"გაიქცევა" თუ არა ლარის კურსი და გაძვირდება თუ არა პროდუქტი, თუ პოლიტიკური კრიზისი დროში გაიწელა?! - „მდგომარეობა არც ისეთი დრამატულია“ - კვირის პალიტრა

"გაიქცევა" თუ არა ლარის კურსი და გაძვირდება თუ არა პროდუქტი, თუ პოლიტიკური კრიზისი დროში გაიწელა?! - „მდგომარეობა არც ისეთი დრამატულია“

2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, არსებული მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლით გამოიხატება. 2024 წლის აგვისტოში რეალური მშპ-ის ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ზრდა 10%-ს გაუტოლდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, წლეულს საქართველოს ეკონომიკა 7,55%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1,81 პროცენტული პუნქტით მეტია, ინფლაცია კი სტაბილურად დაბალ ნიშნულზე რჩება. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, შემცირებულია უმუშევრობის დონე, საშუალო თვიური ხელფასები კი ზრდას განაგრძობს. ასევე ზრდას განაგრძობს სავალუტო შემოდინებები, მათ შორის ტურიზმიდან შემოსულობები და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას უწყობს ხელს.

ამ ფონზე, ყველა საერთაშორისო ფინანსური თუ ეკონომიკური ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ გეოპოლიტიკური რისკები და გლობალური ეკონომიკური ტენდენციები კვლავაც დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მით უმეტეს, შიდაპოლიტიკური პროცესებისა და არჩევნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების ნაწილი გახარჯა,­ რასაც ეკონომიკის ანალიტიკოსების ნაწილი უარყოფითად აფასებს. არსებობს მოლოდინები, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა შესაძლოა ინვესტორთა ნდობაზე უარყოფითად აისახოს, ხოლო თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დახმარების პროგრამებს გადახედავენ, შეიქმნება საფრთხე, რომ ამან ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- განსაკუთრებული სიფრთხილით არის საჭირო შეფასება, მათ შორის სებ-ის მოქმედებების.

ვალუტის სტაბილურობასა­ და საზოგადოებრივ სტაბილურობას შორის ბალანსის დაცვა სცილასა და ქარი­ბდას შორის მანევრირებას ჰგავს.

თავისთავად, თვითმიზანი ხომ არ არის სავალუტო რეზერვების შექმნა? მათი დანიშნულებაა უსაფრთხოების ბალიშის შექმნა ფულად-საკრედიტო სისტემისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სფერო - საფინანსო სექტორი, საზოგადოებისთვის, კომერციული ინსტიტუტებისთვის, მათ შორის საბანკო სექტორისთვის დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკონომიკის მდგომარეობაზე, არამედ საზოგადოების განწყობებზე, მოლოდინებზე, აღქმებზე კონკრეტულ მომენტში. ყველაზე უფრო ავტომატურ რეჟიმში მყოფი ეკონომიკური ინდიკატორია ვალუტის კურსი.

შეიძლება ეკონომიკა ერთი მიმართულებით ვითარდებოდეს, იზრდებოდეს, და ვალუტის კურსი, მიზეზთა გამო, მათ შორის, არაეკონომიკურ მიზეზთა გამო, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს.

სებ-ის ხელმძღვანელობამ ყველა ასპექტი უნდა გაითვალისწინოს გაწონასწორებული­ პოლიტიკის გასატარებლად. თვითმიზანი არ უნდა იყოს რეზერვების შექმნა, თორემ­ დავემსგავსებით მხოლოდ ვალუტის დაგ­როვებაზე გადასულ სუბიექტს, რომელსაც საზოგადოების მოთხოვნებსა და რეალურ ეკონომიკასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასპექტი, ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორები, რათა გავიგოთ, რატომ გაყიდა ეროვნულმა ბანკმა რეზერვების­ ნაწილი. რომ არ გაეყიდა, ეს თოვლის ზვავივით გამოიწვევდა აჟიოტაჟს საზოგადოებაში. ჩვენ სამხრეთელი­ ხალხი­ ვართ, ემოციები გვისწრებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებამდე და მერე უკან დაბრუნებას გაცილებით მეტი დრო და მათ შორის, სავალუტო რეზერვი დასჭირდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მძიმე ნაბიჯი იყო, რომელმაც ამ ეტაპზე გაამართლა. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება კიდეც ევროს მიმართ. ევრო დაეცა დოლარის მიმართ და რაკი დოლართან ვახდენთ კორელაციას, ლარი გარკვეულწილად გამყარებულადაც კი გამოიყურება.

