აფხაზების შავი პარასკევი
კრემლის დირექტივით, რუსი ოლიგარქებისთვის სასათბურე პირობების შემქმნელი ხელშეკრულების დაკანონების ცდას აფხაზეთში დიდი არეულობა და დე ფაქტო ხელისუფლების ჩამოშლა მოჰყვა. დაპირისპირება გასულ ორშაბათს ოპოზიციის ლიდერების დაკავებით დაიწყო, რასაც საპასუხოდ ხიდების გადაკეტვა მოჰყვა. კულმინაცია კი იყო პარასკევს, როდესაც ოპოზიციამ და ათასობით მომიტინგემ ჯერ დე ფაქტო პარლამენტისგან კაბალური საინვესტიციო ხელშეკრულების უკან გაწვევა მოითხოვეს, შემდეგ კი "პარლამენტშიც" შეიჭრნენ და ულტიმატუმი უკვე "პრეზიდენტ" ბჟანიას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. ოპოზიცია დანებებას არ აპირებს, თან მას მხარს ხალხის დიდი მხარდაჭერა უმაგრებს. ბჟანია იძულებული შეიქნა მშობლიურ სოფელ ტამიშში გაქცეულიყო და იქიდან დადო პირობა, რომ მზად არის გადადგეს და დანიშნოს ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მონაწილეობას აპირებს. მომიტინგეები ბჟანიას "არჩევნებში" მონაწილეობის დათქმას არ თანხმდებიან და აცხადებენ, რომ ბრძოლა ბჟანიას უპირობო გადადგომამდე უნდა გაგრძელდეს.
როგორ იწყებოდა პროტესტი
აფხაზეთში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა 30 ოქტომბერს მოსკოვში ხელი მოაწერა კრემლის მოთხოვნილ კაბალურ საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. 5 ნოემბერს ოპოზიციამ შექმნა ერთიანი შტაბი, რათა შეთანხმების "პარლამენტში" რატიფიცირება არ დაეშვათ. დაიგეგმა შეხვედრები. ორშაბათს, 11 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პარლამენტი დოკუმენტის რატიფიცირებას პარასკევს, 15 ნოემბერს, მოახდენდა და ოპოზიციამ პარასკევისთვის საპროტესტო აქციაც დააანონსა. თუმცა სოხუმში არა პარასკევიდან, არამედ ორშაბათ საღამოდან დაიწყო დიდი პროტესტისა და დაპირისპირების პირველი რაუნდი, როდესაც ტელეგრამარხებზე გუდაუთაში ოპოზიციის საჯარო შეხვედრიდან სოხუმში მომავალი რამდენიმე ლიდერის სასტიკი დაპატიმრების კადრები გავრცელდა.
დაკავების სპეცოპერაცია თავად ძალოვანმა სტრუქტურამ გადაიღო, სადაც ჩანდა, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მანქანებიდან როგორ უხეშად გადმოათრიეს, ხელები უკან გაუკავეს და სახით ასფალტზე დაყარეს ოპოზიციის 5 წევრი: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ისინი ტერორისტებივით დააკავეს, შემდეგ კი ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. ეს ვიდეო ძალიან სწრაფად გავრცელდა და სწრაფადვე დაიწყო პროტესტიც. 1 საათში დაკავებულების ახლობლები და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ჯერ ე.წ. უშიშროების შენობასთან მიიჭრნენ და ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს, შემდეგ კი პროტესტმა სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან გამოჩნდა ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი. პროტესტანტები ითხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რა ბრალდებები ჰქონდათ დაკავებულებს და ითხოვდნენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. შემდეგ ოპოზიციონერების მხარდამჭერებმა სოხუმში შესასვლელი ხიდები გადაკეტეს - დასავლეთით დაბლოკეს ზედა და ქვედა გუმისთის ხიდები, ხოლო აღმოსავლეთით - კოდორის ხიდი. მთელი ქალაქი ჩაიკეტა, ხიდებზე მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებდნენ.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუს ოლიგარქებთან გარიგებულმა ბჟანიამ რეპრესიები დაიწყო ხალხის დასაშინებლად, რომ პროტესტი არ შედგეს და თავად მშვიდად გაყიდოს ქვეყანა.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მომხდარს მასობრივი არეულობა უწოდა. შუაღამისას ვიდეომიმართვა გაავრცელა ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ, სადაც ამბობს, რომ დაკავებულმა პირებმა 11 ნოემბერს "პარლამენტის" ეზოში ერთ-ერთი "დეპუტატის" მიმართ ჩაიდინეს "მართლსაწინააღმდეგო ქმედებები", რასაც თან ახლდა "უცენზურო ლანძღვა". აგრბას თქმით, დაკავებულები შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან და მიმდინარეობს მათი "პროცესუალური შემოწმება". გვიან ღამით დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მისი განცხადებით, "აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად".
