"ძალზე ნერვული პერიოდია. გამიჭირდება ვინმეზე ვთქვა, ეს მომავალი ორჯონიკიძე ან ბერბიჭაშვილია-მეთქი, მაგრამ ზოგი საქართველოსთვის ზიანის მიყენების სანაცვლოდ, დიდ ანაზღაურებას იღებს. ახლა ჩვენს პრობლემებს შესაძლოა აღმაშენებელიც კი ვერ მორეოდა"
"არაერთი ცივილიზაციის ისტორია შემისწავლია, ახლა რომაულ ცივილიზაციაზე ვამთავრებ ნაშრომს და ვხედავ, რამდენი პარალელია ძველ რომსა და თანამედროვე სამყაროს შორის. ჩვენი სამშობლოს წარსულსაც და აწმყოსაც ამ გადმოსახედიდან ვაფასებ", - გვითხრა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა.
- საქართველოში ძალზე ნერვული, დაძაბული პერიოდია. ვერ იქნა და ვითარება ისე ვერ დალაგდა, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ მუდმივი პროტესტი და დაძაბულობა არ იყოს. სახელმწიფოს შენებას გონიერება და სიმშვიდე უხდება, მაგრამ ჩვენში მეტისმეტად ჭარბობს თვისება, რომელსაც მე "ემოციური კრეტინიზმი" დავარქვი. ემოციური კრეტინიზმია, როცა ყველაფერზე გამოხატვის უკიდურეს ფორმას ირჩევენ. სამწუხაროდ, ეს თვისება ელემენტარულ საკითხებშიც კი იჩენს თავს და ეს ხდება როგორც გაჭირვების, ასევე, ლხინის დროსაც.
- ბევრი ფიქრობს, რომ ემოციურობა პოლიტიკოსს ერთგვარ ქარიზმას მატებს.
- ვერ დაგეთანხმებით: პოლიტიკოსი ჯერ მზად უნდა იყოს, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას ეს პასუხსაგები ნაბიჯი. ის, გარკვეულწილად, მსახიობიც უნდა იყოს, ემოციების გამოხატვაც უნდა შეეძლოს, მაგრამ თავის თავზე კონტროლი არ უნდა დაკარგოს. გულწრფელი ემოციები კარგია, მაგრამ ამან კარიკატურული სახე არ უნდა მიიღოს.
- ქართველ პოლიტიკოსებს შორის თუ გყავთ რჩეული, რომელიც დღევანდელ საქართველოს სწორი მიმართულებით წაიყვანს?
- პოლიტიკოსები ყველა ეპოქაში იყვნენ, მაგრამ იდეალურისგან ყველა შორს იყო. ცხადია, არ ვგულისხმობ ცნობილ ქართველ მეფეებს, მაგრამ ახლა იმდენად რთული დროა, რომ ჩვენს პრობლემებს შესაძლოა დავით აღმაშენებელიც კი ვერ მორეოდა. მეტისმეტად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მთელი მსოფლიო არეულია.
დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პოლიტიკოსი საქართველოს მომავალს სწორად წარმართავს. ნამდვილი პოლიტიკოსების დეფიციტი, მგონი, მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში იგრძნობა. ამის დასტურად ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითიც კმარა: ამ დიდმა სახელმწიფომაც ვერ შეძლო პრეზიდენტი შედარებით ახალგაზრდა თაობიდან აერჩია - ახალარჩეული პრეზიდენტიც ხანდაზმულია და ჯერ კიდევ მოქმედიც...
- როდესაც თანამედროვე ეპოქაზე საუბრობენ, გასული საუკუნის 20-იანი წლების საქართველოსთან ავლებენ პარალელს. თქვენ თუ ხედავთ ასეთ მსგავსებას?
