"უფრო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს აპრილ-მაისში ველი“ - კვირის პალიტრა

"უფრო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს აპრილ-მაისში ველი“

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქში გასული კვირის განმავლობაშიც გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. პროტესტის ფონზე ჩაიარა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამაც. ხმაური იყო როგორც სხდომაზე, ასევე ქუჩაშიც. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი საღებავი შეასხა, მანამდე კი მას "შავი ლაქა" უწოდა. სხდომა მცირე ხნით შეწყდა. "არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული", - განაცხადა კალანდარიშვილმა. მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, საარჩევნო პერიოდი კი - დასრულებული. შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას ჯამში 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული "სერიოზული ეჭვები". სწორედ პოსტსაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.

dzabiradze.png

- არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმს მიიღებდა და არჩევნებს უხარვეზოდ ჩატარებულად გამოაცხადებდა. ვითარება რთულია, ოპოზიცია ქუჩაშია, მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ყველაფერი მიდის იქით, რომ ამ პარლამენტს ნდობა არ ექნება არც ქვეყანაში და არც დასავლეთისგან ექნება ლეგიტიმაცია. ეს უკვე მომწიფებული სურათია, რაც კარგად ჩანს იმ განცხადებებიდან, რაც ევროპარლამენტში გაკეთდა.

პრეზიდენტი, როგორც ვიცით, არ აპირებს პარლამენტის სხდომის მოწვევას, ოპოზიცია კი გეგმავს არ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის რესურსი - უმრავლესობაა - რომ ახალარჩეული პარლამენტის სხდომა გახსნას და პარლამენტი უფლებამოსილად გამოაცხადოს.

ის არ იქნება სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანო - 2/3-ითა და უფრო მაღალი კვორუმით კანონებს ვერ მიიღებს, მაგრამ ეს მას საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის. მოკლედ, გვეყოლება "კოჭლი" პარლამენტი...

ამის შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწორ გეგმებს დასახავს ოპოზიცია და როგორ განავითარებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულია, მე დღეს დიდად ვერ ვგრძნობ ამ პროტესტანტებში რადიკალურ განწყობას, საზოგადოებაში დაძაბულობა არ იგრძნობა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რადიკალური საპროტესტო აქციები არ იქნება. იმის გასაკეთებლად, რაც 2003 წელს მოხდა, ოპოზიციას რესურსი დღეს არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვნახეთ საკმაოდ მძიმე პროტესტი შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისას ცესკოსთან. ველი, რომ ასევე მასშტაბურ პროტესტს ვნახავთ ქუჩაში, პარლამენტის შეკრების პირველ დღეს.

რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვერ იქნება ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებისგან ცალკე განხილული.

აშშ-ში ახალარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ვიცით უკვე, წამყვან თანამდებობებზე ვის დანიშნავენ, მაგრამ ჯერ კვლავ უცნობია, ახალი ადმინისტრაცია რა პოლიტიკას წარმართავს, რადგან ერთია წინასაარჩევნო განცხადებები და მეორე, როდესაც უშუალოდ შეუდგებიან ქვეყნის მართვას რესპუბლიკელები. ამას აუცილებლად ექნება გავლენა იმ განწყობებზე, რაც აქ, ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიცია ექნება ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ. ამას ელოდება ჩვენი ხელისუფლებაც და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილიც.

ამასთანვე, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა გადავიდეს პოზიციურ ბრძოლაზე ხელისუფლებასთან, რაც ბლიცკრიგს გამორიცხავს. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ხელისუფლება თუ მოახერხებს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის გადაბირებას... ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს.

ველი, რომ იქნება სანქციები დასავლეთიდან, რომელიც გავრცელდება ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებზე. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც, თუმცა ამ ყველაფერს დრო დასჭირდება.

საზოგადოება, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" გულწრფელად უჭერს მხარს, ვიდრე თავად არ იგრძნობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენს თანამშრომლობას, მანამ საზოგადოებაში ცვლილებების იმედი არა მაქვს. სწორედ მანამდეა საჭირო ის პოზიციური ბრძოლა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, ხელისუფლება მშვიდად ვერ უნდა იყოს - პროტესტი უნდა შენარჩუნდეს, ეს ყოველდღიურად არა, მაგრამ გარკვეული გეგმითა და მიზანმიმართულად უნდა წარიმართოს... სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა დადგეს გაზაფხულზე, სადღაც აპრილ-მაისში, იმ შემთხვევაში, თუ ახალი წლიდან მართლაც დაიწყო სანქციების გატარება.

