როცა ბანკი დაყადაღებულ ბინას ყიდის, მაგრამ მფლობელი სახლის დაცლას არ აპირებს - კვირის პალიტრა

როცა ბანკი დაყადაღებულ ბინას ყიდის, მაგრამ მფლობელი სახლის დაცლას არ აპირებს

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

შარშან, ხელშეკრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ თანხა გადავრიცხე. უნდა გამოეგზავნათ საქონელი. დღესაც არაფერია გარკვეული. ვის მივმართო?

- სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, შესაბამისად, თქვენ კვლავ გაქვთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, ასევე მნიშვნელოვანია თავად ხელშეკრულების შინაარსი, თუ რა პირობებზე შეთანხმდით მხარეები, ასევე პირობებში უნდა იყოს გაწერილი, დავის შემთხვევაში ვისთვის მიმართვის უფლება გაქვთ.

ნაცნობმა დამარწმუნა, რომ მთელი დანაზოგი ჩამედო მის კომპანიაში, ხელშეკრულება არ გამიფორმა და რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ გაიქცა. როგორც გავარკვიე, ჩემნაირი მოტყუებული კიდევ ბევრი ჰყავს. არის რამე გზა ფულის დასაბრუნებლად?

- ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ პოლიციას თაღლითობის გამო, ასევე სასურველი იქნება, თუ სხვა მოტყუებულებიც (დაზარალებულები) მიმართავენ პოლიციას, ვინაიდან სამოქალაქო კუთხით არა გაქვთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მის კომპანიაში ჩადეთ თანხა და ამით დაზარალდით.

თუ შეიძლება მთელი წლის პენსიის დაგროვება ბანკში და ეს ხომ არ გახდება შეჩერების მიზეზი?

- კანონით განსაზღვრულია, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც პენსიას 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს პენსიონერი ბარათიდან, მაშინ მას შეუჩერდება პენსია.

ვართ სამი ძმა. ჩემმა უფროსმა ძმამ გადაიფორმა მიწის ნაკვეთი ქალაქ საჩხერესთან, 1800 კვმ, ასევე ბინა ქალაქ ჭიათურაში. მე და ჩემს შუათანა ძმას დაგვრჩა მამაპაპისეული სახლი სოფელში. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ სამართლებრივად?

- პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ, თუ ვისი ქონება გადაიფორმა თქვენმა ძმამ. აღნიშნული ქონება შეადგენდა სამკვიდრო ქონებას, მიიღო მშობლებისგან თუ საიდან წარმოიშვა ამ ქონებაზე უფლება. ამდენად, იმისათვის, რომ შევძლო თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, გთხოვთ მოგვმართეთ თავიდან და მიუთითეთ საკითხის ყველა დეტალი დაწვრილებით.

მქონდა სესხი ლიბერთი ბანკში ავტომანქანის უზრუნველყოფით. ხელფასიც მერიცხებოდა, ახლა აღარ ვმუშაობ, მანქანა ბანკმა გაყიდა, ახლა პენსიას არ მაძლევენ, მანქანამ ვერ დაფარა სესხი მთლიანადო. აქვთ თუ არა უფლება პენსიიდან ჩამომაჭრან სესხის თანხა? ასევე პენსიის მთლიანად ჩამოჭრა თუ შეუძლიათ?

- უზრუნველყოფის მეშვეობით სესხის დაფარვა მოხდება თუ არა, ეს სახელშეკრულებო პირობებზეა დამოკიდებული. ამიტომ ხელშეკრულებებია დეტალურად გასავლელი, თუ რა დათქმას შეიცავს უზრუნველყოფის ნაწილში. რაც შეეხება თანხის აღმასრულებლის მეშვეობით დაკავებას, ამის შესაძლებლობა კანონის საფუძველზე აქვს აღსრულებას, თუმცა სრული პენსიის დაკავების უფლება არა აქვთ.

ბინას ყიდის ბანკი, მაგრამ ბინაში ცხოვრობს ბინის პატრონი, რომელიც გაყიდვის წინააღმდეგია. მას შემდეგ, რაც ამ ბინას შევიძენ, შევძლებ თუ არა ბინიდან ამ ოჯახის გასახლებას?

- დიახ, შეძლებთ, თუმცა დაგჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისაღებად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ტიპის დავები, როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება. ასევე, დავის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებაც, რაც ასევე საკმაოდ ხანგრძლივდება.

მომიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ვინც დამეჯახა, დამპირდა, რომ მანქანას გამიკეთებდა, თუ არ ვიჩივლებდი. მოვილაპარაკეთ, მაგრამ ახლა უარს ამბობს გაკეთებაზე. რა გზები არსებობს, რომ მან ამინაზღაუროს ზარალი ან თავად გააკეთოს მანქანა? შემიძლია თუ არა ისევ გამომძიებელს მივმართო?

- თუ სწორად გავიგე, საგზაო შემთხვევის დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო ადგილზე, ვინაიდან კითხულობთ, ისევ თუ შეგიძლიათ გამომძიებელს მიმართოთ. თუ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, შესაბამისად, მათ შედგენილი ექნებათ ოქმი, რომელიც უნდა გამოითხოვოთ და აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება.

მყავს მცირეწლოვანი შვილი, ქმარს გავშორდი, მინდა მამობის უფლების ჩამორთმევა. რა არის ამისთვის საჭირო?

