"ესროლეთ მოსკოვს!" ამერიკული "სიურპირიზი" და გამწარებული კრემლი - რას შეცვლის ფრონტზე ამერიკული რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენება?! - კვირის პალიტრა

"ესროლეთ მოსკოვს!" ამერიკული "სიურპრიზი" და გამწარებული კრემლი - რას შეცვლის ფრონტზე ამერიკული რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენება?!

თითქოს პრეზიდენტმა ბაიდენმა აჯობა თავის თავს და ნახევარწლიანი მერყეობის შემდეგ უკრაინელებს ნება დართო, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის აერობალისტიკური რაკეტების საბრძოლო გამოყენებაზე - ყოველ შემთხვევაში, ამაზე წერს მთელი ამერიკული პრესა...

საერთოდ, ასეთი თემები, როდესაც ბევრი რამ დამოკიდებულია შეიარაღების კონკრეტული მოდელების კონკრეტულ მიმართულებებზე გამოყენებასთან, ჯერ მასმედიაში არ უნდა იჟონებოდეს, რადგან იკარგება საბრძოლო მოულოდნელობის ეფექტი...

თუმცა ამერიკული ATACMS-ების რუსულ აეროდრომებისკენ გაშვება- გაუშვებლობის თემა რამდენიმე თვეა, ისედაც მუსირებს და რუსეთის გენშტაბმა დიდი ხანია, მოასწრო თავისი საბრძოლო ავიაციის გადაბაზირება იმ სხვა ოპერატიულ აეროდრომებზე, რომლებსაც 300 კმ-მდე მფრენი ეს ამერიკული აერობალისტიკური რაკეტები ვეღარც წვდებიან. არადა, უკრაინელების მთავარი ამოცანა სწორედ იმ აეროდრომებზე მოულოდენელი საჰაერო დარტყმები გახლდათ, საიდანაც ფრინდებიან რუსული საფრონტო ბომბდამშენები და უკრაინის არმიის თავდაცვის პოზიციებისკენ, ასევე, უკრაინული ქალაქებისკენ, შორი მანძილიდან უშვებენ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ საავიაციო ბომბს, რომლებმაც დიდი უპირატესობა მისცეს შეტევაზე გადასულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს...

თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან და ფრონტის ხაზიდან 250-300 კმ რადიუსში ჯერ კიდევ რჩება ბევრი რუსული მნიშვნელოვანი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტი, რომელთა დაზიანება-განადგურება ამ ამერიკული ATACMS-ებით პუტინის რუსეთის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს ძალიან მტკივნელულ დანაკლისს მიაყენებდა...

ამიტომაც, თუკი ამერიკული მასმედია არ ცდება და პრეზიდენტმა ბაიდენმა მართლაც დართო ნება თავის უკრაინელ კოლეგას (რომელიც ბოლო თვეებია, სწორედ ამას ეხვეწებოდა თეთრ სახლს) ამერიკული აერობალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებზე, ეს ერთგვარი ამოსუნთქვა იქნება უკრაინის იმ არმიისთვის, რომელსაც აღმოსავლეთ ფრონტზე, სამწუხაროდ, ყოველდღიურად უწევს მცირე მანძილით, მაგრამ მაინც - უკანდახევა...

1-atakms-1731928873.png
ამერიკული აერობალისტიკური ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლება უკრაინამ თითქოს მიიღო...

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლის ნებართვა ამ რაკეტების გამოყენებაზე მაინც შეიცავს დამატებით შეზღუდვებს:

პირველი - ATACMS-ის აერობალისტიკური რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინულ მხარეს შეეძლება მხოლოდ იმ რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომელთა კოორდინატებს კიევი წინასწარ შეათანხმებს ვაშინგტონთან.

მეორე - პირველ ეტაპზე,

ამერიკული ATACMS-ების გაშვება ნებადართული იქნება რუსეთის მხოლოდ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ისიც, ძირითადად, იმ ჩრდილოეთკორეული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის გენშტაბმა პირველად სწორედ კურსკის ოლქში ჩართო საბრძოლო მოქმედებებში.

