"პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან"
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული 24-საათიანი პროტესტი მნიშვნელოვანი იყო.
"პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან.
მე მგონი, დღეს პროტესტი მნიშვნელოვანი იყო, იმის პასუხად, რაც გუშინ ცესკომ გააკეთა, შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნეს და დაწერეს ის გაყალბებული რიცხვები, რაღაც რეაქცია იყო აუცილებელი და იმ ფორმით გავაკეთეთ, რა ფორმითაც გავაკეთეთ. ზოგადად, პროტესტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საკუთარ თავს, ჩვენს გარემო ხალხს და ჩვენს მეგობრებს დასავლეთში რაც შეიძლება რეგულარულად ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც არ აპირებს შეგუებას ამ მოპარულ არჩევნებთან და აპირებს ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.
„ყველა ველოდებით რა გზავნილები იქნება, მაგრამ ცხადია, ოპტიმისტური მოლოდინი არ გვაქვს. სავარაუდოდ, იქნება იგივე პოზიციის გაჟღერება, რაც აქამდე არა ერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის არაერთი წარმომადგენლისგან, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არათუ შეჩერებულია, არამედ იმ სიკეთეების გადახედვაზე იქნება საუბარი, რასაც უკვე იღებს საქართველო. იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო მიმოსვლა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
IPN