„დასავლეთს არ სურს საქართველო პუტინისა და ერდოღანის საჯილდაო ქვად იხილოს“
ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს დასასრული არ უჩანს. ქალაქმა ყოველდღიურ საპროტესტო აქციებში დაიწყო ცხოვრება. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ.
- მივესალმები ყოველდღიურ აქციებს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან იმ განუკითხაობას, რაც საარჩევნო პროცესში ხდებოდა. უბრალოდ, სასურველია, აქციები იყოს უფრო ორგანიზებული, გონივრულად დაგეგმილი და უფრო ბევრ რაიონსა და რეგიონს მოიცავდეს.
ჩვენს ოპოზიციაში გამოვყოფ ორ ძირითად მიმართულებას: პირველი - ვინც თავის გეგმებსა და არჩევნების გაყალბებაზე რეაქციას პარლამენტის პირველ სხდომას უკავშირებს. ფიქრობენ, რომ პირველ სხდომაზე ზემოქმედებას ქუჩიდან, პროტესტით მოახდენენ და, ასე ვთქვათ, ამით გადაწყვიტონ ყველაფერი. მიაჩნიათ, რომ პირველი სხდომაა ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს არის ოპოზიციის ის ფლანგი, რომელიც ფიქრობს, რომ "ვარდების რევოლუცია" ისტორიაში შესაძლოა კიდევ განმეორდეს, როდესაც ჩაშალეს პირველი სხდომა და ამით ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწიეს. ესენი არიან "ნაციონალები" გვარამია, მელია და "ლელო", რომლებიც უფრო ემოციურად ფიქრობენ, ვიდრე რაციონალურად. ეს არასერიოზული მიდგომა და თანაც ძალიან სახიფათოა, რადგან ჩვენ ისეთ პოლიტიკურ კლასთან გვაქვს საქმე, რომელიც მიზნის მისაღწევად ადამიანების ჯანმრთელობას არაფრად ჩააგდებს.
ოპოზიციის მეორე მიმართულება ძალიან მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან გონიერია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების გამო საზოგადოების რეაქციის გამოხატვასა და საკუთარი მიზნის მიღწევას ძალიან დიდი დრო და ბევრი მეთოდის გამოყენება დასჭირდება - როგორც აქციები ქუჩაში, ისე ევროპის დედაქალაქებში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრები, რათა ხელისუფლების იზოლაცია შენარჩუნდეს, და ის პირები, რომლებსაც არჩევნების, როგორც ინსტიტუტის, გაუქმება ედებათ ბრალად, დასანქცირდნენ. ასევე, შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც აღარ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას სოციალურად დაუცველები და საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულები სათავისოდ გამოიყენოს. ამ ხანგრძლივი ბრძოლის მომხრეა გახარია, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ოპოზიციურ სპექტრში. მას უსმენენ, ელოდებიან, რა განცხადებებს გააკეთებს. მაგრამ გახარიას მცირე რესურსი აქვს: არა აქვს თავისი ტელევიზია, კაპიტალი, ამიტომ ერთპიროვნულ ლიდერად ვერ ყალიბდება, მაგრამ სიტყვის ძალაუფლება აქვს. ის ამ ცალკე დგომით აფიქსირებს, რომ არასდროს იქნება "ნაციონალების" გვერდით. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის კი ნიკა გვარამიას გვერდით დგომა არ არის მისაღები. გახარია, როგორც გონიერი კაცი, დისტანციას ინარჩუნებს. ეს ხაზარაძესაც ძალიან წაადგებოდა, ცდილობს "ნაცმოძრაობისგან" ცალკე პოზიციონირებდეს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ბრუნდება მათ პოლუსზე, ვერ ახერხებს დამოუკიდებელი სახის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მან არჩევნების ინსტიტუტი გააუქმა. მთავრობაში არიან და ჰგონიათ, მათი ძალაუფლება აბსოლუტურია, მათ ძალას ვერაფერი შეარყევს, ამიტომ აგრძელებენ ძველებურად საქმიანობას. მხოლოდ ერთი დიდი დისკომფორტი აქვთ, არავინ ელაპარაკებათ მთელ მსოფლიოში. მათთვის ის კი არ არის პრობლემა, რომ არ ელაპარაკებიან, ამას შეიძლება ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ასევე, სანქციები, როგორც პირადად მათთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. სხვა მხრივ დიდად არაფერი ადარდებთ - ოპოზიციისა და საზოგადოების ვერც პროტესტში ხედავენ პრობლემას და ვერც სხვა ქმედებებში.
- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ "შარლ მიშელი 2" არ იქნება...
- შარლ მიშელი-2 ნამდვილად არ იქნება. იმ ხალხს თავისი თავმოყვარეობა აქვს, ჩამოვიდნენ, შეეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას და აღმოაჩინეს, რომ გამოქვაბულის ადამიანებთან აქვთ საქმე როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. ხალხთან, ვინც არც თავის სიტყვას სცემს პატივს, არც სხვისას. რაც შეეხება სცენარებს, მსოფლიოში ვითარებას თუ შევხედავთ, ჯერ ის "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლოა: ბუნდოვანია, როგორ დამთავრდება უკრაინის ომი, გაურკვეველია, როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში; დიდი გაჭირვებაა საკუთრივ ევროპაში - გერმანიის მთავრობა დაიშალა და ახალი არჩევნების წინაშე დგანან ანუ ევროკავშირის "მოტორი" ამწუთას გადატვირთვის რეჟიმზეა.
საქართველოში ხალხი მზად არის ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ როცა გვარამიასა და ხაზარაძეს ვხედავ მოწინავე რიგებში, პირადად მე, დიდი ენთუზიაზმი არ მეუფლება, რომ მიტინგზე გავიდე. მე მოველი, რომ "ოცნება" მოახერხებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას და ახალი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ოპოზიცია შეეცდება ამას ხელი შეუშალოს, თუმცა ხელისუფლებას ჯერ აქვს რესურსი, რომ ეს კრიზისი დროებით გადალახოს. უახლოეს მომავალში ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ მოველი. რაც შეეხება პარლამენტში პარტიების შესვლას, თუ ევროპიდან არავინ აღიარა არჩევნების შედეგები, ისინი რომ შევიდნენ\, არასერიოზული და ძალიან დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის. თუ რომელიმე დასავლურმა ქვეყანამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დაადასტურა, მერე, ჩემი აზრით, საპარლამენტო ბრძოლასაც შეიძლება აზრი ჰქონდეს. ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც 10 მოწვევის პარლამენტის წევრები არიან, ჰგონიათ, რომ პარლამენტი პულტთან იწყება და მთავრდება კენჭისყრის დროს. თუ უმრავლესობა არა აქვთ, ე.ი. იქ ყოფნას აზრი არა აქვს. ჰგონიათ, თუ პულტით ვერ ახერხებ გადაწყვეტილების მიღებას, ე.ი. პარლამენტში ტყუილად ხარ. სინამდვილეში კი იქ უამრავი ინსტრუმენტია, რომ თუნდაც უმცირესობიდან ძალიან ბევრი და სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას.
- 2008 წელს, როდესაც ოპოზიციამ "ნაცმოძრაობას" ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, გავრცელებული ინფორმაციით, მოახერხა რამდენიმე ოპოზიციონერის გადაბირება... ახლაც შესაძლებელია ეს?
- თუ საჭირო გახდა, რა უნდა გადაბირებას, მით უმეტეს, ქართველი ოპოზიციონერების. ბევრი მეგულება, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა "თუმანზე და ქიშმიშზე" კარგად დახურდავდნენ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასჭირდება ეს "ქართულ ოცნებას", ჯერ არ სჭირდება. 2020 წელს მათ დასავლეთთან ურთიერთობა ჰქონდათ, ევროპასთან ყველა ხიდი დამწვარი არ იყო, ამიტომ სჭირდებოდათ ოპოზიციის ლეგიტიმაცია, თან ამ ამბებში შარლ მიშელი იყო ჩართული და ესეც ერთგვარი ფაქტორი იყო. დღეს, როცა მათ აღიარებს თეირანი, ანკარა და მოსკოვი, ცოტა პეკინიდანაც შეიძლება მოაწვდინონ ხმა, ოპოზიცია სულაც არ სჭირდება პარლამენტში. ოპოზიციის ფენომენი აინტერესებს დასავლურ სამყაროს, მათთვის ოპოზიცია დემოკრატიისა და მმართველობის შემადგენელი ნაწილია. "ოცნებას" ოპოზიციის გადაბირება დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან დაიწყება მძიმე ზეწოლა: თუ შეაჩერეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრამები, თუ დაუწესეს სანქციები მათ და მათი ოჯახების წევრებს, თუ დასავლეთიდან საფრთხე შეექმნება "ქართული ოცნების" ლიდერების კაპიტალს, მაშინ მათ დასჭირდებათ საერთო ენის გამონახვა დასავლეთთან, რაც ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ პარლამენტის გადაწყობა, თუნდაც ფასადურად, დასავლურ და ევროპულ ყაიდაზე - ეს კი ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. აი, ამ შემთხვევაში მთავრობას შესაძლოა დასჭირდეს ოპოზიციის გადაბირება, ეს კი ნებისმიერი პარტიიდან შეუძლიათ. ყველა გასულ პარტიაში არიან პირები, რომელთა გადაბირება ადვილია.