ამით ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ერთგვარად თავი დაიზღვიოს და კრემლს მიანიშნებს - აქამდე კიევს ნებას არ ვაძლევდი, გამოეყენებინა 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოიწვია ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედრო შენაერთები თავის ტერიტორიაზე და ამით მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია, ამერიკული მხარე იტოვებს უფლებას, უკრაინელებს ნება დართოს, გამოიყენოს ეს ბალისტიკური რაკეტები და პირველ რიგში - ჩრდილოეთ კორეელების წინააღმდეგო...

თეთრი სახლის ეს პოზიცია არის ერთგვარი საპირწონე იმისა, რასაც კრემლი ამტკიცებს - უკრაინელებისთვის ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მიცემა ნიშნავს რუსეთ-ნატოს სამხედრო დაპირისპირების დაწყებას, რასაც მოსკოვი მალე სათანადო პასუხს გასცემსო...

2-atkms-1731925120.jpg
ფრანგულ-ბრიტანული SCALP/Storm Shadow-ებით რუსეთის ცაში „განავარდების“ აკრძალვის მოხსნის შესახებ ჯერჯერობით ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება...

ამერიკული ნებართვის მოლოდინში, უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს შორსმფრენი კამიკაძე-დრონებით საჰაერო დარტყმების მიყენება რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში, თითქმის 2 ათას კმ-დეც კი, სადამდეც ამერიკული ATACMS-ები ვერც კი უწევენ,

მაგრამ ბალისტიკური რაკეტის უდიდესი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მას მიზნამდე მისაღწევად სულ რაღაც რამდენიმე წუთი თუ სჭირდება, რადგან წამში რამდენიმე კმ-ს ფარავს მაშინ, როდესაც თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონებს იმავე მანძილის დასაფარავად რამდენიმე საათი სჭირდებათ, რითაც იკარგება მოულოდნელობის ეფექტი და განგაშზე აფრენილი რუსული ბომბდამშენები ასწრებენ სათადარიგო აეროდრომზე გადაფრენას...

ამიტომაც, ძალიან უპრიანი იქნებოდა, თუკი უკრაინელები კომბინირებულ საჰაერო ოპერაციებს განახორციელებდნენ საკუთარი წარმოების კამიკაძე-დრონებით, ამერიკული აერობალისტიკური ATACMS-ებით და ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით - SCALP/Storm Shadow-ებით...

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro-მ ამერიკული მასმედიის შემდეგ,

3-atakms-1731928774.png

რუსეთში მართალაც ისე სერიოზულად უფრთხიან უკრაინელების მიერ ამერიკული და ფრანგულ-ბრიტანული აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მათი ტერიტორიის სიღრმეში გაშვებას, რომ ეს რუკაც შექმნეს, თუ რომელი რაკეტა რომელ რუსულ ქალაქამდე მიწვდება... [U1]

უკრაინელებს მიახარა, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის მთავრობებიც თითქოს ხსნიან შეზღუდვას SCALP/Storm Shadow-ების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებასთან დაკავშირებით...

მაგრამ რამდენიმე საათში Le Figaro-მ თავისივე სენსაციური სტატია მოხსნა ელექტრონული გვერდიდან - ან ინფორმაცია არ შეესაბმებოდა სინამდვილეს, ანკი ოფიციალურმა პარიზმა თითი დაუქნია...

ასეა თუ ისე, SCALP/Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოსაყენებლად უკრაინის გენშტაბს მაინც აუცილებლად დასჭირდება რუსეთის ტერიტორიის რელიეფის უზუსტესი ციფრული რუკები, რომლებიც სწორედ ამერიკულ მხარეს აქვს გამზადებული თავისი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი Tomahawk-ებისთვის... მესამე და ბოლო მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში...