გეოპოლიტიკური "გადატრიალების" მოლოდინში ანუ როდის დაიწყებს ტრამპი მოქმედებას და გაიწირება თუ არა უკრაინა?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური "გადატრიალების" მოლოდინში ანუ როდის დაიწყებს ტრამპი მოქმედებას და გაიწირება თუ არა უკრაინა?!

ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში დაბერებული დაბრუნდა, ახლა ის ნაკლებად მომთმენი და უფრო სახიფათოა, ვიდრე ოდესმე, - ამ შინაარსის სტატიით გამოეხმაურა გამოცემა The New Yorker საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.

"ოთხი წლის წინ დონალდ ტრამპის მტრებს იმედი ჰქონდათ, რომ რადგანაც მან არჩევნები წააგო, სამუდამოდ პოლიტიკურად უიღბლო ადამიანად გადაიქცეოდა. "დემოკრატები" ცდილობდნენ, მასზე ჯავრი ეყარათ, მაგრამ ვერ გათვალეს, შეცდნენ", - წერს გამოცემა. სტატიის ავტორის ვერსიით, დონალდ ტრამპის მტრებს ანგარიშსწორება უნდოდათ; მათ სურდათ, ტრამპს ყველაფრის ფასი გადაეხადა - იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც - იმ ზიანისთვის, რომელიც მან, "დემოკრატების" აზრით, ამერიკულ დემოკრატიას მიაყენა. ამის სანაცვლოდ ტრამპმა შეუძლებელი შეძლო და წარმოუდგენელ აღდგომას მიაღწია.

"ტრამპი - ჩემი და თქვენი პრეზიდენტი. იგი ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ მას წარმატება უნდა ვუსურვოთ", - ამის შესახებ წერს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი". "დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პრაიმერიზის დროს სერიოზული ოპოზიციის წინაშე დადგა და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - მიაღწია იმას, რომ პარტიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა. შემდეგ ის შეეჯახა თავის მეტოქეს - ქალს, კამალა ჰარისს, რომელსაც ფაქტობრივად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი არ გაუვლია და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად სადღაც, უკანა ოთახებში, კულუარებში დაამტკიცეს". განსხვავებულია გამოცემა "ბლუმბერგის" პოზიცია. "აშშ იმსახურებს დონალდ ტრამპს, მსოფლიო კი - არა: არჩეულ პრეზიდენტს არც ფილოსოფია აქვს და არც პოლიტიკურად თანამიმდევრულია, იგი შეიძლება ვლადიმირ პუტინის გავლენის ქვეშ მოექცეს", - წერს სტატიის ავტორი ანდრეას კლუგი. "დონალდ ტრამპი, როცა იგი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, აცხადებდა, რომ მშვიდობას "ძალის" დახმარებით დაამყარებდა, მაგრამ არასოდეს განუმარტავს, თუ რაში და სად, რომელ წყაროში ხედავს "ძალას". იგი ტრაბახობდა -

"როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან ომს ვერ ბედავდნენ და ჩემს დაუკითხავად, ჩემი ნებართვის გარეშე არაფერს აკეთებდნენ".

აი, ასე "ხუმრობდა" ხოლმე დონალდ ტრამპი.... რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც კა-გე-ბეში ჩამოყალიბებული გონება აქვს, ყოველთვის იცოდა, თუ როგორ მოეხდინა მასზე ზეგავლენა და მანიპულირება განეხორციელებინა. სწორედ ამიტომ არის შეშფოთებული უკრაინა დონალდ ტრამპის არჩევით", - წერია სტატიაში.

რატომ აირჩია ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34 ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, რომელიც არა მხოლოდ "პოლიტიკურ გვამად", არამედ - პერსონა ნონგრატად იყო გამოცხადებული როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკში. რას შეცვლის ის ამერიკის და ზოგადად მსოფლიოს ისტორიაში და, რაც მთავარია, როგორ დაამთავრებს რუსეთ-უკრაინის ომის, ამის შესახებ ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრა.

- რატომ აირჩია ამერიკელმა ხალხმა ტრამპი? ჩემი აზრით, ამას ორი მიზეზი აქვს, ერთი გახლავთ ემიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მეორე ე.წ. იდენტობის პოლიტიკა. ამერიკელი საზოგადოება დაღალა ბაიდენის ადმინისტრაციამ და დემოკრატების "დღის წესრიგმა". ამერიკელებს ნაკლებად აინტერესებთ რაც ქვეყნის გარეთ ხდება, მათთვის მნიშვნელოვანი იყო საიმიგრაციო პოლიტიკა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში საზღვარი თითქმის უკონტროლო იყო.

ამას ემატება ისიც, რომ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი - როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური მოწყვეტილია ხალხის ინტერესებს.

