ვინ არის კაცი, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდში უდიდესი გავლენით სარგებლობს: რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) 16 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კაცი, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდში უდიდესი გავლენით სარგებლობს: რუსეთში დაბადებულ და გაზრდილ ადვოკატს უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია“ (ავტორები - მეგი ჰაბერმანი და ჯონათან სვონი, ორივე აქტიურად აშუქებდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მიფრინავდა ჯო ბაიდენთან შესახვედრად (პირველად არჩევნების შემდეგ), მისი გუნდის წევრმა - ერთ-ერთმა დიდად გავლენიანმა პირმა - აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს გასაოცარი იდეა შესთავაზა - შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების საკითხში.
ადვოკატმა ბორის ეპშტეინმა, რომელიც წარმატებით უწევდა კოორდინირებას დონალდ ტრამპის დაცვას მის წინააღმდეგ აღძრულ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს, არჩეულ პრეზიდენტს შესთავაზა, რომ იგი ბატონი ტრამპის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დანიშნულიყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ამას ადასტურებს ოთხი პიროვნება, რომელიც საქმის კურსში არიან იმისა, რაც მოხდა.
ბორის ეპშტეინს, რომელიც 1982 წელს რუსეთში - მოსკოვში - დაიბადა და გაიზარდა [ოჯახი აშშ-ში 1993 წელს ემიგრირდა], საგარეოპოლიტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. როგორც მან ვიწრო წრეში განაცხადა, მას ახლო ნათესავები ფრონტის ორივე მხარეს ჰყავს - რუსეთშიც და უკრაინაშიც.
ინფორმირებული ადამიანების თქმით, ბორის ეპშტეინის წინადადებამ, რომ იგი ესოდენ მნიშვნელოვან დიპლომატიურ პოსტზე დანიშნულიყო, თვითმფრინავში მყოფი რამდენიმე ადამიანი „შოკში ჩააგდო“. გარდა იმისა, რომ როგორც ითქვა, მას შესაბამისი დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს, მის წინააღმდეგ არიზონას შტატში საქმეა აღძრული, რომ იგი 2020 წელს დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა და ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდა. სხვათა შორის, მეხუთე პიროვნება, რომელიც ბორის ეპშტეინის ნათქვამი საკუთარი ყურით მოისმინა, ამბობს, რომ თვითმფრინავში მყოფები პოზიტიურად მიიჩნიეს ადვოკატის იდეა.
ყველა პიროვნება, რომელიც მომხდარი ფაქტის საქმის კურსშია, აღნიშნავს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არ გაჰკვირვებია და არც „შოკში არ ჩავარდნილა“ ბორის ეპშტეინის წინადადებისაგან, იყო... თვითონ დონალდ ტრამპი, რომელმაც მას დიდი ინტერესით მოუსმინა, თუმცა არც „ჰო“ უთქვამს და არც „არა“.
კაცმა რომ თქვას, რეალიზდება თუ არა მისტერ ბორის ეპშტეინის წინადადება, პრინციპში ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს - იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა მას, თავის მრჩეველს და ადვოკატს, ისედაც საგანგებო უფლებამოსილება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი მის რჩევებს უფრო მეტად უსმენს, ვიდრე სხვებისას. თვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს ილონ მასკისაც კი, რომელიც დონალდ ტრამპთან ერთად ძალიან ბევრ თათბირს ესწრება ხოლმე, კერძო საუბრებში ხშირად უთქვამს, რომ ძალიან გაკვირვებულია ბორის ეპშტეინისათვის ესოდენ ფართო უფლებამოსილების მინიჭებით.
პირებმა, რომლებიც ამ სტატიის ავტორებს ესაუბრნენ, თავიანთი სახელი არ გაამჟღავნეს და ანონიმებად დარჩენა ისურვეს. თვით ბორის ეპშტეინმა უარი განაცხადა კომენტარებზე, ხოლო ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ თხოვნაზე არ უპასუხა.
ბორის ეპშტეინს, რომელიც ადრე, 2017 წელს, ტრამპის პრეზიდენტობის დროს თეთრი სახლის კომუნიკაციების განყოფილებაში მუშაობდა, სპეცწარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის იდეის განხილვისას, თავისი მეგობრების წრეში ისიც უთქვამს, რომ მას არ სურს ოფიციალური მრჩევლის სახით მთავრობაში მუშაობა და მზად არის შტატგარეშე მრჩევლის სტატუსი ჰქონდეს. ისინი, ვინც კარგად იცნობენ დონალდ ტრამპის საქმიანობის პრინციპს, იციან, რომ არჩეული პრეზიდენტისათვის მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალურ ტიტულს და მას შეუძლია უფრო მეტად უსტატუსო ადამიანს ენდოს, ვიდრე სტატუსიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური თანამდებობის არმქონე ადამიანს შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს პრეზიდენტის გარემოცვაში.
რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც ბორის ეპშტეინი არ მოსწონთ, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ ადვოკატს გავლენა არ აქვს. არჩევნების დროს იგი საკმაოდ სწრაფად იქცა გავლენიან ფიგურად - იმდენად, რომ დონალდ ტრამპი მის აზრს ითვალისწინებს აშშ-ის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში. მაგალითად, ბოლო დღეებში სწორედ ბორის ეპშტეინის რეკომენდაციებით დაინიშნენ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელები.
მისტერ ეპშტეინმა, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ იმპოზანტურ, შთამბეჭდავ მამაკაცს წარმოადგენს და ძალიან უყვარს სამნაწილიანი კოსტიუმი (პაჯაკი, შარვალი, ჟილეტი), თავისი გავლენა სხვა საკითხის გადაწყვეტაშიც გამოიყენა - დონალდ ტრამპმა მისი შეთავაზებით დანიშნა თეთრ სახლში მრჩევლად უილიამ (ბილ) მაკგინლი, ხოლო აშშ-ის გენპროკურორად - მეთ გეთცი ფლორიდის შტატიდან.
ბორის ეპშტეინს აქვს ლიცენზია იურიდიული პრაქტიკის თაობაზე ნიუ-იორკში. წლების განმავლობაში იგი აქტიურად ეხმარებოდა დონალდ ტრამპს სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებაში სასამართლო პროცესებზე დაცვის დროს, კერძოდ, ხელს უწყობდა პროცესების გადადებას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ხელი არ შეშლოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. რასაკვირველია, ასეთი სტრატეგია ძალიან რთული, შრომატევადი და ძვირადღირებული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ამით თავიდან იქნა აცილებული დონალდ ტრამპისათვის სასჯელის გამოტანა - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ასე რომ, როგორი ტიტულიც არ უნდა მიენიჭოს საბოლოო ჯამში მისტერ ეპშტეინს - „თანაშემწე“, „მრჩეველი“თუ „კონსულტანტი“ - მისი გავლენა დონალდ ტრამპის გარემოცვაში უცვლელი იქნება.
სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ბორის ეპშტეინს ეკუთვნის იდეა კერძო დეტექტივების გამოყენების შესახებ იმ თანამშრომლების ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების მიზნით, რომლებიც თეთრ სახლში იმუშავებენ. ადრე ამას გამოძიების ფედერალური ბიურო („ეფ-ბე-აი“) აკეთებდა ხოლმე.
და ბოლოს, კიდევ ერთი შტრიხი: დონალდ ტრამპის გუნდის ერთ-ერთმა მრჩეველმა [რომელსაც ბორის ეპშტეინის აქტიურობა არ მოსწონს და რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა - ეშინია, ვაითუ ეპშტეინმა მასზე შური იძიოს], შექმნილი სიტუაცია ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ბორისის შეერთებული შტატები“. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