"დღეს “ფეიკების” სამყაროა და კარგი და ცუდი ხარისხი ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. მკურნალობა ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი" - გზა სტომატოლოგის სავარძლიდან "ჰოლივუდის ღიმილამდე"
თუკი შენი ღიმილი არ მოგწონს ან თუნდაც ერთი კბილი გაკლია და მისი აღდგენა გაქვს გადაწყვეტილი, ან ჯერ კიდევ ორჭოფობ, იმპლანტაცია გაიკეთო თუ არა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა - თანამიმდევრულად გიამბობთ, თუ რა ეტაპებია გასავლელი.
ბევრისგან მსმენია, რომ ნემსისა და სტომატოლოგიური პროცედურების შიში აქვს და ამის გამო ექიმთან მანამ არ მიდის, სანამ გამოუვალი მდგომარეობა არ შეექმნება. პირადად მე მათ რიცხვში არ ვიყავი, მაგრამ როდესაც ორიოდე წლის წინ მითხრეს, რომ უფრო ლამაზი ღიმილისთვის იმპლანტაცია დამჭირდებოდა, კატეგორიული უარი განვაცხადე, რადგან გადმოცემით ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული ამბავი იყო, თავის პოსტოპერაციულ პერიოდთან ერთად. როცა ვიდეოს ვუყურე, თუ როგორ კეთდებოდა ამ ტიპის ოპერაცია, კიდევ უფრო გამიმყარდა მოსაზრება, რომ ამას არ გავიკეთებდი, და ეს იყო ჩემი ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ის შედეგი, რაც ბევრად ადრე შეიძლებოდა მქონოდა, გაჭიანურდა. ამიტომ პაციენტებს, ვისაც პირის ღრუს საფუძვლიანი მოწესრიგება გაქვთ გადაწყვეტილი, გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაატაროთ მსგავსი ექსპერიმენტები და ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ნუ გძლევთ, როცა საქმე ამა თუ იმ ოპერაციას შეეხება... საბოლოოდ, მაინც იძულებული გავხდი მკურნალობის ამ მეთოდისთვის მიმემართა და წინასწარ საგულდაგულოდ შერჩეულ კლინიკაში მივედი. შემდეგ გადავიღეთ ე.წ. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია და დავნიშნეთ ოპერაციის თარიღი. ცხადია, ვღელავდი, თუმცა პროცედურა ისეთი რთულიც არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. სხვების არ ვიცი და, ჩემს შემთხვევაში, უმტკივნეულოდ ჩაიარა, რადგან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების, პირველი ნემსის ჩხვლეტის შემდეგ, ვეღარაფერს გრძნობ, დანარჩენი და ყველაზე მთავარი კი ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. გირჩევთ, ამ დროს ქირურგს არ უყუროთ, თუ რა ინსტრუმენტს იღებს ან რა მანიპულაციას ატარებს, რადგან ამის ცოდნა ნამდვილად ზედმეტია და თავს ნუ დაისტრესავთ, მით უმეტეს, იმ მომენტში...
ანესთეზიის შემდეგ ქირურგი უკბილო ადგილას ჭრის ღრძილს (თუ კბილი ამოსაღებია, მაშინ მის ადგილას) და იმ მიდამოს დამუშავებას იწყებს, სადაც იმპლანტი უნდა მოთავსდეს. ტომოგრაფიის წყალობით, ეს ყველაფერი წინასწარ, მილიმეტრებშია გათვლილი. ამ დროს პაციენტი ვერაფერს გრძნობს, გარდა იმისა, რომ პერიოდულად უჩვეულო ხმები ესმის, რაც ძვლის დამუშავებას და ხრახნის ჩასმას ახლავს თან. ბოლოს იკერება ღრძილი და სრულდება ოპერაციაც. ამის შემდეგ იწყება ყველაზე მთავარი, ის, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - როგორ მოუვლით ამ უფაქიზეს ადგილს. პირადად მე ოპერაციის შემდგომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს ვსვამდი, ისიც, რამდენიმე საათის მერე. მეორე დილიდან ისუფთავებ პირის ღრუს, იკეთებ სავლებსა და ყველა იმ პროცედურას, რასაც ექიმი გავალებს. სვამ მხოლოდ სითხეს და ჭამ დაბლენდერებულ საკვებს. არ შეიძლება ცხელი, ცხარე, ნიგვზიანი. რაც უფრო სუფთად შევინარჩუნებთ პირის ღრუს, მით უკეთესად მიდის ღრძილის მოშუშების პროცესი.