პროტესტი შეწყდა მეორე დღის 17 საათისთვის, მას შემდეგ, რაც დაკავებულები გაუშვეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა. იმავე დღეს ასევე გაათავისუფლეს 9 ნოემბერს დაკავებული კიდევ ერთი აქტიური ოპოზიციონერი, თენგიზ აგრბა, რომელიც ქუჩაში გააჩერეს ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების მოთხოვნით და შემდეგ მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს ბრალად. პროტესტის პირველი რაუნდი ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც პარასკევის მეორე და გადამწყვეტი რაუნდისთვის მზადება დაიწყო.
მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის ინიციატივით სხვადასხვა ქალაქში იბარებდნენ "მაჟორიტარ დეპუტატებს" და მათგან მოითხოვდნენ პირობის დადებას, რომ პარასკევს საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას (აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში 35 დეპუტატია, ყველა მათგანი მაჟორიტარული მანდატითაა არჩეული). რამდენიმე მათგანი დათანხმდა.
აფხაზეთში არა მარტო ოპოზიცია, არამედ ბიზნესმენებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც წინააღმდეგია ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების. დოკუმენტის საბოლოო რედაქციით, რუსეთის იურიდიული პირი, რომელიც 2 მლრდ რუბლის ინვესტიციას ჩადებს აფხაზეთში, თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 8 წლის განმავლობაში თავისუფლდება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან. დამატებითი ღირებულების გადასახადი კი იქნება მხოლოდ 5%, ანუ დაწესებულის ნახევარი. ასევე აფხაზეთის "მთავრობა" ვალდებულია ინვესტორს ენერგეტიკული სიმძლავრეები და კომუნიკაციები მიაწოდოს უპირატესი უფლებით. ინვესტორს უფლება აქვს ბანკში დააგირაოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ მიცემული მიწა და შესაბამისად, თუ ინვესტორს დავალიანებები გაუჩნდება, "სახელმწიფო მიწა" ბანკის საკუთრება გახდება. ყველაფერთან ერთად რუს ინვესტორებს მოემსახურება რუსული ბანკების ფილიალები. აფხაზები აღშფოთებით აცხადებენ, რომ შეთანხმება კაბალურია, ეს რუსი ოლიგარქების მიერ აფხაზეთის ექსპანსიის დოკუმენტია.
„აქ რუსეთის წინააღმდეგ არავინ არის“
პარასკევს, 15 ნოემბერს, ოპოზიციამ და ხალხმა საპროტესტოდ შეკრება დილიდან დაიწყო დე ფაქტო პარლამენტის წინ აფხაზური და რუსული დროშებით. ისმოდა შეძახილები: "არ გაყიდოთ ქვეყანა! არ ჩაიდინოთ ღალატი!". დილის 11 საათზე დაიწყო შეკრება თავად "პარლამენტმაც". დე ფაქტო ხელისუფლება აშკარად დიდ პროტესტს ელოდა, რადგან წინა ღამიდან მოყოლებული ჯავშანტექნიკითა და სატვირთო მანქანებით იყო გადაკეტილი ე.წ. სამთავრობო შენობების მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის შავ ღობესთანაც სატვირთო ავტომობილების კოლონა იდგა. მალევე გაცხადდა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების პროექტის კენჭისყრა გადაიდო, სესიაზე 35 "დეპუტატიდან" მხოლოდ 21 მივიდა. სხდომაზე ის "დეპუტატები" არ გამოცხადნენ, ვინც დოკუმენტს მხარს უჭერდა. შენობის გარეთ შეკრებილებმა თქვეს, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ "დეპუტატები" დოკუმენტს საბოლოოდ არ გაიწვევდნენ. ამასთან, მოითხოვეს იმ "დეპუტატების" სიაც, ვინც სხდომაზე არ მივიდა.