აქვე ვიტყვი, რომ საპარლამენტო მმართველობის ერთი პლუსი ის არის, თუ ხელისუფლება შეხედავს, რომ რთული და კრიზისული ვითარება შეიქმნა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, მას თავისუფლად შეუძლია კანონის ფარგლებში გაითამაშოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. დღეს ხელისუფლება დათმობებზე წამსვლელი არ არის, მაგრამ თუ შეიქმნება მწვავე პოლიტიკური კრიზისი, ის იძულებული გახდება... ამ ეტაპზე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს, დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს ლეგიტიმაციას.…

- ხელისუფლების დასავლეთისადმი რადიკალური რიტორიკა პოსტსაარჩევნოდაც დიდად არ შეცვლილა. მოგეხსენებათ, თბილისს სტუმრობდნენ ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები. პრეზიდენტის გარდა, მათ არ შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მეტიც, "ქართული ოცნების" რიგი ლიდერებისგან შეურაცხმყოფელი განცხადებებიც მოვისმინეთ. ეს ყველაფერი აჩვენებს თუ არა, რომ საქართველოს დისტანცირება დასავლეთისგან კვლავაც გაგრძელდება?

- ჯერჯერობით, რაც ხდება, ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ისე წარმოადგინოს, თითქოს არ აწუხებს, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს. ვფიქრობ, ასე არ არის და შეეცდებიან რაიმე შეცვალონ კოსმეტიკურად და არა რეალურად...

"ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაში რეალური ცვლილებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ პასუხს "ქართული ოცნების" პოლიტიკის შესახებ. როგორც უკვე ვთქვი, ამას დრო სჭირდება. გადამწყვეტი იქნება არა მარტო პარტნიორების პასუხები, არამედ რა შედეგები მოჰყვება მათ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ თუნდაც ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. რამდენად რადიკალური იქნება დასავლეთის განცხადებები და ნაბიჯები, რთული სათქმელია. დიდი ალბათობით, ამ პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება დასავლეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.

1111-1731859725.jpg

თუ ოფიციალური ვაშინგტონი წავა რუსეთთან იმგვარ დათმობებზე, რაც უკრაინას დააზარალებს, ჩათვალეთ, რომ საქართველოს თემა საერთოდ მოხსნილი იქნება - ანუ თუ დასავლეთისა და ამერიკის ურთიერთობა რუსეთთან "დალაგდება", რუსეთი აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდეს და დარჩეს რუსულ გავლენაში. ასეთ შემთხვევაში "ქართული ოცნების" პოლიტიკა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რაც დიდი იმედი მაქვს, არ განხორციელდება.

კარგი იქნებოდა, "ქართულ ოცნებას" არ გაეფორმებინა მოგება 50%-ზე მეტი მხარდაჭერით და კოალიციური მთავრობა ჩამოგვეყალიბებინა. ეს იქნებოდა ნამდვილად დიდი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამ გზით ჩვენ დავრჩებოდით გეოპოლიტიკურ პროცესში აქტიურ მონაწილედ, გვექნებოდა რუსეთ-დასავლეთ- უკრაინის მომავალ მოლაპარაკებებში ჩვენი სიტყვის თქმის უფლება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევა არავის სურს. შესაბამისად, ჩვენს აზრს არავინ იკითხავს, ჩვენი საკითხი ან საერთოდ არ დადგება დღის წესრიგში, ან ამას უჩვენოდ გადაწყვეტენ.

- ცნობილია, რომ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში წამყვან თანამდებობებზე წარდგენილი არიან რესპუბლიკური პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები - ე.წ. ქორები. მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილია მარკო რუბიო, რომელიც ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობა. სხვა დასახელებული ფიგურებიც სიხისტითა და სიმკაცრით გამოირჩევიან ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მიმართ. რაც შეეხება საქართველოსადმი დამოკიდებულებას, ნაციონალური უსაფრთხოების მომავალ მრჩეველ მაიკ უოლცს, თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართაც ძალზე მკაცრი პოზიცია ჰქონდა. მაგალითად, ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად პრორუსული კურსი აქვს.

- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ საგარეო პოლიტიკურ და ძალოვან თანამდებობებზე ნამდვილად ხისტი პოზიციის კანდიდატურები დაასახელა ტრამპმა, მაგრამ ჯერ მაინც ნაადრევია რაიმეს თქმა, რადგან არ ვიცით, ისინი დანიშვნის შემდეგ რა პოლიტიკას გაატარებენ. სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა სენატორმა რუბიომ, თავის დროზე მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მასშტაბურ დახმარებას, მათ შორის იარაღით. ერთი შეხედვით, უკრაინის საკითხში კარდინალური ცვლილება თითქოს არ უნდა იყოს. კი ლაპარაკობენ უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გზით შეწყვეტას გულისხმობენ. გავიხსენებ, რესპუბლიკელთა ერთი ნაწილის - ე.წ. ქორების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა ის იყო, რომ უკრაინას იარაღს ნაწილ-ნაწილ აწვდიდნენ, რაც საკმარისი იყო ბრძოლისთვის, მაგრამ არა გამარჯვებისთვის.

შესაძლოა სწორედ ამ მიმართულებაში შეცვალონ პოზიცია და უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან. შტატებსა და მთელ დასავლურ სამყაროს დღეს რეიგანისთანა ლიდერი სჭირდება, რომელიც სხვაგვარად აგვარებდა ასეთ საკითხებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეიგანის ტიპის პოლიტიკოსები საუკუნეში ერთხელ ან იბადებიან, ან არა. ტრამპი უპროგნოზო ადამიანია, სცენარი მრავალნაირად შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, "ქართულ ოცნებას" სასიხარულოდ საქმე მაინცდამაინც არა აქვს. ისე კი, თუ გამოჩნდა, რომ ტრამპი იმაზე მკაცრი და ხისტია რუსეთის მიმართ, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, და ამას შედეგიც მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლება ადვილად შეცვლის რიტორიკასაც და პოლიტიკასაც. ამათთვის ეს დიდი პრობლემა არ იქნება. უფრო სწორად, ივანიშვილი საკუთარი თავის გარდა, გაწირავს ყველას და საგარეო პოლიტიკის ვექტორსაც შემოატრიალებს.

- დასასრულ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე უნდა გკითხოთ. სოხუმი პროტესტმა მოიცვა, აფხაზები ქუჩაში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გასაპროტესტებლად გავიდნენ. ოპოზიციამ ბჟანიას "პრეზიდენტის" პოსტიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. დემონსტრანტთა ნაწილი ოკუპირებული რეგიონის "პარლამენტში" შეიჭრა. ბოლო ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ შეთანხმების უკან გაწვევა გადაწყვიტა, შაბათს, ანუ როდესაც ჩვენი ინტერვიუ მიმდინარეობდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიაც მზად არის გადასადგომად. უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე კომენტარისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.

- დაახლოებით 1990 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის კარტერის მეუღლის ინიციატივით საბჭოთა კავშირში კონფლიქტებზე კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზები და ოსებიც. მიწვეულთა შორის მეც გახლდით და მახსოვს, სერგეი შამბაც იყო.

კულუარებში საუბრისას, აფხაზებს ვუთხარით, რომ გზა, რომელსაც დაადგნენ რუსეთისკენ, მათ დიდ პრობლემებს შეუქმნიდა და შესაძლოა როგორც ერი გაქრნენ კიდეც.

დაახლოებით ასეთი პასუხი მივიღეთ, ზღვაში დახრჩობა სჯობს მდინარეში დახრჩობასო. მაშინ ასე ფიქრობდნენ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლა აღარ მოსწონთ აშკარად ზღვაში დახრჩობა. დაიჯერეს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვთ, არადა, რუსეთი უკვე აფხაზეთის სრულ ანექსიას შეუდგა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებისგან მოგვესმინა განცხადებები იმაზე, რაც აფხაზეთში ხდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოუწევთ თქმა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პროვოცირებულია, რომელიც აფხაზეთის რეალურ ანექსიას ცდილობს, ისინი პირდაპირ ყიდულობენ საქართველოს ტერიტორიებს, მაგრამ ამას შიშით ვერ იტყვიან, თანაც საქართველოს ხელისუფლება ახლა დასავლეთის კრიტიკით არის დაკავებული, სად სცალია აფხაზეთისთვის?!