„ვანი საუკეთესო არგუმენტია იმისა, რომ მითური კოლხეთი რეალურად არსებობდა“
"საქართველოს აღმოჩენებმა ბოლო მოუღო ესპანურ-იტალიურ დავას, ვინ იყო პირველი ევროპელი", - წერდა ჯერ კიდევ წლების წინ ჟურნალი "ფიგარო". საქართველო ის უნიკალური ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც კაცობრიობის ისტორია უწყვეტ ეტაპებად დალაგდა... პირველად 6 წლის ასაკში აღმოჩნდა მამასთან, ოთარ ლორთქიფანიძესთან ერთად ვანის ექსპედიციაში... ჩვენც სწორედ ვანში ვეწვიეთ აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძეს, საუბარი კი ძალიან საინტერესოდ წარიმართა:
- ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ არა მხოლოდ კულტურული, არამედ ბუნებრივი მემკვიდრეობითაც. ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება მსოფლიოში, სადაც არის ბუნებრივი გარემოს ასეთი მრავალფეროვნება და კულტურული პროცესის ასეთი უწყვეტობა.
კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს პერიოდი, რომელიც დაფიქსირებული არ იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩემთვის ხშირად უთქვამთ უცხოელებს, თქვენს ქვეყანას რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო. მე ვიტყოდი, პირიქით, ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის საზღვარზე ვართ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ის ტერიტორია, სადაც დაფიქსირებულია კაცობრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები. საქართველოში არის ის ისტორიები, რომლებიც შეგიძლია საინტერესოდ წარმოაჩინო. დავით აღმაშენებლის მონეტა ავიღოთ, რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, სამუზეუმო სფეროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრითიშ-მუზეუმმა განდო, მაგრამ შენ შეგიძლია დაინახო იმდროინდელი ეპოქა, ილაპარაკო იმდროინდელ მწიგნობრობაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე. XII საუკუნეში ჩვენ უკვე გვქონდა ინსტიტუციური განათლება. როგორ შეიძლება ეს XXI საუკუნესთან დავაკავშიროთ? როგორ მოვძებნოთ ის მაგალითები, რომლებიც აკავშირებს ძველ ეპოქას თანამედროვეობასთან? მაპატიეთ, რომ ამის უფლებას ვაძლევ თავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ისტორია ბოლომდე არ ვიცით. ამიტომ არ გვაწყენდა ამის გააზრება, რითაც შეიძლება უფრო კარგად ვიგრძნოთ, რამ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც შეინარჩუნა ფასეულობები, ამან მოგვიყვანა სწორედ დღევანდელობამდე.
მახსოვს, თქვენსავით სტუმრად ჩამოვედი ვანში და მესმის ხმა: "სად არის ავადმყოფი?". ვხედავ დგას სასწრაფო დახმარების მანქანა და მართალი გითხრათ, ძალიან შემეშინდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ "პაციენტი" ყოფილა ანტიკური ეპოქის ქანდაკება, რომლის გადატანისთვის საკაცეები იყო საჭირო. მაშინ ერთადერთი საკაცე ვანში სწორედ სასწრაფო დახმარებას ჰქონდა.
6 წლის ვიყავი, როცა პირველად ვანის ექსპედიციაში მოვხვდი. ზაფხულობით მამასთან ექსპედიციაში ვიყავით მთელი ოჯახი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო როგორც არქეოლოგიაში, ისე ცხოვრებაში. ვანის ექსპედიციაში, გარდა იმისა, რომ მუშაობდა პროფესიული სამეცნიერო გუნდი, ეს იყო ის ადგილიც, სადაც ბევრ სხვადასხვა თემაზე იყო საუბარი. ბევრ ისეთ თემაზე, რაც საბჭოთა დროს ყველგან არ ისმოდა. დიდი სურვილი მქონდა, მე თვითონ მიმეღო გათხრებში მონაწილეობა, თვითონ შევხებოდი იმ დიდ აღმოჩენებს, თუმცა პატარა ასაკის გამო უფლება არ მქონდა. დღეს, როდესაც შემოვდივარ აქ, განახლებულ მუზეუმში, ახლიდან მიდგება თვალწინ ბევრი ეს ნივთი, რომელთა აღმოჩენაც ძალიან კარგად მახსოვს. ჩემთვის ეს ბავშვობაში დაბრუნებაა.