ისევე როგორც ყველა პოსტოპერაციულ პერიოდს, იმპლანტაციასაც ახლავს დისკომფორტი, ტკივილი, შეშუპება, ზოგ შემთხვევაში დალურჯებაც. ყველაზე რთული პირველი სამი დღეა, რადგან მესამე დღეს შეშუპება ოდნავ იმატებს, შემდეგ კი ნელ-ნელა იკლებს. პოსტოპერაციული პერიოდი დაახლოებით 7-10 დღეს გრძელდება, ნაკერების ამოღებამდე, ღრძილის სრულ შეხორცებას კი დაახლოებით 3 კვირა სჭირდება, ხოლო იმპლანტის ძვალთან ინტეგრაციას - 3-4 თვე. ამ დროის განმავლობაში არ შეიძლება მასზე ზეწოლა, ღეჭვა იმ ადგილას, სადაც იმპლანტია ჩასმული. 3-4 თვის შემდეგ ღრძილი კვლავ იჭრება, უკვე არსებულ იმპლანტზე მაგრდება მაფორმირებელი, რასაც მოსაშუშებლად კვლავ 7-10 დღე სჭირდება. ამ დროის განმავლობაშიც უმჯობესია მივირთვათ დაბლენდერებული საკვები, წვნიანები და ა.შ. (თუმცა გააჩნია იმპლანტების რაოდენობასა და ადგილმდებარეობას, ამას კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ ექიმი გირჩევთ.
გაითვალისწინეთ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია!)
უმთავრესი რჩევა - ვერასდროს განეწყობი ოპერაციის გასაკეთებლად, თუ ექიმს არ ენდობი, იპოვეთ თქვენთვის სასურველი ექიმი და მიენდეთ. თუ რამე ისე არ იქნება, როგორც საჭიროა, იმპლანტის ამოღება ყოველთვის შეიძლება.
გადავწყვიტე, ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ჩემი გამოცდილებით არ გამეზიარებინა და აზრი ამ საქმის პროფესიონალისთვის მეკითხა.
გალაქტიონ მახვილაძე, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, გლობალური ოსტეოინტეგრაციის აკადემიის ნამდვილი წევრი:
- ბოლო წლებში იმპლანტაციამ განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია და ბევრ რეკლამაში გვესმის, თუ რა მარტივია ე.წ. ჰოლივუდის ღიმილის მიღწევა კბილების არარსებობის შემთხვევაშიც კი. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს მკურნალობის ამ მეთოდს მიმართოს, რას ურჩევთ, პირველ რიგში რა უნდა გაითვალისწინოს.
- იმპლანტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის მკურნალობის სწორი გეგმის შედგენაა. მისი პრობლემიდან გამომდინარე, რამდენიმე ალტერნატიული გამოსავალი უნდა შევთავაზოთ და ავარჩიოთ ის, რომელიც მისთვის იქნება სასურველი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, ფინანსურადაც ხელმისაწვდომი. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობა, მისი პირის ღრუს მდგომარეობა და ამის მერე გადაწყდეს, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. შედეგი უნდა დავინახოთ წინასწარ და მისკენ მისასვლელი გზა დეტალურად დავსახოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპლექსურ მკურნალობაზეა საუბარი.
უპირველესად საჭიროა სრულფასოვანი კონსულტაცია ქირურგთან, დაუსვან შეკითხვები და სანამ რომელიმე პროცედურას დაგეგმავენ, ყველა კითხვაზე მანამდე მიიღონ პასუხები. ოპერაციაზე რომ წვები, ზუსტად უნდა იცოდე, რას იკეთებ, რატომ და რა შედეგი გჭირდება.
- ბევრს იმპლანტაციის შიში აქვს, ფსიქოლოგიურად შემზადება უჭირს და ურჩევნია, მაგალითად, იმ ერთი ან ორი კბილის გარეშე იყოს, ვიდრე ეს გზა გაიაროს, რომელიც მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც დაუძლეველია.
