"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა" - რას ჰყვებიან თიანეთშ - კვირის პალიტრა

"მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა" - რას ჰყვებიან თიანეთში მომხდარ საზარელ ფაქტზე ადგილობრივები?

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში საშინელი ფაქტი მოხდა. ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს. უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალი ახლა სიკვდილს ებრძვის, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ყარალაშვილების სახლში მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. მთელი სოფელი განიცდის ამ ამბავს და ყველა ამ გოგოს გადარჩენას ნატრობს. დაშავებული ახალგაზრდა გალინა ნოზაძეა, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ფაქტი 4 დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა გალინა ნოზაძე სამ შვილთან და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან ერთად და ასევე იმ ერთ ოთახში ცხოვრობს თემურის დედ-მამაც. პატარა ფიცრული სახლი უდგათ. თემურის დედ- მამა ლოთები არიან. სულ სვამენ, ეტყობა იმ დღესაც მთვრალები იყვნენ. ეტყობა მთვრალი იყო თემურიც. თურმე იწვა ეს გოგო, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი და მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო და სამი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ბენზინი თმებში შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბავშვებიც შეესწრნენ ამას. უფროსი შვილი 5 წლის არის, მეორე სამი წლის და პატარა წლინახევრის. როგორც ვიცი, თემურის დედამ დარეკა 112-ში და გამოიძახეს მაშველები, სახანძრო, პოლიცია, სასწრაფო, ყველა მოვიდა მალე, ცეცხლმოკიდებული ქალი დახვდათ, ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ სულ დამწვარია გოგო. უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თბილისშია წაყვანილი. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ამბობენ, სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვსო. ფილტვებიც დაზიანებული აქვს",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. ჩვენს კითხვაზე, ამ ფაქტს თემურ ყარალაშვილის მშობლები შეესწრნენ თუ არა, პასუხებს, რომ ისინიც სახლში იყვნენ. გოგოს დედამთილი და მამამთილი შეესწრნენ, ისინი მთვრალები დადიან სულ, თორემ ფხიზლები რომ ყოფილიყვნენ შეიძლება დაეცვათ ეს გოგო. სოციალურად დაუცველი ოჯახია. გალინა და თემური ადრე ბავშვებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდნენ, მერე ისევ დაბრუნდნენ სოფელში და მეორე წელია აქ ცხოვრობენ. სოციალური პროგრამის ფარგლებში დავასაქმეთ კიდეც. სასაფლაო უნდა დაესუფთავებინათ, იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ვცდილობდით ჩაგვერთო სახელმწიფო პროგრამაში და მათთვის სახლიც გვეყიდა. ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა. ლოთების ოჯახია, ამ ფაქტამდე მამამთილმა თურმე თავის ცოლს ხელი კრა, წააქცია და ფეხი მოტეხა, თუმცა ეს ფაქტი მაშინ დამალეს და თქვეს თითქოს თავისით წაიქცა ცოლი და ისე დაშავდა. თემურიც სვამს, მაგრამ მშობლების მსგავსად სულ არ სვამდა. ზოგჯერ შრომობდა კიდეც. ეს ფაქტი ღამის 11 საათზეა მომხდარი. ყველას ეცოდება გალინა, ძალიან მშრომელი გოგო იყო ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით. ყველაფერს ის აკეთებდა სახლში. შეიძლება ვერ გადარჩესო, ძლიერი დამწვრობა აქვს და ღმერთს ვთხოვთ დედა შვილებს დაუბრუნოს. გალინა ნოზაძე ჭიათურელია, ახლა ელოდებიან სოფელში გალინას დედის ჩამოსვლას, რომ წაიყვანოს ბავშვები ჭიათურაში. საქმეში ჩართულია სოციალური სამსახური, ისინი წინასწარ შეისწავლიან პირობებს და ამის შემდეგ გადაწყვეტენ ბავშვების ბებიისთვის გადაყვანის ამბავს. ამ დრომდე ბავშვები მეზობელთან არიან. გვერდით ცხოვრობენ ყარალაშვილები და მათ სახლშია სამივე მცირეწლოვანი. იმ ქალბატონსაც ჰყავს შვილები და მას დაჰყავს ბავშვები ბაღში.

გალინა სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს, ძალიან მშრომელი გოგო იყო, კარგი ადამიანი. სახლში ყველა საქმეს ის აკეთებდა, ძროხასაც წველიდა, მიწას ამუშავებდა უწესიერესი გოგონაა, ან როგორ გამოჰყვა ამას. თემური უკვე დაკავებულია. მან თავიდან არ აღიარა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა. უარყოფდა, მეორე დღეს დააკავეს. ამბობენ, 5 წლის ბავშვმა თქვა, რომ თემურიმ შეასხა ბენზინიო, ამ ბავშვის მონაყოლის შემდეგ ეტყობა მანაც აღიარა. ხელები, მტევნები, ყურები, ყველაფერი დამწვარი აქვს, ფილტვებიც დაუზიანდა ახლა ექიმები იბრძვიან, რომ გადარჩეს. კიდევ კარგი ბავშვებიც არ დაიწვნენ იმ პატარა ფიცრულში. ექსპერტმა შეამოწმა ბენზინი და თქვა, ეს არ იყო სუფთა ბენზინი, ზეთში გარეული ბენზინია ელექტროდრუჟბისთვის რომ იყენებენ, თორემ ისეთი აალება ექნებოდა, შეიძლება მთლიანად დამწვარიყვნენ ბავშვებიც და საშინელება დატრიალდებოდა", - ამბობს ადგილობრივი. მისი თქმით, ადრე ცოლ-ქმარს შორის ძალადობაზე მას არაფერი სმენია, თუმცა კონფლიქტებს სხვა მეზობლები ადასტურებენ.

"როგორც ვიცი, თემური ცოლს ფიზიკურად არ ეხებოდა, მაგრამ მეზობლები შესწრებიან თურმე ერთი ორჯერ მათ შორის კონფლიქტს და მაშინ გაუფრთხილებია მეზობელს მკაცრად ასე არ მოქცეულიყო. არავინ არ აპატიებდა ფიზიკურ ძალადობას, გამკაცრებულია კანონი და დაისჯებოდა, მაგრამ ახლა ამხელა ტრაგედია რატომ დაატრიალა და როგორ მოაფიქრდა ასეთი საშინელების ჩადენა, არ ვიცით, ალბათ თვითონ ეტყვის ამას გამოძიებას და საკადრისად აგებს პასუხს",- ამბობს მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობელი განიცდის ამ ამბავს და ამბობს, ღამეები არ მძინავს ამ გოგოს და მისი შვილების საცოდაობითო.

"ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. მთელი სოფელი ლოცულობს, რომ გადარჩეს გოგო, რომელიც სიკვდილს ებრძვის. ეკონომიურად ძალიან უჭირს ოჯახს. სოციალურად დაუცველები არიან. სოფელში ჰყავთ მეზობლებს ახლა ეს ბავშვები და ბაღში დაჰყავთ. ერთ ბავშვს ძალიან ახველებს, ვინ იცის შეიძლება მასაც აქვს ბოლი ჩაყლაპული. როგორც ვიცი, ბიჭის და ედგა თავზე დაშავებულ გოგოს. აქებს მთელი სოფელი. ძალიან სუფთად დაჰყავდა სულ ბავშვები. პატიოსანი გოგო იყო, ფაქტობრივად თვითონაც ბავშვი. 24 წლის გოგო სამი შვილის დედაა. ეს ოჯახი ლოთები არიან და ვეჭვობ ეს ბიჭი ხომ არ ეწეოდა კიდევაც. სახლში კონფლიქტებიც ჰქონდათო. ლოთ მშობლებს ერთი პერიოდი სახლიდანაც გამოყრილი ჰყოლიათ და სოფელში ტრისტანი აბრამიშვილის დაკეტილ ბინაში ცხოვრობდნენ ცოტა ხანი. ტრისტანი გარდაცვლილია. ბენზინი შეუსხამს ცოლისთვის თემურს, თურმე იწვა გალინა და ამ დროს შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. თურმე დამნაშავის ლოთ მამას უნდოდა ეს ამბავი თავის თავზე აეღო და მამამისს უთქვამს მე მივასხი საწვავიო, მაგრამ ხუთი წლის ბავშვს უთქვამს სიმართლე და დაიჭირეს თემური. ის 1991 წელს არის დაბადებული, 33 წლის არის. გოგო 24 წლის არის. ისეა დამწვარი, თურმე ყურები აღარ აქვს, სულ დახრაკული ჰქონდა და მოაჭრესო. ისეთ შოკში ვარ, ძალიან განვიცდი. ძლიერი დამწვრობა აქვს. ხვალ აქვს გალინას დაბადების დღე. 25 წლის გახდება. ღმერთმა ქნას გადარჩეს, თავის შვილებს ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდება", - ამბობს მეზობელი. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)