მაგალითისთვის გეტყვით, ბარაკ ობამა, რომელიც დემოკრატიულ პარტიას ჯოკერად ეჭირა ხელში, წარმოადგენს ვაშინგტონის ბიუროკრატიულ, მულტიმილიონერ ელიტას, რომლისთვისაც ნაკლებად საინტერესოა რიგითი ამერიკელების პრობლემები. ტრამპი არც კომპეტენციით, არც მსოფლმხედველობით და არც ადამიანური თვისებებით არაა მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაფერისი, მაგრამ ის არის პოპულისტი და არც უარყოფს ამას; მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, - მე არ მჩვევია მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, მე ვსაუბრობ უბრალო ენით, უბრალო ამერიკელების პრობლემებზეო. მან ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც რიგითი ამერიკელისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეორე მხრივ, კამალა ჰარისი იყო ყველაზე ცუდი არჩევანი, რაც დემოკრატიულ პარტიას შეეძლო გაეკეთებინა. ჰარისი არ გამოირჩევა არც კომპეტენციით, არც ცოდნით, და რაც მთავარია, არ ესმის ხალხის.

- მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მთელი მსოფლიო ელოდა, როდის შედგებოდა დიალოგი მასსა და პუტინს შორის და აი, შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის შინაარსის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა. რა იცით თქვენ ამ საუბრის შესახებ?

- ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია. ასევე, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ვისი ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი. ჩემი ინფორმაციით, ეს ტრამპის ადმინისტრაციამ დააორგანიზა, რაც თავისთავად არ არის კარგი ამბავი.

- რას გულისხმობთ?

- ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკული მხარე ეძებს რუსეთთან სალაპარაკო გზას, რაც პუტინს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში.

- თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ პუტინს ახლა სახარბიელო მდგომარეობა აქვს, განსაკუთრებით, უკრაინის ფრონტზე.

- შესაძლოა, მაგრამ მე შეგახსენებთ პესკოვის და ზოგადად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას: პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ იქვე ითქვა, რომ ამ მილოცვას არ ჰქონდა ოფიციალური ხასიათი, რადგან ამერიკა რუსეთის მტრად მიიჩნევა. რაც შეეხება საკუთრივ პუტინისა და ტრამპის საუბრის შინაარსს, ჩვენ ყველამ ვიცით, ტრამპის პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, არც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის სწორი და არც ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე. თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ტრამპისეული ვერსია პირდაპირ აზარალებს ამერიკულ ინტერესებს, ამასთან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ევროპის კონტინენტს.

ჩემი აზრით, განხორციელება არ უწერია ტრამპის ბანაკში შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე.

ეს გეგმა ფაქტობრივად იმას გულისხმობს, რასაც დღეს რუსეთი ითხოვს. განსაკუთრებულად გაუმართლებლად მიმაჩნია ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას 20 წლის განმავლობაში ეზღუდება ნატოში შესვლა. ტრამპი იქვე კი ამბობს, რომ ამერიკა უკრაინას გარანტიებს შესთავაზებს, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ რას ნიშნავდა ამერიკული გარანტია, თუნდაც, 1994 წლის.

- ამერიკას, რუსეთსა და უკრაინას შორის დადებულ შეთანხმებას გულისხმობთ, რომლის ძალითაც უკრაინამ უარი თქვა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე?

- დიახ, თუმცა აქ მხოლოდ ამერიკა არ იყო გარანტორი, ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ამერიკასა და რუსეთთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმაც ივალდებულა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს გარანტია ფარატინა ქაღალდი იყო. პირდაპირ ვიტყვი, ბაიდენის ადმინისტრაცია ურცხვად იქცეოდა, როდესაც უკრაინას რიგი შეიარაღების სისტემების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლებას არ აძლევდა. ეტაპობრივად, ნაწილ- ნაწილ ხსნიდნენ აკრძალვებს, რაც აბსოლუტურად უსამართლო იყო.

- ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე, როგორც ევროპული სახელმწიფოს, მაგალითად, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები შიშობდნენ, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლებას მისცემდნენ, ეს ესკალაციას გამოიწვევდა.

- საქმეც ის არის, რაც უკვე იყო, იმაზე მეტი ესკალაცია როგორ უნდა გამოეწვია? ფართომასშტაბიანი ომი ისედაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელშიც უკრაინა ან უნდა დამარცხდეს, ან გაიმარჯვოს. რაც უფრო მეტად იწელება ომი, უფრო მეტად რთული ხდება პოლიტიკური შედეგის მიღწევა, აღარაფერს ვამბობ ფინანსურ და ადამიანურ რესურსზე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ მიიჩნია ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ რუსეთის სწრაფად დამარცხება გაცილებით მომგებიანი იქნებოდა უკრაინისთვისაც და ევროპის კონტინენტისთვისაც. მესამე წელია, რაც ომი მიმდინარეობს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ამიტომ ვამბობ, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ტელეფონზე საუბრის თემა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის პოზიციაც.

- აქვს კი უკრაინას ტრამპის გეგმაზე უარის თქმის რესურსი?

- უკრაინას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ომი მოიგოს, თუმცა ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა.

ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და არ უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი შეიარაღება. ე.ი. უკრაინა ამ ომს გარდაუვალად მოიგებს, თუ დასავლეთი მის სამხედრო მოქმედებებს ფინანსურად და რესურსობრივად უზრუნველყოფს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"