შუადღეს აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აღმართული რკინის ღობე სატვირთო მანქანებით რამდენიმე ადგილას გაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ. იყო კვერცხებისა და ბოთლების სროლა, რის გამოც ე.წ. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში აქციაზე გაზი გაუშვეს. "ასეთი რამ აფხაზეთის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა", - წერდა ოპოზიციური ტელეგრამარხი "რესპუბლიკა". "დაპირისპირება იზრდება და არის რისკი, გადაიზარდოს სისხლისღვრაში", - წერდა "ნუჟნაია გაზეტა" ტელეგრამარხზე. ამ შეტაკებისას 13 კაცი დაშავდა. ამის შემდეგ ძალოვანებს დემონსტრანტებისთვის წინააღმდეგობა თითქმის აღარ გაუწევიათ. როგორც ტელეგრამარხებზე დაწერეს, სამართალდამცველების ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა.
აქციის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად ე.წ. შს მინისტრი და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მივიდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ ბჟანია შენობიდან მიწისქვეშა გასასვლელით უშიშროების შენობაში გააპარეს.
ამის შემდეგ ვითარება მოულოდნელად კვლავ დაიძაბა. მომიტინგეებმა შენობაზე შტურმი ისევ მიიტანეს. პარალელურად აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ თქვა, რომ ასლან ბჟანია მედიაში დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ისინი ანტირუსულად არიან განწყობილი, რომ ასეთ ინფორმაციას აწვდის ის მოსკოვსაც. სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის მეორე ლიდერი ასლან ბარციციც, რომელმაც თქვა: "როგორც მეუბნებიან, ეს ადამიანი, რომელიც თავს პრეზიდენტს უწოდებს, ეს დეზერტირი ამბობს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგნი ვართ. აქ რუსეთის წინააღმდეგ არავინ არის, ჩვენი ბიჭები დონბასში არიან, თავი გადადეს რუსული სამყაროსთვის, გამარჯვებისთვის, თქვენი და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი საერთო მომავალი კი მხოლოდ რუსეთთანაა, ჩვენ სხვა არავინ გვყავს... ჩვენ ვართ ოლიგარქების წინააღმდეგ. მათითაა სავსე რუსეთიც და აფხაზეთიც. ისინი ამზადებენ დედასამშობლოს გაყიდვას". მის სიტყვას შეკრებილთა სკანდირება მოჰყვა: "რუსეთი! რუსეთი!"
აქციაზე განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი. მალევე გავრცელდა ოპოზიციის საერთო განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება "არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ" და ამგვარ რიტორიკასა და სიცრუეს ბჟანია ავრცელებს.
საღამოს დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაშიც შეაღწიეს ფანჯრებიდან, მთავარი დარბაზი დაიკავეს და უკვე ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს: "ძირს დეზერტირი, გადადგეს ბჟანია".
პარალელურად ბჟანიას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაცია" ამზადებს დოკუმენტს საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის "პარლამენტიდან" გაწვევის შესახებ და "ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული". თუმცა დემონსტრანტები უკვე ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას აყენებდნენ მთავარ ულტიმატუმად.
ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდზე ე.წ. პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა მივიდა. როგორც ოპოზიციონერმა "დეპუტატმა" კან კვარჩიამ თქვა, მოლაპარაკება უკვე იმაზე მიმდინარეობდა, კრიზისულ სიტუაციაში თუ ვინ იქნებოდნენ ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები ბჟანიას გადადგომის შემდეგ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა მოსკოვის წარმომადგენელთან კონსულტაციების შემდეგ. ეს ინფორმაცია მალევე უარყო თავად ბჟანიამ. გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც ის მხარდამჭერებს მიმართავს: "მე აქა ვარ, აფხაზეთში, და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად". მეტიც, ბჟანიამ სადავო დოკუმენტის გაწვევაც გადაიფიქრა. როგორც მისი პრესსამსახური ავრცელებს, "პრეზიდენტი" აღარ აწერს ხელს ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევას.