- როდემდე შეძლებს სებ-ი კურსის დაჭერასა და ამ სტაბილურობის შენარჩუნებას?

- არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პროცესი რეზერვების მხოლოდ ხარჯვაზე იქნება ორიენტირებული. როგორც ზღვას აქვს მიქცევა-მოქცევა, სავალუტო რეზერვების შემოდინება-გადინებაც ურთიერთჩანაცვლებადია და დადგება მომენტი, როდესაც რეზერვები შევსებას დაიწყებს. თუნდაც წინასაახალწლოდ გაიზრდება იურიდიული პირების მოთხოვნა როგორც ეროვნულ ვალუტაზე, ვთქვათ, სახელმწიფოსთვის გადასახდელად, ისე ფიზიკური პირების მოთხოვნა ვაჭრობისა და საცალო საქონლის ბაზარზე. ეს ვალუტის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს და რეზერვების გარკვეულწილად შევსებასაც.

- კრიზისი გადავლილია?

- ეს არის წარმოებული კრიზისი და არა პირველადი. წარმოებულია იმ პოლიტიკური ქმედებებისა და აღქმებისგან, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება საარჩევნო პერიოდში.

თუ გვინდა ეს დაძაბულობა ჩაქრეს, აუცილებელია მისი პირველმიზეზის, ანუ პოლიტიკური დაძაბულობის თუ მთლიანად მოსპობა არა, ნორმალურ დონეზე­ დაყვანა მაინც. ამიტომ კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსების ნაწილისა და პოლიტიკაზე გადართული ფინანსური რესურსების ნაწილი გადართულიყო ეკონომიკურ საკითხებზე, მაშინ გაცილებით წინ ვიქნებოდით. ახლა მედიაში მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად გამართლებული იყო რეზერვებიდან რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გახარჯვა, ამ დროს გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო ისეთი სახის რესურსებისთვისაც კი, რომელთა წარმოების დიდი ისტორიული გამოცდილება და ტრადიცია გაგვაჩნია. ამას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მაგალითად, შემოგვაქვს სურსათი და უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია. თუ ამის ნეიტრალიზებას მოვახდენდით, გაცილებით მეტი ეფექტის მიღწევისა და დოლარის რეზერვის დაზოგვის შესაძლებლობა იქნებოდა. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის გაძლიერებასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე, მაგრამ იმის ნაცვლად, პოლი­ტიკოსების ცოდნა, გამოცდილება და ენერგია ამ პრობლემების მოგვარებისკენ იყოს მიმართული, გადასულია საარჩევნო პროცესზე. ასე რომ არ იყოს, პრობლემებს უფრო სწრაფად გადავწყვეტდით.

- არჩევნებს ხომ არ გავაუქმებთ? ეს ერთი, და მეორე, პოსტსაარჩევნო დაძაბულობას­ თუ გულისხმობთ, ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხომ ხელისუფლებაა ზოგადადაც და ამ შემთხვევაში არჩევნების ხარისხის გამოც.

- პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ტაში ცალი ხელით არ დაიკვრება, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე ეროვნული კონსენსუსია საჭირო, რასაც სჭირდება ერთნაირი ხედვა, ყველა პოლიტიკური ძალის ერთნაირი დამოკიდებულება. როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში და ბაიდენი და ტრამპი რომ შეხვდნენ ერთმანეთს თეთრ სახლში, ნახავდით, შეხვედრა რა კეთილგანწყობის გამომხატველი იყო. ეს ნიშნავს, რომ ისინი წინა პლანზე აყენებენ ერთიანობას, ამერიკელი საზოგადოების სიმშვიდეს. ერთიანობის განცდა არის აუცილებელი ნიშანი, რომ სახელმწიფო იყოს მდგრადი, განვითარებადი. ამ განვითარებას განსაზღვრავს არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, არამედ პოლიტიკური კლასის ერთიანობა.

- ჩვენს ეკონომიკას დავუბრუნდეთ. არსებობს ინფლაციის გაზრდის საფრთხე?

- სხვათა შორის, ინფლაციის მხრივ საკმაოდ კარგი მდგომარეობაა.

ბოლო 43 თვეა, საქართველოს უფრო დაბალი ინფლაცია აქვს, ვიდრე აშშ-ს.

ბოლო 20-მდე თვეში საქართველოს ჰქონდა დეფლაციური მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით, მაშინ, როცა ამერიკის სამომხმარებლო ბაზარზე ასეთი ფაქტი არ აღრიცხულა - ანუ ინფლაცია ჩვენთან საკმაოდ დათრგუნვილია, შებოჭილია. რაც მთავარია, ინფლაცია დაბალია არა ეკონომიკური კრიზისის ან სტაგნაციის, არამედ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ეკონომიკური თეორია კი სტუდენტებს უხსნის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაზრდილ მთლიან მოთხოვნას, რაც ფასებს ამაღლებისკენ უბიძგებს. ჩვენთან კი რა ხდება - ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ინფლაციის ტემპი საკმაოდ დაბალია. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში რეალურად იქმნება დამატებითი დოვლათი, რომლის მომხმარებელი არის ისევ ეს საზოგადოება და ბაზრის ტევადობა იზრდება რაოდენობრივად და ხარისხობრივად, რაც ძალიან დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. ჩვენ რომ გვქონოდა ეკონომიკური ზრდა, ვთქვათ, 10% და ინფლაცია 8-10%, ვიტყოდით, რომ ერთმანეთს მისდევენ, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დაბალი ტემპი. ეს ძალიან დადებითი ტენდენციაა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება.

- ეს რის ხარჯზე მოხდა? რამე სასწაული ხომ არ მოვახდინეთ ეკონომიკაში?

- აიხსნება იმით, რომ მოსახლეობის ფართო ფენების შემოსავლები სულ უფრო მზარდია რეალურ განზომილებაში. ეს ჩანს პიკის საათებში მოძრაობითაც და უძრავი ქონების ფასების საგრძნობი ზრდითაც. მე დავთვალე და გამოდის, რომ ეკონომიკის ზრდის ყოველ 1%-ზე, ამ საუკუნეში განვლილი 23 წლის განმავლობაში, უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა 6-7%-ით. ეს მაღალი მაჩვენებელია და ამაში მხოლოდ უცხოური ინვესტირების, უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობა არ იგულისხმება. რა თქმა უნდა, ეს კატეგორიაც მონაწილეობს, მაგრამ ასევე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების ძალიან აქტიურ მონაწილეობაზე სამომხმარებლო ბაზარზე უძრავი ქონების სეგმენტების ფასების ზრდაში.

- ეკონომიკა რის ხარჯზე იზრდება?

- ეკონომიკა იზრდება ყველა იმ ბიზნესის ხარჯზე, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, დაწყებული სოფლის მეურნეობით და დამთავრებული ეროვნული მომსახურებით, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებით. ამაში ყველა სფერო მონაწილეობს.

- მოსახლეობაზე ეკონომიკის ასეთი ზრდა რატომ არ აისახება, ანუ რიგითი მოქალაქე რატომ ვერ გრძნობს ასეთ წინსვლას?

