ტრამპის კადრები ანუ მილიარდერებისა და ჟურნალისტების მთავრობა?!
დონალდ ტრამპის 47-ე პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში თანდათან ცნობილი ხდება, ვინ დაიკავებს თანამდებობებს მის მეორე ადმინისტრაციაში, ვინ გაუძღვება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. რა იქნება ადმინისტრაციის ამოსავალი წერტილი, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება.
- საგარეო პოლიტიკაში ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭება დემოკრატიულ ღირებულებებს. გარდა ამისა, ისინი კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები არიან, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მკაცრი იქნება ისლამური სამყაროს მიმართ, ისრაელის მიმართ პოლიტიკა კი იქნება გაცილებით ლოიალური. ბაიდენის ადმინისტრაციის მემარცხენე, ხშირ შემთხვევაში, სოციალისტურ მიდრეკილებებს ნაკლები ყურადღება დაეთმობა საგარეო პოლიტიკაში. მსოფლიოს დღის წესრიგში მოსალოდნელია რეალიზმი საგარეო პოლიტიკაში და სახელმწიფო ინტერესების მკაცრი დაცვა გლობალური მასშტაბით. კანდიდატების სია, მით უმეტეს, რესპუბლიკელებში, არ არის ისეთი მოკლე, რომ ტრამპი ასეთ გასაჭირში აღმოჩენილიყო და თავდაცვის მინისტრად Fox News-ის ჟურნალისტი პიტ ჰეგსეთი დაენიშნა - ამას ვერაფრით ვხსნი, გარდა იმისა, რომ ტრამპს სურს პენტაგონში უკიდურესად ლოიალური და მორჩილი პირი ჰყავდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრამპი აპირებს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე თავდაცვის სამინისტროს ანუ პენტაგონის რიგების საფუძვლიან წმენდას. გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი მაკ მელი თავის მემუარებში ტრამპს სისხლით ხორცამდე ფაშისტს უწოდებს და როცა ასეთი დამოკიდებულებაა გაერთიანებულ შტაბში, სადაც უმაღლესი გენერალიტეტი და ოფიცრობა ტრამპისადმი მაინცდამაინც კეთილგანწყობილი შეიძლება არ იყოს, ტრამპს სურს პენტაგონის მეთაური მისი მორჩილი პირი გახდეს. რამდენად მოახერხებს პენტაგონში, უმაღლეს გენერალიტეტსა და ოფიცრობაში საფუძვლიანი წმენდის ჩატარებას, გამოჩნდება. ფაქტია, ამ არაორდინარული დანიშვნებით ტრამპი ბევრ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ვაშინგტონის ბიუროკრატია ამოშანთოს. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონი, ანუ ადმინისტრაცია და მთავრობა, რეალურად სახელმწიფოა სახელმწიფოში (Deep state) და სურს ეს ღრმა სახელმწიფო გაანადგუროს. ბუნებრივია, ამას ვერ მოახერხებს, თუ ამ სისტემიდან წამოსული პირები დატოვა.
- ამიტომაც მოიყვანა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებად?
- ისეთი მეგამილიარდერის თუ ოლიგარქის ჩართვა სახელმწიფო მართვის სისტემაში, როგორიც ილონ მასკია, ცოტა უცნაურია. ბიზნესმენის ტვინი მოგებაზეა მომართული, ფული თუ ჩადო და მოგება ვერ ნახა, მიაჩნია, რომ ეს სფერო უპერსპექტივოა. სახელმწიფოში კი პირიქითაა - ბევრ რამეში ფული იდება იმისთვის, რომ მიზანშეწონილია, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან მოგება არ არის. ტრამპს ამდენი არ ესმის, ამიტომ ცდილობს პოპულისტურად მოიყვანოს მასკი და რამასვამი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში (ტრამპიც ხომ ბიზნესიდანაა მოსული, მასაც არა აქვს სახელმწიფოს მართვის დიდი გამოცდილება). არ მჯერა, რომ მასკი დაინტერესებულია ეფექტური გახადოს ბიუროკრატია. ვფიქრობ, ეს ნიღაბი-თანამდებობაა, რომლის უკან მასკი და რამასვამი გაცილებით მეტ და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ. შესაძლოა თვალის ასახვევად 1-2 რეკომენდაცია გასცენ, თუ როგორ დაიხვეწოს სახელმწიფო მართვის სისტემა, მაგრამ არა მგონია მასკი ეს 4 წელი ბიუროკრატიის ეფექტურობის გაზრდით დაკავდეს - კაცი იმას ფიქრობს, როგორ დააარსოს ცივილიზაცია მარსზე, ოცნებობს პლანეტების ათვისებაზე და ფიქრობთ, ეს თანამდებობა აინტერესებს? ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფო ინფორმაციაზე წვდომის საშუალება, რაც მასკს მისცემს უფლებას, ძალიან ახლოს იყოს ტრამპთან და ჩართული იყოს იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მისთვის თუ მისი ბიზნესისთვის არსებითად გადამწყვეტი იქნება.