"დეპუტატთა დელეგაცია გაეგზავნა ასლან ბჟანიას, რომელსაც სთხოვეს ნებაყოფლობით გადადგომა. პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრზე. დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ბჟანიას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის კიდევ დროს ითხოვს მოსაფიქრებლად. მოლაპარაკებებში პაუზაა", - განაცხადა ადგურ არძინბამ.
"სამწუხაროდ, მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია, რადგან პრეზიდენტი გაიქცა. თუ ის ხვალ დილით კონტაქტზე არ გამოვა, არის გადაყენების სხვა ფორმაც, პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების საკითხი თავისი კვორუმით უნდა გადაწყვიტოს. ახლა პარლამენტია ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ"”, - თქვა ოპოზიციონერმა ლევან მიქაამ.
გამოცემა "აფხაზური პორტალის" ცნობით, მხარდამჭერებთან მიმართვის შემდეგ ბჟანია "თავის დაცვასთან ერთად რუსულ სამხედრო ბაზაში გადავიდა". ეს ინფორმაცია აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა უარყო და გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც, რომელიც ასახავს ბჟანიას ჩასვლას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, რომელიც სოხუმიდან 40 კილომეტრშია.
დაძაბულობა მეორე დილასაც გაგრძელდა. მომიტინგეების ნაწილმა მთელი ღამე ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში გაათია, დილიდან კი ისევ უამრავი მომიტინგე შეიკრიბა. ოპოზიციის განცხადებით, "გაქცეული" ბჟანია ისევ შეეცდებოდა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს და არც პროტესტს შეწყვეტენ, სანამ ბჟანია არ წავა.
პარალელურად ბჟანია სოფელ ტამიშში მხარდამჭერებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის პირობები წამოაყენა. "2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ, ვინც დაიკავა სამთავრობო შენობები, მათ, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩევნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ქვეყანას ამის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი მართავს", - უთხრა მან მომხრეებს.
ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილმა ოპოზიციურმა საკოორდინაციო საბჭომ და მომიტინგეებმა უარყვეს ბჟანიას წინადადება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ და უარი თქვეს შენობების დატოვებაზე. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს მოუწოდეს პროტესტი ასლან ბჟანიას უპირობო გადადგომამდე გააგრძელონ.
„ეს პროტესტი კრემლის წინააღმდეგ გალაშქრებაა“
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - ჩვენ ახლა აფხაზეთში ვხედავთ მორიგ ჯანყს კონკრეტული დე ფაქტო მმართველის წინააღმდეგ. როგორც წესი, აფხაზეთში ასე ხდება - ოპოზიცია აგდებს მმართველ ძალას და მოდის თვითონ. გუშინდელი მმართველი ძალა ხდება დღევანდელი ოპოზიცია და ისევ პირიქით იწყება. ასე მოხდა ანქვაბის დროს, ასე იყო 2020 წელს, ხაჯიმბას დროს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ახლა განსხვავება ის არის, რომ დღეს ოპოზიცია შეფარულად თუ პირდაპირ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, რაც ადრე არ ყოფილა.
- თუმცა აქციაზე განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი, რომ ისინი ანტირუსები არ არიან, ოპოზიციის საერთო განცხადებაც გავრცელდა ამ თემაზე, რომ მხოლოდ ოლიგარქების წინააღმდეგ გამოდიან და აქციაზე რუსული დროშაც ააფრიალეს.
