მოსკოვის სასამართლომ დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააპატიმრა - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე რუსმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. კეზარაშვილს ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის აქვს წაყენებული. იგი მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა.
tass.ru - ს ინფორმაციით, კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული.