რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია?
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით, 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ვერ მოემსახურება.
„კერძოდ, გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია; უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები.
სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის" სპეციალისტები ჩაატარებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.