ომის მეათასე დღე - რა მოხდება რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში... - კვირის პალიტრა

ომის მეათასე დღე - რა მოხდება რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში...

2024 წლის 19 ნოემბერს შესრულდება 1 000 დღე-ღამე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა უკრაინას.

ამ განვლილ ათას დღეში რუსეთ-უკრაინის ომი გადაიქცა არა მარტო ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებების თეატრად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არამედ თავის ხანგრძლივობით ასევე უახლოვდება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ ომს.

რა ჰქონდა ჩაფიქრებული და რას მიაღწია ამ ათას დღეში აგრესორმა რუსეთმა

ათიოდე დღეში უკრაინის დედაქალაქ კიევის დაპყრობა, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება, მარიონეტული მთავრობის დასმა და თანდათან მთელი უკრაინის კრემლისთვის დამორჩილება პუტინის რეჟიმს საშუალებას მისცემდა ბელარუსისა და უკრაინის სრული გაკონტროლების შემდეგ დაეგეგმა დასავლეთისკენ "გაჩოჩება", უპირველესად ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოური რესპუბლიკების რუსეთის ახალ იმპერიაში დასაბრუნებლად...

საბედნიეროდ, კრემლს ჩაეშალა ბლიცკრიგის გეგმა, რაც უდიდეს დარტყმად იქცა პუტინისთვის, რადგან მისი ქვეყანა არ იყო მზად უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის. მართლაც, აგრესიის დაწყებიდან ორ-სამ თვეში რუსეთის გენშტაბმა თავისივე ინიციატივით გაიყვანა საოკუპაციო შენაერთები კიევის მისადგომებიდან, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.

2022 წლის სექტემბრიდან კი უკრაინის არმიამ სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევები წამოიწყო ხარკოვიდან აღმოსავლეთით, ლუგანსკის ოლქის მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რასაც დაემატა რუსი ოკუპანტების გაყრა ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მთელი მარჯვენა სანაპიროდან.

რა მოხდებოდა, რომ 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში უკრაინას გაეგრძელებინა წარმატებულად დაწყებული კონტრიერიშები

2022 წლის მიწურულს ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, შეიქმნა ისეთი ოპერატიული სიტუაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ დაკარგა ჯარების მართვის სადავეები და მისი ქვედანაყოფებისა და თვით შენაერთების მოქმედებები უფრო გაქცევას დაემსგავსა, ვიდრე ორგანიზებულ უკანდახევას. უკრაინის არმიამ ფრონტის ამ მონაკვეთზე ხელში ჩაიგდო საბრძოლო ინიციატივა, რაც მას საშუალებას აძლევდა გაქცეულ მტერს კუდში მიჰყოლოდა კუპიანსკი-სვატოვო-ლიმანის ხაზზე აღმოსავლეთისკენ, თვით ლუგანსკამდეც კი. მაგრამ კონტრშეტევების ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებლად საჭირო იყო საბრძოლო წარმატებით ფრთაშესხმული უკრაინის არმიის სასწრაფო უზრუნველყოფა დამატებითი საბრძოლო ტექნიკითა და აღჭურვილობით.

რატომ შეუმცირა დასავლეთმა სამხედრო დახმარება კონტრიერიშებზე გადასულ უკრაინის არმიას

თუკი კიევის დაცვა და პუტინის ბლიცკრიგის ჩაშლა უკრაინელებმა ძირითადად თავიანთი რესურსებით შეძლეს (რა თქმა უნდა, ამერიკელებისა და ევროპელების ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებისა" თუ საზენიტო "სტინგერების" დახმარებითაც), ამ ფართომასშტაბიანი ომის მეათე თვისთვის ეს რესურსები თითქმის ამოიწურა და უკრაინელი სამხედროები დიდად დამოკიდებული აღმოჩნდნენ დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე... და ამ მნიშვნელოვან მომენტში, 2022 წლის მიწურულს, დასავლეთი მნიშვნელოვნად უმცირებს უკრაინელებს საარტილერიო ჭურვების მიწოდებას, რომლებიც აუცილებელია შეტევითი ოპერაციების საცეცხლე მომზადებისთვის. ამერიკელები და გერმანელებიც უსაშველოდ წელავენ "აბრამსებისა" და "ლეოპარდების" გადაცემას, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება - აგრესორი ქვეყნის საოკუპაციო ძალები დეზორგანიზებულია, უკან გარბიან ფრონტის ერთ მონაკვეთზე, და საღი აზრი მხოლოდ იმას კარნახობს, რომ კონტრშეტევების გასაგრძელებლად და გასაძლიერებლად აუცილებელია უკრაინის არმიის სასწრაფო მომარაგება ყველა საჭირო საშუალებით, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.

დასავლეთი პუტინის "ბირთვულმა შანტაჟმა" შეაშინა?

მხოლოდ ახლა, ორი წლის შემდეგ, აღიარებენ რიგი დასავლელი გადამდგარი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები და სამხედროები, რომ სწორედ 2022 წლის დეკემბერში, როდესაც უკრაინის არმიის კონტრშეტევების წარმატება პიკს აღწევდა... პუტინი მზად იყო ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა უკრაინის ფრონტზე მოწინააღმდეგის კონტრშეტევების შესაჩერებლად. თითქოს დასავლეთმა სწორედ ამიტომ შეამცირა უკრაინის არმიის მომარაგება და ამასთან, ოფიციალურ კიევზე კულუარული ზეწოლა მოახდინა, რათა მასაც შეეჩერებინა აღმოსავლეთისკენ გამარჯვებით სვლა.

გასაგებია დასავლეთის შიში, რომ ისედაც ამხელა ომი, რომლის მსგავსი ევროპას რვა ათეული წელი არ ენახა, არ გადაზრდილიყო ბირთვულ დაბომბვებში, რომელთა რადიოაქტიური ღრუბლები ევროპაშიც გადავიდოდა. მაგრამ იყო კი "ბირთვული მუქარის" შემსრულებელი პუტინი, თუ ეს მორიგი "ბირთვული შანტაჟი" იყო, რამაც, უკრაინელების სამწუხაროდ, სრულად იმუშავა.

"ზაფხულის გენერალურ კონტრიერიშზე" გაცრუებული იმედი...

2022 წლის ბოლოს შეჩერებული კონტრიერიშების შემდეგ, დასავლეთი აიმედებდა კიევს, რომ საკმარისად მიაწვდიდა სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, რათა 2023 წელს უკრაინის არმიას ფართომასშტაბიანი გენერალური კონტრიერიში წამოეწყო.

მზადება და იმედი მართლაც გრანდიოზული იყო - თითქმის მთელი მსოფლიო ელოდა, რომ 2022 წლის წარმატებით (როდესაც უკრაინელებმა დაპყრობილი ოლქები გაათავისუფლეს) დამთავრებით ფრთაშესხმული უკრაინის არმია, რომლის შეიარაღებაში ნატოს ტანკებიც გამოჩნდა, პირდაპირ გადაუვლიდა რუსი ოკუპანტების თავდაცვით ხაზებს.

არც ის წარმოადგენდა დიდ საიდუმლოებას, საით იქნებოდა მიმართული უკრაინელების უმთავრესი კონტრიერიში - ზაპოროჟიედან სამხრეთით, ოკუპირებული მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, რათა გადაჭრილიყო ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ დონის როსტოვიდან მიმავალი სამხედრო მომარაგების სახმელეთო გზა და რაც მთავარია, უკრაინის არმია გასულიყო აზოვის ზღვის სანაპიროზე, რითაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა ანექსირებულ ყირიმში გამაგრებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ასევე შექმნიდა წინა პირობას მარიუპოლის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის გენშტაბს გრანდიოზული გეგმები ჰქონდა 2023 წლის ზაფხულიდან ქვეყნის ფართომასშტაბიანი დეოკუპაციის დასაწყებად, მაგრამ... მაგრამ ნატოს ნაქები ტანკები უძლური აღმოჩნდნენ გადაელახათ სამხრეთ ფრონტზე რუსი ოკუპანტების რამდენიმე ასეულკილომეტრიანი თავდაცვითი ზღუდის ტანკსაწინააღმდეგო "დრაკონის კბილები", რადგან მანამდე მისასვლელები რუსებს უხვად ჰქონდათ დანაღმული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით.

უკრაინელების გენერალური კონტრიერიშის დაწყების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია, ელოდნენ დასავლეთიდან სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს, რომლებიც იქაური ბიუროკრატიის გამო გვიანდებოდა. ამასთან, რუსეთის დაზვერვამ, სავარაუდოდ, მოიპოვა კონტრიერიშის გეგმაც და მძიმე შედეგმაც არ დაახანა - უკრაინელების გაპიარებული გენერალური კონტრშეტევა ჩაიფუშა, თანაც მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგით.

მოგებული დრო პუტინისთვის და მომზადება ხელმეორე ოკუპაციისთვის...

2022 წლის შემოდგომა-ზამთარში სამხედრო კოლაფსის შემდეგ რუსეთმა დაიწყო თავისი შესაძლებლობების გადახედვა: გადაახალისა-გადაიარაღა საბრძოლო შენაერთები, მრეწველობა გადაიყვანა სამხედრო ლიანდაგებზე, მობილიზაციის გაგრძელება დიდი ანაზღაურების შეპირებით და სხვა, ასევე დასავლეთისგან შერისხულ ქვეყნებთან - ირანთან თუ ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირები გააღრმავა.

