„უნდა დავამსხვრიოთ მითი, რომ შხამქიმიკატების გარეშე მცენარე ვერ განვითარდება“ - კვირის პალიტრა

„უნდა დავამსხვრიოთ მითი, რომ შხამქიმიკატების გარეშე მცენარე ვერ განვითარდება“

"თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ახალბედა ბიომეურნე ვარ", - ასე გაგვეცნო 19 წლის გიორგი­­ ფარულავა, რომელსაც ჯერ კიდევ 11 წლისას გასჩენია სურვილი, ლამაზი ბაღი გაეშენებინა, ჰყოლოდა შინაური ცხოველები და ფრინველები. ამისთვის მშობლებს სთხოვა, კორპუსის ბინა გაეყიდათ და ეზოიანი სახლი შეეძინათ, რაც აუსრულეს. ბუნების უზომოდ მოყვარული გიორგი ფარულავა ჩვენი სტუმარია.

- მშობლები მაშინვე არ დამთანხმებიან. მერე ზაფხულში, ბახმაროში ვისვენებდით. იქ ერთი მიუსაფარი ძაღლი შემომეჩვია, ჩვენს ნაქირავებ ბინას უცხოს არ აკარებდა. როცა მამა ჩამოვიდა წამოსაყვანად, დაუყეფა, მიახლოების­ უფლება არ მისცა, თუმცა ბოლოს ჩვენთან ერთად წამოვიდა. მაქსი ჩვენი­ ოჯახის უერთგულესი წევრი გახდა. დიდი ჯიშის, დრათჰაარის მეტისი იყო და კორპუსის ბინაში ვერ გავაჩერებდით. ამან სტიმული მისცა მშობლებს, ჩემთვის დაეჯერებინათ.

გიორგი ფარულავა: - სოფელ გლდანში მიწა შევიძინე. ადგილი საგანგებოდ შევარჩიე - გარშემო ულამაზესი ტყე და მცხეთა-მთიანეთისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტია. ცარიელ მიწაზე (700 კვმ) დავსახლდით. ეზოში ხე არ იყო, რაც მოტივაცია აღმოჩნდა, სასურველი ბაღი სწრაფად გაშენებულიყო. დავიწყე ბიოლოგიური მეთოდების შესწავლა, რათა ჯანსაღი გარემო და ხარისხიანი ბაღი გვქონოდა.

35cfd576-1585-4e61-a164-66ec54921a45-1731879936.jpg

- პირველად რა გააკეთეთ?

- ჯერ ამზომველები მოვიყვანეთ, ვიზრუნეთ ქარსაცავ ზოლზე, ტერასის გამყარებაზე. გამოვიკვლიეთ ნიადაგი, რათა სწორად დაგეგმილიყო დასარგავი ხეების ჩამონათვალი და ეზოში მათი სავარაუდო განლაგება.

- როგორც ვიცი, იშვიათი ჯიშის ხეები შეარჩიეთ...

- მარადმწვანე, წიწვოვანი და ფოთლოვანი, დეკორატიული მცენარეები მინდოდა, ასევე, დიდი სასიცოცხლო ციკლის მქონე იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი. ხეხილსაც ვრგავ მეტ-ნაკლებად: მაქვს გარგარი, ვაშლი, მსხალი, ჯუჯა ბროწეული და ჯუჯა ვაშლატამა, ქლიავი, უნაბი, ქართული კაკალი, ეზოში ხარობს ბარამბო და როზმარინი, ვარდები. ვაპირებ ქართლის აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, შავკაპიტოს გაშენებასაც. დავრგე რამდენიმე ძირი ელდარის ფიჭვიც, რომელსაც ფართოდ იყენებენ აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში ეროზირებული ფერდობების გასამწვანებლად. ეს ფიჭვი "საქართველოს წითელ ნუსხაშია" შეტანილია.

რამდენიმე ძირი პავლოვნია მაქვს, ძირითადად, ტერასის გასამაგრებლად, თან სწრაფად მზარდი, ჩრდილის შემქმნელი ხეა. დავრგე კავკასიური ცაცხვი და მის ყვავილობას მოუთმენლად ველოდები. გვაქვს სილამაზით, სამკურნალო თვისებებითა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით ცნობილი გინკო ბილობა. დავრგე იაპონური ალუბლის ხე, საკურა (Royal Burgundy), რომელიც შედარებით ახალი გამოყვანილია და ნაკლებად ცნობილი.

