ბოიკოტის ისტორიის გაკვეთილები ანუ „შესვლა-არშესვლის“ ოთხი სცენარი - კვირის პალიტრა

ბოიკოტის ისტორიის გაკვეთილები ანუ „შესვლა-არშესვლის“ ოთხი სცენარი

ქართულ პოლიტიკაში უცნაურობები, არაკვალიფიციურობა და საქმეში გარკვევის დაზარება არ გვიკვირს. ამ ყველაფერს ზოგჯერ თან ერთვის ხოლმე ხბოს აღტაცება. სამწუხარო ის არის, რომ 90-იანებიდან მოყოლებული ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა.

მოკლედ შეგახსენებთ - აფხაზური­ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია კანონპროექტმა, რომლის მიხედვით, სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება ფორმდებოდა. ეს რუსულ­ ფულს ხელ-ფეხს უხსნიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზების ნაწილი ე.წ. ხელისუფლებას "პარლამენტში" შეუვარდა. შეშინებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს ამ კანონპროექტს. თუმცა მერე მომიტინგეები უკვე ასლან ბჟანიას შეუცვივდნენ რეზიდენციაში. სოხუმში განვითარებულმა მოვლენებმა ქართველი საზოგადოების ნაწილში სწორედ ხბოს აღტაცება გამოიწვია - არიქა, ხომ ხედავთ აფხაზები პრინციპულობაში გვჯობიან და იქნებ რამენაირად დავეხმაროთო.

შერიგებას, ძმობას და ერთობას რა სჯობს, თუმცა სანამ თვალებზე ცრემლები მოგვადგება, უნდა გაგვახსენდეს, რა დღეში არიან გალის რაიონში ქართველები, რომლებსაც ენას ართმევენ და ლამის ყოველდღიურად ამცირებენ და აყაჩაღებენ. აქვე, თქვენი მონა-მორჩილის აზრით, სახელმწიფოს ჰუმანიტარული პროექტები აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თევზის მახსოვრობა გვქონდეს ან რეალობის შეგრძნება დავკარგოთ.

სოხუმში ბარიკადების ორივე მხარეს მყოფთაგან თითოეული რომ გააჩერო და ჰკითხო, ქართველი ურჩევნია თუ რუსი, რატომღაც დარწმუნებული ვარ, ასიდან ასი რუსს იტყვის. სიმართლე მწარეა. თუმცა ჯობს სიმართლეს თვალი გაუსწორო, ვიდრე ილუზიების ტყვეობაში იყო.

რაც შეეხება პროტესტის სიღრმეებს, რომელშიც ჩახედვა ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს დაეზარა. აფხაზმა ოპოზიციამ თანამემამულეები ააბუნტა ერთი მთავარი არგუმენტით - მოსკოვთან ეს ხელშეკრულება რომ გაფორმდეს, ქონებას რუსეთის მოქალაქე ქართველები იყიდიან და ასე შემოგვივლიან ზურგიდანო. იმ მიტინგზე, რომელმაც თბილისში გული ასე ააჩუყა, რუსეთის დროშებიც ეჭირათ და "რასია, რასიას" სკანდირებდნენ.

რუსეთს აფხაზეთი ოკუპირებული აქვს. იქ მყოფ რამდენიმე ათეულ ათას კაცს "რესპუბლიკობანას" ათამაშებს მანამდე, სანამდეც თავად აწყობს. აფხაზებს, გარდა რუსი ტურისტებისგან ფულის წაგლეჯისა და შიდაადმინისტრაციული ფუნქციებისა, არავინ არაფერს ეკითხება. მოსკოვს მათი დამშვიდების რამდენიმე ბერკეტი აქვს. პირველ რიგში დოტაციის შეწყვეტა, რაც იქ ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. თუ დასჭირდა, ჯარსაც გამოიყენებს და აფხაზებს თავში კარგადაც ჩაურახუნებს, რომ მეორედ აღარავინ გაიფიქროს ურჩობა.

