ძაღლები სამოდელო ბიზნესში
სამოდელო ბიზნესმა აქტიურად დაიწყო მოდელი ძაღლის პროფესიის დანერგვა, წამყვანმა მოდის ბრენდებმა სპეციალურად ძაღლებისთვის გამოუშვეს სამოსი, ადამიანების აქსესუარებს კი ძაღლების თემატიკა დაუმატეს, მოდურმა გამოცემებმა სარეკლამო ფოტოებისთვის მოდელებთან ერთად ძაღლების გადაღება დაიწყეს. მიზანი ერთია - უფრო მეტი ლოიალურობა შინაური ცხოველებისა და მომხმარებლის კეთილგანწყობა პროდუქციის მიმართ. სოციალურ ქსელში თანდათან ინფლუენსერი ადამიანების გარდა, ძაღლი ინფლუენსერებიც გამოჩნდნენ. ძაღლთან ერთად პოზირება უფრო მოდურია, ადამიანის ემპათიურობასა და მის დადებით განწყობაზე მეტყველებს, ამიტომაც სამოდელო ბიზნესმა აქტიურად დაიწყო მოდელი ძაღლის პროფესიის დანერგვა, ასეთი ერთ-ერთი კი კორა და მისი პატრონი სტეისი ჯონსია. კორა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარულ მოდელ ძაღლად ითვლება. ის მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა და სატელევიზიო შოუებში. თუმცა მოდელ ძაღლთან ერთად მუშაობა კიდევ სხვა სირთულეებს წარმოშობს. როგორ მუშაობს ძაღლი კამერასთან და რამდენად საიმედო პარტნიორია კორა გადასაღებ მოედანზე ამ საკითხზე ნიუ-იორკიდან პოპულარული მოდელი ძაღლის, კორას პატრონი სტეისი ჯონსი გვპასუხობს.
- საინტერესოა, როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
- ორი თვის იყო კორა, როდესაც ერთმანეთს შევხვდით, მე და ჩემი მეუღლე ნიუ-იორკში ვიყავით, სადაც მისი სტილისტია. კორას ჰყავს დაც, ისინი სახლის უკანა ეზოში თამაშობდნენ. ჩვენ ერთად ვისადილეთ, რომ უკეთ გაგვეცნო და მივმხვდარიყავით, რამდენად მოგვწონს ერთმანეთი. სიმართლე გითხრათ, ვერ გადამეწყვიტა, რომელი მინდოდა, კორა თუ მისი და. შიმეონი კორათი იყო აღფრთოვანებული, ამიტომაც ის ავირჩიეთ, ან სულაც მან აგვირჩია. ვიგრძენით, რომ ის იყო, ვისაც ჩვენთან უნდა ეცხოვრა.
- გაგვაცანით ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი ძაღლი.
- კორა 2 წლისაა, მისი წინაპრები მსოფლიო ჩემპიონები არიან. მშვიდი, კარგი ხასიათი აქვს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, ყოველდღე სეირნობს ცენტრალ-პარკში და მედისონ-ავენიუზე დაბრძანდება საყიდლებზე, ყველასგან უდიდეს ყურადღებას იღებს, ზოგჯერ თავი მისი დაცვა მგონია. ვხუმრობ, ქუჩაში ნიკოლ კიდმანის ძაღლის ვერსიასთან ერთად დავდივარ-მეთქი.
- რამდენად რთულია ძაღლის გადაღება მოდური ფოტოსთვის?
- მუდმივად გვაქვს შემოთავაზებები და უკვე იმდენად მიჩვეულია, რომ ფოტოაპარატიან ადამიანს რომ ხედავს, წინ უდგება. კამერის წინ დგომაც უყვარს. ყოველთვის მაგებინებს, თუ რამე არ მოსწონს. გადაღების დროს გამორიცხულია, შეუმჩნევლად დატოვოს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს. განსაკუთრებულია მისი შავ-თეთრი ფოტოები, მათგან გამოვარჩევდი ერთს - ჯიმი ჩუს ფეხსაცმელში. ამ ფოტომ დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ამჟამად ძალზე დაინტერესებული არიან ცხოველთა პოპულარიზაციით სარეკლამო და მოდის ბიზნესში, სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ძაღლების გვერდები, ინფლუენსერები, რომელთაც მილიონობით გამომწერი ჰყავთ. Fარელ უილიამსმა ახლახან გამოუშვა 2025 წლის კოლექცია, სადაც ძაღლის თემატიკა ლიდერობს, ვიუტონთანაც ნახავთ ძაღლის სახლებს, აქსესუარებს, საკვებ ჭურჭელს, ჩანთას, საბელს.A მისი კოლექციის ხაზშიც ლიდერობს ძაღლის თემატიკა, სარეკლამო კამპანიაშიც მიაღებინა მონაწილეობა ძაღლებს, მის მაღაზიებში კი ძაღლით შეგიძლიათ შებრძანდეთ, სადაც მათთვის გამოყოფილია მოსასვენებელი ადგილიც. ძაღლის ხილვა მოდურ ფოტოზე ყოველთვის კეთილგანწყობას იწვევს დამთვალიერებელში. ახლახან კორამ მონაწილეობა მიიღო „შუტტონ Pლაცე Pუპ“-ის მარშში, ასევე დიზაინერ მიმი პლანჟის სარეკლამო კამპანიაში. მისი მოდურ ფოტოებში გამოჩენა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან ბევრი მაღაზიის სარეკლამო ბანერზეც დაინახავთ მის ფოტოს.
ძაღლები რიჩარდ ავედონის ფოტოობიექტივში
როდესაც რიჩარდ ავედონი პატარა ბიჭი იყო, მისი მშობლები ხშირად ქირაობდნენ ძაღლებს საოჯახო პორტრეტებისთვის. "ჩვენ ძვირადღირებული მანქანების წინ ვპოზირებდით, სახლების, რომლებიც ჩვენი არ იყო. თითქოს კადრი პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩვენს ოჯახურ პორტრეტებში ძაღლები უნდა ყოფილიყვნენ". რიჩარდ ავედონი იყო ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც მოდელი სტუდიიდან ბუნებრივ გარემოში გაიყვანა, გამოსახულებით სინამდვილე გადმოსცა, ქუჩები, მანქანები, ბუნება, ქალები, რომლებიც ძაღლებთან ერთად სეირნობენ და ამასთან, აცვიათ "დიორი" და "შანელი". მოდა, როგორც ავედონი იტყოდა: "არის ის, ვინც შენ გინდა, რომ იყო, და არა ის, რაც ხარ".