"ის მანუგეშებს, რომ ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერი წავიდა...“
შვიდი წლის წინ ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში მცხოვრებ გურამ და ნათელა ლაზიშვილებს პატარა გიორგი მაშინ შეეძინათ, როდესაც ნათელა ლაზიშვილი 59 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე, გურამ ლაზიშვილი - 61 წლის. 33 წლის განმავლობაში ნანატრი შვილის დაბადების სიხარული მთელმა საქართველომ პრესითა და სოციალური მედიით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ხანდაზმული დედა იყო, ენერგიით სავსემ ბავშვი დამხმარეს გარეშე გაზარდა...
"33 წელი ველოდი ამ სიხარულს... 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, რაც ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება!" - ამბობდა გურამ ლაზიშვილი გიორგის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ. სამწუხაროდ, გურამ ლაზიშვილი უეცრად გარდაიცვალა.
თუ როგორია დედა-შვილის დღევანდელობა, ამის შესახებ თავად ნათელა ლაზიშვილი გვიამბობს...
- ქალბატონო ნათელა, რით გარდაიცვალა თქვენი მეუღლე?
- ალბათ, გულმა უღალატა. მთელი ცხოვრება ძალიან ჯანმრთელი იყო. ის მანუგეშებს, რომ ძალიან ბედნიერი წავიდა, ჩვენმა შვილმა იმდენად შეცვალა და გააბედნიერა.
თებერვალში გიორგი 8 წლის გახდება. მამა კარგად ახსოვს, ხშირად ახსენებს. მეორე კლასშია, ღმერთს მადლობა, კარგი ბავშვია. განსაკუთრებით ქართული, მათემატიკა და ბუნება უყვარს. სკოლა დაახლოებით ორ კილომეტრშია. ბავშვებს სამარშრუტო ტაქსი აკითხავთ, დილით მიჰყავთ და საღამოს მოჰყავთ.
- როგორი სახლი, პირობები გაქვთ?
- ცუდი არ არის, პირობებიც ნორმალურია. ყველაფერი კარგად სად არის დღეს, მაგრამ რას ვიზამთ, როგორღაც ფონს გავდივართ. ყველაფერს თავად ვუძღვები, ვინ მომეხმარება, ყველა მის გაჭირვებაშია! ძროხა არა მყავს, არც ფრინველი. ციტრუსი გვაქვს, მაგრამ წელს არ ასხია. როცა ესხა, არც მაშინ ჰქონდა ფასი, მაგრამ ახლა საერთოდ გაქრა. ბოსტანიც მაქვს. ჩვენი შემოსავალი ჩემი პენსიაა, ბავშვის დახმარებაც გვაქვს.
- თქვენი მეუღლე ამბობდა, რომ შვილს გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაუხდიდა...
- ასეც იყო... გიორგის დაბადების დღეს მეც ყოველთვის ვუხდი. 9 თებერვალს დაიბადა, ამ დღეს ჩემი დისშვილები ტორტით გვსტუმრობენ. რაც შემიძლია, ყველა სურვილს ვუსრულებ.
პ.ს. გურამ ლაზიშვილი ინტერვიუში ჰყვებოდა, თუ რატომ არ უფიქრიათ ბავშვის აყვანაზე, რისი მიზეზიც მისი მეუღლის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყო.
"შვილის აყვანა რომ მნდომოდა, ადრიდანვე ვიფიქრებდი, მაგრამ... ჩემი მეუღლის ოჯახს სულ გოგონები ჰყავდა, იშვილეს ვაჟი, თავს ევლებოდნენ, ისე ზრდიდნენ. შემდეგ ვიღაცამ ჩააწვეთა, ნაშვილები ხარო, და დაინგრა ოჯახი... გამზრდელ მშობლებს გაექცა, ცოლის ჭკუაზე წავიდა, სადღაც ბარაკებში იქირავეს ბინა და ეს ნაფერები ბიჭი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. თითქმის ჩემი მეუღლის გაზრდილი იყო და მაგ დარდს ლამის გადაჰყვა. დღეს ჩემი სიდედრის და სიმამრის სახლში აღარავინ ცხოვრობს, დახურულია კარი... ამ ამბით შეშინებულებს ბავშვის აყვანაზე აღარც გვიფიქრია".