„დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ორი მომენტია: ეძებო და ელოდო“ - კვირის პალიტრა

„დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ორი მომენტია: ეძებო და ელოდო“

რა არის ფოტო? - იტყვით, სახსოვრად შემონახული წამიო. ალბათ, ასეცაა, მაგრამ გინახავთ ფოტოები, რომლებიც გადმოსცემს დროს, ამბავს, გარემოს, ფიქრს, სურნელსაც კი... სწორედ ასეთია ფოტოდოკუმენტალისტ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მისი "დუხობორების სოფელი" ფერწერაა ფოტოგრაფიაში, მაღალმთიან აჭარაში გადაღებული ფოტოები კი გაუპრანჭავ, გულწრფელად მოყოლილ ამბებს ჰგავს, თავისი სევდით, სენტიმენტებით, მხიარულებით, აღარაფერს ვამბობ ფოტოგრაფის მშობლიურ სოფელ თაგვეთში გადაღებული ფოტოების სერიაზე... ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები არაერთ მსოფლიო გამოცემაში იბეჭდება, მისი ნამუშევრებით ხშირად ინტერესდებიან კოლექციონერებიც.

- ფოტოგრაფიით დიდი ხნის წინ დავინტერესდი, მაშინ 22-23 წლის ვიყავი, ძალიან მინდოდა კინოოპერატორობა. ამისთვის დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლა, მაგრამ დავრჩი ფოტოგრაფიაში და ძალიან ბედნიერი ვარ. მანამდე კარგა ხანს ფოტორეპორტიორად ვმუშაობდი, ბოლო 15 წელი კი დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ.

- ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ბავშვობა.

- ჩემი სოფელი თაგვეთი ხაშურიდან 3 კილომეტრშია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი პროექტი "თაგვეთი" ძალიან მალე წიგნადაც გამოვა. ფრანგები გამოსცემენ. ესაა შავ-თეთრი ფოტოები, რომელთაც წლების წინ ფირზე ვიღებდი.

272119480-4597428843644110-4027774826559509173-n-1731873255.jpg

- თქვენი ბევრი ფოტო ცხადყოფს, რომ გიყვართ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა და იქაური ამბების კადრებად მოყოლა.

- ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ დავიბადე სოფელში. მიზიდავს გარემო, ადამიანები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს ცხოვრობენ, მათ ბევრი რამ შემოინახეს. ვფიქრობ, თბილისშიც ძალიან ბევრი თემაა, რომელიც შეიძლება გადაიღო და, ალბათ, ოდესმე გადავიღებ.

საერთოდ, ვიღებ იმ პროექტს, რომელიც მაინტერესებს და მიხარია, თუ ეს დამთვალიერებელზეც ახდენს გავლენას. სულ მახსოვს ჩემი მასწავლებლის სიტყვები: არ არსებობენ ფოტოგენური და არაფოტოგენური ადამიანები, არსებობენ კარგი და ცუდი ფოტოგრაფები.

6-1731873255.jpg

- წინასწარ იცით, რას გადაიღებთ, თუ ყველა კადრი სპონტანურად იბადება?

- მე ვიცი, კონკრეტულად რა მაინტერესებს. ხანდახან ჩავდივარ იმ მიზნით, რომ ნელ-ნელა შევისწავლო სოფელი თუ რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ბევრი რამ ვიცი იქაურობაზე. დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ასეა - რაც უფრო მეტ დროს გაატარებ გარემოსა და ადამიანებში­, უფრო მეტ აღმოჩენას აკეთებ. ხალხის მონათხრობიდან ბევრს იგებ მათ ხასიათზე, ცხოვრების წესზე, რაც ძალიან საინტერესოა. დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანია ამჩნევდე და ვერ გამჩნევდნენ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, საქართველო ფოტოგრაფიული ქვეყანააო.

- დიახ, ასეა. იმდენად ბევრი რამ არის კიდევ აღმოსაჩენი, ბევრი სოფელი, ბევრი ადამიანი... მართლაც საოცარი უნარი აქვს ფოტოს, შემოინახოს წამი, რომელიც აღარასდროს განმეორდება. როცა გავაცნობიერე, რა მინდოდა ფოტოგრაფიაში, მას შემდეგ სულ მინდოდა გადამეღო საქართველო, მისი რეგიონები, იქაური ცხოვრება. ხანდახან მგონია, იქ ჩემს ბავშვობას ვეძებ. ცვლილებები სწრაფად ხდება, ცხოვრება როგორიც იყო გუშინ, აღარ არის დღეს. ფოტოგრაფებსაც გვიწევს არსებობისთვის ბრძოლა. მაღალმთიან აჭარას წლების განმავლობაში ვიღებ და, სამწუხაროდ, ვერავინ დავაინტერესე ამ თემით. არადა, იქ რაც მხვდება, იმას ბარში ვეღარ ნახავ. უცხოეთიდან უფრო მეტი ინტერესია. წელს უკვე 3 ქვეყანაში მქონდა გამოფენა. მალე ბოლივიაში პერსონალური გამოფენა მექნება. დამთვალიერებლები ხშირად­ ინტერესდებიან საქართველოთი, მწერენ, რომ უნდათ ჩამოვიდნენ. მეკითხებიან, ესა თუ ის ფოტო სად არის გადაღებულიო. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ფოტოებით აღმოაჩინეს საქართველო.

იცვლება სოფლები, ზოგი ქალაქში გადმოდის, ზოგი უცხოეთში მიდის და არ ვიცი, თუნდაც 10 წელიწადში რა იქნება.­ მაგალითად ჩემს სოფელს მოვიყვან, რომელიც ახლოსაა ქალაქთან, ისედაც პატარა იყო და, ფაქტობრივად, დაიცალა... ორი წლის წინ სამეგრელოში ვიმოგზაურე. როდესაც გარედან ხედავ დიდ სოფლებს ულამაზესი სახლებით, გგონია, სავსეა, მაგრამ მერე აღმოაჩენ, რომ გამოკეტილია.

4-1731873255.jpg

- საქართველოს გარდა საზღვარგარეთ თუ მუშაობთ?

- დიდად ვერა, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებიც მაინტერესებს, მაგალითად, ირანი და ერაყი, სადაც ამ ზაფხულს ვიყავი. ეს მიმდინარე პროექტია, ვნახოთ...

ამჯერად ძალიან დავინტერესდი საქართველოს ინდუსტრიული ქალაქებით, ჭიათურით, ზესტაფონით, ტყიბულით. იმედია, ერთ დღეს ფეროში და მაღაროშიც შემიშვებენ გადასაღებად.

- რა არის მთავარი დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში?

- დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ორი მომენტია: ეძებო და ელოდო.