ვანი ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტია იმისა, რომ მითური კოლხეთი რეალურად არსებობდა. სწორედ ვანის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაანახა მსოფლიოს მეცნიერებს, რომ კოლხეთი მაღალი ცივილიზაციის ქვეყანა იყო.
თვითონ ნაქალაქარის ისტორია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. არის ყველაზე ადრეული ეპოქა - ძვ. წ. VIII-VII საუკუნეები. ვარაუდობენ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც კოლხეთს უკვე აქვს პირველი კავშირები ანტიკურ სამყაროსთან. შემდგომში აღმოჩნდა ყველასთვის ცნობილი კოლხი ქალის სამარხი, რომლითაც ყველანი ვამაყობთ, კიდევ, ოქროს საუცხოო ნივთები, რომლებიც თბილისშია წარმოდგენილი. მერე მოდის გარდამავალი პერიოდი, ძვ. წ. III-I საუკუნეები, როდესაც ვანი იყო სატაძრო ქალაქი. დღეს შეგვიძლია ვნახოთ როგორც ოქრომჭედლობის შედევრები, ისე ბრინჯაოს საოცარი ნივთები, კერამიკის ნიმუშები, არქიტექტურული დეტალები... ეს ყველაფერი ცდება საქართველოს ისტორიას. ერთი მხრივ, ეს არის ჩვენი ისტორია, მეორე მხრივ კი ანტიკური ეპოქის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი. აქ ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია განძს, რომელიც, ჩანს, ძალიან სწრაფად გადაუმალავთ - ჩაყრილი იყო ორმოში და, ეტყობა, ერთ-ერთი ტაძრის ინვენტარია. აღმოჩენილია სხვადასხვა ბერძნული ღვთაების გამოსახულებებიც. ჩვენმა წინაპარმა კოლხებმა იცოდნენ ბერძნული მითოლოგია და ცდილობდნენ მოერგოთ საკუთარ წარმოდგენებზე. კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა განვითარებულ სამყაროში, მაგრამ ინარჩუნებდნენ საკუთარ იდენტობას.
- არანაკლები ღირებულების არის დმანისის მუზეუმიც.
- დმანისი ყოველთვის მაინტერესებდა. მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლისას, დისერტაციას პირველყოფილ ადამიანებზე ვწერდი, თუმცა დმანისზე უფრო გვიანდელ პერიოდზე ვმუშაობდი. ასპირანტურიდან ერთი სემესტრით გერმანიაში, ქვის ხანის ინსტიტუტში გამიშვეს, სადაც პროფესორ ბოსინსკის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესო, მულტიდისციპლინური პროექტი მიმდინარეობდა ვულკანურ რეგიონში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე. ასე რომ, გერმანიაში შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მიმეღო კვლევაში დმანისის მსგავსი პრობლემატიკის ძეგლზე. სწორედ მაშინ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ კვლევის ასეთი მოდელი შეიძლებოდა საქართველოშიც დაგვენერგა. პროფესორი ბოსინსკი ჩვენს ქვეყანაში დავპატიჟე და 1990 წელს აქ დაიგეგმა დმანისის საერთაშორისო ინტერდისციპლინური კვლევა. თითოეული აღმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა დმანისის აღმოჩენის მასშტაბი გამაოგნებელი იყო. სამეცნიერო აღმოჩენა აღიარების რამდენიმე ეტაპს გადის. სწორედ ამ ეტაპებზეა დამოკიდებული, ის მხოლოდ მეცნიერებისთვის იქნება ცნობილი თუ ფართო საზოგადოებაც შეიტყობს. მეცნიერებაში აღიარება ნიშნავს ჯერ სამეცნიერო გამოცემებში, შემდეგ კი მედიაში მოხვედრას. მნიშვნელოვანი ეტაპია აღმოჩენის სახელმძღვანელოში შეტანაც. დმანისის აღმოჩენამ ყველა ეს ეტაპი გაიარა.
- შეუძლებელია არ ვისაუბროთ ეროვნულ მუზეუმზეც.
- ეროვნული მუზეუმი ჩვენი მთავარი განძსაცავია, დაწესებულება, რომელიც ცოდნას ავრცელებს. ჩვენი ვალია, ვიყოთ საზოგადოებრივი განათლების მთავარი ცენტრი. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავინახოთ ზოგადი განათლების, კულტურის აუცილებლობა.
ეროვნული საგანძურის, ეროვნული ღირებულებების ფუნდამენტზე უნდა გვქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიებიც და სწორად განვითარებული სისტემა.
მუზეუმში ძალიან ღირსეული ადამიანებიც მუშაობენ. მთავარია სწორი გარემოს შექმნა, სადაც სხვადასხვა თაობას შეუძლია ერთად მუშაობა, სადაც მინიმალიზებულია ბიუროკრატია მასალის ხელმისაწვდომობისთვის. ყველა ის სპეციალისტი, რომლებიც არაობიექტურად დაითხოვეს სამსახურიდან, მაღალი რანგის პროფესიონალი იყო. კომბინაცია, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მუზეუმს, არის უანგარობა, იდეალიზმი და პროფესიონალიზი.
- ბატონო დავით, თქვენ ასევე ჩართული ხართ გელათის რეაბილიტაციის პროექტში.
- ასეთ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივია ნებისმიერი ქართველისთვის, მით უმეტეს, მეცნიერისთვის. ამ პროცესში საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით ჩავერთე. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ვებგვერდის შექმნა საზოგადოება "ივერიისამ" დააფინანსა, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე აფინანსებს ფრანგი არქიტექტორების მონაწილეობით შედგენილ გელათის გენერალურ გეგმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ: რაც მთავარია, გელათი 100 პროცენტით დაცული იქნება წვიმისგან და მეორე - იქ უკვე მშვიდად შეიძლება მუშაობა. მოგვეცემა კვლევის საშუალება, თუ რა მასალაა გამოყენებული და ჩემი ვარაუდით, გაისად გელათი მნახველებს ლიმიტირებული საათებით მიიღებს, რათა მხატვრებს ხელი არ შეეშალოთ. გელათი ჩვენი იდენტობის ფუნდამენტია. ის ქართველებისთვის ღირსებისა და სიამაყის სიმბოლოა.
- როგორ შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა მსოფლიოში გახდეს ცნობილი?
- სამეცნიერო აღმოჩენა და მისი შემდგომი კვლევა დაახლოებით ნედლეულის დამუშავებას ჰგავს. ხშირად უკითხავთ, ამდენი მუზეუმი რა საჭიროაო, მაგრამ ისინი ხომ ერთმანეთის დამხმარენი არიან. ისინი ერთი ცენტრიდან კი არ იმართება, არამედ ერთმანეთს ავსებენ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პლატფორმა, სადაც მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. მჯერა, რომ იარსებებს ჩვენს ღირებულებებზე დაფუძნებული ბევრი კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრი, რომელშიც გაერთიანდება როგორც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები. ამჟამად ევროპაში უზარმაზარი ფინანსური პროგრამები არსებობს სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებში მონაწილეობის უფლება ჩვენც მოვიპოვეთ, მაგრამ რა უნდა იყოს ის, რითიც მივიპყრობთ ყურადღებას? ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი რანგის ლაბორატორიები ან კვლევის ობიექტები. კვლევის ობიექტი ამ შემთხვევაში სწორედ წარსულის თემებია. ამით შეგვიძლია მთელი რეგიონის ცენტრი ვიყოთ...
რუსუდან შაიშმელაშვილი