც როგორ ვარ. იქნებ მკვდარი ვარ. ფეისბუქი რომ გავხსენი, შემთხვევით წავაწყდი დღეს ამ ამბავს. ღმერთმა გადაუხადოს ყველას, როგორი მართლებიც არიან ჩემი შვილის წინაშე. ლექსოს დედა 74 წლის გავხდი და ამ დიდი ტკივილით ვცხოვრობ ეს წლებია. ორი ინფაქტი გადავიტანე ამ ამბის შემდეგ, სახლიდან გარეთ არ გავდივარ. ჩემმა დამაც არაფერი იცოდა ამ ამბავზე, მერე ჩემმა დისშვილმა მითხრა, ტელევიზიით ლექსოზე იყო დღეს ლაპარაკიო. ამნისტიას რომ შეახებდნენ დამნაშავეებს ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა, რა ცხოვრებაც გვაქვს და რანაირადაც ვცხოვრობთ ვხედავთ, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს", - ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.
(სპეციალურად საიტისთვის)