- ალბათ, თქვენთვის ამიტომაც იყო საინტერესო.

- დიახ, ასეა. დარგული მაქვს ამერიკული წითელი ნეკერჩხალი, ჩვენთან შედარებით იშვიათი ჯიში October Glory. ხარობს იაპონური ნეკერჩხალიც, ეზოში შემოდგომა უფრო ფერადი რომ იყოს. ვერცხლისფერი ნაძვის ზრდა-განვითარებას ინტერესით ვაკვირდები. ნორვეგიული სოჭის ფორმირებასაც საკუთარი ხელით ვაპირებ.

ეზოში იზრდება მარადმწვანე მცენარეები: ჩინური ღვია - მშვენიერი წიწვოვანი მარადმწვანე ბუჩქი; დაფნის ხეები, რომლებიც ულამაზესად ყვავილობენ; მუშმალა ანუ იაპონური ზღმარტლი, იგივე ლოკვატი - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე; მარადმწვანე წყავი, ვარდისებრთა ოჯახის ხე, ფართო, ლაპლაპა, ოვალური ფოთლებით. ტუიებსა და ეონიმუსებზე არ გავჩერდები... არღავანიც არ არის მასობრივად გავრცელებული. აპრილში, ფოთლის გამოტანამდე, მუქი ვარდისფერი ყვავილი გამოაქვს. არღავნის მითური სახელია იუდას ხე, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყოველი ნერგი სხვადასხვა სანერგეში მაქვს შერჩეული. ისე, სანერგეში მუშაობა სულ მინდოდა, ერთი დღე ვიმუშავე კიდეც და კმაყოფილიც ვარ, 120 ნაძვი ჩავრგე ქოთნებში.

0916f0b0-f4c2-47e9-adce-8d5be3f1e289-1731879936.jpg

- თქვენს ხეებს როგორ უვლით?

- მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა სასუქებსა და პრეპარატებს ვიყენებ. მინდა დავამტკიცო, რომ ნებისმიერი მცენარის მოვლა შხამქიმიკატების გარეშეც შესაძლებელია. ნარჩენებს არ ვწვავ, მულჩად ვიყენებ და კომპოსტს ვამზადებ. ყველა ხეს თავისებური მოვლა სჭირდება, ამიტომ ვეცნობი უცხოურ და ქართულ ლიტერატურას, რათა დავიცვა ყველა ნიუანსი.

- რა დროს უთმობთ თქვენს საყვარელ გატაცებას?

- ძალიან დიდ დროს, რადგან ან ხეებს ვუვლი, ან უცხოურ ლიტერატურას ვკითხულობ, ინოვაციებს აგროტექნოლოგიებში, მთელ მსოფლიოში ვეცნობი სხვადასხვა სანერგესა და მათ სიახლეებს. უნივერსიტეტშიც ჩემთვის საინტერესო საგნებს გავდივარ (აგრომეტეოროლოგია, ჰიდრომეტრია). ვკითხულობ ინფორმაციას ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. გარდა ძაღლისა, მყავს ფისოც, სიამის კატა შევარჩიე, რადგან სილამაზის გარდა, კარგი ხასიათითაც გამოირჩევა, მეგობრულია და მოსიყვარულე.

- როგორც გავიგე, გარემოზე თქვენი ასეთი ზრუნვა ბუნებისადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას ემყარება...

- ნამდვილად. პატარაობიდან მესმოდა, რომ გარემო ეკოლოგიურად დაბინძურებულია, აუცილებელია ბიოლოგიური მეთოდების დანერგვა, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებზე ზრუნვა... კორპუსის ბინაში რომ ვცხოვრობდით, დედას ახლომდებარე ტყეში დავყავდი, შაბათ-კვირას კი ხან საბადურის ტყეში ავდიოდით, ხან თიანეთში, თან მეუბნებოდნენ, ჟანგბადზე მივდივართო. მიკვირდა, რატომ იყო საჭირო ჟანგბადისთვის სადმე წასვლა?! თვეების განმავლობაში ვისვენებდით ბახმაროში, ბაკურიანში, სურამში და ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება, საკუთარ ეზოში გვქონდეს ისეთი ბაღი, რომ ასე შორს არ დავდიოდეთ-მეთქი.

9b196d51-12f1-47a8-a173-06ebdd65efa2-1731879935.jpg

- იშვიათი ჯიშის ფრინველებიც გყოლიათ.