- რესპუბლიკელი "ქორები" ტრამპის მსგავსად იზოლაციონისტები არიან თუ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობიან...
- დიახ, ისინი მკაცრი საგარეო პოლიტიკის მომხრეები არიან და არ ახასიათებდათ რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისადმი დათმობისთვის მზადყოფნა, ანუ პროუკრაინულად, ანტირუსულად და ანტიჩინურად არიან განწყობილი. ტრამპი ამბობს, ჩემი პრეზიდენტობის დროს ომს არსად დავიწყებთო, ანუ არ აინტერესებს, ვინ სად და რას დაესხმება თავს, ის არ შეასრულებს კარგი პოლიციელის როლს, ანუ იზოლაციონისტობს. ტრამპი ნიშნავს აბსოლუტურად ამერიკის დიპლომატიის შემცირებულ აქტიურობას გლობალური მასშტაბით და ასეთ პირობებში, როცა ზესახელმწიფო რეგიონული მასშტაბით თავს იკავებს, წარმოიდგინეთ, რა მოვლენებთან გვექნება საქმე. ბუნებრივია, შენ თუ არა, ვაკუუმს სხვა რეგიონული ძალები შეავსებენ, მათი შემაკავებელი გლობალური ძალა აღარ იარსებებს და დაიწყება კონფლიქტების ახალი ერა.
- ახლახან ტრამპმა გაიმეორა, რომ "რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ", თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს რა გზით უნდა მოხდეს.
- ტრამპმა კი თქვა, მოვალ და ერთ დღეში უკრაინაში მშვიდობას დავამყარებო, მაგრამ ასე არ იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ შეეცდება ორივე მხარეს მოსთხოვოს მოლაპარაკება. ომი არ წყდება ერთი დღის განმავლობაში, 20 იანვრამდე 2 თვეა დარჩენილი, მანამდე არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ბევრ რამეს ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები გადაწყვეტს - ვინ უტევს, ვინ თავდაცვაშია, ვინ უფრო ბევრს კარგავს, ომის გაგრძელების როგორი რესურსი აქვს და ა.შ. შეიძლება, პირობითად, უკრაინამ გათვალოს აშშ-ის დახმარების შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაძლიერების გამო ჰქონდეს საშუალება, ზაფხულამდე გააგრძელოს ომი. თუ ასე მოხდა, შესაძლოა ამან რუსული ეკონომიკა ჩამოშალოს, სრული კოლაფსი გამოიწვიოს. ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ უკრაინას, არ დათანხმდეს ისეთ მშვიდობას, რომელიც ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. ან რანაირად უნდა "გაპრავდეს" 21-ე საუკუნეში ისეთი მშვიდობა, მით უმეტეს, დასავლეთის მედიაციით, რომელიც აგრესიული, თავდასხმითი, რევიზიონისტული ომის შედეგად ტერიტორიების მიერთებას აკანონებს? რა გამოდის, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია სამხედრო ძალით აიძულოს მეორე ქვეყანა დათანხმდეს ტერიტორიის დაკარგვას? უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინა აღარ არის? თუ რუსეთს ეს გაუვიდა, მაშინ გამოდის, ჩინეთს შეუძლია ტაივანი დაიპყროს და თქვას, უკრაინაში რუსეთთან თუ ასე მოხდა, მე რა მიშლის ხელსო. ეს პანდორას ყუთის გახსნა იქნება...
- ამბობთ, ტრამპს ნაკლებად აინტერესებს უკრაინა და საქართველოო. დაუშვებს კი კავკასიაში იმ სახელმწიფოს დომინირებას, რომელიც მისთვის წითელი ხაზია? ჩინეთს ვგულისხმობ..