მართლაც ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ფაქტია - თუ დროში გაიწელა რუსული ოკუპაცია, აფხაზებს ნელ-ნელა გეტოსმაგვარ ტერიტორიაზე შერეკავენ და რუსი ტურისტებისთვის ისეთივე ეგზოტიკურები გახდებიან, როგორც ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურებისთვის ადგილობრივი ტომები.

ენგურს აქეთ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა­ იკითხა, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემო. რა შეუძლია რო? ისე აღშფოთება-შეშფოთება კი გვმართებს. აფხაზეთი საქართველოა.

უცნაური პოლიტიკა ანუ სანამ რამეს იტყვი, შვიდჯერ გაზომე

გასულ კვირას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი კამათი მიმდინარეობდა, შეეძლო თუ არა ოპოზიციას ისე ეთქვა მანდატებზე უარი, რომ პარლამენტი ქმედუუნარო ყოფილიყო და თავისი ლეგიტიმაცია ვერ ეცნო. არადა, ამას მხოლოდ კანონის რამდენიმე მუხლის წაკითხვა უნდოდა. თუ დამარცხებულ პარტიას მანდატებზე უარის თქმით შეეძლება პარლამენტის პარალიზება, მაშინ გამოდის, შეიძლება პარლამენტი წლების განმავლობაში ვერ შეიკრიბოს. წააგებ­ - უარი თქვი მანდატებზე და დაელოდე ახალ არჩევნებს, კიდევ წააგებ - კიდევ უარი თქვი და დაელოდე, სანამ არ მოიგებ, მაგრამ შემდეგ უკვე წაგებული იტყვის უარს და ა.შ. ამ დისკუსიაში ჩაბმული იყვნენ ადამიანები, რომელთაც მაღალკვალიფიციურ იურისტობაზე აქვთ პრეტენზია.

2020 წელს (ოპოზიცია მაშინაც არ აპირებდა პარლამენტში შესვლას) ერთი ოპოზი­ციონერი აცხადებდა, ისე არ გამოვიდეს, ყველა შევიდეს და მე დავრჩე გარეთო. ოპოზიციურ გაერთიანებებს ერთმანეთში ეჭვი ეპარებათ და ამაზე აშკარად მიანიშნებენ. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განვითარება/დასრულების ოთხი სავარაუდო სცენარია.

სცენარი პირველი - განმეორდება 2008 წლის ამბები

ჩვენ ვწერდით, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "გაერთიანებულმა ოპოზიციამ",“(რომელიც მაშინ სააკა­შვილის პარტიის მთავარი კონკურენტი იყო) არ ცნო არჩევნების შედეგები და პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა.­ მეტი დამაჯერებლობისთვის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრებმა მომიტინგეების თვალწინ დეპუტატის მანდატები დაჭრეს. თუმცა...

პირველი პარლამენტში შევიდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"“(თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ის ემიჯნებოდა­ "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციებს და შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ორჭოფული პოზიცია ჰქონდა), შემდეგ კი მათ შეუერთდა ოთხი დეპუტატი "გაერთიანებული ოპოზიციიდან". მათი შესვლის მოტივებზე ბევრი ჭორი დადიოდა, რომელსაც ჩვენ არ გავიმეორებთ... საბოლოოდ, სააკაშვილმა მაინც მოახერხა მრავალპარტიული პარლამენტის შეკოწიწება. "გაერთიანებული ოპოზიცია" დაიშალა. საბოლოოდ 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაიბრძოლეს (გახსოვთ, ალბათ, საკნების ქალაქის ამბები), შემდეგ კი, სამწუხაროდ, დაადგნენ გამარგინალიზების გზას.

მოიძებნებიან თუ არა ოთხ ოპოზიციურ კოალიციაში თანამედროვე "ქრისტიან-დემოკრატები" და ინდივიდუალისტები, რომლებიც პარლამენტში შევლენ, ამას დრო გვაჩვენებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამის თაობაზე პარტიები ერთმანეთზე ეჭვიანობენ.

სცენარი მეორე და ყველაზე არარეალური

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნების ლეგიტიმურობას. მაშინაც არცთუ ცოტა ოპოზიციონერმა ოფიციალურად უარი თქვა მანდატებზე. თუმცა საქმეში ჩაერთო საერთაშორისო მედიაცია - ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, თუნდაც საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი რად ღირს...

ეს პოლიტიკური კრიზისი 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ გაფორმდა მხარეებს შორის ცნობილი ხელშეკრულება და საბოლოოდ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა.

დღეს მოვლენების ასე განვითარება ძალიან ძნელად წარმოსადგენია. კერძოდ, მმართველი პარტიისა და დასავლური პოლიტიკური წრეების ურთიერთობას თუ გავითვალისწინებთ, საოცარი იქნება, მან რომელიმე ქვეყნის ელჩი მედიატორად მიიღოს. მაგრამ სხვა სცენარიც არ გამოვრიცხოთ.

კერძოდ, დასავლეთის ბოლოდროინდელ განცხადებებში კვლავ წინა პლანზეა­ წამოწეული ე.წ. აგენტებისა და ლგბტ პრო­პაგანდასთან ბრძოლის კანონების გაუქმების აუცილებლობა. მმართველი­ ძალა გაცხადებულად უარს ამბობს­, თუმცა ზოგჯერ "გაუშვებს" ხოლმე მესიჯებს, დიალოგისთვის მზად ვართო. შესაძლოა ალბათობის თეორიებში ძალიან ღრმად შევდივართ, მაგრამ...

შესაძლოა "იქს" დღეს ხელისუფლებამ ეს კანონები გააუქმოს, "კომპენსაციისთვის" კი უცხოელმა დიპლომატებმა ოპოზიციას "დაჟინებით ურჩიონ" პარლამენტში შესვლა.

სცენარი მესამე - "კოჭლი" პარლამენტი

მოვლენების განვითარების კიდევ ერთი ალბათობა ასეთია - ოპოზიცია ინარჩუნებს პრინციპულობას და პარლამენტი რჩება "ოცნების" 89 დეპუტატის ამარა. პარლამენტი შეეცდება მუშაობის გაგრძელებას - მთავრობის დაკომპლექტებას, ბიუჯეტის დამტკიცებას და ორგანული კანონების მიღებას 76 ხმა სჭირდება. რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო არენაზე უხერხულობას შექმნის.პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე შეიძლება პროცესი 2025 წლის შემოდგომამდე მივიდეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები­ უნდა გაიმართოს. ოპოზიცია დადგება დილემის წინაშე - მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა არსებული ცესკოს პირობებში­ თუ მას ბოიკოტი გამოუცხადოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე ახალი არჩევნების ბოიკოტის თაობაზე შესაძლოა კოალიციებისა თუ პარტიების პოზიციები აღარ იყოს ერთიანი. შესაბამისად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შესაძლოა ქვეყანაში დაეცეს დუღილის ტემპერატურა, "კოჭლი" პარლამენტი კი შეეცდება 2028 წლამდე მიაღწიოს.

სცენარი მეოთხე ანუ "დარტყმა"დასავლეთიდან

ასევე შესაძლებელია მოხდეს ისეთი მოვლენა, რაც უცბად აადუღებს სიტუაციას.­ მაგალითად, თუ ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ამან შეიძლება მართლაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს და მოქალაქეების ნაწილი ყოველგვარი პოზიცია-ოპოზიციის გარეშე ქუჩაში გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეიძლება მართლაც მოუწიოს უკან დახევამ. თუმცა რამდენად სამართლიანი იქნება თავად ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, საკითხავი აი, ეს არის. ევროკავშირის რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის განხილვის თემად ეს საკითხი არ ყოფილა და არც არასოდეს გამხდარა. იმედია, ასეც დარჩება.

პ.ს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ამისთვის კი აუცილებელია საზოგადოებისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა და გამოძიების გამჭვირვალობა.

გიორგი კვიტაშვილი