- პირველად ბრამას ჯიშის ქათმები­ შევიძინეთ და დავიწყეთ მათი მოშენება. საოცარი ჯიშია, ულამაზესი, ამაყი, თავდაჯერებული, მშვიდი, მეგობრული, ტემპერამენტიანი. სხვა ჯიშის ქათმებს არ ერჩის, ადამიანის მიმართაც მეგობრულადაა განწყობილი. იტანს ყველა ტიპის კლიმატს.

- ეს ქათმები ქართულთან შეგიჯვარებიათ. რა შედეგი მიიღეთ?

- ბრამას ჯიშის ქათამი მეხორცულ-მეკვერცხულია, გამორჩეული პროდუქტიულობით. შეჯვარების მიზანი იყო ქართული ქათამი გამხდარიყო მეტად მეხორცულ -მეკვერცხული და გარემო პირობების მიმართ გამძლე. შედეგი ზუსტად ასეთი აღმოჩნდა.

კანადურ ინდაურზე რომ გავიგე, გიგანტია და 30 კგ-მდე იზრდებაო, ესეც აუცილებლად უნდა შემემოწმებინა. კვერცხები გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და 1 თვის ჭუკები შევიძინეთ. გაირკვა, რომ ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე, მხოლოდ მარცვლეულით, ბოსტნეულითა და ნარჩენებით შესაძლებელია საქართველოშიც გაიზარდოს ჯანსაღი, გიგანტური კანადური ფართოფრთიანი ინდაური. ჩემი ინტერესია მათი თიანურ ჩალისფერ ინდაურთან შეჯვარება, რათა უფრო მეხორცული ჯიში მივიღო. ქიმიური პრეპარატები არ მიგვიცია.

- როგორც ვიცი, სხვადასხვა მიმართულებით კვლევებს აწარმოებთ.

- ვაკვირდები ბიოლოგიური მეთოდების ეფექტიანობას. დავრგე რამდენიმე ჯიშის კაკალი. მიმაჩნია, რომ ქართული კაკალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა. დავრგე ასევე "ჩანდლერი" და მისი საუკეთესო დამმტვერავი - "ფრანკეტა". ვაკვირდები მათ ზრდა-განვითარებას, განსაკუთრებულობას, დადებით და უარყოფით მხარეებს. მცენარეებს აგრომეტეოროლოგიის კუთხითაც ვაკვირდები. კერძოდ, მაქვს ისეთები,­ რომელთაც დასავლეთის კლიმატი ძალიან მოსწონთ, თუმცა ვუქმნი მეტ-ნაკლებად შესაფერის პირობებს და ვაკვირდები ეტაპობრივად. მაინტერესებს მყნობის პროცესი, მცენარეები შტამბზე და ა.შ.

89c814a6-0d2d-4e36-a887-18664d10ece5-1731879936.jpg

- რა გეგმები გაქვთ?

- იანვრიდან ვიწყებ მცენარეთა გას­ხვლა­-ფორმირების სწავლას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, რათა საკუთარი ხელით შევძლო სწორად გასხვლა და ფორმების მიცემა. მულჩერს შევიძენ, რათა ჩემს უბანში ნარჩენები არ იწვებოდეს. ვსწავლობ ლანდშაფტის დიზაინსა და საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს, ასევე გეოსაინფორმაციო სისტემებს, GIS-ტექნოლოგიებს. ახალი "მწვანე ბილიკები" უნდა დავგეგმო აქაურ ტყეში.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რას ეტყვით თანატოლებს?

- არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების. ყველაფერი საკუთარი ხელით სცადონ, გაეცნონ უცხოურ ინოვაციებს და მათი საქართველოში დანერგვა სცადონ. თუმცა, პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავარჩინოთ ყველაფერი ქართული, ენდემური. რაც მთავარია, ვიზრუნოთ გარემოზე, გამოვიყენოთ ბიოლოგიური მეთოდები, დავამსხვრიოთ მითი, რომ შხამქიმიკატების გარეშე მცენარე ვერ განვითარდება. მწარმოებლებისგან ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტები მოვითხოვოთ. ამგვარი სტიმულით ხელს შევუწყობთ ბაზარს, რომ ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდება დარეგულირდეს. ეს ცალკე, ვრცელი თემაა, თუმცა პირდაპირ კავშირშია ჩემს ბიომეურნეობასთან, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო ნაკვეთთან.