„ფრონტის ხაზზე ვითარება რთულია, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„ფრონტის ხაზზე ვითარება რთულია, მაგრამ...“

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გამორიცხულია უახლოეს მომავალში" - ასეთია გენერალ-მაიორის, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ კაპანაძის აზრი. მისი თქმით, პოლიტიკური კონიუნქტურა ამის შესაძლებლობას არც რუსეთს აძლევს და არც უკრაინას. "ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ცეცხლის შეწყვეტა", - ამბობს გენერალი.

- უკრაინისთვის ვითარება არასახარბიელოა, ისევე როგორც რუსეთისთვის. საქმე ის არის, რუსებმა ფრონტზე გარღვევა ვერ მოახერხეს (გარღვევა ნიშნავს კონკრეტულ ადგილზე დიდი ძალების შეყვანას და ოპერატიულ სივრცეში, თავდაცვითი ზღუდეების უკან სწრაფ გაჭრას), ამის ნაცვლად რუსებმა გამოდევნა დაიწყეს, თანაც დიდი მსხვერპლის სანაცვლოდ - ძალიან დიდ დროს კარგავენ პატარა დასახლების თუ თავდაცვითი ზღუდის გადასალახად. შესაბამისად, უკრაინას საკმარისი დრო რჩება სხვა თავდაცვითი ზღუდეების მოსამზადებლად. რუსები ძალიან ნელა მიიწევენ წინ. დააკვირდით, რა სახელები ისმის გამუდმებით - ისევ კურახოვო, ლიმანი, პოკროვსკი და ა.შ. პოკროვსკის ვერც მიუახლოვდნენ, კურახოვოსთან ბრძოლებია. რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კურსკის დაბრუნება. პუტინმა რაც არ უნდა აქტიურად ამუშაოს პროპაგანდისტული მანქანა, ე.წ. სპეცოპერაციის წარმატებაზე ვერ ილაპარაკებს, ვიდრე საკუთარი ტერიტორია აქვს დაკარგული. შესაბამისად, უდიდესი მონდომებით ცდილობენ კურსკის დაბრუნებას, პატარა წარმატებაც აქვთ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მეტად ვეღარ განავითარეს. ძალიან დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ჯერ კურსკს ვერ იბრუნებენ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რუსებს საკუთარი ტერიტორიის დაბომბვა და მიწასთან გასწორება უწევთ, ეს კი მოსახლეობის განწყობაზე დადებითად არ აისახება.

- ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, კურსკის ოლქიდან უკრაინელების უკანდახევა გარდაუვალია. იგივე აზრი ვრცელდება კურახოვოზეც. ბოლო ცნობებით, კურახოვოსთან რუსები ახლა უკრაინელებს ექვსჯერ აღემატებიან და უახლოეს დღეებში უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება, თავის ჯარებს უკანდახევა უბრძანოს.

- გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ რუსებს ყველაზე დიდი აქცენტი ახლა სწორედ კურახოვოზე აქვთ, დასახლებულ პუნქტზე, რომელიც ჩრდილოეთიდან წყალსაცავს ემიჯნება. რუსები ახლა ცდილობენ წყალსაცავს დასავლეთი ნაპირიდან მოუარონ და ქალაქი ალყაში მოაქციონ. ეს არის მათი ბოლოდროინდელი ტაქტიკა და სხვათა შორის, სწორი გადაწყვეტილებაცაა, თუმცა დროს მოითხოვს. ამასობაში უკრაინელები ნელ-ნელა დატოვებენ ქალაქს. ისინი მარიუპოლის მსგავსად, ალყაში ბოლო ჯარისკაცამდე აღარ ომობენ. რუსების მოქმედებების ხასიათი მეტყველებს, რომ დაიწყეს ახალი ტიპის სადაზვერვო მოიერიშე დანაყოფების პორტირება. ეს არის ახალი, გაძლიერებული და შედარებით მობილური ტანკები და საინჟინრო ჯგუფები, რომლებიც გამაგრებული რაიონებისთვის გამოიყენება. რუსები აშკარად ტრანშეებში, სანგრებში, ასევე შემცირებულ სივრცეებში, ქალაქებში ბრძოლებისთვის ემზადებიან. მართალია, რუსები ცდილობენ სწრაფად მოერგონ ახალ სიტუაციას, მაგრამ ეს სწრაფად არ ხდება და მეეჭვება მოახერხონ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ. რაც შეეხება კურსკს,,

უკრაინელებს კურსკი იმისთვის არ აუღიათ, რომ იქ სამუდამოდ დარჩენილიყვნენ. ეს იყო საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი მანევრი, რომლის მიზანიც რუსული ძალების გადაჯგუფება იყო.

ამას გარდა, ერთხანს მიიჩნეოდა, რომ უკრაინელებმა ძალები არასწორად გადაანაწილეს - კურსკში მყოფი ძალების დონბასის მიმართულებაზე გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ კურსკის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ. დიდი ალბათობით, ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყება საუბარი და უკრაინა კურსკის სანაცვლოდ ხერსონის ან ზაპოროჟიეს ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს. ე.ი. უკრაინას კურსკი სავაჭროდ სჭირდება.

კიდევ ერთ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება - მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ კორეელი ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობას. 50-იანი წლების შემდეგ მათ არ ჰქონიათ საბრძოლო გამოცდილება. შესაბამისად, მათი მზადყოფნა ტექნოლოგიურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ისიც საკითხავია, ასეთ რთულ და დაძაბულ საომარ ვითარებაში როგორ უნდა მართო საბრძოლო დანაყოფი თარჯიმნის მეშვეობით. თითო ოცეულისთვის თითო თარჯიმანი ხომ მაინც საჭიროა და სად უნდა ნახონ ამდენი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორეული ისე კარგად ეცოდინება, რომ სამხედროებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური საუბარი თარგმნოს? ჩემი აზრით, კორეელ ჯარისკაცებს გამოიყენებენ საინჟინრო ან ლოჯისტიკურ დანაყოფებად. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად გაუშვან. სხვათა შორის, ძალიან ხშირია დეზერტირობის ფაქტები კორეელ ჯარისკაცებში.

ფრონტის ხაზზე ვითარება ნამდვილად რთულია, მაგრამ არც ისეთი კატასტროფულია, როგორადაც წარმოჩენას ცდილობენ. ამასთან, არანაკლებ რთულ ვითარებაშია რუსეთიც.

სხვათა შორის, იმედი გაუცრუვდა მსოფლიო საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა რუსეთს ჩაბარდებოდა. ალბათ, ბევრ მათგანს არ ახსოვდა, ან ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიიღო უკრაინამ "ჯაველინები", რომლებმაც კიევის მიმართულებაზე რუსეთის ლამის ნახევარი სამხედრო ტექნიკა დაწვეს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამერიკა საერთოდ რომ ჩაეხსნას პროცესს, ევროპასაც შეუძლია უკრაინის დახმარება. რუსეთი, რომელიც თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით სადღაც ბრაზილიასა და იტალიას შორისაა, მთელ ევროპას ვერ აჯობებს. ევროპა კი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მეოთხე თაობის თვითმფრინავების, მოიერიშე თვითმფრინავ "მირაჟების" მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება. ასევე, უმნიშვნელოვანესია სკანდინავიის დახმარება სამხედრო მრეწველობის, ზოგადად სამხედრო პოტენციალის აღდგენის საქმეში. საფრანგეთი და გერმანია ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ უახლოეს მომავალში შეძლონ საკუთარი ქვეყნების და უკრაინის დაცვა რუსული აგრესიისგან.

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება, სადაც ამბობს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს.

- მან ისიც განაცხადა, რომ ამას მარტო არ გააკეთებს, რომ პუტინთან საუბარი მოითხოვს მოლაპარაკებას სხვა მხარეებთან. ჩემი აზრით, მოლაპარაკება ახალი წლიდან დაიწყება. ამიტომ ცდილობს პუტინი მაქსიმალურად მოგებული პოზიციით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ კურსკი ახალ წლამდე დაიბრუნოს. თუმცა ეჭვი მეპარება, ამ ტემპით რუსებმა ეს შეძლონ.

- გავრცელდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე. თუმცა მანამდე "ვაშინგტონ პოსტმა" რუბრიკით "ექსკლუზივი" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ტრამპმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრა და რუს ლიდერს სთხოვა, უკრაინაში სიტუაცია არ გაამწვავოს". ამ ცნობას მალევე მოჰყვა კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის განცხადება, სადაც ამბობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა.

- რადგან პესკოვმა ეს თქვა, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება კულუარულ დონეზე არ არის დაწყებული. მოლაპარაკება აუცილებლად დაიწყება, ომი არ დასრულდება, მაგრამ ცეცხლი შეწყდება. აქაც კორეის ვარიანტი განვითარდება - მხარეები იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელზეც მოლაპარაკებების მომენტში იქნებიან, და მათ შორის ჩადგება სამშვიდობო კონტინგენტი. კორეაში 50-იანი წლებიდან შეწყდა ცეცხლი, მაგრამ მხარეებს ომის დასრულებაზე ჯერ კიდევ არა აქვთ ხელი მოწერილი, ისევე როგორც თბილისსა და სოხუმს, ასევე ცხინვალს შორის. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ორივე მხარე შეეცდება სამხედრო პოტენციალის აღდგენას. ექსპერტების აზრით, რუსეთს ამისთვის 8-დან 10 წელი სჭირდება. ამავე დროის მონაკვეთში უკრაინას უფრო მეტად შეუძლია სამხედრო პოტენციალის ამაღლება დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში. ხშირად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას იმისთვის გამოიყენებს, რომ უკეთესად მოემზადოს და გაძლიერებული რესურსებით შეუტიოს უკრაინას. დიახ, რუსეთი უკრაინას აუცილებლად შეუტევს, თუ დაინახავს, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ იზრდება. გაძლიერებულ და კარგად მომზადებულ უკრაინას თავს არ დაესხმება. რაც შეეხება უკრაინის ნატოში გაწევრებას. ნატოში გაწევრება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საშუალებაა. თუ ამერიკა უკრაინაში ჯარს შეიყვანს და ამ ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარ თავზე აიღებს, უკრაინელებისთვის რა მნიშვნელობა ექნება, იქნება თუ არა მათი ქვეყანა ნატოს წევრი?

ხათუნა ბახტურიძე