- პაციენტისთვის იმპლანტაცია უმარტივესი პროცედურაა, რადგან ანესთეზიის წყალობით ვერაფერს იგებს, ოღონდ უმარტივესია მაშინ, როცა, როგორც აღვნიშნე, წინასწარაა კარგად შესწავლილი და დაგეგმილი.
რეკომენდაციაა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებლად მთლიან პირის ღრუზე იყოს გადაღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი რამ გამოგვეპაროს. მყოლია პაციენტები, რომლებიც ერთი პრობლემით მოსულან, მაგრამ შემდეგ იმდენი რამ აღმოგვიჩენია, 7-8-თვიანი კომპლექსური მკურნალობა დასჭირვებიათ.
- დღესდღეობით უამრავი სტომატოლოგიური კლინიკაა და მომხმარებელი იბნევა, როგორ და რის მიხედვით უნდა ამოარჩიოს, სად მივიდეს, რომ მოტყუებული და იმედგაცრუებული არ დარჩეს.
- სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში სრული ქაოსი, უკონტროლობა და განუკითხაობაა. საბოლოოდ, ყველაფერი გადის ექიმის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე. ყველას ჰგონია, მაგარია, კარგად აკეთებს, მაგრამ... საოცრებებს სჩადიან, რაც მერე სხვისი გამოსასწორებელია... ასეთი განუკითხაობა შობს იმას, რომ კეთილსინდისიერი სპეციალისტები იჩაგრებიან. პაციენტებისთვის ჩემი რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ ფასით არ მიიღონ გადაწყვეტილება, არ იფიქრონ, იაფია ცუდი იქნებაო, ან რადგან ძვირია, აუცილებლად კარგი იქნება. არა, მხოლოდ ეს არ არის მარკერი, ბევრი რამ განაპირობებს. დღეს ფეიკების სამყაროა და კარგი და ცუდი ხარისხი უნდა გავარჩიოთ. ჩვენი მკურნალობა ყოველთვის გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგზე, რასაც ბევრი რამ განაპირობებს.
- რომელი ქვეყნის მასალაა უფრო ხარისხიანი? როგორ გაარჩიოს პაციენტმა, დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ შეუძლია მოითხოვოს?
- დიახ, შეუძლია მოითხოვოს, ყველა იმპლანტს აქვს სტიკერი, ყუთზე აწერია, სადაურია. როგორც იცით, საქართველოში იმპლანტები არ იწარმოება, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. პირადად მე სამხრეთკორეულსა და გერმანულს ვანიჭებ უპირატესობას, შვეიცარიულიცაა, ისრაელისაც, თუმცა სხვა
ფსევდოქვეყნებიდანაც გვხვდება, ანუ ვითომ ევროპული ქვეყნებიდანაა, სინამდვილეში კი პატენტია.
- ბევრმა ზუსტად არც იცის, რა არის იმპლანტაცია, რომ იმპლანტის ძვალთან ინტეგრაციას 3-4 თვე სჭირდება და მერე ხდება მასზე მაფორმირებლებისა და გვირგვინების დამაგრება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცედურაც ერთ ეტაპად ტარდება.
- ამას ბევრი რამ განაპირობებს, შეიძლება ერთ დღეში და ერთ მომენტად გაკეთდეს ყველაფერი. ეს ინდივიდუალურია. დღეს მეთოდები იმდენად დახვეწილია, რომ განაკვეთის გარეშეც კეთდება ოპერაციები, ან კომბინირებულია. ზოგს პირდაპირ ვუმაგრებთ გვირგვინს იმპლანტზე.
როგორც იცით, იმპლანტი ხრახნისებური წარმონაქმნია, რომელსაც პაციენტის უკბილო ადგილას, ყბის ძვალში ვათავსებთ და შემდგომ მასზე მაგრდება ხელოვნური კონსტრუქცია, რომელსაც ძვალზედა კონსტრუქცია ჰქვია. იმპლანტი ძვალშიდა კონსტრუქციაა, რომელიც თავსდება ძვალზე და ღრძილის გაკერვის შემდეგ, ცხადია, ის არ ჩანს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასალისგანაა. ზოგადად, ტიტანისაა, მაგრამ კიდევ უამრავი ნაირსახეობაა და ისევ კომპანიის ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მისი ხარისხი.
