შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები
მოდა თვითგამოხატვის ფორმა და გემოვნებისა და ჩვევების ერთობლიობაა, რომელიც გარკვეულ ადგილსა და სოციალურ გარემოში გარკვეული პერიოდით იკიდებს ფეხს. მოდა დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებული ტენდენციაა გარკვეული საგნების ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. კიდევ უფრო ვიწრო გაგებით, მოდამ შეიძლება განსაზღვროს ჩვენი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ცხოვრების სტილის მიმდინარეობა, ფორმა და იერი. შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციებზე სასაუბროდ დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ვესაუბრეთ.
2024-25 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები ძალიან საინტერესოა. არის გამოკვეთილი ძირითადი ტრენდები, რაც სხვადასხვა მოდის სახლებმა შემოგვთავაზეს, ეს იქნება ხელოვნური ბეწვი, ტყავი, ზამში, ნაქსოვები, ასიმეტრია...
ეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, ტყავი უნდა იყოს აუცილებლად ხელოვნური. ხელოვნური ბეწვი და ტყავი საინტერესო მიქსია ქსოვილთან ან ზამშთან, - ეს არის 2025 წლის ზამთრის ძირითადი ტენდენცია. ბეწვი შესაძლოა შეგვხვდეს საღამოს კაბაზე, დაბრუნდა ბეწვისსაყელოიანი პალტოები, თუმცა ბეწვი უნდა იყოს პასტელურ ტონებში, ან მჭახე ფერის.
პალტოს სიგრძე შეიძლება იყოს მაქსი, ასევე მოდურია მოკლე პალტოები ან ქურთუკები, რომლებიც თეძომდე ძლივს აღწევს. საინტერესოა პალტოების ფორმა, იმიტომ, რომ ფორმა სტილის გამოძახილია. ოვერსაიზი ისევ შენარჩუნებულია, თუმცა უკვე ფიქსირდება წელზე.
ტენდენციურია ხელოვნური ტყავის ფერადოვნება, უფრო ღვინისფერ-ალუბლისფერი. ძალიან მოდურია ბორდოსფერი ტონალობები. ამ ფერში გვხვდება ქურთუკები, პალტოები, კაბები, მთლიანი ლუქი, აწყობილი ერთ ტონალობაში. გვხვდება ასევე მწვანის, ბეჟის, ტერაკოტის ტონალობები.
- ერთი ბლოგერი წერს, წლევანდელი ფერი შავი ყავისფერიაო.
- უფრო კონკრეტული თუ ვიქნებით, ყავისფერსა და ბორდოსფერს შორის ფერია. ძალიან საინტერესო ტონალობაა. მის მისაღებად მხატვარი ერთმანეთში შეურევდა ბორდოსფერს, ცოტა იასამნისფერსა და ცოტა ყავისფერს.
- როგორია შარვლები?
- რამდენიმე სეზონზე მოდური იყო ფართხუნა, განიერი შარვლები, რომელიც ოვერსაიზს ხაზს უსვამდა. წელსაც რჩება მასიური შარვლები, მაგრამ კლასიკურიც შემოდის მოდაში, რომელიც შესაძლოა იყოს გამჭვირვალე ან კუბოკრული ქსოვილებით შეკერილი. წელს კუბოკრული ქსოვილი განსაკუთრებით მოდურია. შეიგრძნობა ტენდენცია, რომ კლასიკური შარვალი ბრუნდება, თუმცა განიერი ისევ არ კარგავს აქტუალურობას, რაც უხდება დაფიქსირებულ წელსაც და ოვერსაიზსაც. ძალიან საინტერესო ტენდენციაა ამ სეზონისთვის ქვედაკაბებზე ასიმეტრიული ფორმები, მიქსი სქელი და თხელი ქსოვილების, ან ბრჭყვიალა და უხეში, რაც ხაზს უსვამს ასიმეტრიას.
- კლასიკური ვიწრო ქვედაკაბები აღარ არის ტენდენციური?
- მოდურია ტყავის ორეულები კლასიკური მიდი ქვედაკაბებითა და კლასიკური ტყავის შარვლებით.
წლევანდელი ზამთრის ტენდენციებში ძალიან დიდი ადგილი უკავია თავსაბურავს. თუ გაზაფხულ-ზაფხულზე გარდერობის ერთ-ერთი მთავარი დანამატი ფერადი შარფები იყო, ახლა ვხვდებით ბერეტს, კეპს, შლაპას... ასევე ძალიან მოდურია ზამში და ნაქსოვები, დიდი კარდიგანები, რომელიც წელზეა დაფიქსირებული.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამ ზამთარს ტრენდულია ტყავის ჩექმები, ბოტფორდები, ე.წ. კაზაჩოკები, რომლებიც შეიძლება იყოს ნებისმიერი სიმაღლის,. ქუსლის სიმაღლეც ყველანაირი გვხვდება. ეს ფეხსაცმელი ძალიან პრაქტიკულია და ყველანაირი ფორმის ფეხს სრულყოფილ იერს სძენს.
- როგორი იქნება მეიქაფი?
- ბუნებრიობასთან ახლოს. ბუნებრივი მაკიაჟი ძალიან საინტერესოა, რასაც მეიქაფის ძალიან კარგი ცოდნა უნდა. ეს უმაღლესი ტექნიკაა, რაც ბოლო რამდენიმე სეზონისთვის არის დამახასიათებელი.
და ბოლოს, ჩემი დევიზია - ამდენ ტენდენციაში აუცილებლად ვიპოვოთ ის, რაც ძალიან გვიხდება, რაც ძალიან კომფორტულად გვაგრძნობინებს თავს. ეს იქნება მოსაცმელი, ქუსლის სიმაღლე თუ კაბის სიგრძე, იმისათვის, რომ ყოველდღიურად და ყველა საზოგადოებაში ვბრწყინავდეთ.