- მსგავსება იმაშია, რომ საქართველო ახლაც გზაჯვარედინზეა და თავისი გზა უნდა აირჩიოს. ჩვენ დღემდე ვერ ჩამოვყალიბდით, რა არის ჩვენი ეროვნული იდეა, საით მივდივართ და რატომ... გადაჭარბებული სიამაყე ჩვენი წარსულის გამო გასაგებია, რადგან მართლაც საამაყო ისტორია გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყანა ახალ იდეოლოგიას, ახალ გზებს საჭიროებს, ხალხმაც ხომ უნდა იცოდეს, რა გზით მიდის ჩვენი ქვეყანა - მარტო იმის თქმა, რომ მშვიდობა გვინდა და ომი გვეჯავრება, საკმარისი არ არის. საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ საით მივდივართ და როგორ უნდა ვიცხოვროთ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ასე ჭრელი და არეულია, სადაც არსებობენ მცირე ზომის ქვეყნები და არსებობენ დიდი იმპერიებიც. როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორია ჩვენი ორიენტაცია - ამას განსაზღვრა და დადგენა უნდა.
- როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო, წერდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია. საქართველოს ახლაც ბევრი მოღალატე ჰყავს?
- უცნაურია, მაგრამ დღეს ამ სიტყვამ ანუ "მოღალატემ" თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ვისაც არ ეზარება, ერთმანეთს ყველა "მოღალატეს" ეძახის.
ხომ არ შეიძლება შენს ოპონენტს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს და მაშინვე მოღალატედ გამოაცხადო? ეს სიტყვა იმდენად ბანალური გახდა, რომ აღარც სწყინთ, ერთმანეთს რომ ეუბნებიან. სინამდვილეში, ვინ არის მოღალატე და ვინ არა, ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება. მე კი მგონია, ღალატი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებს და თავისი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. მხოლოდ განსხვავებული შეხედულების გამო ადამიანი მოღალატედ არ უნდა შევრაცხოთ და ჯვარს არ უნდა ვაცვათ.
- თქვენ თუ ხედავთ საქართველოში პოტენციურ ორჯონიკიძეებს, მახარაძეებს ან ბერბიჭაშვილებს?
- გამიჭირდება ვინმეზე ვთქვა, ეს მომავალი ორჯონიკიძეა ან ბერბიჭაშვილი-მეთქი. ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ასეთებიც ცხოვრობენ. ალბათ, ჩვენს ირგვლივ ისეთებიც არიან, რომლებიც საქართველოსთვის ზიანის მიყენების სანაცვლოდ, დიდ ანაზღაურებას იღებენ.
ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უარესი დღეებიც ყოფილა. მე ვერ ვიტყოდი, რომ ასე ცუდად არასდროს ვყოფილვართ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან არ ხდება ტრაგედია, რომელიც უკრაინაში ან ახლო აღმოსავლეთში ტრიალებს. ხომ შეიძლებოდა აქაც იგივე მომხდარიყო? - თუნდაც ამიტომ არ უნდა დავკარგოთ უნარი, რომ დღევანდელ რეალობაში მარტო ცუდი კი არა, კარგიც დავინახოთ.
იმედია, საქართველოში მოინახება შესაძლებლობები, რომ ეს მშვენიერი ქვეყანა სწორი გზით წავიდეს. ჩვენი ხვალინდელი დღე ასე წარმომიდგენია: უნდა მოვიდეს თაობა, რომელიც რეალისტურად იაზროვნებს, სამშობლოზე იზრუნებს და მზად იქნება, ქართული სახელმწიფო მართოს. ცხადია, ამას ნებისმიერი ვერ შეძლებს. იცოდე, როგორ მართო ქვეყანა და როგორ წაიყვანო სწორი გზით, ეს ძალიან დიდი ხელოვნებაა.
საქართველო ახლა დიდი არჩევანის წინაშე დგას: მსოფლიოს დიდი გადანაწილება ხელახლა იწყება და ამ ვითარებაში ისეთი გზა უნდა ავირჩიოთ, რომელიც ამ ქვეყნის განადგურებას არ გამოიწვევს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნის მართვის ნიჭით დაჯილდოებული ხალხი ახალი თაობიდან გამოჩნდება. ამის იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ ექნებოდა!
ხათუნა ჩიგოგიძე