ძალიან მაღალი ხარისხის იმპლანტები "ტიტანიუმ გრეიდ 4"-ისგან მზადდება - ეს ოქროს სტანდარტია.
- ვთქვათ არ არის ხარისხიანი, რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს იმ ნივთიერებებმა, რაც უხარისხო იმპლანტიდან შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში?
- გააჩნია, მავნებლობას რა მასშტაბში განვიხილავთ. შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომელზეც ადრე აპელირებდნენ, რომ ტიტანი კიბოს იწვევს. პრობლემა სხვა რამეშია, თუკი "გრეიდ 4"-ის შემთხვევაში ინტეგრაცია უფრო ძლიერია, სხვა ხარისხების შემთხვევაში ინტეგრაცია ასეთი დოზით ვერ ხდება. რას ნიშნავს ოსტეოინტეგრაცია? იმპლანტის ზედაპირზე ძვლის შემოზრდა ხდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მეტალის ხარისხს, ისე მის სისუფთავესა და დამუშავების ხარისხს.
- როდის დაინერგა იმპლანტაცია ჩვენს ქვეყანაში?
- 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან შედარებით ცნობილი გახდა, 2000 წლიდან კი - მზარდი. პირადად მე ამ სფეროს 1999 წლიდან შევუერთდი, მანამდე ყბა-სახის ქირურგიაში ვმუშაობდი და ერთმა ლექციამ გადამაწყვეტინა იმპლანტოლოგიით დავინტერესებულიყავი. მაშინდელთან შედარებით ბოლო ათწლეულში სტომატოლოგიის განვითარებაში რადიკალური ნაბიჯები გადაიდგა. თუკი მანამდე ყველაფერი ხელით კეთდებოდა, ე.წ. ანალოგური მეთოდებით ახლა კომპიუტერი ჩაერთო, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბევრი რამ დახვეწა, შესაძლებლობები გაიზარდა.
საბედნიეროდ, ტექნოლოგიური განვითარებით საქართველო სტომატოლოგიაში არაფრით ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს. მეტსაც გეტყვით, ქართველები უცხოეთშიც ვკითხულობთ ლექციებს, ვორკშოფებს ვატარებთ, ხშირად გვიწვევენ ღონისძიებებზე. ამაში ჩვენი მეგობარი კომპანიებიც გვეხმარებიან, არა მხოლოდ ქართველები, უცხოური წარმომადგენლობებიც. ეს არ არის კომერციული გასვლები, საგანმანათლებლოა და ძალიან კარგია, როცა ასეთ პროცესებში ვართ ჩართული, რაც მიუთითებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია.
დღეს საქართველოში არის შესანიშნავი კლინიკები და არიან პროფესიონალი ექიმები. ჩვენ უცხოელ სპეციალისტთა შეცდომაც ბევრი გვინახავს და აქ გამოგვისწორებია. ვერ ვიტყვით, რომ ვინმე გვჯობია.
- დაბოლოს, ყველას აინტერესებს ღირებულება, თუ რა თანხა დაუჯდება ეს "სიამოვნება"?
- ამას დათვალიერების გარეშე ვერ ვიტყვით. შეიძლება 750 ლარი დაჯდეს, შეიძლება 10 ან 25 ათასი ლარიც. მაგალითად, 6 წლის წინ გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც გერმანიაში გაკეთებული ოპერაციები 40.000 ევრო დაუჯდა. ტომოგრაფია რომ გადავიღეთ, იმდენად რთული მდგომარეობა დაგვხვდა, რომ ყველაფერი დასაშლელი შეიქნა და ოპერაციების შემდეგ 8-თვიანი მკურნალობა 50.000 ლარამდე დაუჯდა.
იმპლანტაცია არ არის მკურნალობის აუცილებელი მეთოდი. თუ არა გაქვს საშუალება, სხვა ალტერნატივაც არსებობს - პროთეზი და ა.შ. ადამიანი შესანიშნავ ვიზუალს მოსახსნელი პროთეზებითაც მიიღებს, მაგრამ იქ ფუნქციურად ყველაფერი სხვანაირად არის და ზოგისთვის მორალურად მიუღებელია. ამ შემთხვევაში იმპლანტაცია გამოდის როგორც დამხმარე ალტერნატივა და არა უალტერნატივო საშუალება.