- ოფიციალურ განცხადებებში, რუსულ დელეგაციებთან შეხვედრებზე ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, რომ რუსეთის წინააღმდეგი არ არიან. თუმცა არის ასევე სატელევიზიო გამოსვლები და ხალხთან შეხვედრები, სადაც რუსეთის ამ კონკრეტული ხელშეკრულების წინააღმდეგ განწყობა აშკარაა. მითურ ოლიგარქებზეა ლაპარაკი და ხშირად ახსენებენ კრასნოდარის ყოფილ გუბერნატორ ალექსანდრ ტკაჩოვს, რომელიც აპარტ-ოტელების პროექტის ავტორად ითვლება, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. ვერავითარი ტკაჩოვი და ვერც სხვა ინდივიდუალურად ინვესტიციებისა თუ აპარტ-ოტელების პროექტებს ვერ განახორციელებს, რომ არ იყოს შეთანხმებული კრემლთან. ეს ჩანდა კიდეც, როდესაც 30 ოქტომბერს რუსი ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული შეღავათების დოკუმენტს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მოაწერა ხელი დე ფაქტო მინისტრთან ერთად. ამიტომაც, რაც არ უნდა ილაპარაკონ საჯაროდ, ეს პროტესტი კრემლის წინააღმდეგ გალაშქრებაა.
- რატომ დაიწყო კრემლმა ასე ხისტად თავისი მოთხოვნების გატანა აფხაზეთში?
- ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ერთი არგუმენტია, რომ რუსებს აფხაზების პოზაში დგომა მოსწყინდათ. აფხაზები ცხოვრობენ პრინციპით - უნდა შეგვინახოს რუსეთმა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რუსეთის ანტინატოს ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში.
მთავარი კი ის არის, რომ რუსეთში შეიცვალა მიდგომა, სურკოვის ნაცვლად მოვიდნენ სხვები, რომლებიც ხელმძღვანელობას სთავაზობენ სხვა ტიპის მოქმედებებს, რაც აფხაზეთსა და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში მდგომარეობის შეცვლას გულისხმობს... ლოგიკურად რომ შევხედოთ, აფხაზეთი უკვე ანექსირებულია და რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, აპარტ-ოტელები აშენდება თუ არა?! 2014 წელს კანონი აქვთ მიღებული, რის მიხედვითაც თადარიგში გასულ ეფ-ეს-ბეს ოფიცრებს, ე.წ. მესაზღვრეებს შეუძლიათ აფხაზეთში მიიღონ ტერიტორია. მარტო ამ კანონით შეუძლიათ ნახევარი აფხაზეთი დაიკავონ. განსხვავება ისაა, რომ განსაზღვრული არ არის მაინცდამაინც საკურორტო ზონის დაკავება. დოკუმენტების მიხედვით, ყველა იურიდიული უფლება მოსკოვს აქვს და ა.შ. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ექვემდებარება მოსკოვს, ასევე ე.წ. ძალოვანი უწყებებიც. აფხაზებმა დაწერეს, ძალოვანი სტრუქტურები ხალხის მხარეს გადავიდნენო. ხალხის მხარეს კი არ გადავიდნენ, მოსკოვიდან ბრძანება არ მიუღიათ.
- რას უპასუხებს რუსეთი?
- აფხაზური სიჯიუტისა და ხისტი პოლიტიკის გამო რუსეთმა უკვე გადადგა სადამსჯელო ნაბიჯები, როდესაც სექტემბრიდან შეუჩერა საბიუჯეტო დაფინანსება სოციალურ საკითხებზე. დენის საკითხზეც შეუქმნა სერიოზული პრობლემები, უკვე საბაზრო ფასით აწვდიან დენს. როგორც უკვე დაიმუქრა რუსეთი, მაგალითად, ზოგ ოპოზიციონერს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. შეიძლება იყოს კიდევ სხვაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კრემლი თავის მუქარას შეასრულებს თუ არა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთში "ხელისუფლება", ფაქტობრივად, ჩამოშლილია და ოპოზიციური ძალები არიან გამარჯვებული, შეიძლება კრემლმა პაუზა აიღოს.
რაც არ უნდა ითქვას, ყველანი მაინც მოსკოვზე არიან მიმაგრებული და დამოუკიდებლად ვერავინ ითამაშებს. აშკარად მოსკოვის წინააღმდეგ არავინ გამოვა, თუმცა მე მაინც არ ვვარაუდობდი, რომ ბჟანიას "ხელისუფლება" ასე კრახით დასრულდებოდა. მეგონა, მოსკოვი უფრო ქმედით მხარდაჭერას გაუწევდა.
ეკატერინე ბასილაია