- საზოგადოებას მოვლენების უარყოფითად შეფასება გვჩვევია. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გადავხედავთ, პროცესები საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება და ტენდენციები დადებითია.

ეკონომიკური სასწაული ჩვენთან არ მომხდარა, როგორც, მაგალითად, თავის დროზე, დასავლეთ გერმანიაში, სინგაპურში ან სამხრეთ კორეაში, მაგრამ გარკვეული წინსვლა გვაქვს.

იმავე სსფ-ის შეფასებით, წლეულს მშპ-ის ზრდა მოსახლეობის ერთ სულზე აშშ-ზე მეტი გვაქვს. ხუთწლიან პერიოდში აშშ-ში დაახლოებით 3,2%-ია მშპ-ს ზრდა ერთ სულზე, ხოლო ჩვენთან - 3,9%. ეს არ არის ჩვენი შიდა ან ჩვენი სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, ეჭვი რომ შევიტანოთ. ეს არის სსფ-ის ოფიციალური შეფასება, რომელიც შეფასებებში, როგორც წესი, ძალიან კონსერვატორია. მის მიერ საქართველოსთვის მონიჭებული ზრდის ტემპი თუ სხვა ხარისხობრივი ინდიკატორები შედარებით მოკრძალებულია, როდესაც პროგნოზებზეა ლაპარაკი და, როგორც წესი, მერე ეს პროგნოზები გადაჭარბებით სრულდება.

- ხელისუფლების მიმართ დასავლეთის განწყობები საკმაოდ ნეგატიურია და თუკი ეს ვითარება არ შეიცვალა, და ამას სანქციებიც დაერთო, ეს როგორ აისახება ეკონომიკაზე?

- ზოგადად, ეკონომიკა პოლიტიკის მძევალია. აქ შეიძლება იყოს განსხვავებები,­ აბსოლუტური უუფლებობით დაწყებული, როგორიც ტოტალიტარულ ქვეყნებშია, და დამთავრებული სხვა ქვეყნებით, სადაც ეს წნეხი არ არის ან ნაკლებია. ამის გათვალისწინებით, სანქციები, დემარშები და ა.შ. ძალიან უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მათ შორის ხისტი კორელაცია არსებობს. ბოლო დროს მსოფლიო ბანკისგან, სხვა საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტებისგან საკმაოდ პოზიტიური სიგნალები მოდის და ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ. ამიტომ არა გვაქვს საფუძველი, მდგომარეობა ასე დრამატულად შეფასდეს.

- რომ შევაჯამოთ, რა გველოდება ეკონომიკურ-ფინანსური თვალსაზრისით?

- მე არ ველოდები რთულ ვითარებას. საზოგადოებას აქვს თვითშენახვისა და გადარჩენის განვითარებული ინსტინქტი, 1990-იანი წლების მწარე გამოცდილების გათვალისწინებით. ამიტომ მოქმედებს რაციონალურად, ფრთხილობს და ცდილობს თავი აარიდოს წყალქვეშა რიფებს და თავისი ხომალდი, ანუ საკუთარი ბიზნესი, სამშვიდობოს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გაიყვანოს. ეს ეხება ჩვენს ეკონომიკასაც, სახელმწიფოებრივ ხომალდსაც და ეს რამდენად წარმატებულად მოხდება, კაპიტნის გამოცდილებაზეც არის დამოკიდებული და ლოცმანისაც, რომელიც ხომალდს უსაფრთხო გზას ასწავლის. ვფიქრობ, მდგომარეობა არც ისეთი დრამატ­ულია, რომ განგაში გვქონდეს ატეხილი, თუმცა არც ზედმეტი თვითდამშვიდების რეჟიმში არ უნდა ვიყოთ. მზადყოფნა, პირიქით, კარგიც არის და გვეხმარება, რომ მობილიზებული ვიყოთ და ყოველ გამოწვევას რაც შეიძლება ოპერატიულად ვუპასუხოთ.

რუსა მაჩაიძე