- მშობლის უფლების ჩამორთმევის წინა პირობები განსაზღვრულია კანონით და ხორციელდება მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით. სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ არა კანონით დადგენილი წინა პირობები, რომელთა გამო მშობელს უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება. აღნიშნულის გამო უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მამობის ჩამორთმევა. თუმცა პრაქტიკაში უფრო მიღებულია მშობლის უფლების შეზღუდვა, რომელიც ასევე სასამართლოს გზით ხორციელდება. მშობლის უფლების შეზღუდვა არ გართმევთ ალიმენტის მოთხოვნის უფლებასაც.

ვარ საქართველოს მოქალაქე, წლებია ემიგრაციაში ვარ და მივიღე საბერძნეთის მოქალაქეობა. არ მინდა დამეკარგოს საქართველოს მოქალაქეობა. როგორც მითხრეს, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გაუქმდება. როგორ მოვიქცე?

- საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე მაქვს ნაქირავები ბინა. ვცხოვრობთ უკვე მესამე თვეა, გადახდილი მაქვს პირველი და ბოლო თვის თანხა. ხშირად ამოდის ბინის მეპატრონე ბინაში და აქვს უსაფუძვლო პრეტენზიები სხვადასხვა საკითხზე. შემიძლია თუ არა ავუკრძალო მას ბინაში შემოსვლა? თუ ბინის დაცლის გადაწყვეტილებას მივიღებ, რადგან იქ ცხოვრება გაუსაძლისია, არის თუ არა ვალდებული დამიბრუნოს ბოლო თვის გადასახადი?

- თუ ბოლო თვის ქირის გადახდაზე სახელშეკრულებო პირობა არა გაქვთ, ასეთ შემთხვევაში, თუ დროზე ადრე მოგიწევთ გასვლა, ბოლო თვის თანხა უნდა დაგიბრუნონ. რაც შეეხება დამქირავებელს შეუძლია თუ არა აუკრძალოს მეპატრონეს ბინაში შესვლა, კი, შეუძლია, თუ ეს ხდება ძალიან ხშირად. დამქირავებელს, მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია ნივთი დაიცვას ნებისმიერი პირისგან, მათ შორის მესაკუთრისგან. თუ პირადი დისკომფორტი გაქვთ და ის პირად სივრცეს გირღვევთ, მით უმეტეს, უფლება გაქვთ აუკრძალოთ მოსვლა, არ გაუღოთ კარი. გამოიძახეთ პატრული და დაუფიქსირეთ, რომ ბინა ნაქირავები გაქვთ და შემოჭრას ცდილობს.

ვცხოვრობ საზღვარგარეთ. ბავშვი დაიბადა უცხოეთში და არის მამის გვარზე, ხელმოწერა გაუქმებული გვაქვს, უკვე რამდენიმე წელია შვილი არც მოუკითხავს და არც უნახავს, მაგრამ ხელს მიშლის, როდესაც ბავშვზე რაიმე საბუთი მჭირდება. რა შემიძლია გავაკეთო, რომ მეურვეობა მივიღო ან საერთოდ, მამობა ჩამოვართვა?

- ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოთ იმ ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის ბავშვი.

რამდენიმე ხნის წინ მომივიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ორივე გოგონა ვართ. ადგილზე ორივე პირი პოლიციამ გაგვამტყუნა და დაიწერა შერეული ოქმი. საჯარიმოდან მე ჩემი ავტომობილი გამოვიყვანე, მან - თავისი. გადის დრო და მომდის შეტყობინება, ყადაღა გადევთო. როგორც გაირკვა, იმ გოგონამ მიჩივლა და დამედო ყადაღა, პოლიციის ოქმიც ბათილად იქნა ცნობილი. მაქვს ბანკის სესხი, ყოველთვიური შესატანი 800 ლარი, მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლესაც გაშორებული ვარ. მაქვს ერთი სამსახური, ვმუშაობ `112~-ში. რა შეიძლება მოვიმოქმედო? მეორე მხარე არ მოდის თანხის გადანაწილების მოლაპარაკებაზე. როგორ მოვიქცე?

- ამ შემთხვევაში თანხის გადანაწილების საკითხი მოლაპარაკების საგანია, რაზეც მეორე მხარეც უნდა იყოს თანახმა.

რა რისკს შეიცავს აუქციონის გზით გასაყიდი ბინის შეძენა?

- ზოგადად ამ საკითხზე საუბარი რთულია, ვინაიდან ბევრი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა შემთხვევაში იყოს გასათვალისწინებელი. განსხვავდება აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალისტის აუქციონი. საკუთრების უფლების წარმოშობის თვალსაზრისით, აუქციონის პროცედურები უნდა იყოს აუქციონის მომწყობის მიერ ზედმიწევნით დაცული. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა გზით ხდება ბინის რეალიზება, იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გზით, ვინაიდან იძულებითი რეალიზებისათვის აუქციონზე შეძენილი ბინის ახალ მეპატრონეებს ხშირად წარმოეშვებათ ყოფილი მეპატრონის ან და სხვა პირის მფლობელობიდან ბინის გამოთავისუფლებაზე პრობლემა, რის გამოც ხშირად უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა.

ბინას ყიდის ბანკი, მაგრამ ბინაში ცხოვრობს ბინის პატრონი, რომელიც გაყიდვის წინააღმდეგია. მას შემდეგ, რაც ამ ბინას შევიძენ, შევძლებ თუ არა ბინიდან ამ ოჯახის გასახლებას?

- დიახ, შეძლებთ, თუმცა დაგჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისაღებად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ტიპის დავები, როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება. ასევე, დავის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაგჭირდეთ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებაც, რაც ასევე საკმაოდ ხანგრძლივდება.