2023 წლის ზაფხულის გენერალური კონტრიერიშის ჩაფლავების შემდეგ უკრაინის არმიაში და საზოგადოებაშიც დიდმა იმედგაცრუებამ დაისადგურა - თუკი ომის დასაწყისში უკრაინის არმია ვერ აუდიოდა მოხალისეების მიღებას, ახლა სანთლით საძებნი გახდნენ ახალწვეულები და მათი ქალაქების ქუჩებში დაკავება და ფრონტის ხაზზე იძულებით გაგზავნა გახდა საჭირო, რომ როგორმე შეევსოთ პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაკარგი.

2023 წლის მიწურულს ფრონტის ხაზზე ერთგვარი პატური სიტუაცია შეიქმნა - უკრაინელებს აღარ შეეძლოთ კონტრიერიშების გაგრძელება, რუსები კი მზად არ იყვნენ შეტევების გასაახლებლად.

ბევრი მოელოდა პოზიციური ანუ "სანგრების ომის" დიდხანს გაგრძელებას, მაგრამ ასე არ მოხდა...

რუსეთმა ხელმეორე ოკუპაცია წამოიწყო, უპირველესად აღმოსავლეთ ფრონტზე, რასაც მალევე მოჰყვა ხარკოვის ოლქზე ისევ ჩრდილოეთიდან შეტევაც - რუსი ოკუპანტების საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა - უკრაინელების მიერ კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენების გამო იერიშებზე ტანკების კოლონებით კი აღარ გადადიოდნენ, არამედ მცირე, ათკაციანი მოიერიშე ჯგუფებით მოტოციკლეტებით, გოლფის მანქანებითა თუ სულაც ფეხით ცდილობდნენ უკრაინელების სანგრებამდე მიღწევას.

იერიშების ეს ტაქტიკა დიდ მსხვერპლს იწვევდა და იწვევს რუსი ოკუპანტების რიგებში, მაგრამ რუსეთი ხომ ყოველთვის რაოდენობით ომობდა.

რუსეთის არმიის ახალი იერიშების წარმატება ასევე განაპირობა შეიარაღების ერთი კონკრეტული სახეობის გამოყენებამაც - პლანირებისა და კორექტირების მოდულით აღჭურვილი საავიაციო ბომბებით მეტ-ნაკლებად ზუსტ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უკრაინელების თავდაცვით პოზიციებს - 500 კგ-იანი და მითუმეტეს, 3-ტონიანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის 20-30 მეტრში აფეთქების შემდეგ სანგარი და ბლინდაჟი აღარ იარსებებს.

2024 წლის აგვისტოში უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ აკავებდა აღმოსავლეთ ფრონტს, ჩაატარა მოულოდნელი სადივერსიო-სადაზვერვო ოპერაცია კურსკის ოლქში შეჭრის სახით, რაც მალევე საერთო-საჯარისო ოპერაციაში გადაიზარდა უკრაინული საექსპედიციო კორპუსის მონაწილეობით და, ფაქტობრივად, შეიქმნა ახალი ფრონტის ხაზი, ოღონდ ამჯერად თავად აგრესორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა გააგრძელა აღმოსავლეთ ფრონტზე წინსვლა, რასაც დაემატა გააქტიურებაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე, კუპიანსკთან.

რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში ათასი დღის შემდეგ...

1 300 კმ-მდე გადაჭიმული ფრონტის ხაზის არანაკლებ ექვს მონაკვეთზე რუსეთის საოკუპაციო ძალები დღეს სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობენ. მართალია ნელა და დიდი დანაკარგით, მაგრამ მაინც აგრძელებენ უკრაინის ახალ-ახალი სოფლებისა და ქალაქების დაპყრობას. რეალურად დგას აღმოსავლეთ ფრონტის გარკვეულ მიმართულებებზე, მაგალითად, პოკროვსკთან, კურახოვოსთან, ფრონტის ხაზის ჩამოშლის საშიშროებაც კი.

უკრაინის არმია გადაღლილია, მის საბრძოლო დანაყოფებს აკლიათ როტაციები და ახალი ცოცხალი ძალით შევსება, დასავლეთის სამხედრო დახმარებაც სისტემატურად იგვიანებს ან არასრულყოფილია. ამიტომაც უკრაინელებს ძალიან წაადგებოდათ დროებით ცეცხლის შეწყვეტა მაინც, რაც უფრო რეალური ხდება აშშ-ში პრეზიდენტად ისევ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით, რასაც ძნელად დათანხმდება პუტინი, რომლის არმია ამ ომში დღეს სრულ საბრძოლო ინიციატივას ფლობს და, ბუნებრივია, სურს უფრო მეტის დაპყრობა მოასწროს, სანამ შეიძლება მართლაც დაიდოს ზავი, თუნდაც დროებითი.