- ევროპისგან რა ნაბიჯებს ელოდებით?
- არ მოველი, რომ უახლოეს მომავალში სერიოზული სანქცია დაუწესდება საქართველოს, არც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ველი. ვფიქრობ, შეიძლება ზეწოლა აშშ-იდან იყოს. ტრამპმა უკვე დაასახელა თავისი ადმინისტრაციის შემადგენლობა, რომელშიც მოხვდნენ რუსეთის მიმართ ლოიალურად, უკრაინის მიმართ კი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები, თუმცა მათ გვერდით იქნებიან ის ე.წ ქორები, რომლებიც რუსეთის მიმართ ძალზე კრიტიკული არიან... ტრამპი ძალიან არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცით - ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ხისტია. თუ გადაწყვიტა უარის თქმა ამ რეგიონზე, ვერავინ გადააფიქრებინებს, უბრალოდ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამერიკას აქ ძალიან დიდი რესურსები აქვს ჩადებული. ტრამპს მემკვიდრეობით გადაეცემა პოლიტიკა, რომ სამხრეთ კავკასიაში უნდა ჰქონდეთ გავლენა და ღუზის ჩასაშვები ადგილი და ასე მარტივად ჩვენს რეგიონზე უარს არ იტყვის... ხელისუფლებას ის უხარია, რომ ტრამპთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს. იმედი აქვთ, რომ ორბანის გავლით შეძლებენ გარკვეული საკითხების მოგვარებას...
რაც შეეხება ევროპარლამენტარების გამოსვლას აქციაზე, დასავლელი ლიდერები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ დასავლელი მეცნიერები ხშირად ეძახიან "მოწანწალე ჩირქს", ხან სტრასბურგში აქვთ პარლამენტი, ხან ბრიუსელში და ა.შ. წარმოიდგინეთ, 700 წევრი ჰყავს, იქ მთელი ევროპაა ასახული, ბულგარელი ნაციონალისტებით დაწყებული, ჰოლანდიელი გარემოს დამცველებით დამთავრებული. ჩვენი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ ამ მრავალფეროვნებას არ აღიქვამს და თუ ვთქვათ, ევროპარლამენტში ან თბილისის ქუჩებში რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი გამოვიდა და თქვა, თავისუფლება მიშა სააკაშვილსო, მაშინვე რთავს პროპაგანდის მანქანას და ამბობს, მთელი ევროპა იღვწის იმისთვის, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონო, რაც სიმართლე არ არის...
რა თქმა უნდა, ევროპასაც აქვს გეოპოლიტიკური ინტერესები. უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირი სხვანაირი იქნება, გარკვეულ სივრცეებზე ექნებათ პრეტენზია. ევროკავშირი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში იბევებენ ადგილებს: ერთი მხრივ, რუსეთი აფხაზეთის და ე.წ. ოსეთის სახით და ახლა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზეც ცდილობს გავლენის გაძლიერებას. მეორე მხრივ, თურქეთი, რომლის ავტორიტარი ლიდერი პრობლემაა ევროპისთვის. დასავლეთს არ სურს სივრცეში, სადაც ამდენი თანხა და რესურსი აქვს დახარჯული, პუტინისა და ერდოღანის საჯილდაო ქვად დარჩეს. ამისთვისაც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას.
სოფო კაჭარავა