- ტრამპი დემაგოგი და პოპულისტია და ის, რომ ანტიჩინურ რიტორიკას იყენებს, სულაც არ ნიშნავს, რომ მზად არის ჩინეთზე გაილაშქროს. ჩინეთისადმი მისი სიმკაცრე ეკონომიკური ურთიერთობის კონტექსტში გამოიხატებოდა. სულ ამბობდა, რომ სურს ჩინეთთან სამართლიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადება. მას უყვარს გარიგებების დადება. კი ამბობს, რომ მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთია, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ მასთან ომის დაწყება უნდა, სურს შიდაპოლიტიკაში თავისი ანტიჩინური პოლიტიკა გაყიდოს და შესაბამისად, სარგებელი ნახოს. ის ბიზნესლოგიკით აზროვნებს, ჩინეთს უყურებს როგორც ბიზნესმოწინააღმდეგეს. საზოგადოდ, ამერიკულ პოლიტიკას ახასიათებს, რომ რაღაც პერიოდში სტრატეგიული აზროვნების უნარს კარგავენ. კი ამბობენ, ჩინეთი, ჩინეთიო, მაგრამ ამავე დროს, 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა მთლიანად აშშ-სთან ვაჭრობაზეა დაფუძნებული. ის, რომ ჩინეთი თავისი ეკონომიკური პოტენციალით მეორე ქვეყნად იქცა, მთლიანად დასავლეთის და აშშ-ის დამსახურებაა.
- ტრამპი-პუტინის ურთიერთობას რა გაგრძელება ექნება?
- მათი ურთიერთობა ცოტა გამოუცნობი საოცრებების სფეროა. არავინ იცის, რითია განპირობებული ტრამპის რბილი დამოკიდებულება პუტინის და ანტიადამიანური რეჟიმის მიმართ. ცოტა ხნის წინ ნარიშკინმა ერთ გადაცემაში განაცხადა, ტრამპი პრეზიდენტი გახდა და როცა მისი ადმინისტრაცია დაკომპლექტდება, ტრამპმა უნდა იცოდეს, როგორ გადაუხადოს მადლობა იმ ძალებს, რომლებმაც მის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანესო. მეორე დღეს რუსეთის მედიაში ნიშნისმოგებით გამოჩნდა მელანია ტრამპის ახალგაზრდობის დროინდელი შიშველი სურათები. რისი მინიშნება უნდა იყოს ეს? თან არ დაგავიწყდეთ, როცა პუტინი გამოდიოდა, თუ არ ვცდები, ვალდაის კლუბში, ეკონომიკურ ფორუმზე, მან 3 საათით დააგვიანა გამოსვლა, იმიტომ, რომ სურდა იმ დროს გამოსულიყო, როცა ამერიკა უკვე გაღვიძებული იქნებოდა და მოესმინა მისი სიტყვა. პუტინმა მიულოცა ტრამპს, ამავე დროს, მიმოიხილა სავარაუდო ურთიერთობები. საინტერესო იყო, როცა მისი ეს მილოცვა, ნარიშკინის განცხადება და მელანიას ფოტოების გავრცელება ერთმანეთს მიჰყვა. პუტინისთვის უპრინციპულესი საკითხია ტრამპის მეშვეობით ამერიკული სანქციების მოხსნა, რადგან ეს კლავს რუსულ ეკონომიკას. პუტინს სურს სანქციების გაუქმება იმ მოლაპარაკებების საფასურად, რასაც ტრამპი უკრაინასთან სთავაზობს.
რაც შეეხება საქართველოს, თუ ტრამპსა და კრემლს შორის რეალური კავშირი არსებობს, რის გამოც კრემლს აქვს ტრამპზე ძლიერი ზემოქმედების ბერკეტი, მაშინ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს და რა სიგნალიც კრემლიდან წავა, ჩვენ მიმართ ტრამპის პოლიტიკაზეც აისახება. მაგრამ თუ პუტინის ტრამპზე ზემოქმედების ბერკეტი არც ისეთი ძლიერია, ამ შემთხვევაში ტრამპის ფიგურა გამოდის როგორც ბიზნესმენი - მისთვის საქართველო არ არის ისეთი დიდი საკითხი, რომლითაც ის პირადად დაკავდება. თუნდაც ანაკლიის საკითხი და ჩინეთის შემოსვლა იყოს საქართველოში, ეს იმდენად მცირე მასშტაბის პროცესებია (როგორც ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული...), ტრამპისთვის გლობალური თვალსაზრისით უმნიშვნელოა. მასზე რუსეთის ზემოქმედების ბერკეტი რეალურად თუ არ არსებობს, უნდა ველოდოთ პოლიტიკის გამკაცრებას.