მადრიდულმა მარწყვის ხემ წნორშიც იხარა - კვირის პალიტრა

მადრიდულმა მარწყვის ხემ წნორშიც იხარა

გიორგი ალავერდაშვილმა 2021 წლის გაზაფხულზე თავის მამულში, ქალაქ წნორში, მარწყვის ხის, "მადრონიოს" 10 ძირი დარგო. ამის შესახებ ჩვენც ვწერდით. "ძალიან უპრეტენზიო და სიცოცხლისუნარიანი მცენარეა. ვიცოდი, ეს ნერგი მეხუთე წელს ნაყოფს მომცემდა. ოქტომბრის ბოლოს სოფელში რომ ჩავედი, ერთ ძირზე პირველი ნიშანი აღმოვაჩინე! ეს ძირი გზასთან ახლოს დგას, უფრო განათებულ და მზიან ადგილას, ე.ი. მზიანი ადგილი უყვარს, თუმცა არც სიღრმეში მყოფებს ეტყობათ მოწყენილობა. ყურადღებით დავათვალიერე, მაგრამ მათზე ყვავილი ვერ აღმოვაჩინე. ლეღვის ხე გამახსენდა, მას ხომ "უყვავილო ხეს" უწოდებენ. ყვავილობა არც მან იცის, ნაყოფი პირდაპირ ინასკვება", - ამბობს გიორგი ალავერდაშვილი.

madronio-3-1731879937.jpg

"ორი წლის წინ ჩემს ახლობელს ერთი ძირი მადრონიო ვაჩუქე, შარშან კი მის ადგილას სამი ახალი ამონაყარი დამხვდა. მაინცდამაინც დიდი მოვლა არ სჭირდება - გაზაფხულზე ვსხლავ, ხის ფორმა რომ მიეცეს, თორემ გაიბუჩქება და მთელ მიდამოს აითვისებს. ნაყოფი მწიფობაში ნოემბრის ბოლოს შედის. ძალიან გემრიელიც არ არის, მაგრამ მისგან საუკეთესო მურაბა მზადდება, რომელიც ძალიან სასარგებლოა", - დასძენს ბატონი გიორგი.

იგი ამ მცენარით მაშინ დაინტერესდა, როცა მადრიდის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ნახა ორიგინალური 4-მეტრიანი ქანდაკება "დათვი მარწყვის ხესთან" (Oso y Madroño).

2c8f402e-3a45-4cd6-8eb5-11e7cdfec45c-1731879935.jpg

"გამიკვირდა, ასეთ მნიშვნელოვან მოედანზე ეს ქანდაკება რამ დაადგმევინათ-მეთქი?! ჩემმა ვაჟმა, ირაკლიმ, რომელიც მადრიდში ცხოვრობს და მუშაობს, ამიხსნა, რომ სანამ ქალაქი გაშენდებოდა, იქ მხოლოდ მარწყვის ხის ტყეები ყოფილა, რომელსაც მწიფობისას დათვები ესეოდნენ. ასე იქცა Oso y Madroño მადრიდის სიმბოლოდ. სხვათა შორის, მუნიციპალურ შენობებს სწორედ ამ ქანდაკების ემბლემები ამშვენებს, იყიდება მაისურები და სუვენირები მისი გამოსახულებით. მეფის სასახლის გვერდით ახლაც დგას ნამდვილი, ცოცხალი მარწყვის ხეები. სწორედ მაშინ დავისახე მიზნად, "მადრონიოები" საქართველოშიც გამეშენებინა, რაც შევასრულე კიდეც".