შოკი გერმანიაში! პოლიტიკური შურისძიება 140 წლის შემდეგ - რატომ დაამხეს ფრანკფურტში ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი?! - კვირის პალიტრა

შოკი გერმანიაში! პოლიტიკური შურისძიება 140 წლის შემდეგ - რატომ დაამხეს ფრანკფურტში ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი?!

ბრიტანული გაზეთის, „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რატომ დაამხეს ფრანკფურტში ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი: 125 წლის წინ დადგმული ქანდაკება მიწაზე დააგდეს და წითელი საღებავი შეასხეს“ (ავტორი - ჯეიმს ჯექსონი, კორესპონდენტი ბერლინში).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის პირველი კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ფრანკფურტში (ჰესენის მხარე) გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კოლონიზატორად შერაცხეს, ხოლო 125 წლის წინათ დადგმული მისი ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდეს და შეურაცხჰყვეს - წითელი საღებავი შეასხეს ტანზე, სახესა და ჩაფხუტზე.

ქანდაკება მიწაზე გულაღმა ეგდო წარწერით „კოლონიზატორი“.

ძეგლის დამხობა განხორციელდა ბერლინის კონფერენციის 140-ე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან აფრიკის კოლონიზაციის იურიდიულ სიმბოლოდ ითვლება.

ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც სახელწოდებას არ ამჟღავნებს, გამოაქვეყნა განცხადება და მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო. „ოტო ფონ ბისმარკმა სათავე დაუდო აფრიკის კონტინენტის ექსპლუატაციას, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, სიტუაცია ადგილობრივ ხალხთა ხანგრძლივ ექსპლუატაციამდე და დამონებამდე მივიდა“, - ნათქვამია განცხადებაში, -

„დღემდე გერმანიაში ბისმარკის უამრავი ძეგლი და ბიუსტია დადგმული. სამწუხაროდ, მასზე მხოლოდ კარგს წერენ, მის მიერ ჩადენილი ბოროტება კი დავიწყებულია ან მიჩუმათებული“.

ფრანკ გრობემ, ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატმა, უკიდურესად მემარჯვენე პარტიიდან - „ალტერნატივა გერმანიისათვის“ განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი კულტურის წინააღმდეგ მემარცხენე ექტრემისტების მიერ გაჩაღებული ომის შედეგს წარმოადგენს.

"ეს არის შეტევა ჩვენს ისტორიაზე და იდენტურობაზე“.

მემარჯვენე ჟურნალმა Junge Freiheit-მა კი ძეგლის დამხობას „მემარცხენე ექსტრემისტების მიერ განხორციელებული გასაოცარი ანტიგერმანული აქტი“ უწოდა.

ბერლინის კონფერენცია 1884 წელს გერმანიის კანცლერის - ოტო ფონ ბისმარკის მიერ იქნა ორგანიზებული, ბელგიის იმდროინდელი მეფის, ლეოპოლდ II-ის თხოვნით. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ დიპლომატიურ ფორუმს განიხილავს აფრიკის კოლონიზაციის დაწყების სიმბოლოდ - თუ როგორ გადაწყვიტეს ევროპულმა ქვეყნებმა „შავი კონტინენტის“ დამონება.

კონფერენცია დასრულდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, რომელიც გარანტირებდა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლებას აფრიკის კონტინენტზე, იმავდროულად, დოკუმენტში ხაზი გაესვა, რომ მონობის პრაქტიკა კანონგარეშეა გამოცხადებული“.

ოტო ფონ ბისმარკი გერმანიის ისტორიაში გამჭრიახ დიპლომატად და პოლიტიკოსად ითვლება, რომელიც გერმანიის გაერთიანების პროცესს ხელმძღვანელობდა და შექმნა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო საყოველთაო კეთილდღეობის თვალსაზრისით.

მართალია, გერმანიამ აფრიკის კონტინენტზე კოლონიები მოიპოვა, მაგრამ თვითონ ოტო ფონ ბისმარკი ამის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ კოლონიები მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს და რომ გერმანიის ინტერესები ევროპით შემოიფარგლება.

ბოლო წლებში გერმანელი ულტრამემარცხენე დაჯგუფებები „რკინის კანცლერის“ მემკვიდრეობას თავს ესხმიან და აცხადებენ, რომ მის კოლონიურ დანაშაულებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. მაგალითად, 2020 წელს მათ ჰამბურგის მმართველები თანხების წყალში გადაყრაში დაადანაშაულეს, როცა გაირკვა, რომ 9 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი ქალაქში დადგმული ოტო ფონ ბისმარკის 112 ფუტის სიმაღლის მქონე ძეგლის შესაკეთებლად.

შაბათს ბერლინში გამართული აქციის - Berlin Dekoloniale-ს აქტივისტებს ბრიტანელი ლეიბორისტების წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ბელ რიბეირო-ადიც შეუერთდა. „ის, რაც აქ, ბერლინში, 1884 წელს მოხდა, ტერიტორიული გადანაწილების უბრალო აქტი კი არ იყო, არამედ - ეს იყო საშინელი ძალადობის აქტი, რომლის ექო თაობიდან თაობას გადაეცემა“, - თქვა მან, - „საქმე მხოლოდ კოლონიური სამფლობელოების საზღვრების დადგენას არ ეხებოდა, არამედ - ხელისუფლების მიერ დაშვებულ ექსპლოატაციას, ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებას, მიწისა და სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებას და ადგილობრივი მოსახლეობის იაფ სამუშაო ძალად გამოყენებას“, - დაამატა დეპუტატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო